სოფო წულაია 🔘 ზაზა თვარაძის “სიტყვები “
ათიათასობით უცნაური სიტყვით სავსე მწვანე ( და არა შავი) წიგნი (და არა ყუთი), იმ იმედით დავხურე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად მივუბრუნდებოდი და ფიქრი იმაზე დავიწყე, როგორ შეიძლება წერილის (რეცენზია ხომ არ ჯობია?!) დაწყება წიგნზე, რომელიც სიტყვებსა და მათ მიღმა დამალულ საიდუმლოს შეეხება. საიდუმლო შემთხვევით არ მიხსენებია – ამ სიტყვამდე სრულიად ლოგიკურად, მარტივად მივედი – წიგნის წინასიტყვაობაში ამოვიკითხე, რომ კაცმა, რომელმაც მწვანეყდიანი წიგნი დაწერა, (წიგნი ჯადოსნურ შავ ყუთსა და მის წიაღში დამალულ მილიონობით სიტყვაზე, რომელთა კომბინაციით, სამყაროში ყველაფრის შექმნაა შესაძლებელი, დასაბამიდან ხომ „იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა), „რაღაც მნიშვნელოვანს მიაგნო“. „მიაგნო“ და არა, მაგალითად „იპოვა“, რადგან პოვნა ყველას შეუძლია, მიგნება – განსაკუთრებულსა და გამორჩეულს… მწერლის განსაკუთრებულობაზე და გამორჩეულობაზე, შემოქმედებით ნიჭსა და ლიტერატურულ გემოვნებაზე საუბარი, წერის პროცესში დამაჯერებლობას გძენს, ამიტომ, ერთი შეხედვით, კარგი მასალაა ანალიზისთვის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამაღიზიანებლად ტრივიალური იქნებოდა „სიტყვებს“ კი (ასე ჰქვია ზაზა თვარაძის რომანს) ტრივიალურობა ყველაზე ნაკლებად მოუხდებოდა.
დასკვნა: ყოველივე ზემოთ ნახსენებზე პედალირება გამორიცხულია!
მეორე ვერსია პოსტმოდერნიზმის მთავარი მახასიათებლით დაწყებაა – რიზომა, სიმულაკრუმი, თამაში, ალუზია, ნიღაბი, ავტორის სიკვდილი… შემდეგ, ყოველივე ჩამონათვლილის ნაწარმოების ტექსტში დაძებნა: იდეა კვლავ ლოგიკურად იბადება: ლიტერატურული კრიტიკა ხომ „სიტყვებს“ ქართული პოსტმოდერნის ავანგარდში მოიაზრებს. ასე დაწყება, თითქოს ურიგო არ უნდა იყოს, მაგრამ მაშინვე მახსენდება, რომ ორი სიტყვისაგან შემდგარი კომპოზიტი, რომლის პირველი ნაწილი, (პოსტ) – „შემდეგს“, „მომდევნოს“, მეორე კი – („მოდერნ“) – „თანამედროვეს“, „გათანამედროვებას“ ნიშნავს, ბევრს აღიზიანებს, იმის გამო, რომ უკანასკნელ ოცწლედში იმაზე მეტად „გაბევრდა“, გაინტელექტუალურდა, გააქტუალურდა, და იმაზე მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე რეალურად შეიძლებოდა მინიჭებოდა, ან შეიძლებოდა ჰქონოდა თანამედროვე კულტურული სივრცისთვის.
დღეს ბევრი აცნობიერებს, რომ აღმნიშვნელის მიღმა სულაც არ იდგა ისეთი მნიშვნელოვანი აღსანიშნი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ამიტომ, პროტესტის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა უსამართლობა იქნებოდა. ფაქტია, ავბედითმა და დრომოჭმულმა პოსტმოდერნმა, ვარდისგან განსხვავებით, ვერ შეძლო პირველადი კეთილსურნელების ბოლომდე შენარჩუნება და მეორეულობით დაღდასმულმა გააგრძელა არსებობა თანამედროვე სამყაროში. დასკვნა: „სიტყვები“ სწორხაზოვანი ანალიზისთვის გასამეტებელი ტექსტი არ არის.
ავტორის ბიოგრაფიაზე ყურადღების გამახვილება თავიდანვე გამოირიცხა, რადგან რეალურად,
და ბოლოს მივხვდი, რომ ჯობდა, სათურიდან, ანუ „სიტყვებიდან“ გამოვსულიყავი – რვა ასოსგან შემდგარი სიტყვა ( „ებ“-იანი მრავლობითის გამოკლებით -ექვსი) ყოფილიყო გასაღები, რომელიც მწვანეყდიანი ( და არა შავი) წიგნის (და არა ყუთის) საიდუმლოს ახსნაში დამეხმარებოდა.
ნაწარმოებს თუ დავუჯერებთ, ყუთიდან სიტყვები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოცვივდებიან და შეთხზვაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა თავი ახდილი აქვს, რაც სიმბოლურად, არაცნობიერიდან ცნობიერებისკენ გამავალი არხის გახსნას უნდა ნიშნავდეს. შემოქმედებითი პროცესი სიტყვებით მიიღწევა, სიტყვები ხომ ის მთავარი როლების შემსრულებელი ნიჭიერი მსახიობები არიან, ოსტატურად რომ ირგებენ ყველასა და ყველაფრის როლს?…საინტერესოა სიტყვის ავტორისეული დეფინიციაც: „თითოეული სიტყვა არსებაა, თითოეულს საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვს. ყოველი მათგანი განუმეორებელი თვისებებით გამოირჩევა, ზოგი ხმალთევზაა, ზოგი – მედუზა, ზოგი – მარჯანი“… სიტყვებს აქვთ ძალა, ფერი, გემო ენერგეტიკა, აურა… მხატვრული ლიტერატურის ენით ყოველივე უფრო ლამაზად ფორმულირდება: „ეს იყო მცირე ზომის – მოვერცხლისფერო, ბურთულისებრი, გამჭირვალე სიტყვა ( მუდმივად), რომელიც სინათელეზე გამუდმებით იცვლიდა ელფერს“.
ერთმანეთთან სუსტი ლოგიკური ძაფით დაკავშირებული სიტყვების კორიანტელი ფროიდის ექსპერიმენტს გავგონებს ე.წ „გასაღები სიტყვისა“ და სიტყვებს მიღმა დამალული საიდუმლოს შესახებ, ფსიქოანალიზის ფუძემდებელთან სამკურნალოდ მისული პაცინეტი „გასაღებ სიტყვას“ (მაგალითად „ვაშლი“) მოსმენის შემდეგ, ასახელებდა იმ საგნებისა და მოვლენების სახელებს, რომლებიც თავში აზრად მოსდიოდა.
მეორდე მოქმედება დასახელებული საგნების ერთმანეთთან შეძლებისდაგვარად ლოგიკური დაკავშირება იყო, თუმცა, როგორც მთავარი პერსონაჟის – ზაზასთვის, ისე ჩვენთვისაც ძნელი წარმოსადგენია, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთთან სიტყვების ისეთ ქაოსურ ნაკადს, როგორიცაა“ „ნუგეში“, „თუ“, „მუდმივად“, „რეგისტრატურა“, „ივლის“, „სოსო“, „ვითარცა“, „აშხაბადი“, „ნაყენი“ და „ჭუპრი“. თითოეული ხომ მეტყველების სხვადასხვა ნაწილია – ზოგი სრულ-მნიშვნელოვანი, ზოგი – დამხმარე – ზმნა, არსებითი სახელი, ზმნიზედა, კავშირი… რომელთა სინტაქსური შეკავშირება პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. თუმცა, მრავალმხატვრულნაწარმოებგამოვლილი მკითხველის ცნობიერება ინტუიტიურად ხვდება, რომ ნაწარმოების გასაღები, სწორედ აქ, ამ უცნაურ სიტყვათა ერთობის მიღმა უნდა იმალებოდეს.
ზოგჯერ სიტყვები „უნაშთოდ ერწყმიან ერთმანეთს, და მათგან იქმნება ერთიანი სხეული, ყოველგვარი შიდა ტიხრების გარეშე“ – კონკრეტულ შემთხვევაში, ერთიან სხეულზე საუბარი არამიზანშეწონილია, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ, თითქმის წარმოუდგენელია მოცემული მასალისგან ერთიანი ორგანიზმის (ერთიანი შინაარსის) შექმნა და სწორედ აქ იწყება ავტორისა და მკითხველის ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა – რეფლექსია. საკუთარი პიროვნული თვისებების გამოკვლევის პარალელურად, მწერალი მუდმივად შეიგრძნობს მკითხველს, მისთვის ყველაფრის ახსნისა და დასაბუთების დაუოკებელი სურვილი უჩნდება. დიალოგი მკითხველთან ეგოცენტრიზმს გამორიცხავს, ტექსტს კი საოცრად ცოცხალსა და დინამიკურს ხდის; საკუთარი დასკვნის დასკვნის გაკეთებას ვერ კი ასწრებ, რომ მწერალი შენთვის ანგარიშის ჩაბარებას იწყებ, თუ არა, რატომ და რისთვის დაწერა. ყველაზე საინტერესო და ალბათ, ყველაზე ძნელადმისაღწევი კი ის არის, რომ მოჩვენებითი დიქტატი („თუ ვინმე იფიქრებს, რომ წინა თავში ხასიათებსა და სიმბოლოზე მქონდა საუბარი, ან წარმომეჩინა ადამიანის ორი ტიპი…მწარედ მოტყუვდება) ტექსტზე ოდნავადაც არ ვრცელდება. თავისუფლად შეგიძლია იყო თანაავტორი და ავტორის პარალელურად თხზა ისტორიები, რომლებიც წიგნიდან (და არა ყუთიდან) ამომხტარი კონკრეტული სიტყვებით შთაგაგონებს…
ზაზას უჭირს (ნაწარმოების პერსონაჟს და არა ავტორს) „მე“-სა და სხვა კუთვნილი ნაცვალსახელების პოვნა; აქ იჭრება ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ფაქტობრივად გადაუჭრელი პრობლემა, თუ ვინ არის ტექსტის ავტორი. ბუნებრივია, თანამედროვე მწერალი საკუთარ თავს ხშირად უსვამს შეკითხვას, ვის ეკუთვნის ტექსტები, რომელსაც ის წერს, მას, თუ სხვას და ვინ არის ის სხვა? იქნებ შენში „ის“? თუკი ეს ის არ არის, რით შეიძლება აიხსნას, რომ სხვადასხვა ავტორების ტექსტები ერთმანეთში მეორდება? ვინ არის თავდაპირველი ტექსტის შემოქმედი და არსებობს თუ არა საერთო ტექსტი, რომელიც ფრაგმენტულად ყველა ლიტერატურულნაწარმოებში გადმოინაცვლებს? ლიტერატურული ტექსტი კონგლომერატია გარკვეულ სისტემათა ერთობლიობისა, თუ ორიგინალური და უნიკალური პროდუქტი? ფაქტია – კულტურულ – ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა წარმოუდგენელია. დასკვნა: კონგლომერატი ყოფილა! (ჯანდაბა ეს ოხერი, ვიფიქრე გამწარებულმა – რამე ჩემი, არავისგან არასოდეს ნათქვამი ვეღარ უნდა შევქმნა?! – და გაცხარებით შევუდექი სიტყვათქმნადობას“).
ზაზა თვარაძის წიგნს სადღაც, სულ ოდნავ დაჰკრავს ფრანც კაფკასმისტიციზმის სურნელი და გემო, თითქოს გარემო, განწყობა და ანტურაჟიც კაფკასეულია…იგრძნობა კამიუს სულ ოდნავ გავლენაც…
ქართული ლიტერატურის ნიმუშებს რაც შეეხება, ისინი ტექსტში მიზანმიმართულად არიან ინკარნირებულნი: „ქართული კლასიკური ლიტერატურის ფრაგმენტებს აღვადგენდი. ამგვარი აღდგენა რაღაც თავისებური შემოქმედებითი თრთოლვით მავსებდა“ – ათქმევინებს ავტორი რომანის მთავარ გმირს.
ფერებით გატაცებამ, შეუძლებელია, კონსტანტინე გამსახურდიას ახირება (კარგი გაგებით) არ გაგვახსენოს „დიდოსტატის მარჯვენიდან“, (ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ნეტარიუსს ზაზა (მთავარი პერსონაჟი) ზემდეტსახელად თალაგვა კოლონკელიძეს არქმევს, რაც უკვე პირდაპირი ალუზიაა რომანთან, სადაც მწვანის ნაცვლად ჯიუტად იყენებს „ისრიმისფერს“, ოქროსფერს კი „თავთუხისფერს“ ამჯობინებს; თუმცა, „მონისლისფრო-მომტრედისფრო“, ალბათ, ფერთა ყველაზე უჩვეულო შემზავებელსაც შეშურდებოდა, კვერცხისგულისფერს, მკვდრისფერსა და საფლავისფერზე რომ არაფერი ვთქვათ…
ნაწარმოებში ფროიდის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა – არაცნობიერი, რეპრეზენტირებულია, როგორც სარდაფი, რომელიც თავის წიაღში ამოუცნობ, დაფარულ მოვლენებს მალავს. ფსიქოანალიზის ლიტერატურული ილუსტრირების საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ციტატა „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, ეს სადარბაზო იყო საშვილოსნოს ყელი, ხოლო მე ემბრიონი, რომელიც კი არ იბადება, პირიქით, უკან ბრუნდება და უფრო და უფრო ღრმავდება საკუთარი მშობლის წიაღში, რათა ის სავსებით გაითქვიფოს მშობელ ორგანიზმში და აღარასოდეს დაიბადოს“… სხვა ეპიზოდში არაცნობიერი ტექსტის ზედაპირზე ტივტივს სიზმრებისა და წარმოსახვების სახით განაგრძობს. ზოგიერთი სიზმარი საოცრად ხატოვანი, შთამბეჭდავი და ემოციურია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯინსებში გამოწყობილი ხელჯოხიანი და ადამიანის ენაზე ამეტყველებული კურდღელი, რომელსაც ავი ძაღლები დაანაკუწებენ. ეს ყველაზე მკვეთრი და ბასრი შესაბამისად ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია ნაწარმოებში.
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის სწორხაზოვნება იუნგის არქეტიპების თეორითაა განეიტრალებული. „აჩრდილი“ და „ანიმა“ ლიტერატურულ პერსონაჟებად გადაცმულნი გვეგებებიან.
ტექსტში ტოტალიტარიზმისა და სხვა პოლიტიკური პლასტების დაძებნა არამომგებიანია და მხოლოდ დააკნინებს მის უპირველეს მნიშვნელობას. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ფსიქოანალიზის წარმომადგენლები, ფროიდის მთავარ შეცდომად სწორედ იმას მიიჩნევენ, რომ არაცნობიერის მხოლოდ უარყოფით, მანკიერ მხარეებზე აქცენტირდა, შავი ყუთი ბევრი დადებითი თვისებების მატარებელიცაა და მიუხედავად იმისა, რომ იგი ლევანის გაუჩინარების მიზეზი გახდა, ჩემთვის უარყოფითზე მეტად დადებით შინაარსთნ ასოცრიდება, შინაარსთან რომლის საიდუმლო სიღრმეში სამყაროს საიდუმლოება იმალება, საიდუმლო იმაზე, თუ როგორ აღსრულდა ის, რომ პირველად იყო სიტყვა…