საბა თოდუა 🔘 თებე
რას შვრები ახლა? ახლა, როცა შორსა ხარ ჩემგან,
როცა სიტყვები ერთმანეთის – გულში გვესობა,
ჰოდა ჩვენც ვისვრით ისე, როგორც კენჭებს ვესროდით
ჩვენს ბავშვობაში, ჩვენს ქუჩაზე ერთ-ერთ მეზობელს,
ბოლოს ავიღეთ და დავაგდეთ ჩვენითვე ეგ ქვა
და ბავშვობაში ასეთებსაც ბავშვები გვერქვა.
ბნელი ღამისას, რომ ვცეკვავდით იმ საბურავის
გარშემო, რომელს რიტუალის ცეცხლი ეკიდა,
მე დავითვლიდი: “აბა! სამი, ორი, ერთი!” და
გადახტებოდი, “მაზაკვალებს” დაიფერთხავდი,
(ბავშვობიდანვე უხილავსაც მკვეთრად ვხედავდით,)
და მეორე დღეს მოველოდით იმათ ფერფლიდან.
რა შორს წავედი იმ დროიდან მე და შენც ჩაქრი,
ბოლოს დანთებულ ცეცხლივით შენც ქარმა ჩაგაქრო,
თუ ამ სიშორემ, ზუსტად ამან (რომელზეც სხვა მხრივ
არც თუ ბევრი გვაქვს სხვათაშორის სალაპარაკო,)
ხელი გტაცა და წაგიყვანა სულ სხვა ქალაქად?
რატომ წამგვარე ჩემი სული უცხო ქალაქო?
ოღონდ სუროებს არ შეეხო,
ოღონდ დაინდე სუროები,
ამოწვერილი ბუსუსებით,
რომლებსაც მე ჩემს გულს ვუსევდი
და ახლა თვითონ დამესივნენ.
ვერ მოგაყენებ ჩემით ზიანს,
ვერ შევძლებ… მე არ შემიძლია,
გაგეგებინო ეს კედელი,
რომ მე ვარ და მე გევედრები
ამ სუროებს ნუ შეეხები…
ოღონდ სუროებს ნუ შეეხები.
მე გადავმალე ეს დღეები, აწმყოს მოვპარე,
რომ არ ექცია იგი წარსულად,
რომ დამეხუჭა თვალები და
ისევ მეხილე.
მე ჩემს სიცოცხლეს გიწოდებდი,
შენ კი ამბობდი: “ასე არ მქვია”.
ვიყავი მხოლოდ შენი ვექილი,
ცოდვა შეგინდე განუკურნელი.
მე დავთმე მთელი საუკუნე იმ ერთი დღისთვის, როცა გიყვარდი,
როცა გაზაფხულს ყვავილობამ შემოაფრქვია
კვირტის სურნელი.
“ჩემს გვერდით მათი საფლავებია,
სადაც მართალნი განისვენებენ.” –
ეწერა ქვაზე
და ქვა იყო ყველაზე დიდი.
მე იმათ შორის ვიხეტიალე,
ვერ ვნახე ორმო,
რომ ორმო მექცია სამარედ,
რომ გულზე დამედო ქვა მალე.
და ირგვლივ გაჩნდა ტრამალი,
ავმოვთხარე და დაგმალე,
თებე!
………..
და მერე ისევ – ის ტრამალი,
ჩემი, სხვებისგან დასამალი,
ან ჩემი გადასამალავი.
ჩემი იქიდან გასაქცევი,
გზები ვერაფრით ავითვისე.
ახლა სუროები მესევიან,
ჩემი საყვარლები, ამით ვივსებ
გულს რომ მოგიყვე და არ დამილპეს
ჩემშიც სულივით, რომ რაღაც გდია.
ჩვენ ხომ ცხოვრებას არ გვაცდიან!
ჩვენ ხომ სიყვარულს არ გვაცდიან, თებე!
ასე მიგორავს უხეშ გზებზე დროის ურემი,
როცა გზა არ ჩანს,
ითვლის მეექვსეს ალბათ წელიწადს.
მე სულელივით გესაუბრები,
თითქოს გესმოდეს…
და სულს ვუბერავ ნისლს რომ გავფანტო,
ალბათ გგონია გავხდი ათმაგი,
სინამდვილეში მეათედი ვარ
უშენოდ თებე!…