ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

ნინო ამᲝნაშვილი 🔘 ჰენრი დარგერი

ჰენრი დარგერი(1892-1973) იყო ამერიკელი მწერალი, ნოველისტი და აუტსაიდერი ხელოვანი. ის გარკვეული პერიოდი მუშაობდა ჩიკაგოს საავადმყოფოში დამლაგებლად. დარგერი ცნობილი გახდა საკუთარი ნოველით, რომელსაც ერქვა „ვივიენის გოგონების ამბავი“ და ასევე ილუსტრაციებით, რომლებიც ამ ამბავზე იყო აგებული. როდესაც გარდაიცვალა, მისმა ნაცნობმა, ნათან ლენერმა გადაწყვიტა მისი საცხოვრებელი სახლის დასუფთავება, ამ პროცესში მან აღმოაჩინა უამრავი ნაწერი, ნამუშევარი, სურათი და ნაშრომი, რომელიც ჰენრი დარგერს ეკუთვნოდა.
ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ დარგერს იზოლირებული ცხოვრება ჰქონდა, ის საკმაოდ დიდ დროს ატარებდა მარტო. მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა – ადამიანი, რომელიც საბოლოოდ ჩამოშორდა მას და დარგერმა რთული ცხოვრებისეული პერიოდი, თავისი უმუშევრობის უმეტესი ნაწილი, მარტომ გაატარა, თავის ოთახში, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემებიც. მას არ ჰქონია კარგი ბავშვობა, არც ზრდასრულობა ჰქონია კარგი მომენტებით სავსე, შეიძლება ითქვას, რომ მძიმე თემატიკით დატვირთული და შექმნილი ნაშრომები, მისივე ცხოვრების შედეგია, იმ ყველაფრის რასაც ის გრძნობდა მორალურად, აგრეთვე გარემოში და მან ამ ყველაფრის ფონზე შექმნა სამყარო, რომელიც ერთდროულად ფერადიც არის და ძალადობით სავსეც.


ავტორმა თავის წიგნზე მუშაობა, რომლის გამოც გახდა ცნობილი, დაიწყო 1910 წელს, ომის, აგრეთვე ძალადობის მორალური ფონის და ასევე უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის ნახვის შემდგომი გავლენით: ვივიანის გოგონები, (The Vivian Girls) ისტორია, რომელიც ცნობილია, როგორც „The Realms of Unreal, Glandeco-Angelinnean.“ ამბავი ომის ქარიშხლით გამოწვეული, დამონებული ბავშვების აჯანყებას ასახავს. წიგნი საკმაოდ დიდი გამოვიდა და თან უამრავი ილუსტრაცია ახლდა.
ისტორია სავსე იყო მანკიერი ბრძოლების, წამებისა და სიკვდილით დასჯის უზომოდ გრძელი და მკაფიო აღწერებით. დაზარალებულები ძირითადად იყვნენ დამონებული ბავშვები, დამნაშავეები, ბოროტი გლანდელინიას ზრდასრული მამაკაცები და ჯარისკაცები. საბოლოოდ კი დაჯილდოვდნენ გამარჯვებით „სიკეთის ძალები“: აბინიანთა ქრისტიანული ქვეყანა და ჰეროინები, ასევე შვიდი ლამაზი და მამაცი ვივიანის და, მაგრამ მხოლოდ საშინელი ტანჯვის შემდგომ.
„The Realms of Unreal“-ის „სისხლით გაჟღენთილ“ გვერდებზე გვხვდებიან ვივიანის გოგონები და მათი მოკავშირეები, ლამაზი, ბავშვების მოყვარე და მფარველი – ბლინგინები – დიდი ქმნილებები, რომლებიც აღჭურვილები არიან ლურჯი ფრთებით. დარგერი თვითონ გამოიყურება, როგორც ღირსეული კაპიტანი ჰენრი დარგერი, რომელიც იბრძვის დამონებული ბავშვების დასაცავად.

გარკვეულ მომენტში დარგერმა გადაწყვიტა გამოეყო თავისი ლიტერატურული საქმიანობა წიგნის სცენების ილუსტრაციებისთვის. ნათან ლენერმა აღმოაჩინა დიდი ზომის აკვარელით შესრულებული ნამუშევრები, დაახლოებით 9 ფუტის სიგრძის და 67 პატარა ნამუშევარი. ბევრი მათგანი ორმხრივი იყო, ხშირად საპირისპირო სცენებით: მცირეწლოვანი გოგონების იდილიური სოფლის გარემო, რომელსაც გვერდს უბამდნენ საშინელი ხოცვის და დანაწევრების სცენები.
ავტორმა მოიპოვა სხვადასხვა ფიგურები ყველა შესაძლო წყაროდან (უპირველეს ყოვლისა, კომიქსების და საფოსტო შეკვეთების კატალოგებიდან) შემდეგ კი დაამატა დეკორატიული დეტალები, როგორებიცაა: ტანსაცმელი, იარაღი და პენისები, (პატარა გოგონებისთვის)…
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჰენრი დარგერის ეს ძალადობრივი გარემო, რომლის ილუსტრაციებიც ნათელი ფერებით გვაბნევს და პირველივე შეხედვისას შეიძლება ვერც მივხვდეთ, რომ საქმე სისასტიკესთან გვაქვს, უცნაურად გამოიყურება, პერსონაჟების მდგომარეობით და სიუჟეტებიდან გამომდინარე. იარაღები და ყვირილი, ქაოტური ქცევა, ეს მახასიათებლები, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე ზღაპრულ, სამოთხის მსგავს გარემოსთან არ გვაქვს, ბევრ ნამუშევრებში შეგვხვდება. ჯარისკაცების ძალადობრივი ქცევა, ბავშვები თითქოს არიან პანიკურ გარემოში, სადაც ან უბრალოდ ცდილობენ მოძალადეებს გაექცნენ ან უკვე ცალსახად ძალადობენ მათზე. სიტუაცია ხშირად საშიშია და კონტროლს არ ექვემდებარება. აგრესია არის მკაფიო, თუნდაც ერთი შეხედვით იდილიურ გარემოში. იარაღი, კვამლი და სხვა მრავალი დეტალი გვაიძულებს დარგერის „რეალური“ გარემო აღვიქვათ, ყვავილებისა და ფერადი კაბების ფონზე.

გარემოს ლამაზი სცენები და საგნები ხშირად ცდილობენ შენიღბონ აგრესია და სისასტიკე, მაგრამ ძალადობის აქტი არ იცვლება, ვერც ყვავილები, ვერც ფერადი სახლები და ვერც სხვა რაიმე დეკორატიული დეტალი, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს იმ გარემოს გადაფარვას რასაც ავტორი წარმოგვიდგენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარგერმა ილუსტრაციებით დაგვნახა ის, თუ როგორ შეიძლება გარემო ცდილობდეს დაფაროს დანაშაული, რომლესაც უდანაშაულო ადამიანების მიმართ სჩადიან.