ლიტერატურა, პოეზია

ლიკა შარაშიძე- დავიბადე, როცა მზე ჩავიდა

ჩაფიქრებულა მთვარე

ჩაფიქრებულა ხნიერი მთვარე საბრალოთა ფონზე,

უყურებს უსახლკარო ბავშვს,

ფიქრობს თუ როდის მოეგება ის გონზე,

ღამე ელავს, ვით შავი ზღვა ცოდვების ბაღში,

დედასაც კი აღარ უნდა ჩვილის ნახვა სახლში,

ჩაფიქრებულა მთვარე ახალი სიყვარულის კარზე,

გრძნობს, თუ როგორ შეათამაშა სხივები გოგონას ნაზ კანზე,

უყურებს, თუ როგორ შეეხო ბიჭი მას მოწიწებით ტანზე……

ჩაფიქრებულა მთვარე უაზრო აგონიაში,

თავი ჰგონია უღიმღამო პაროდიაში,

აქ უკვე სანთლებიც კი უკუღმა დნება,

ჩვენს სულებში ნელ-ნელა იმედიც კვდება,

ჩაფიქრებულა მთვარე სიმარტოვეში,

ვარსკვლავებსაც კი სძინავთ მიდამოებში,

ღამე კვლავ ზის თავის ტახტზე,

სამუდამო დუმილია ცის კამარაზე….

2008

ომიდან აღმოცენებულა მცენარე,

ხატება წარსულის:

იგი აცოცხლებდა ათი წლის წინანდელ კადრებს,

მე კი, კვლავ ვებაასებოდი წარსულის ლანდებს,

ქარიშხალი, რექვიემივით მღელვარე,

ვითარც კაეშანი ქალწულის,

კვლავ გოდებაში,

გლოვობდა ბაბილონს ზემოთ გახიზნულ კრავებს…

ბინადარნი

უყურებდნენ სამი დანნი ხეს, რომელმაც ადამიანი მოისხა და აქტში გართულნი ვერ ამჩნევდნენ ,

რომ საკუთარი თავების მაგივრად,

მათ ყელიდან ყვავილნი ხარობდნენ…

შესცქეროდნენ სამნი ალნი ჰორიზონტს,

რომელსაც ცის კაბადონზე მზის სხივები მოესხა,

აწმყოში გართულნი ვერ ამჩნევდნენ,

რომ მოოქროვილი კუდების ნაცვლად,

ქვემოდან კიდურნი ხარობდნენ…

თვალებს აშეშებდნენ სამნი ქვრივნი ლევიათანს,

რომელსაც მარადმწვანე ცოდვანი მოესხა,

ქვესკნელეთში ჩათრეულნი ვერ ამჩნევდნენ,

რომ ადამიანნი აღარ იყვნენ,

და აღარც ბალღი იყო შვილი დედის გარეშე,

აღარც სახლი იყო ტაძარი ბინადართა გარეშე.

უმეცართა დინება

დავიბადე როცა მზე ჩავიდა,

როცა ვიღაცა მოხუცი ამ ცხოვრებიდან წავიდა,

მესაფლავე, ალბათ მთვრალი, ამ დროს „შანსონებს“ მღეროდა,

მამაჩემი კი, გრძნობების ცეკვისგან, სიცილით კვდებოდა,

იმ დღიდან მივყვები ცხოვრების დინებას, ვით გარეული პირუტყვი,

გავურბივარ და ვშორდები მარადიულობის კაბადონს,

თითქოსდა რაინდი, ვიღაცეების სიგიჯეს წინ ვუძღვი,

ვხატავ მოგონებებს ვით უსინათლო მხატვარი,

დავცინი იმას, ვინც არის ბრიყვი, მაგრამ მამაცი,

იმით ვსულდგმულობ, რომ ოდესღაც გავუმკლავდები დაჟანგულ ფრთებს,

რომ გადავუფრენ ბებერ, ჩაფიქრებულ მთებს,

მივალ იქ, სადაც ქუჩა განწირული არ ყვირის,

იქ, სადაც ყველა გზა მიწიერთან არ მიდის,

იქ, სადაც არ არის უმეცართა დინება,

იქ, სადაც ყველა თავისთვის მიედინება…