ირაკლი ყოლბაია 🔘 strangers in the night
🔳
ამ ძალიან ძველ თხზულებას ვუძღვნი თბილისში მდებარებ იმ ბარს,
რომელშიც, ჩემი ცოდნით, ყველაზე იაფად იყიდდი სასმელს
და რომელიც აღარ არსებობს
ბართან ვზივარ, მარტო, და კონიაკს ვსვამ, თან ჯიბის წიგნაკში ვწერ—ბოლო დღეების სიბერწსისგან განსხვავებით, ამ სამწუხარო, გადაბმული სმის კუდ საღამოს ის მოხდა, ისევე უეცრად, როგორც ყოველთვის, რასაც გამონათებას ვეძახი და რაც ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ უეცრად, სიმძიმეს საკმაოდ შემზარავი სიმსუბუქე ცვლის, ყველაფერი ახალი და უცნაური ჩანს, და, სულ მარტივად, სიცოცხლის სრული უსურველობა იმდენად იწევს, რომ ლამის ქრება, ლამის გეჩვენება, გინდა კიდევ ერთ დღესაც იცხოვრო—მოკლედ გამონათება, ვამბობ, და ამიტომ იქ, ბართან, სულ მცირე 7 ლექსი ჩავწერე, სიბნელის სიჩქარით, როგორ მურიელ რაქეიზერმა თქვა, შვიდი მოკლე ლექსი, შვიდი ჩანაწერი ან ფრაგმენტი, რომლებიც აქ დარჩება, არ დატოვებენ ამ ჯიბის წიგნაკის გვერდების სივრცეს, ანუ გაქრება, ან შეიძლება თავი ამოყონ, როცა სხვა ლექსი მოიხმობს, რომელიმეს მუცელში, და დაიბადონ ხელმეორედ, თუ ნამდვილად, თავი ამოყონ მის სხეულზე (რა ლევიათანია ყველა ლექსი!) ან, სულაც, დავუბრუნდე და აღმოჩნდეს, რომ ერთ-ერთი ან რამდენიმე ამ ჩანაწერთაგან თურმე სრული და მოკლე ლექსია, როგორც ანგელოზის ციცქნა კოცნა ან სუნთქვა, une chose en soi, და ამდროსაა, რომ მეკითხება გვერდით მდგომი ლამაზი ბიჭი (რომელსაც, სხვათაშორის, ამწამს მივესალმე, თუმცა უდავოდ პირველად ვხედავთ ერთმანეთს), მეკითხება რას ვწერ, რაც არ მაწუხებს, რადგან ვიცი, ის დრო იყო, ჩაეარა ამ სრულ სოლიფსიზმს, და საუბარს ვუბამ, ვეკითხები თუ წერს, და მპასუხობს, რომ პოეზიას ვერც წერს ვერც კითხულობს, მაგრამ პროზას დაწერს, მომავალში, მე ვეკითხები რაღაცას ამ სამომავლო პროზის შესახებ და მპასუხობს: ძალიან მოკლე პროზა, როგორც ო.ჰენრი, თუ იცი, ვპასუხობ რომ ვიცი ო.ჰენრი და (თუმცა ამას მგონი გულში ვეუბნები მხოლოდ) რომ კარგი იდეაა, ქართულად წეროს ჩვენს დროში, ჩემი ასაკის ადამიანმა, რომელსაც ალბათ რაღაცით ისეთივე ცხოვრებაც კი აქვს, როგორიც მე, მოთხრობები ისე, როგორც ო.ჰენრი წერდა მათ, და ვეუბნები ამას (თუ ვეუბნები) ყოველგვარი ირონიის გარეშე: აზრად არ მომსვლია ასეთი რამ, მაგრამ როგორც კი ამაზე ფიქრი დავიწყე, აზრს ვეღარ ვწყვეტ ამ საოცარ იდეას და მიჩნდება ზრდადი შეგრძნება, რომ—არა, არა მეგობრები, ვაპირებდი მეთქვა, უკვე მეგობრები ვართ-მეთქი და არა, მაგას არ ვგულისხმობ, ვხვდები უეცრად, რომ, როგორ ვთქვა, თანამგზავრები ვართ, strangers in the night, მაგრამ ჩვენი ღამე საერთოა, ვიზიარებთ მას, ღამეც და ქუჩებიც, რომლებსაც ვივლით, და ბარიც, და სასმელიც—ეს ბარი, სადაც თბილისში ყველაზე იაფად იყიდი სასმელს—ორი ადამიანი დაბალი ფსკერიდან, მაგრამ, როგორც, მგონი, ვთქვი, ამ ყველაფერს არ ვეუბნები, არამედ ვეუბნები, რომ თუკი ასე ცხადად იცის, როგორი პროზა სურს, წეროს, დარწმუნებული ვარ, უკვე წერს მას, ანუ უკვე უცდია, არაერთხელ, მოთხრობის დაწერა და ის მეუბნება არა, არცერთი სიტყვა, არაფერი დამიწერია არასდროს და მგონი ახლა ვამჩნევ, თუ არა პირველად, ყოველ შემთხვევაში მძაფრად, რა სევდიანია, როგორ სევდიანად ამბობს ყველაფერს, რასაც ამბობს, ისე, თითქოს ნანობდეს, ან აწუხებდეს საკუთარი მეტყველების აქტი, და რა სევდიანი სახე აქვს, როცა კი ნებისმიერ რამეს ამბობს და იმავე წამს მეუბნება, რომ ფეხი აქვს მოტეხილი, და რატომ არ გაქვს გიფსში, ან რამე? ვეკითხები მას მერე, რაც მის ფეხს ვათვალიერებ, ამწამს მოვიტეხე, მპასუხობს, აქ რომ მოვდიოდი, გზად, მე რაღაცას ვპასუხობ იმაზე, თუ როგორ მიჭირს ამის მოსმენა და აღქმა, ამის „წარმოდგენა“ თუ დაჯერება, და ვთხოვ, ჭაჭაზე შემომიერთდეს, ხოლო ის, როგორღაც, აკეთებს იმავეს, რასაც, როგორც ჩანს, ხშირად აკეთებს: მეუბნება უარს, რომ ვერ დალევს ჭაჭას, მაგრამ ბარმენს ეუბნება: ორი ჭაჭა, იხდის და ვსვამთ, რის მერეც ვლანძღავთ ჭაჭას, რომელიც ამ წამს დავლიეთ და ლაპარაკს განვაგრძობთ, პოეზიას ვუბრუნდებით და მეუბნება, რომ პოეზია უყვარს, მაგრამ მუსიკაში, მაგ. Joy Division, გაგიგია joy division? მე ვეუბნები, რომ ვეთანხმები, რომ songwriting წინა საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოეზია იყო და ჩემი მხრივ The Smiths მომყავს მაგალითად, თუმცა ვეუბნები, რომ ამის მაგალითი ჩემთვის თიმ ბაქლი, კოენი, დილანი ან ჯონი მიჩელი უფროა, და ის მეუბნება, რომ არცერთი ამათგანი არ უყვარს (თუმცა უყვარს The Smiths), კოენი სუსტია, დილანი მოსაწყენია, გრძელი და მოსაწყენი (სიმღერები არასდროს მთავრდება), მარტო სიტყვები, რაზეც ვპასუხობ, რომ მესმის, რასაც ამბობს, თუ გნებავს ვეთანხმები სულაც, ის მეუბნება, რომ ჩვენი საყვარელი ბენდების უნდა დავლიოთ, და მთხოვს, ამისთვის ერთი დავასახელო, The Velvet Underground, ის კმაყოფილია ჩემი არჩევანით და თანახმა, შემომიერთდეს, თუმცა მეუბნება, რომ VU‘ს ალბომებში მხოლოდ ის მოსწონს, რომელიც ნიკოსთან ერთად ჩაწერეს, მე ვეუბნები, რომ White Light / White Heat მიყვარს, Sister Ray, შემდეგ კი ის ასახელებს თავის ბენდს (ვეუბნები, რომ არც კი გამიგია და ვპირდები, რომ მოვუსმენ) (ის ვერ იჯერებს, რომ არ გამიგია და მარწმუნებს, გამიგია, უბრალოდ ის ვერ გამოთქვამს სწორად ბენდის სახელწოდებას) (მე კიდევ ერთხელ ვიფიცებ, რომ მისი გამოთქმა იდეალურია, უბრალოდ მე არ გამიგია, ნამდვილად, არ მომისმენია, მაგრამ არც კი გამიგია) (კიდევ ერთი სევდიანი სახე) და თუმცა აქედან, ამ წამიდან, ყველაფერი კატასტროფულად წავა, გარდაუვალი დაღუპვისკენ, როგორ უნდა დასრულდეს უცილობლად ყველა საღამო (ღამე) (დილა) თბილისის რომელიმე ბარში, თუმცა ჩემი თანამგზავრი გამაცნობს ვიღაცას, მე შევუერთდები მათ მაგიდას და სულ მალე ყველაფერი დამახინჯდება იმდენად, რომ მოვა რა ბარმეიდი და მოითხოვს, ან გაჩუმდეს კოლექტივი ან გარეთ გაგვყრის ყველას, ხოლო ბიჭი, რომელიც ჩემმა თანამგზავრმა გამაცნო ადგება და აეკიდება, მე, ჩემი მხრივ, გავეკიდები მას და გავაჩერებ, ვეტყვი ადგილზე დაბრუნდეს და ისე მოიქცეს, როგორც გვითხრეს, მოვქცეულიყავით, ის კი მეტყვის, მე ბოდიშის მოსახდელად მივდივარ, არ მოიხადო ბოდიში, ვეტყვი მე, დაჯექი, ის მთანხმდება, თუმცა რაღაცას ამბობს იმაზე, რა სხვაგვარადაა საქმეები ქუთაისში და ამ ქალაქის დედა მოვტყან, მე ვეუბნები, რომ რაც ამ ქალაქს შეეხება, მთელი გულით ვიზიარებ პათოსს, თუმცა ვერაფერს ვიტყვი მეორე ქალაქზე, და ამ დროს მოხდება რაღაც, რაც ხდება ყოველთვის, როცა საღამო (ღამე) კატასტროფად იქცევა, როცა ვიცი, უნდა ვიცოდე, ცხვირით შევეხეთ აისბერგს: ბიჭი, რომელიც ჩემმა თანამგზავრმა გამაცნო, ძალიან მკაცრად მეტყვის: მე იმ გოგოს მაინც მოვუხდი ბოდიშს, შენ კი უთხარი შენს მეგობრებს, ჩუმად იყვნენ და ეს წამი იმდენად მოულოდნელად მეცემა, ვერც კი ვახერხებ ვთქვა „მე არავის ვიცნობ მაგ მაგიდაზე“, ვერც კი ვიხსენებ რა ჰქვია ბიჭს, რომელიც გავიცანი ამ წამს და რომელმაც, თავის მხრივ, ქუთაისელი გამაცნო, ვერც კი ვახერხებ ავუხსნა, რომ მის კომპანიაში მეგონა თავი, ვერც კი ვახერხებ ავხსნა რაც, როგორც ჩანს, მოხდა: მას ჰგონია რომ ჩემ მაგიდასთან ზის და მე მგონია რომ მის მაგიდასთან ვზივარ, ისე კი ვსხედვართ არავისმაგიდასთან, ორივე, ან იქნებ ყველა ჩვენგანი, ყველა ჩვენგანს ამ მაგიდასთან ჰგონია, ზის დანარჩენების კომპანიაში, ამასობაში კი ზის არავის კომპანიაში, ყველანი, დაკარგულები, strangers in the night, ამწამსგაზრდასრულებული ორფელინები, რომლებიც თანადაიკარგნენ თბილისის ღამეში, და არ ვიზიარებთ საერთოდ არაფერს გარდა ამ ღამისა თბილისში, ვერ ვახერხებ ამის თქმას, თუმცა, ცხადია, ეს არც უნდა ვთქვა, არამედ უბრალოდ ავდგე და გავიცინო, უნდა ჩავბჟირდე და მან მიყუროს, როგორ ვგორავ სიცილით და ვერაფერი გაიგოს, ან იქნებ გაიგოს რაღაც, ჩემგან დამოუკიდებლად, და ვერ ვახერხებ, ვერც ამას, ვერ ამოვუშებ ვერცერთ მართებულ არიას, და თუმცა სულ მალე ყველაფერი იმდენად დამახინჯდება, ვიდრე აისბერგამდე, ვიდრე მღვიმემდე, ვიდრე დაბალ ფსკერამდე, სადაც, პრინციპში, ისედაც ვიყავით, თავიდანვე, შენ შენი მოტეხილი ფეხით და შესაძლო ო.ჰენრით, მე ჩემი კონიაკით და შეუძლებელი ლოტრეამონით, ამწამს ბედნიერი ვარ, მომწონს ჩემს თანამგზავრთან ლაპარაკი, თავადაც მომწონს, მისი სევდა, მისი გაუგებარი და გასაგები სირცხვილი, ეს საერთო ღამე, 7 მოკლე ლექსი, რომლებიც ამაღამ დავწერე და რომლებსაც აღარასდროს ჩავხედავ, გაქრებიან, არცერთი არსად დარჩება, მომწონს დაშვება, რომ ერთმანეთს ალბათ ვეღარ ვნახავთ და მოგონება ამ ღამეზე იქნება კიდევ ერთი გამქრალი ანგელოზი, ერთი რამდენს შორის, მთელი ლეგიონი ვიცი, თუმცა ცხადია, შეიძლება, ვნახოთ ერთმანეთი, ძალიან რთულია ამ ღამეში ორმა ერთმანეთი არ გადაკვეთოს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მომწონს რომ ჭაჭა ცუდია, რომ ჩემს თანამგზავრს არ მოსწონს, თითქმის, ის მუსიკა, რომელიც მე და არც პოეზია, რომ მას არ მოეწონებოდა, ვიცი, რასაც მე ვწერ და ალბათ არც მე მომეწონება მოთხრობები რომლებსაც ის დაწერს, რადგან ო.ჰენრი არ მომწონს, ყლეზე მკიდია ო.ჰენრი და ვეკითხები მაშინ, რას საქმიანობს ამჟამად და ის (კიდევ ერთი, და ყველაზე, სევდიანი ღიმილი) მეტყვის, რომ მისი საქმიანობა რომ ვიცოდე ალბათ ავდგები და წავალ და მე მეცინება, თუ ჯარისკაცი ან სპორტსმენი არ ხარ არ ავდგები და არ წავალ, თუ მღვდელი, პოლიციელი, ექიმი არ ხარ, არ წავალ, თუ ბანკის თანამშრომელი, ჟურნალისტი არ ხარ, არ წავალ, ვეტყოდი, თუ უნივერსიტეტის პროფესორი ან სკოლის მასწავლებელი არ ხარ-მეთქი, მაგრამ ვიცი, არ ხარ და ვიცი, არც მღვდელი ხარ (გარდა, შესაძლოა, ისე, როგორც ყველა ჩვენი ასაკის ბიჭია ამ დღეებში მღვდელი), არც სპორტსმენი, არც ნეო-ნაცი ჯარისკაცი, არც პოლიციელი და ისიც კი ვიცი, როგორღაც, თუმცა ვერ მეცოდინება, ვიცი არ ხარ არც ექიმი, არც ბანკირი არც ჟურნალისტი, სასწაულებრივად ვიცი, რომ სტუდენტიც კი არ ხარ, ნაღდად ვიცი, რადგან რომ იყო, არ ვიგრძნობდი, რომ თანამგზავრები ვართ, ორნი, დაკარგულები ამ ღამეში, რომ ორფელინები ვართ, ამიტომ მითხარი, რას საქმიანობ, და ის მეუბნება, პოკერს ვთამაშობ და თუმცა უბრალოდ ვპასუხობ, რომ ჩემი აზრით პოკერის მოთამაშეები ღირსეული ხალხია, ყოველ შემთხვევაში ის რამდენიმე, ვისაც მე ვიცნობ, სინამდვილეში ლამის ავტირდე, იმდენად მშვენიერია ეს ყველაფერი, ეს პოკერის მოთამაშე მოტეხილი ფეხით, რომელიც მალე დაწერს მოთხრობებს à la ო.ჰენრი, ღმერთო, რა საოცრებაა ეს ყველაფერი, ლამის ვიფიქრო, თუ ეს კაცი არსებობს და აქ დგას, ხელის გაწვდენაზე ჩემგან, სამყაროს შეუძლია, არ დამთავრდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ სინამდვილეში არა ფაქტი, არა ფაქტები მისი ყოფის, არამედ ის, როგორც ის ამბობს ამას, ეს სახე, ეს ღიმილი, ეს სიტყვები, ეს იერი თუ აურა, თითქოს რცხვენოდეს ყველაფრის, რასაც კი შვება ან ამბობს, ზუსტად ის, რაც გვაახლოვებს, ზუსტად ის მიზეზი, რატომაც თანამგზავრია, როგორც იყო თანამგზავრი ყველა, ვისაც გავიცნობდი ხოლმე, როცა ბაღში ვიყავი, და მერე სკოლაში, და ისეთი სევდით მავსებდა, ისე მატირებდა ყველა მათგანზე ფიქრი, მათი დაკარგულობა და სევდა, როგორც (მაშინ არ ვიცოდი) ხალხი და სხეულები სიკვდილის ბანაკებში გადაღებულ ფოტოებზე, როგორც იში, ბოლო იაჰის ტომიდან, ღამე ვიწექი, წარმოვიდგენდი, როგორ ვიკრავდი გულში ყველა მათგანს, ვეხუტებოდი მათ, ამ ბიჭების მორიდებას, და ვტიროდი, ასევე ისიც, ამაღამ, და მინდება, ისევ, ვიტირო, არა სიხარულით, არამედ უღრმესი სევდით, de profundis ცრემლებით, იმის გამო, რომ აქ ვდგავართ, ჩვენ ორნი, ასე, ამაღამ, strangers in the night, დაბალი ფსკერის ორფელინები, მაწანწალა ძაღლის ნაჯვამი ქუჩაში ამაღამ, ფრთამოტეხილი ჩიტი ქუჩაში ხვალ დილით.
აუ, ძაან კარგია <3