საბა თოდუა – სკამად ვიქეცი.
სკამად ვიქეცი
ერთ ძალიან დღეს, როდესაც ბაღის ასაკში ვიყავი
(მოგეხსენებათ მაშინდელი დღეები შედარებით ძალიანობდნენ ვიდრე ახლანდელები) ვთამაშობდი.
ოღონდ მარტო და არაჩვეულებრივად,
რკინის სკამით ვთამაშობდი,
იკეცებოდა.
ჰოდა, როდესაც თამაშით ძალიან გავერთე
ისე მოხდა, რომ სკამი მოულოდნელად დავკეცე და შიგ თითი ჩამყვა,
ჩემმა ღრიალმა გააღვიძა მთვლემარე მეზობლები: მოხუცები, ბავშვები და დიდები.
გამოვაძვრინეთ ჩემი თითი ამ სკამი და იდინა სისხლმა ახალი ნაკადულივით.
შემდეგ კი მეტად უცნაური, რამ მოხდა,
მას შემდეგ სკამი ვარ.
სკამმა მიკბინა? ადამიანი-სკამი?
არა, ეს არ არის მარველის კომიქსი, თუმცა მაშინ სტენ ლი ცოცხალი იყო.
მოკლედ, მას შემდეგ მოდიან უცნობები, ხდებიან ნაცნობები, დამეყრდნობიან, მომენდობიან და ამ ყველაფრის შემდეგ მტოვებენ.
უკვე იმდენმა მიმატოვა…
უკვე ვჭრიალებ…
დრო მოვიდა, რომ მოგხსნა ნიღაბი,
გამოგააშკარავო თუ რა იყავი.
ვის დავუმტკიცო, რომ არ ვცდებოდი…
დრო დადგა ჭეშმარიტების,
როცა მიწა იძვრის
და სადაც ვდგავარ ქარია.
მომხედე, ცხვირწინ გიფრიალებ შენზე ნაწერებს,
მომხედე.
ნახე, როგორი ხარ ჩემი თვალიდან, რომელშიც საქონლის ქონი ამოვისვი შემთხვევით,
როცა ჩაძინებულს ხელის მტევანზე დამაპკურე
და თვალზე ბუმბულით შემიღიტინე.
ნახე, როგორი ხარ ჩემი თვალიდან.
ნახე, ამ ხელში ფრიალებენ ძველი ფურცლები,
ხელში, რომელიც ჩავიქნიე შენზე მრავალჯერ.
ახლა კი, როცა მიწა იძვრის, როცა ქარია,
არ ვიცი ასე რა მიხარია, რატომ ვიცინი.
აი, ხის ძირას, სადაც ვდგავარ,
სადაც არიან…
დამარხულ არს ძვლები წინაპრის,
დამარხულ არს საჭვრეტელი და სასმენელი მისი –
ხედვად და სმენად არის ქცეული.
ბებერი მუხა, როგორც მოწმე ქვეყნის დაქცევის,
როგორც მსაჯული
ისმენს ამ ჩემი გულის ფანცქალს
და ესმის, როგორ გიფრიალებ ძველ ფურცლებს ცხვირწინ,
ხვდება, როგორი უსუსური მიწისძვრაა და ხვდება, როგორი თბილი ქარია.
დილეტანტი
რთულია ყოველთვის მოვირგო როლი და
ვფიქრობდე, რომ არ გამოვიდე როლიდან,
მაგრამ ეჰ, რაღა ვქნა თუ ისევ ვიბნევი
შენს გვერდით ჯდომისას… ბრინჯივით ვიბნევი.
ვიბნევი. ვარ მსგავსი დღეს რუსი ტურისტის,
გთხოვთ, გზა მიმასწავლეთ სახლამდე,
გთხოვთ, ღვთის გულისათვის ანდაც ღვთის გულისთვის…!
(სანამ არ გამთქვამენ!)
რა მოხდა თუკი თავს გაჩვენებ, რომ თითქოს
არ ვიცი მოწევა და ბოლს არ ვისუნთქავ.
ოჰ, ნეტავ არასდროს არავინ მომისწროს,
როდესაც ვირტუოზს მიჭირავს თამბაქო.
ვიბნევი, ვკითხულობ: ვის უნდა?
მაგრამ ვერ მამჩნევენ, ო, რა მაგარია,
როცა დაბნეული შენს მეტად სხვას აბნევ,
ვიყო დილეტანტი, სანამ შემეძლება!
ვიყო დილეტანტი, სანამ არ გამთქვამენ!
სანამ არ მომისწრებს, ვიღაცა მართალი,
სანამ იმ ბოლო ღერს არ წამართმევენ
ან სულაც არ წამართვამენ.