პროზა

ცოტნე ავსაჯანიშვილი 🔘 ტეტე

1.
მშრალ ხიდზე ვინილების შოვნას ნამდვილად ვერ შეძლებთ იაფად. ორიგინალები ალბათ არ არი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ორიგინალებზე ფაიზაღია და აი ისეთი, რომ აი, კომუნისტების დროს რო იურაი ჰიპის ვინილი თბილისში ჩითავს, ჰო აზრზე ხარ რამდენი ჩეხოსლოვაკიელი გემის კაპიტანი იყო კონტრაბანდისტი ათას ცხრაას სამოცდაათიან წლებში.
მშრალი ხიდის ყველა ვინილი ცოტა გაუგებარი ამბავია, თან ბედნიერი, თან დიდი ხნის მერე რომ არ გახსოვს, მაგრამ მაინც რო თავისებურად მტირალაა და შენც რომ შავთეთრები გაგონდება და წაგახდენს რაღაცნაირად. მაგიტომაც იაფად სულაც ვერ იშოვით ვინილებს მშრალ ხიდზე. მინიმუმ ორმოცდაათი უნდა გასცეთ, ეროვნულ ვალუტაში, რომელიც დოლარზე სლაბია, მაგრამ ვენესუელურ პესოს ბევრად სჯობნის საზოგადო ავტორიტეტშიც და მუშტიკრივშიც. და სულაც არ არის ადვილი მშრალ ხიდზე მიხვიდე და ვინმეს რამე… შენთვისაც დაგენანება. ბებერი ფარფლომანი უნდა იყო, სარდაფებში უნდა იყო ლაივებზე ნარბენი რომ ადგე და მშრალ ხიდზე შენთვის რამე გაშანსო კოლექციისთვის, რომლის მოქუჩებაც მაშინ სამ მანეთად დაიწყე, ეხლა კიდე ჭაღარა ხარ.
მაგიტომ იყო გმირობა, ანდრიკო ტეტეს პონტში რო ადგა და ჯეტრო ტალის ვინილში ასი ლარი მიაფშვნა. მეთორმეტე კლასში ას მანეთად იმდენ პივას დალევ, ამან კიდე ტეტე უნდა ჩავალბოო. მეთორმეტე კლასში მსხვილ კუპიურებს მარტო მამა გამოვა და ისიც მხოლოდ დაბადების დღეზე.
ფარფლი ჩამოდიოდა მაშინ და მაგის ბილეთი გამაზა ანდრიკომ. მამამ უთხრა, შენს დღეობაზე ძალიანაც ძვირი მიჯდებიო, სხვა დროს მაგდენის შანსი არც გექნებოდაო, მაგრამო გევასება ეგ ფარფლებიო, წადი და იქნიე პიდორული თმები, სანამ ღამით მოგეპარები და ბატკანივით აგაპარსავო. ანდრიკო კიდე ადგა და სიმღერა დაიწყო… ჰი ესქ მი ვაააი, აი ემ ჯასთ ე ჰეირი გაააიო. მამამ გაბრაზებულმა მიალანძღა, შე პიჟონო შენაო. მაგ ფასად დინამოზე მაინც ყველაზე ქაჯურ ალაგს მიაყენებდნენ ახოვანი დაცვის ბიჭები. დაჟე ისეთ ქაჯურს, ნაკრების თამაშის დროს ლორიას და ლობჟანიძეს ვერ გაარჩევდი, მაგრამ ფარფლი ფარფლია და ეს ანდრიკო კიდე სუ აფანატებდა მაგათზე და ვაბშე ყველაზე რა, ეგეთ პონტში ვინც ატრაკებდა ბრეჟნევის დროს.
მამამისის მიცემული ფული რომ აღარ ჰქონდა, ბიჭები გულში ამბობდნენ, ეს სულ გამოიმავდაო, მაგრამ ძმობა ის არი, რო თან აწყნარებდნენ – აბა ეგ რაღა ფარფლია, მანდ აღარც ლორდია, აღარც ბლეკმორი და აღარც გილანს აქ გრძელი თმაო. მაგრამ დიდად არც ადარდებდა ანდრიკოს, ტეტეზე ეჭრაჭუნებოდა მაგრა. ეხლა მკითხავთ ტეტე რა სახელია, ბარემ კალაშნიკოვი დაერქმიათო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძალიანაც ლამაზი სახელია და ადამიანს ის უნდა ერქვას, რაც უნდა რომ ერქვას და ტეტეს, ტეტე უნდოდა რო რქმეოდა.

2.

რეკავდნენ ესენი და მოდიოდნენ ისინი, მაგრამ რა აზრი აქ ეგეთ მოსვლას. ათვალიერებდნენ, ბჭობდნენ, მასლაათობდნენ, ამშვიდებდნენ და მიდიოდნენ. არ მოკვდებითო ეუბნებოდნენ. ვინ გითხრათ, რომ ეგეთი ადვილია სიკვდილი, როცა ყველაზე განვითარებულ ასწლეულში ცხოვრების პატივი გერგოთო?! არაფერიც მეგობრებო, თქვენ… არა, თქვენ არა, მაგრამ ეგ ისეთი ლამაზი რამეა, აქ არავის არაფერი მოგივათო. ასე ამშვიდებდნენ და მიდიოდნენ. ვერც გაამტყუნებდი. მართლები იყვნენ და გარეგნულად მართლაც არაფერი იყო საშიში. ეგ ისეთი მურტალი რამეა, რეალურად როდის არის მართლა საშიში არ იცი და შეიძლება როცა არაფერს განიშნებს, სწორედ მაშინ იქცეს სიკვდილად. შემდეგ ესენი ისევ ეჭვობდნენ. ეჭვობდნენ, რადგან სუნთქავდნენ და ისინიც ისევ მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არაფერია საშიში და მართლებიც იყვნენ, იმიტომ, რომ როცა მიდიოდნენ, მართლაც ყველა ცოცხალი რჩებოდა. დიდხანს გრძელდებოდა ასე… ბუმერანგად იქცა მათი ურთიერთობა და ერთნი ეჭვობდნენ და იძახებდნენ მეორეებს და მეორეებიც ამშვიდებდნენ შეშინებულებს, როგორც ძლიერნი, კეთილნი, თავდაჯერებულნი და მართალნი. თანდათან გულიც უცრუვდებოდათ შველის მთხოვნელებზე, მაგრამ მაინც მიდიოდნენ და ანუგეშებდნენ, რამეთუ გასამრჯელოსაც ამაში იღებდნენ.

3.

კენ ჰენსლი უფრო ხშირად ჩამოდის თბილისში, ვიდრე პუგაჩოვა იურმალაში. დეკემბერი სუსხავდა რკინიგზელთა სასახელეს და კენი კიდევ მღეროდა, ივლისის დილა რა მშვენიერი რამ თავშესაქცევიაო. ანდრიკო, ვასიკო და შვანგირაძე დარბაზის გვერდით სკვერში გაყინულ ლუდს სვამდნენ და მწარედ ლანძღავდნენ ათასგვარ რამეს, რომ არყის ფული სულაც აღარ შერჩენოდათ. ძალიანაც საზიზღარი დასალევია დეკემბრის ყიამათში ლუდი, რომელსაც გემოს ვერ უგებ და ვერც თრობას გაგრძნობინებს. მივქარეთ, ეგრევე ჭაჭა უნდა გვეყიდაო – წუწუნებდა ვასიკო პაპანდოპულო. ანდრიკო ხმას არ იღებდა, ცდილობდა წამალვით შუსტრად დაელია რაც შეიძლება ბევრი არასასიამოვნო ლუდი, რომ თრობა თუ არა, გამბედაობა მაინც ეგრძნო. კონცერტი ჰო ძვირი იყო, მაგრამ სწორედაც ძვირის უფასოდ დათრევის მუღამი იყო ახალი თაობის ფსევდო ჰიპების უმთავრესი ცხოვრებისეული გამოწვევა. ჰოდა უნდა შეპარულიყვნენ ბიჭები და შეპარვაზე ჩალიჩს, კვერცხების გამაგრება სჭირდებოდა. სულიერი ერექცია ჰქონდა ანდრიკოს წინააღმდეგობრივ ქმედებებზე. ხშირად დიდების ნათქვამი აშკარა სიმართლის უარყოფაც კი ბენზინი იყო მაგისთვის. კონცერტებზე შეპარვა, ქუჩაში მოფსმა და ქუდის უკუღმა დაფარება მოსწონდა. იმასაც ბედნიერი იხსენებდა ხოლმე, ტეტეს ვინილი რომ უყიდა, მაგრამ ფარფლის ლაივზე მაინც შეძვრა. სამი სპეცნაზელი მეცა ბილეთი მაიტაო, მარა ფეხები მომჭამესო. თავხედი და გაბლატავებული ბიჭი იყო, მაგრამ ნაბიჭვარსაც ვერ დაარქმევდი, კაი ბავშვი იყო. პერიოდი ჰქონდა ეგეთი ანდრიკოს, ვზროსლებთან ნედარაზუმენია რო უნდა ჰქონოდა და მამასთან რო უნდა ეუზრდელა. ბოროტი არ იყო. არც ჩმორი არ იყო. მამა თუ სულ გადაპარსვით ემუქრებოდა, ქუჩაში ვერავინ ეტყოდა ეგ რა თმებით დადიხარო. მოკლედ ეხლა ჰენსლის ლაივზე უნდა შეპარულიყვნენ და ჰენსლი ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ისიც იყო, რომ მესამე თვე მიდიოდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ ჰყავდა ანდრიკოს ტეტე ნანახი და ზუსტად იცოდა, რომ ტეტე შიგნით იყო, ვიღაცა პიჟონთან ერთად. ისე ანდრიკოს ტეტე სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი. ერთხელ ბარში, რო დაევასა მაშინ. კაკრაზ უცებ იქვე აურია, სმა გაპრანჭვა ეგონა და არაყს არაყზე ურტყამდა. მე მართლა არ ვიცი, გადამწყვეტ მომენტში რატომ ჰგონიათ ბიჭებს რომ სიმთვრალით ვინმე დაიკერება. მოკლედ მაშინ მაგრად გაბანძდა ანდრიკო და შვანგირაძემ გაათრია ბარის ტუალეტში, გული გოგოების თვალწინ რომ არ აერია. მეორედ მაშინ ნახა, ვინილი რომ აჩუქა, თხუთმეტი წუთით, ჯავახიშვილის პირველ კორპუსთან. თან იმასაც უხსნიდა, იმ დღეს მაგარი მივქარეო, საერთოდ ეგეთი კვერცხი არ ვარო, მაგრამ ეგეთ ბაზარს ჰო მაშინ აქ დუხი როცა ინტიმური გარემოა. უნივერსიტეტთან კიდე, კაროჩე. თან მოიტყუა ანდრიკომ ეგ ვინილი სახლში მქონდაო, თორე ტეტე არ აიღებდა. არცერთი გოგო არ გამოართმევდა ახალგაცნობილ ტიპს ძვირიან საჩუქარს. განა იმიტომ, რომ შეეცოდებოდა ან შერცხვებოდა, უბრალოდ იფიქრებდა, რომ ვინ ჩემი ფეხებია, რა უნდა ჩემგან, გიჟი არ იყოსო. სხვათაშორის, ანდრიკომ მაშინ პირველად ნახა თესეუ და გაიფიქრა აქ ცხოვრებაში აღარ მოვალო. მესამედ მეტროში შეხვდა და რუსთაველიდან ღრმაღელემდე მგზნებარედ ელაპარაკებოდა ჰოლდენ კოულფილდზე. აეგ არი შენი ამერიკაო. არადა აღარ აინტერესებდა ტეტეს ეგეთები, დიდი იყო უკვე. ანდრიკოს უყვარდა მამასთან ჭიდაობა, ტეტეს კიდე მამა სამაჩაბლოში მოუკვდა. ერგნეთიდან სიგარეტები მოჰქონდა ხოლმე და იქ დაუშვეს ვიღაცა ოსი ბანდიტის ბასმაჩებმა.
მოკლედ, ტეტეს თმა ჰქონდა ჯენის ჯოპლინივით. და თმის პონტში ტეტე ანდროკოს თვალში ქალის იდეალი გახდა. ანდრიკო ძალიან ბევრ ფილმს უყურებდა როკსტარებზე. სიზმარში ვუდსტოკზე ტეტეს ეზასავებოდა. ოღონდ თვითონ კარლოს სანტანა იყო, ანდრიკო კიარა. ისე რამეს რო აკეთებდა და ტეტე იქ არ იყო, წარმოდგენდა ხოლმე, ვითომ მესამე თვალი აქო, ჯადოქარიაო და მიყურებსო. ამოიღებდა ხოლმე პაპიროზს და ძერსკად ანაპასებდა, ნახოსო რა მაგრა მიხდებაო. მერე მართლა რო ხვდებოდნენ დებილდებოდა და სანტანა კიარა, ტეტეს თვალწინ დაბნეული პოზერი ბავშვი იჩითებოდა, რომელიც საგრძნობლად უკიდებდა ენას და არაადეკვატურ რამეებს ბოდიალობდა, რადგან ძალიან ხელოვნურად ცდილობდა ორიგინალური გამოჩენილიყო.

4.

– ტეტეეე… – დაიძახა ქალმა სამზარეულოდან.

– რაიყო დე? – უპასუხა ტეტემ.

-სუნია ისევ…

-დარეკე მერე.

-კარგი რა, სირცხვილია შევაწუხეთ ის ხალხიც. მოდიან ნახულობენ და მიდიან. არაფერი არ არიო… არადა სუნია.

-მაშინ არ დარეკო.
ტეტე თავის ოთახში ჩუმად ეწეოდა ხოლმე სიგარეტს და ამიტომ ფანჯარა ზამთარშიც ღია ჰქონდა. ბოლომდე რომ ჩაწვა, ბიჩოკიც ფანჯრიდან გადააგდო. ძალიანაც ეხამუშებოდა ქუჩის დანაგვიანება, მაგრამ როცა სახლში ეწეოდა, კონსპირაციისთვის ამასაც კადრულობდა.

-ტეტე დე, გამოდი ჭამე… უი, ფანჯარა რატომ გაქვს ღია ამ ყინვაში?

-რავი, დამცხა… დავკეტავ ახლავე.

-დაგცხაა? – დედას სახეზე დაეწერა, მგონი ჩემს შვილს ფსიქიატრი სჭირდებაო.
ტეტემ ფანჯარა დაკეტა და სამზარეულოში გავიდა. თან იმას ფიქრობდა, კიდევ კარგი დედამ ღია ფანჯარა შორიდან დაინახა და ოთახში არ შემოვიდა, თორემ ეგრევე დამწვავდა სიგარეტის სუნზეო. დედამ თეფშზე სოსისი და კვერცხი დაუდო. ტეტეს არც სოსისი უყვარდა, არც კვერცხი და არც საერთოდ ჭამის პროცესი, მაგრამ სიცოცხლის ხათრით ცოტ-ცოტას კენკავდა ხოლმე. რა-რა და ტეტეს სიცოცხლე არაფერს უშლიდა და პერიოდულად მოსწონდა კიდეც. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაზაფხულის მზიანში მაყუტს მოიგდებდა და ქალაქში დაბოდიალობდა ხოლმე ფერადი სამაჯურების საყიდლად.

-არა რა, მართლა საშინელი სუნია, ვერ გრძნობ? – კვლავ წამოიწყო დედამ.

-ნწ. ვერა. – ტეტეს ეგონა, რომ დედას სიგარეტის სუნი მისდიოდა და ცდილობდა მისი ყურადღება გაეფანტა.

-არა, მაინც არ დავრეკავ… ცოდოა ის ხალხიც. ისევ რომ არაფერი იყოს, ალბათ გაგვლანძღავენ.

-აჰაამ… – ჩაილაპარაკა ტეტემ და თავისი ოთახისკენ წავიდა.

-ხვალ მამიდაშენთან წახვალ? – კითხვა დააწია დედამ.

-ვერა, კენის ლაივზე მივდივარ.

-რაზეე? – დაიბნა დედა.

-კენ ჰენსლის კონცერტზე…

-ახალია ვინმე?არა, შენზე ძველიც კია. – გაიცინა ტეტემ და ოთახში შევიდა.


ოთახში შესულმა ტეტემ ფეისბუქზე ანდრიკოს ფოტო დაალაიქა. ფოტოზე ანდრიკოს გიტარა ეჭირა და თმა სახეზე ქონდა ჩამოფხატული, ვითომ გრანჟი ვიციო. სცენაზე მაინც გადაეღო, ზალაში ჰქონდა გადაღებული და გიტარაზეც ნეილონის სიმები იყო გადაჭიმული. ტეტეს მართლა მოეწონა ფოტო, მისი ქმედება სულაც არ იყო ქველმოქმედება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს ფაქტი არც ისეთ დიად ქვეტექსტს ატარებდა, როგორმაც ანდრიკოში იფეთქა.
ბევრს დარბოდა და ხარობდა ბიჭუნა.

5.

ჩვენში ხანდახან ისეც ხდება, რომ შუქი დიდ სუპერმაკეტებშიც ქრება. ჩვენში საერთოდაც ისეთი რამეები ხდება ხოლმე, რომ აბა ვიღას გაუკვირდება ხანდახან თუ სუპერმარკეტში შუქი ჩაქრება, თუნდაც ისეთ სუპერმარკეტში როგორსაც არაბები ხსნიან და ფულებს არც ოცდაოთხსაათიანი ელექტრო მომარაგებისთვის ჟმოტავენ. მე თუ მკითხავთ, სწორედ ამიტომ, დვიჟოკი ყველა დიდ დაწესებულებაში უნდა იყიდონ. ჰოდა აი იმ დღეს, ტეტემ რომ ანდრიკოს ფოტო დაალაიქა, ზუსტად იმ დღეს ჩაბნელდა ერთ-ერთი ყველაზე ფირმა სუპერმარკეტი და დვიჟოკის უქონლობის გამო, ძალიან დიდი ხნითაც. ნუთუ გვხედამსო და ყოვლად ფულიანი, საკმაოდ დავარცხნილი, ცივილიზებული კლიენტები ერთიანად დაემსგავსნენ აქოთებულ პარიზელ მაწანწალებს იმ რომანიდან, რომელსაც ყველაზე გრძელი შესავალი აქვს, მაგრამ ვინც ბოლომდე კითხულობს ძალიანაც იზაფრება. ჰოდა ეს დიდი მარკეტი რომ ჩააბნელეს, ზუსტად იმ მომენტში, იმ მარკეტში, პურს ყიდულობდნენ, ანდრიკო, ვასიკო პაპანდოპულო, ანანო მაღულარია და შვანგირაძე. ანანო მაღულარია მეტალჰედი გოგო იყო, თმაც შავად ჰქონდა შეღებილი. ანდრიკო ამბობდა, ტეტემ ფოტო დამილაიქა და უნდა ავღნიშნოო. შვანგირაძეს ფეხებზე ეკიდა მაგის აღნიშვნა, მაგრამ დალევა უნდოდა და პაპამისს საგულდაგულოდ დამალული არაყი მოპარა. ანდრიკო ფიქრობდა, ეს რა მაგარი ძმაკაცი მყავსო. მაგ არყის გარდა, სამოცდაათი თეთრი ჰქონდათ და რომელიღაცამ აიტეხა მისაყოლებლად პური ვიყიდოთო. პური პაპანდოპულომ აიღო და შუქი როცა ჩააქრეს, ჩანთაში ლევად კიდევ სამი სახეობის კალბასი, კრეკერები და ჩიფსები დურთა. არადა მაღაზიის კარში ვირგლა მცველები იდგნენ და ყველა მომპარავს ღიმილნარევი სიმკაცრით არცხვენდნენ სახალხოდ. ლამაზი იყო, კოსტუმში გაკვეტებულ ტიპს, რომელიც შუქის ჩაქრობამდე ლიხტენშტეინის ელჩი გეგონებოდა, მოპარულ კონსერვებს რომ ართმევდნენ. ამის დანახვაზე, აჭრილი პაპანდოპულო სალაროსთან მიიჭრა და მოლარეს შეეხვეწა, დეიდა მალე გამიტარე ეს ერთი პური, მშია, ვკვდებიო. ახალგაზრდა მოლარე დააბნია თინეიჯერის პატიოსნებამ და უშუქობაში როგორღაც მოახერხა პურის გაყიდვის გაოფიციალურება. პური კი კეთილშობილურად იყიდეს, მაგრამ ვირგლა დაცვა მაინც იქ იდგა.
აი, უკვე უნდა მოჭმუჭნოს ვასიკოს ნაქურდალით ამოყორილი ჩანთა ბოროტმა ყარაულმა და მოლარეც არსაიდან ჩნდება სუპერმენივით და გაჰყვირის, სხვებს მიაქციე ყურადღება ბიჭო, ეგენი გაუშვი, პატიოსანი ბავშვები არიან, მოვიდნენ და პურის გადაიხადესო.

-რა გადავრჩი ბიჯოოო… – მაგ ამბის მერე მთელი საღამო ამას გაიძახოდა პაპანდოპულო.

-ანდრიკ, რატო აიტეხე დღეს დალევა ე? – ანდრიკოს ჰკითხა ანანო მაღულარიამ.

-ტეტემ ფოტო დამილაიქა. – ძალიან კმაყოფილი სახით თქვა ანდრიკომ.

-დამისხით და მომაწოდეთ რა. – ამოსძახა მეგობრებს შვანგირაძემ.

-ბებიაშენის არ გინდა?! – დასჭყავლა ვასიკო პაპანდოპულომ.

-ვაბშე ჩემი არაყია ეგ. – წამოჯდა შვანგირაძე.

-კალბასი კიდე მე მოვიპარე და ნუ ჭამ მაშინ. – ისევ შეუღრინა პაპანდოპულომ.

-გაიკეთე უკან. – არ ნებდებოდა შვანგირაძე.

-რაღა გაიკეთოს, უკვე შეჭამე და… – დასცინა ანდრიკომ.

-შენ რაღა გიხარია, მეც დამილაიქა ტეტემ ფოტო ერთხელ. – ახლა ანდრიკოს გადასწვდა შვანგირაძე.

-ოუფ… – არ წაუხდა ხასიათი ანდრიკოს.

-ბოზიშვილივიყო! – ნათქვამს ბეჭედი დაარტყა შვანგირაძემ.

-რაც გინდა ის იყავი… – ჩაილაპარაკა ანდრიკომ და არაყი გადაკრა.

-რაა ბიჭოო?! – წამოხტა შვანგირაძე.

-დაჯე ბიჭო, რა დღეში ხარ. – დაიჭირა დასტოინმა პაპანდოპულომ.

-აუ ანდრიკ არ გაგიტყდეს, მარა ჰენსლის ლაივზე ტეტე ხვალ ვაკო ნინუასთან ერთად მიდის და ჰო აზრზე ხარ ეგ რა პონტიცაა… – ჩააგდო მანდილივით სიტყვა ანანო მაღულარიამ.

6.
ნეტა რა უნდა ვაკო ნინუას, როცა ამ ქალაქშიც კი არ არის დაბადებული. დუელში გიწვევ დავარცხნილო, ბებერო, უტიფარო და ფულიანო ვაკო ნინუავ. მე რომ ზორო ვიყო, შენ კეტრინ ზეტა ჯონსის მამობილი იქნებოდი. ოღონდ მე ენტონი ჰოპკინსი კიარა, ბანდერასი ვარ, იმიტომ რომ შენ ჩემზე ბებერი ხარ ვაკო ნინუავ და რას ეტენები ტეტეს, ვინმე შენხელა ნახე რა. მერე შენ რომ კეტრინის ბებერი მამობილი იქნებოდი, კალიფორნიის ოქროს მოპარვა მოგინდებოდა, მაგრამ ჩემ ფეხებს მოიპარავდი, იმიტომ, რომ მეც მოვალ ჰენსლის ლაივზე და ისე გაგაბანძებ, მთელი ცხოვრება ვეღარავის დაკერავ. ვაკო ნინუა ოცდაექვსი წლისაა და სამსახურიც აქვს. უკვე ისეთი სლიპინაა, უფრო რომ გაიზრდება ბრძანებების გაცემასაც დაიწყებს და ამისგან ორგაზმსაც განიცდის, იმიტომ, რომ ვიცი მე ეგეთი ტიპები. მამაჩემი მეუბნება ხოლმე, ეგეთი არ უნდა იყოო, მაგრამ იმაზეც მიხურებს, როგორიც ხარ ისეთიც არ უნდა იყოო და გაიგე ეხლა რა უნდა… დედაჩემს რომ ჰკითხო, სწორედ ნინუასნაირი უნდა ვიყო და ფული ვითვალო. მოკლედ ეგენი არაფერ შუაშია, მაგრამ რა უნდა ვაკო ნინუას?! როდის აქეთ იკვეთება ჩემნაირი კაი ტიპების და მისნაირი დავარცხნილი პიჟონების გზები, ქალაქში, სადაც მუდამ ემიჯნებოდნენ ერთმანეთს კაი ტიპები და სირები?! იცი რა უცნაურია, როცა პიჟონი გიგებს?! სხვათაშორის, სხვა წაგებაზე ნაკლებად მტკივნეულია. ხვდები, რომ შენი უპირატესობა იმდენად დიდია, რომ გარემოებების გარეშე გამარჯვება გარდაუვალი იქნებოდა და შემდეგ სულაც არ ფიქრობ იმაზე, რომ ვიღაცამ გაჯობა, რადგან გარემოებები შენგან დამოუკიდებელია. ჩემო სულელო ნინუავ, რამდენს იყურები სარკეში და რა ტყუილად… ღმერთი თუ არსებობს, ფული არ უნდა არსებობდეს. სიგარეტი, სიგარეტი არ მაქ, რა დროს ნინუაა. ღრმა ნაფაზები ისე მახვევს თავბრუს, როგორც მაუგლის ჩათლახი გველი.

7.

-აგე გამოვიდა ბიჭოოო… – დაიყვირა პაპანდოპულომ.

-ვინა ტეტე? – ხასიათზე მოვიდა ანდრიკო.

-რა ტეტე, კენი გამოვიდა შე გამოსირებულო! – უკბინა შვანგირაძემ.

-წამო რა ავტოგრაფებს არიგებს მგონი. – ჰენსლისკენ იწევდა პაპანდოპულო.

-მიგვიშვებენ რო?! – იკითხა ანდრიკომ.

-რატო არ მიგვიშვებენ? – კითხვაზე კითხვით უპასუხა პაპანდოპულომ.

-კონცერტზე არ ვიყავით და იმიტო. – თქვა და ძირში მორჩენილი ლუდი დალია შვანგირაძემ.

-კონცერტი დარბაზში იყო მერე შეჩემა… წამო ჰა… – სიცილით გავარდა რკინიგზელთა სახლის ფოიეში პაპანდოპულო.
ვასიკო პაპანდოპულომ უხეშად მიყარ-მოყარა კენ ჰენსლის გარშემო შეგროვილი ფანობა და წინ აეტუზა იურაი ჰიპის ფრონტმენს.

-ჰელოუ კენ… – ეგრევე აჯახა.

-ჰაი… – ისე თქვა ჰენსლიმ ზედაც არ შეხედა პაპანდოპულოს.

-ბიჯო, ხელმოწერა როგორ არი ინგლისურად ე? – უკან გასძახა ბიჭებს ვასიკომ.

-სიგნიჩა… – ნიშნისმოგებით უთხრა იქვე მდგომმა განდონა ბავშვმა.

-მისტერ ჰენსლი, ფლიზ სიგნატურე ჰიერ! – პაპანდოპულომ კენს გარეთ ნაპოვნი, მისივე კონცერტის აფიშა მიაწოდა.

-ვოთ ზი ფაქ?! – იგინებოდა კენი, რადგან პრიალა ფურცელს ხელს ვერ აწერდა.

-ბიჭო ვასო, ფოტო გამიძრე რა… – ანდრიკომ ჰენსლის ხელი გადახვია და ფოტოსთვის მოემზადა.

-მეც მინდა ე… – გაუტყდა ვასიკოს.

-მოდი, ეხლა შენ… – გამოართვა ტელეფონი ანდრიკომ.

-დაიცა, მეც რა. – კადრში შემოვარდა შვანგირაძე.

-თქვენ რა გაახურეთ ბიჭო, ხალხი ვდგავართ აქ! – დაძაბა ვიღაცა მაღალმა ბაბულიკმა, როკ-კონცერტზე ნაშა რომ ჰყავდა მოყვანილი.

-გვაცადე რა ძმა… – აქედანაც გაუშავდა პაპანდოპულო. ოთხმოცი წლის ჰენსლი მაგრად დაიბნა და თვალებით კონცერტის ორგანიზატორს ეძებდა.

-ვსო ეგარი… წამო გარეთ გავიდეთ რა. – ქუჩისკენ დაიძრა ანდრიკო.

8.

ეჰ ჩემო მეგობარო ტეტერო, რა უცნაურია ხანდახან თებერვლიდან მარტში გადაბარგება. ხუმრობა ხომ არ არის, როცა რაღაც თავისი არსით სრულად ჰგავს პროცესს, უკუნი სიბნელიდან უნაკლო, კაშკაშა სინათლეში გადაბარგებისას, თანაც არა ეტაპობრივად, არამედ მყისვე. ოცნებების ახდენაც შეიძლება ესე მარტივად ტეტერო, შენ უბრალოდ სცადე და ეგრევე ახდება, დამიჯერე. ეგრევე თუ არა მალევე მაინც და თუ არ ახდება, მერე მოხვალ, დაიჩივლებ და მეც არსად დავაპირებ გაქცევას, რადგან იქნებ გატყუებ კიდეც ტეტერო.

იქნებ სწორედ იმიტომაც გელაქუცები ამდენს, რომ საბოლოოდ აქ მოხვიდე და მერე, მერე გინდაც განრისხებული, მოდი და მეჩხუბე. ოღონდ მოდი და ვინღა დაეძებს როგორი მოხვალ. და იცი რა ადვილია ოცნებების ახდენაზე თუნდაც ფიქრი?! ძალიან მარტივია და სასიამოვნო. მე ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ მეზასავა ჯესიკა ალბასთან და ძალიანაც მარტივი იყო იმის წარმოდგენა, აი, ერთხელაც მაგრად დავეჯახები ტელევიზორს და მეც იქ გავჩნდები, სადაც ალბათ ვინმე სხვა დავარცხნილ ტიპს ეზასავება მეთქი. მერე იმის ცოდნა მაკმაყოფილებდა, რომ ჩემი ოცნების ასრულება ესეთი მარტივი იყო და სწორედ იმიტომ არ ვასრულებდი, რომ ესეთი მარტივი იყო. ვნებით აღარ ვესწრაფვოდი ტელევიზორში შევარდნას და აღარც ჯესიკა ჩანდა ისეთი ზღაპრული, როცა მისი მოპოვება ასე მარტივი ჩანდა. ჩემო მეგობარო ტეტერო, არსებობს ყველა ოცნების ასრულებისთვის განკუთვნილი თეორიული გზა, რომელიც ისეთი მარტივია, რომ ოცნებას აუფასურებს და შემდგომში ამ გზასაც იკიდებ და ოცნებასაც. აი მანდ მერე ის გაფიქრებს, გინდა ამ ოცნებისგან განთავისუფლება თუ არა. თუ კი გინდა რომ ოცნება გქონდეს, არ ეძიო ეგ მარტივი აბსტრაქციები თორე დაგერხევა და რეალისტი გახდები ტეტერო. ჩემო მეგობარო ტეტერო, შენ ისეთი ლამაზი ხარ… ხანდახან ისე მინდა მხედავდე. როცა მაგარი ტიპი ვარ, მაშინ მინდა რომ მხედავდე. მე მაგაზე ვოცნებობ. მაგაზე და იმაზე, რომ მოხვიდე. შენით მოხვიდე. მე რომ აღარ გეტენებოდე და სხვები რომ აღარ დამცინოდნენ. ჩემო მეგობარო ტეტერო. სულაც არ მომწონს, ასე რომ მოგმართავ, მაგრამ შენს სახელს უხდება, ჩემო მეგობარო ტეტერო. რამდენი წლისანი ვართ ტეტერო ახლა? მე არც თუ დიდი. შენ ჩემზე დიდი ხარ, მაგრამ სულაც არ გეთქმის ქალი. შენ არ იცი ტეტერო, რა მაგარია მარტი წელს, იმიტომ, რომ ისიც არ იცი, რა ცუდი იყო თებერვალი. რა საზიზღარია ყველაფერი მას შემდეგ, რაც შენ რაღაცეები არ იცი, ჩემო მეგობარო ტეტერო. მე სილამაზეზე ვგიჟდები ტეტერო, მაგრამ არ იფიქრო, რომ მხოლოდ ამიტომ მიყვარხარ. ასე რომ იყოს, სულაც არ გიწოდებდი მეგობარს და იქნებოდი მხოლოდ ტეტერო. იქნებ კურტიზანი ტეტეროც. ანდაც რას გეპრანჭები, ბოზი, ნაშა, პასტაიანკა ტეტერო იქნებოდი, მაგრამ მე მხოლოდ სილამაზე არ მიყვარს. ეჰ, ჩემო მეგობარო ტეტერო, რას გეუბნები და რეებს მპასუხობ, საერთოდ არ მაფასებ, ჩემო მეგობარო ტეტერო.

9.

-ნინუა ე… – თქვა ანდრიკომ და ანთებული ბიჩოკი შვანგირაძეს მიაწოდა.

-ვა მარტოა. გილოცავ ანდრექს. მაგასაც დაადო ტეტემ. – იცინოდა პაპანდოპულო.

-რა აძღნერებული აქ სახე რა არი, ჰენსლის ლაივზე ეგ იყო, მე ჰო არა… – უკვირდა შვანგირაძეს.

-ტეტემ რო დაადო ალბათ მაგიტო. – დაასკვნა ანდრიკომ.

-მაიცა რა, ჰენსლი მომესმინა და არ გავარტყი ტეტეს?! – შვანგირაძემ ანდრიკოს მიწოდებული ბიჩოკი გადააგო.

-შენ არ გევასება და იმიტო… – თქვა პაპანდოპულომ და ანდრიკოს გახედა.

-არც ამას ევასება. პროსტა ჩაიციკლა. ეგ არ არი ის, გოგო რო გევასება. მე მაღულარია მევასება, მარა ჰენსლის ლაივი უფრო მევასება და ჩემი თავიც უფრო მევასება. – წაიკითხა მორალი შვანგირაძემ.

-ვა მაღულარია გევასება? – სიტყვაზე დაიჭირა პაპანდოპულომ.

-მევასება რა, ჰო გეუბნები რა, ისეთ პონტში… კაი ვიდზეა და მევასება. ამ კვერცხივით კი არ ვტირი. – თავი იმართლა შვანგირაძემ.

-ე, რა ტუპოი ხარ რა… – მიაძახა შვანგირაძეს ანდრიკომ და მარჯანიშვილის მეტროსკენ წავიდა.

-შენ ნუ გადაიფსი თავზე ბიჭო! – გაიწია ანდრიკოსკენ შვანგირაძემ.

-ეეე, როდემდე გაშველოთ გაერო კი არ ვარ. ან მორიგდით, ან ცალ-ცალკე გნახავთ ხოლმე. – ჩახტა შუაში ვასიკო პაპანდოპულო.

-ეეე, აგე კიდე ნინუა და ვიღაცა გოგო. – გაუხარდა ანდრიკოს.

-ვიღაცა გოგო კიარა, ნიტაა ბიჭო. კლასელებს ვეღარ ცნობ? – დასცინა ძმაკაცს პაპანდოპულომ.

-მერე მაგასთან რა უნდა? – დამშვიდდასავით შვანგირაძე.

-წამო ვნახოთ. – პაპანდოპულომ ანდრიკოს მკლავი გაუყარა.

-ეეე, რას დაბოდიალობთ აქ? – შემოუძახა ნიტამ კლასელებს.

-პრივეტ. – გადაკოცნა პაპანდოპულომ.

-იტირე ტო? – დაიძაბა შვანგირაძე.

-ჰო რავი… – ნიტამ ვაკო ნინუას შეხედა, რომელიც ასევე ნამტირალევს გავდა.

-მშვიდობა გაქ? – ჩაერთო საუბარში ანდრიკო.

-მეგობარი დაგვეღუპა. – ძლივს ამოიღო ხმა ვაკომ.

-ვა ტეხავს ტო… რა მოუვიდა? – ჩაილაპარაკა შვანგირაძემ, რომელმაც აშკარად ვერ გაითავისა ტრაგედიის მაშტაბი.

-გაზით გაიგუდა… – ინსტიქტურად გამოსცრა ვაკო ნინუამ.

-აუ ანდრო, ტეტეს შენც იცნობდი მგონი… – წაუტირა ნიტამ.