ყველაფერი მის საბოლოო ჩაქრობამდე ჩაქრა
ვცეკვავდი ჩემთვის
როცა უცებ
კარადის კედლებს
შევავე თვალი
ვცეკვავდი უშნოდ
თითქოს ჩემს ხელებს
და ჩემს ფეხებს
და ჩემს სახეს
არაფერი ჰქონდათ საერთო ერთმანეთთან
ვცეკვავდი ჩემი მეგობრის ლექსზე,
რომელიც იქცა ჯერ ფანჯარად-
ფანჯრის იქეთა ტყედ
და სიკაშკაშედ
(ფოსფორისფერ მედუზებად)
თითქოს აქ
უფრო სწორად იქ
იმ პატარა ღრმულთან
იყო ქვა
ლოდზე უფრო მცირე და კენჭზე უფრო დიდი
„ჩიტებო მოდით“
ამბობს ჩემი უფროსი შვილი
და ჩიტები ტალღებად ზემოთ
ფრთების შრიალით
იშლებიან
ვიშლებით ჩვენც
ჩვენი ცეკვაც
ჩვენი სიყვარულიც
და მახსოვს მხოლოდ მნიშვნელობები –
სანახევროდ,
ვიცი რა ჰქვია იმ ხეს,
რომლის მუსიკასაც ქარში გავარჩევ,
რადგან ის სტვენდა და სტვენა მიყვარს,
რადგან სტვენის ცოტათ მეშინია.
აქვე არის პატარა სკამი
და მასზე არასდროს ვმჯდარვარ
ვიფიქრე, რომ დავჯდებოდი
მაგრამ, გადავიფიქრე.
__________
მშვიდად ვიჯექი
ორივე მუჭში რაღაც მქონდა
ერთში გოგრის გულები
მეორეში მათი კანი,
მერე რატომღაც ხელში ჩამრა
და დამავიწყდა,
მომწონდა ასე
შუშაბანდის გრილ იატაკზე
ჯდომა,
როცა ფანჯრიდან ტყე ჩანს
საიდანაც თბილი
მაგრამ ქარი უბერავს.
რიგში ვიდექი
და ჩემი რიგი რომ მოვიდა
დამავიწყდა რატომ ვიდექი რიგში
ამდენი ხანი
საერთოდ რატომ ვიდექი რიგში
გამოვედი
ხელისგულები მქონდა ცივი და სველი
შიგ დამბალი გოგრის მარცვლები
გამოვედი და გადავყარე
__________
სხეული ჩემი
როგორც პატარა კენჭების გროვა
აცოცებული ერთმანეთზე
აშენებული ბავშვების მიერ
ქვის კოშკივით სუსტად,-
იწვა თავისთვის
ორი ჩიტის გულში
მე მივყვებოდი მათ ხმებში სიცილს
როგორც ნაპოვნ მეგობარს
უფრო შორს წასვლაც შემეძლო
უფრო მეტი ატმის დაკრეფაც
არ ცხელოდა
მაგრამ მწყუროდა
როგორც ხშირად როცა მწყურია
ვიძინებ.
და მიყვარს ხმები,
რომელიც მესმის
__________
ქვაში ვიყავი
იქ ვცხოვრობდი
იქ იყო ჩემი სამყოფელი
იქ იყო ჩემი ქუჩა და ჭა
უცნაური იყო იქ ცხოვრება
რადგან ქვა იყო ჩემი ტანიც
ქვის ვიყავი
და ჩემი სულიც ქვის იყო,
მეგონა უფრო მოქნილი ვიყავი
მაგრამ არა
ქვა ვიყავი
პირველყოფილი
დაუნგრეველი
გაგიკვირდებათ მაგრამ ზრდადი.
მეშინია
რადგან ხშირად მიფიქრია
უფრო სწორად დამირწმუნებია თავი
რომ ყვავილად ვიქცეოდი
არსებობს ასეთი ყვავილი
ქვას ჰგავს
უფრო სწორად კენჭს
და უდაბნოში ხარობს
იქნებ ის ვარ მეთქი
გალა ამბობს რომ თოვლის ბაბუის მჯერა
წარმოგიდგენიათ როგორი ვარ მის აღქმაში,
ინფანტილური
მოკლედ რომ გითხრათ
ახლა ვზივარ ღუმელთან,
რომელშიც სამი მოზრდილი შეშის ნაჭერი იწვის,
რომლისკენაც შიგადაშიგ თვალს გავაპარებ
მერე ვდგები და ვეწევი
__________
ზუსტად სამ დათვლაში მოიღრუბლა
და კიდევ უფრო სწრაფად გაწვიმდა და დაიქუხა
მანამდე კი მდელოზე ვიწექი
თითქმის თვალებდახუჭული
მხოლოდ ძაფივით წვრილი ხაზი დავტოვე ღია
წამწამებს შორის
და მზის სხივს ოდნავ ვათამაშებდი
მარცხნიდან მარჯვნივ
და პირიქით
ვერ მოვიფიქრე ვერც ადგომა
სახლში შერბენა
ან მდელოზე გასეირნება
და მანამ დავრჩი ასე უძრავად
ვიდრე წვიმამ არ გადაიღო.
და გავაგრძელე
სხივის ბურთის გადაგორება
მარცხნიდან მარჯვნივ
და პირიქით
____________
___________
მოკლე ბიოგრაფია
სახე მთლიანად მეცვლებოდა როცა ორ უკიდურეს გრძნობას შორის ვირყეოდი ეს ისე სწრაფად ხდებოდა თავადაც მიჭირდა დაწევა ჩემი შვილები ქვიშის მთაზე დახტუნავდნენ მე სარეცხს ვფენდი და თითქოს ყველაფერი კარგად იყო და იყო კიდეც ყველაფერი კარგად მაგრამ ქუხილი ცხოვრობდა ჩემში და მთლიანად მაზანზარებდა. ვცხოვრობ სოფელში, მყავს ორი შვილი ერთი ძაღლი და მეგობარი ბიჭი ჩემი შვილების მამა ვცხოვრობ შავი ზღვის სანაპიროდან ხუთ კილომეტრში ზღვის დონიდან ოთხმოც მეტრზე იქვეა რკინიგზის სადგურიც პატარა და არც ისე მყუდრო
__________
ყველაფერი მის საბოლოო ჩაქრობამდე ჩაქრა იქამდე ჩაქრა ვიდრე შევნიშნავდით ვიდრე ჩვენამდე მოაღწევდა საშიში მხოლოდ შიშია დანარჩენი წინასწარ განვიცადეთ ძვირფასო ჩიტებო თქვენი ხმა თავიდან უფრო მეტად მესმოდა სანამ შევეჩვეოდი და მერე გაქრა ფოკუსიდან თუმცა ისევ ხართ და ისე ახლოს..
___________
დღე ჩემი თავდაყირა დღე ჩემი ნემსზე დღე უსაშველოდ ცივი და მძიმე მიილია და ბნელი სახლი სხვისი და უცხო მორყეული როგორც ორთვალა რომელიც მკვდარს ჰგავს ღმერთო დაიფარე ჩემი შვილები ჩემგან და მათგან ვისი შიშებიც ბეწვზე ჰკიდია და თავადაც ბეწვზე ვკიდივარ
__________
ზღვასთან ვიჯექი კენჭებს ვისვროდი ერთი ორი ან სამი საათი სანამ ბავშვებმა არ მოინდომეს თავისი ნებით შინ დაბრუნება
__________
ჩვეულებრივი კარი იყო ფართოდ გავაღე და გავედი სხვა ოთახში იგივე იყო და ეს მთელი დერეფანი უსასრულო სივრცე ერთ ოთახში შედიოდა სულ ვფიქრობდი რომ მერე რა არაუშავს თუკი ხედავ ცას მაგრამ არ იყო ეს სიმართლე ჩემი სიმართლე
_________
თავს ტყვეობაში მივიჩნევდი
სანამ ამოვარდებოდა ქარი
რომელმაც ფანჯარა
ოთახის შიგნით შეკეცა
და ყველაფერი შემოზიდა.
დაკარგულთა სევდა.
ფეხები კედელს მივაყუდე,
თავი გვერდით გადავწიე,
და სახე ცეცხლივით მოგიზგიზე ქარს მივეცი,
მე ხშირად ვფიქრობ
რა მაჩერებს იქ სადაც ვარ
და ვარ თუ არა გაჩერებული
ან სად გავჩერდი.
მართლა გავჩერდი?
და ისევ ქარი
რომელსაც მოაქვს
აორთქლებული ზღვის წვეთები.
თევზების სუნი
____________
ბოლო დროს გავიცანი უამრავი ლამაზი ქალი მათ აერთიანებდათ სამი რამ 7 კატა და ამდენივე კატეხიზმო იასამნისფერი კედლები და ჟღალი თმები ყველა მათგანის მეშინოდა.
___________
და შენი მხარე უბალიშო ჩვენი საწოლის როცა ვალაგებ მკერდმოჭრილ ქალს ჰგავს