თარგმანი, ლიტერატურა, პოეზია, სიახლეები

ულრიკე ალმუნტ ზანდიგი ● მეგობრებო

მეგობრებო, ცუდად ნუ გამიგებთ 

ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მე კი საკუთარ თავსაც
არ ვიცნობ კარგად. და ყოველ დილით ვცდილობ,
გავერკვე: ვარ მე ალმუტი? ვარ მე ულრიკე?
ვინ იყო ბავშვი დედამისის კაბის ქვეშ მაშინ? ვარ დედა,
შვილი, რაღაც ჩრდილი ჩამალული ჩემსავე თავში
რაფსის ყანა ვარ, შვლებს ვმალავ და ისე ვანათებ
როგორც ცამეტი ფერწერული ტილო გვერდიგვერდ.
მე ვარ ლანდშაფტი, ვარ მონადირე ამ ღია ცის ქვეშ,
ტყის განაპირას სერზე ვდგავარ და მინდორში შვლებს
ვითვლი და ვითვლი. ჩემს შეჭრილ თმას ხომ უყურებთ
ყველა? ქარს შევატოვე ის გასაშლელად. მე წარწერა ვარ,
დასასრულისკენ რომ ფუჩეჩდება, ვარ ჯარისკაცის
რომელიმე ერთი ნაწილი,

მისი წარბები, წვივები, ანდა მწარე ხუმრობა,
რაც ბოლომდე წაუხდა, როცა ახალგაზრდა ჯარისკაცთა
უბადრუკ წყებას ვერ უბრძანა ცეცხლიო, რადგან
უფრო უარეს უბადრუკებში ვიღაც ფეხმძიმე დაინახა.
მე ვარ ფეხმძიმე, მე ვარ ცამეტი ტყვიის ჯერი ჩამწკრივებული,
მე სასამართლო პროცესი ვარ მოღალატეთა,
ცუდი ბავშვი ვარ, მხოლოდ უჩუმრად შემიძლია თმა შევიჭრა
და ქარს გავაყოლო! გამოუცდელი არიფი ვარ, ვაფრენ,
მივქარავ, ზეციური არსება ვარ, აივნიან კოშკს დავტრიალებ,
სადაც დგას ქალი, და თმას იჭრის ჩუმად, ფარულად,
მაგრამ ის ქალი მე არ ვარ, არა, 

აღარასოდეს არ მინდა ვიყო, მეგობრებო, უნდა გამიგოთ… 


გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა