ვᲘსლავა შიმბორსკა 🔘 ვეძებ სიტყვებს
“ვეძებ სიტყვებს” – ასე ჰქვია ვისლავა შიმბორსკას პირველ პუბლიკაციას, რომელიც 1945 წელს ერთ-ერთ პოლონურ გაზეთში დაიბეჭდა. მისი ლექსების თარგმნის დროს მეც ყველაზე დიდხანს ზუსტ სიტყვებს ვეძებდი – სიტყვებს, რომლებიც სლავური ენებისთვის, განსაკუთრებით კი პოლონურისთვის დამახასიათებელ ერთგვარ მისტიციზმს, გნებავთ, ბუნდოვანებას, შედარებით მოკრძალებულ, კდემამოსილ, საკრალურ ქართულ ენაზეც ზუსტად გააცოცხლებდა.
ჩემ მიერ თარგმნილი სამი ლექსიდან ერთი კონვენციურია, ორი კი ვერლიბრი. კონვენციური ლექსის თარგმნა შედარებით გამიჭირდა, რაც შეეხება ვერლიბრებს, პოლონურ ენაზე ორივე ლექსს შინაგანი რიტმი და მუსიკალობა აქვს, რაც ძალიან არ მინდოდა, ქართულ თარგმანში დაკარგულიყო, რამდენად შევძელი, მკითხველის შესაფასებელია. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი ლექსების ზუსტი თარგმანის გაკეთება არ ყოფილა, ზოგიერთ შემთხვევაში თავისუფალი ინტერპრეტაციების უფლებაც მივეცი, ჩავთვალე, რომ ასე უკეთ შევძლებდი პოეტის სამყაროში მკითხველის შეყვანას. ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, რომ “პოლონეთის მფარველ სულად” წოდებული შიმბორსკა პირველ რიგში დიდი მისტიკოსია, მხოლოდ მერეა რეალისტი და სატირიკოსი, თუნდაც, დისიდენტი.
სოფო წულაია.
არაფერი შეცვლილა. . .
ტკივილი, თითქოს, სხეულს მიხორცებია –
მისით იკვებება და სუნთქავს,
მასშივე სძინავს. . .
გარედან სიფრიფანა გარსი შემოუკრავს,
რომლის წიაღშიც სისხლი ჩაგუბებულა.
უამრავი კბილი და ბრჭყალი გამოზრდია,
ძვლები მსხვრევადი გახდომია,
სახსრები კი გადაჭიმული. . .
მისი ამგვარი მდგომარეობა
წამების პროცესში მუდამ მხედველობაშია მიღებული. . .
არაფერი შეცვლილა. . .
სხეული ზუსტად ისე ცახცახებს, როგორც რომის დაარსებამდე,
ან მეოცე საუკუნეში,
ქრისტეშობამდე ან ქრისტეშობის შემდეგ. . .
წამებაც ყოველთვის არსებობდა – ახლაც არსებობს,
მხოლოდ დედამიწა დაგვივიწროვდა
და თუკი სადმე რამე ხდება,
გვეჩვენება, თითქოს, აქვეა – ჩვენს კედლებს მიღმა.
არაფერი შეცვლილა. . .
მხოლოდ ადამიანები გაბევრდნენ,
ძველი ბოროტებების გვერდით ახლები გაჩნდნენ –
ნამდვილები და შთაგონებულები,
წამიერები და არანაირები. . .
ის კივილიც, სხეული რომ მოთქვამს,
იყო, არის და მუდამ იქნება
და აღიქმება,
როგორც უბიწო მსხვერპლთა გმინვა,
როგორც სამყაროს მარადიული წესრიგი
და ჭეშმარიტება.
არაფერი შეცვლილა.
მხოლოდ მანერები, ცერემონიები, ცეკვები. . .
ხელის ჟესტი კი – როცა დარტყმისგან თავდაცვას ვცდილობთ –
უცვლელი რჩება.
ჩვენი სხეული იკლაკნება, შფოთავს და ფეთქავს,
ძირს ენარცხება,
მუხლები ეყვლიფება,
ლურჯდება, სივდება, ნერწყვისა და სისხლისგან იცლება . . .
არაფერი შეცვლილა მდინარეების დინების,
ტყეების კონტურების,
სანაპიროების, უდაბნოებისა და მყინვარების გარდა.
საკუთარი თავისთვისვე უცხო
და გამოუსადეგარი სული კი
სწორედ ამ პეიზაჟებს შორის დაბორიალობს,
უჩინარდება, მერე ისევ ჩნდება. . .
ბოლომდე იმაშიც ვერ გარკვეულა, მართლა არსებობს, თუ არა,
საერთოდ არის თუ არა,
მაშინ, როცა სხეული არის,
არის და არის
და წასასვლელიც არსადა აქვს,
თუკი ოდესმე სადმე წასვლაზე გაეფიქრება.
ეს მე ვარ, კასანდრა.
ახლა თქვენ თვალწინ ფერფლად ქცეული ჩემი ტროა გადაიშლება.
ესენი ჩემი ნაზირ-ვეზირები, ესენი კი ორაკულები არიან,
კუთხეში რაც გდია, ეჭვებში გახლართული ჩემი ფიქრებია.
სიმართლე ისაა, რომ გავიმარჯვე
და დღეს ეს გამარჯვება ისეთივე კაშკაშაა,
როგორც მთვარე სავსემთვარობისას;
მსგავსი რამ მხოლოდ ისეთ წინასწარმეტყველს შეემთხვევა,
რომლის ნათქვამისაც არავის სჯერა,
რომელიც მაშინვე საქმეზე გადადის,
მისი ნაწინასწარმეტყველები კი ისე სწრაფად ახდება,
თითქოს, არც ყოფილაო.
ცხადად მახსოვს:
როგორც კი შორიდან დამლანდავდნენ,
სანახევროდ წარმოთქმული სიტყვები ბაგეებზე ეყინებოდათ,
ნახევარსიტყვებთან ერთად ღიმილიც დუმილში უვარდებოდათ,
ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები ცალკევდებოდნენ,
შეშინებული ბავშვები კი თავიანთ მშობლებთან გარბოდნენ.
წარმოგიდგენიათ? –
თითოეულის არაფრისმთქმელი სახელიც კი ვიცოდი
და მწყინდა, ჩემი თანდასწრებით
მწვანე ფოთოლზე შექმნილი სიმღერის ბოლომდე დასრულებას რომ
ვერავინ ბედავდა. . .
მე ისინი მაინც მიყვარდა. . .
მიყვარდა, მაგრამ ჩემი სულის სამრეკლოდან,
სიცოცხლის მიღმა – მომავლიდან,
ანუ იქიდან, სადაც მუდამ ქაოსია
და საიდანაც სიკვდილის ხილვა უფრო მეტად გვიადვილდება.
მგონი, ვნანობ, ჩემი ხმა მჭახე და შეუვალი რომ იყო:
- შეხედეთ საკუთარ თავს ვარსკვლავებიდან – გავყვიროდი,
- შეხედეთ საკუთარ თავს ვარსკვავებიდან. . .
ისინი ისმენდნენ და ფეხქვეშ იყურებოდნენ –
ქარიშხლებისგან განდევნილები
მხოლოდ ერთ განზომილებაში ტივტივებდნენ. . .
მორჩილად იწვნენ სხეულებში –
დაბადების წამიდანვე რომ უნდა გამომშვიდობებოდნენ.
თუმცა ცოცხლობდა მათში რაღაც –
მოლიპული ოცნების, ან, იქნებ, სულაც მოციმციმე კოცონის მსგავსი,
რომელიც შიმშილს თავისი სიკაშკაშით აორთქლებდა. . .
მათ კარგად იცოდნენ, რაც ნიშნავს წამი. . .
იქნებ, ერთი მათგანი მაინც. . .
სულ ერთია, რომელი. . .
ნებისმიერი. . .
მანამ, სანამ ჯერ კიდევ შემწევს რაღაცის ძალა. . .
მაგრამ არა – შეუძლებელია, აქედან რამე გამომივიდეს. . .
ეს ხომ მხოლოდ ცეცხლის ენისგან დადორბლილი ჩემი შესამოსელი
და ფარატინა წინასწარმეტყველური ბოდვებია. . .
ეს ხომ მხოლოდ ჩემი დალეწილი სახეა.
სახე, რომელმაც არ იცოდა, რომ თამამად შეეძლო,
ლამაზი ყოფილიყო.
და მგონია, რომ:
ზედ დავყურებ უცნაურ კუნძულს –
ბლანტი სიმართლე სხეულზე რომ ფენებად აკრავს.
ჩვენ კი ვეყრდნობოდით უჩვეულო მტკიცებულებებს იმის შესახებ,
რომ არსებობს – ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მშვიდად…
გზას ჩაჰყავს გაუკვალავს ნაპირისკენ ჩვენი სხეული.
თითქოს, არ არის სხვა საშველი, გამოსავალი,
თითქოს, ვცდილობთ, რომ ბანალური გამჭრიახობა
და უცხვირპირო თანალმობა
სხვების წინაშე სწორედ ამგვარად გამოვფინოთ, გამოვალაგოთ…
და მივაბოტებთ ტყუილების გაუვალ ტყეში,
რომლის წიაღშიც სიმართლის ხმა შიშისგან ბჟუტავს;
და სანამ მივალთ, რომ ახლოდან თვალი შევავლოთ,
ქარი აგვის და აამშრალებს…
გზად კი დატოვებს დროის მტვერს მხუთავს –
ნამსხვრევებისგან ორივე თვალი რომ ამოგვივსოს
და სამუდამოდ დაგვაბრმავოს.
თითქოს, ფეხდაფეხ მივუყვებით უცნაურ ექოს,
საიდუმლოსთვის ფარდის ახდას რომ აგვიანებს,
მის უცხო სიტყვებს – მნიშნელობებამოწურულებს,
გამოქვაბულის კედლების სისქე ჩაისამარებს.
ნდობის ხარისხი კი, რატომღაც, მიაღწევს მწვერვალს –
სულ არ დაგვთრგუნავს, ყველა გზას რომ ზღვასთან მივყავართ,
ზღვასთან, ჩვენს კვალს რომ უმოწყალოდ გულში ჩაიხვევს
და ამოუცნობ სიცოცხლეში მშვიდად შევყავართ.