სიახლეები

ნინო ამონაშვილი 🔘 შეცდომა. სწორედ ეს ქმნის პოეზიას


მიროსლავ ტიხი (1926-2011), ჩეხი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ფოტოგრაფიით მოახერხა საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ფოტოგრაფია არ ემსახურება არც იდეალურ გამოსახულებას და არც ძვირადღირებული კამერაა საჭირო, რომ გახდე საინტერესო მაყურებლისთვის. ტიხი ერთ-ერთ იმ აუტსაიდერ ხელვანებს შორის არის, რომლებიც ისტორიამ მაინც გამოააშკარავა. მისი ფოტოგრაფიის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ფოტოები „არასრულყოფილია“ და ცუდად არის დაბეჭდილი. რა თქმა უნდა ამ არასრულყოფილებაში ვგულისხმობთ მის ვიზუალს, ფოტოებზე კარგად ვხედავთ, რომ ისინი დაზიანებულია გადაღების მომენტშიც და კარგად შესამჩნევია „ლაქებიც“.


1980-იან წლებში აღმოჩენილი მიროსლავ ტიხი, ფოტოგრაფიის ისტორიკოსებისთვის იქცა საინტერესო პერსონად, როგორც მისი ნამუშევრებით, ასევე ბიოგრაფიით. მისი ბიოგრაფია საინტერესოა იმით, რომ ავტორს არ ჰქონია ლაღი ცხოვრება, კომუნიზმის დროს ის ითვლებოდა დისიდენტად, მან ასევე ციხეში გაატარა რვა წელი. გათავისუფლებისთანავე, 70-იანი წლების დასაწყისში, ტიხმა გადაწყვიტა ფოტოგრაფიით უფრო სერიოზულად დაკავებულიყო და ამ პერიოდიდანვე შეიძლება ითქვას, რომ იპოვა საკუთარი ინტერესი, საკუთარი ხედვა ფოტოგრაფიაში, იღებდა ქალებს პარკებში, მოედნებზე, სანაპიროზე, ქუჩაში თუ სხვა.

ავტორის ბიოგრაფიიდან არსებობს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ეხება მის კამერას, ტიხმა ის თავად დაამზადა თუნუქის ჭურჭლისგან, ბავშვის სათვალის ლინზებისა და სხვა ხელთ არსებული ნივთებისგან.

ის თავადაც საკმაოდ საინტერესო პერსონა იყო, არ ესწრებოდა გამოფენებს, არ იყო ჩართული სახელოვნებო პროცესებში, არ სურდა ფოტოების გაყიდვა, მისთვის მთავარი იყო ის რასაც აკეთებდა თვითონ, მისი ინტროვერტული ხასიათადანაც გამომდინარეობდა ეს დამოკიდებულება. ავტორი არასდროს არქმევდა საკუთარ ფოტოებს სახელებს. ამ დეტალიდან კიდევ ერთხელ ჩანს ის თუ რამდენად უმნიშვნელო იყო სხვების აზრი მის ფოტოგრაფიაზე და რამდენად ნაკლებს ფიქრობდა მათ კომერციალიზაციაზე.
ფოტოების გადაღებისას ავტორი ირჩევდა სპონტანურობას და მის ფოტოებში მოხვედრილმა ადამიანებმა უმეტეს შემთხვევაში არ იციან, რომ იღებენ. მისი კამერა იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ ნაკლებად შეიძლებოდა, იმაზე ფიქრი, რომ ავტორი მოახერხებდა ამ კამერით რაიმეს დაფიქსირებას. მიუხედავად ამისა საკმაოდ ხშირად იღებდა უარყოფით დამოკიდებულებას მის კადრებში მოხვედრილი ადამიანებისგან, რადგან ის იჭრებოდა მათ პირად ცხოვრებაში კამერის მეშვეობით.


ტიხის დამოკიდებულებაც იდეალურ გამოსახულებასთან საკმაოდ ირონიული იყო და ამბობდა, რომ პოპულარობისთვის უნდა აკეთო რაიმე იმაზე ცუდად ვიდრე სხვა აკეთებს. რა თქმა უნდა მხოლოდ დაზიანებული კადრები არ არის ის ძირითადი რამ, რაც ავტორს სხვებისგან გამოარჩევს. მის ფოტოგრაფიაზე რასაც აღნიშნავენ მნახველები არის, რომ ეს ფოტოგრაფია სავსეა შეცდომებით, არაა გასწორებული ფოკუსი მასში, კადრი ბუნდოვანია, ან სხვა ძალიან ბევრი ფოტოგრაფიული დეტალი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სრულ სიმართლეს წარმოადგენს, რადგან ნამდვილად შესამჩნევია ეს ხარვეზები, ფოტოგრაფიული ცოდნის გარეშეც კი. თავად ავტორის დამოკიდებულება ამ შენიშვნებთან ასეთი იყო:

„შეცდომა. სწორედ ეს ქმნის პოეზიას“.

მისი ფოტოგრაფიაც ისევე არ უჩიოდა სითამამეს და თავისუფლებას, როგორც თავად ავტორი.
რას იღებდა ტიხი? ყველაზე ხშირად მის ფოტოგრაფიაში, ვისაც შევხვდებით, ესენი არიან ქალები. ის ცდილობდა დაეფიქსირებინა ისინი ინტიმურ გარემოში, ყოველღიურობაში, გართობის ან დასვენების დროს, მაგრამ ამას აკეთებდა სხვა ძალიან ბევრი ფოტოგრაფიც, ვიროსლავისთვის კი დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი არის კიდევ ის დეტალი, გარდა მისი ვიზუალური, გამომსახველობითი ეფექტისა, რომ ის ცდილობდა დაეჭირა კონკრეტული მომენტი, ან დაეჭირა ის პოზა, რომელიც თავად ადამიანებს სჭირდებოდათ კონკრეტული ქცევისთვის, ან დგომისთვის/ჯდომისთვის და რაიმე სხვისთვის, კოცნისთვის, თამაშისთვის, ნაბიჯისთვის, გასარუჯად, სახლის დალაგების დროს თუ სხვა. ხშირად გამოსახულებაში არ ჩანდა სხეული მთლიანად, მაგრამ უმეტესად ვხედავდით ფორმას, რომელიც ააშკარავებდა კონკრეტულ ქცევას, ან პოზას. კადრები ერთი შეხედვით ილუზორულია, თითქოს გონებაში ფრაგმენტულად დალექილ მოგონებებთან გვაქვს საქმე, ეს ნაწილობრივ ბუნდოვანი გამოსახულებები ცოტათი მელანქოლიურიც კია იმ სცენებიდან გამომდინარე, რომელსაც ავტორი ასახავს. როდესაც ამ კადრებს ვუყურებთ ცოტათი გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი შენს თვალწინ დაიწყებენ „აორთქლებას“ და გაქრებიან
.