ქეთი გზირიშვილი 🔘 Sign All
⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛
Sign All
სხვა პლანეტებზე, რომლებსაც ვეძებთ,
ქრისტე ჩავიდა?
იქნებ ჩვენს მერე ჩავიდა, იქნებ,
ჩვენამდე იყო სადმე,
ცხრა ცაში
ცხრაჯერ წყლის მიმწოდებელი.
იქ რა გზით ევნო,
რა გზით იქცა ზმანებად,
რომელიც მუდამ ენატრებათ და
ელოცებიან, როცა რამ უჭირთ,
მარტოობა ჰკლავთ,
ან დარწმუნებით ამბობენ უმეგობრონი:
– ქრისტე ჩემი მეგობარია!
იქ ჰქვიათ მისი სახელი?
ხატია კედლებზე?
ან იქნებ ნარინჯ ზღვებზე გადადის,
ხოლო ხელიდან მტვერი უცვივა,
როგორც თევზები?
მოგზაურია,
არ არსებობს მისთვის წრფივი გზა,
რომელზეც ქრიან უდაბნოები,
დადის აქლემი,
საათი მოტაატე.
ღამის კარებთან ჩამოვიარე,
ვცადე, შემეღო
და ვერ შევძელი,
ვიწექი, როგორც გვამი, ჯერ თბილი,
ხელები მეწყო წელის გასწვრივ და
ვწერდი ამ სიტყვებს –
ცარიელ წერილს
ერთი იმედით:
რომ ყველა ტალღას მოსდევს სხვა ტალღა
და უსასრულო სიმრგვალეებში,
სადაც ის თავის სახელს ასწავლის,
ჩემი სიტყვებიც გაკრთება შუქად,
რომ მოახედოს.
CORPUS
როცა აღმიქვამს, ჩემკენ ბრუნდება და ლაპარაკს იწყებს.
მიყვება, როგორი სუსტია, როგორ სტკივა.
აი აქ, აი აქ.
მიყვება, როგორ ახსოვს.
აი აქ, აი აქ.
შუა საუბრისას ჩუმდება და ზურგით დგება.
ამ დროს არაფერს ვეუბნები.
საერთოდაც არაფერს ვეუბნები –
მე ხომ მხოლოდ მსმენელი ვარ,
ვინც ვტირი მისივე თვალებით,
ვიჭამ მისსავე ტუჩებს,
ვიხვევ მისსავე ხელებს ამოჩრილ ნეკნებთან და ვიხუტებ. ის კი მოულოდნელად ითავისუფლებს თავს,
მიდის ფანჯარასთან და იყურება სივრცეში,
რომელიც კედლებით მთავრდება,
როგორც ჩვენი კომუნიკაცია.
მომდევნო კავშირი მექანიკურია –ვაგრძელებ მის მოწესრიგებას,
გამოკვებას,
წაყვანას სავალდებულო ადგილებზე,
მისი ხმით ლაპარაკს – თუ სურთ,
მისი სახით გაღიმებას – თუ სურთ,
მის უკან წამოყვანას, სადაც საწოლია,
სადაც ვაწვენ და ვაცდი –
იქნებ იქამდე, ვიდრე შესცივდება,
გულისცემა შეუნელდება,
კუნთები მოუდუნდება,
მოიკუნტება რომელიმე გვერდზე და უწონო გახდება,
წასვლა
დიდი მონდომების შედეგად ის მოკვდა.
საერთოდ, სიკვდილი დიდი მონდომების შედეგად დგება.
ძალიან უნდა მოინდომო,
შენმა მუხლებმა უნდა იგრძნონ მიწის ზედაპირი,
აიკრან მტვერი,
შენმა ხელებმა უნდა ამოიბრუნონ თავი,
შეეშვირონ ცას,
შენი თვალები უნდა ჩაიკეცოს –
წიგნი, რომელშიც ყველაფერი დაიწერა
და თმა შეიძლება ჩამოგეფაროს სახეზე ფარდად,
თუმცა ეს ბოლო შტრიხია,
უბრალოდ, ლამაზი.
და ეს ისევე ადვილია,
როგორც მზის გამოჩენა,
რომელიც წარმოუდგენელ ენერგიას ხარჯავს
ჩვენამდე მოსაღწევად.
რომ არა მისი სიმხურვალე
რომ არა მისი დაჟინება
ბოლო ათინათს წაავლოს ხელი,
დასახუჭ თვალში შესვას, –
ფუღუროში,
ქეთი როგორ მკვეთრად ჩანხარ…