პოეზია, სიახლეები

სოფიკო დუმბაძე 🔘 სათავე

სათავე

(მიწიერი ბურუსის მიღმა)



რა წამსაც ამ დაბლობოდან, იმ მოპირდაპირე მთაზე
ძლიერი კოცონი შევნიშნეთ – მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენზე ძლიერი
წინ უნდა გაგვძღოლოდა, რათა ციდან რძის წვიმა მოეყვანა.
ცა უკვე გამშრალიყო, ნაკვერჩხლის შიშინის ხმა რომ გავიგონეთ.
ტყე ჩვენთანაა და აქ ყველაფერი ისეთი მშვიდია,
მხოლოდ შენ თუ შეძლებდი ამას
.
რაღაცას გავს ეს ყოველივე, სხვა დროში განცდილს,
მერე რაღაც დროით მივიწყებულს,
თითქოს ვიღაცამ მთა წამოწია და გესროლა.


ის, რაც გესროლეს, არ იყო მტკივნეული,
მხოლოდ და მხოლოდ ხანმოკლე სიკვდილის მომგვრელი
და შენ სწორედ ამ ხანმოკლე მიძინების წინ წამიერად დაინახე ის,
რაც სულ გინდოდა, რასაც ეძებდი სინამდვილეში.


მსუბუქი მხრებით გამოდიხარ ძილიდან, სადღაც სხვაგან ხარ,
ამავდროულად ვერაფერს ხედავ ისეთს, რაც აქამდე არ გენახა, თუმცა არ გახსოვს, საიდან გახსოვს, რაც ახლა ხდება.
იმდენად თვალისმომჭრელია ირგვლივ ყველაფერი – ხედავ, თან ვერა.
გრილი, სურნელოვანი, დამათრობელი ბოლი ჩნდება სახესთან,
ეს ისე სასიამოვნოდ გამაბრუებელია თითებით დასდევ შესახებად,
წინ გადახრილი იატაკზე ეცემი, მხოლოდ იმის დანახვას ასწრებ,
როგორ ლბებიან ისინი თვალებში.
კვლავ სადღაც, ვიღაცას ესაუბრები – უხსნი, რომ ნაცნობი განცდაა,
რა ეტაპსაც ახლა გადიხარ, ოღონდ ეს თითქმის აღარ გახსოვდა.
გარემო ჩვილი ბალახივით მშვიდი და სუფთაა გამოღვიძებისას.
ნაგებობიდან მინდორში გადიხარ,
იქ მცენარის ყლორტთან ჩაძინებული ბავშვის სახიდან
სრული სისუფთავე მოედინება, ამ სისუფთავის წინ იმუხლები,
მერე თბილი სხეულით გრილ მინდორზე წვები.
ეს შინ დაბრუნებას ჰგავს. შინაურები საცხოვრებლიდან გამოდიან,
მიმზიდველი ბგერების წყობა ჯერ შორიდან გესმის, მერე გიახლოვდება,
ბევრნი არიან, მათ უერთდები და სხვა ყველაფერი გავიწყდება.





ნაყოფი

(ნატიფი წყარო)


იმ ველიდან, საიდანაც გადამწვარი ტყის მანტრას კითხულობ,
ჩნდება ზღმარტლის ხე.
მის მწიფე ნაყოფს ქაფი ადევს, როგორც სხვადასხვა ბგერის ნაერთი,
რაღაც მელოდიურად მიმანიშნებელი, შთამბეჭდავი ნიშანი.


ამ ხესთან ახლოს, უფრო მის ქვეშ, წვანან ბებრები და მათ შორის
ერთი ჯანიანი მოზარდის მიერ მოწონებულ ტოტიდან
ნაყოფს კრეფენ, როგორც მოქნილნი.


ერთმა უღონომ – დაინახა წამოდგომისას,
ამ გაჭყლეტილი ნაყოფის ფაფა ფეხის თითებში რომ ამოსდიოდა
და ბევრი იცინა, მერე ტერფები მიჰქონდა პირთან
და ილოკავდა ისე ნელა, უთენდებოდა.
კომბოსტოს ბაღიც მოჩანდა იქიდან – მათ შუაგულში, ნაყოფებს შორის,
ზრდასრული ჭარხლის ბრტყელ ფურცელზე,
მაგნიტივით მიმზიდველი ჩვილი ხბოს დრუნჩიდან,
სუფთა ნერწყვი იღვრებოდა.
ხშირი ტყის რბილი გადმოსახედიდან ფეხისგულებქვეშ თბებოდა სილა.
კომბოსტოს ბაღში ყველაზე მძაფრი სურნელი იდგა
დაუგეგმავი ჭარხლის კარნავლის.

რძის მდინარესთან


მისი ხმა გამოჩნდა – ხეებს შორის, კვამლივით.
მძაფრ სინათლეში მდგარმა ვიღაცამ ამ კვამლს სული შეუბერა
და ღია ცისფერ ნისლში ყავისფერი ფუმფულა კუდი ამოძრავდა.
თვალსა და თვალს შორის წყლის ბურთულები ჩამოსრიალდა,
თბილ სისველეში ჩამილბა თმისძირები და ოდნავ გამოძრავებით-
ხშირი ტყიდან, რძის მდინარესათან აღმოვჩნდი.
იქ მიწას ისე აბიჯებდნენ ტიტველ ფეხებს,
ვერ გაიგებდი ვინმე თუ მოძრაობდა, სანამ ბავშვები
სიმღერ-სიმღერით ფარასთან ერთად არ გამოჩნდნენ მეზობელ ველზე.

ისინი დანაყრებულ არსებებთან ერთად
ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ საცხოვრებელს.
მათ დანახვაზე შენობის კარი იხსნებოდა და როცა ისინი შედიოდნენ,
ისევ სინათლით ივსებოდა კარის ადგილი.
სულ ოდნავ მიტრიალდი და ისევ ხშირი ტყის პირდაპირ მდგარმა-
დაინახე, სხივივით როგორ გატარდა
საგრძნობლად ნაცნობი ფორმის სხეული შენს თვალებში
და მისი ჰაეროვანი ხმა ხეებს გამოეყო.

მიზეზი

(მარადიული ნიშანი)



ამ არასრულყოფილ სამყაროში, მისი სრულყოფილების შემჩნევა,
ისევ მისი წყალობითაა შესაძლებელი, ყველაფერი სურვილზეა დაშენებული.
როცა ადრე დილით მცენარის მწვანე, სრიალა ფოთლიდან
ნამის გორგალი ჩამოგორდება – მიწას დანამავს,
დამაჯერებელ სურნელში გახვევს მთელ ჩვენს გონებას,
დაცვარავს მინდორს, ამოჩოჩდება მზე ცის გულიდან
და დანამულ მიწას ამოაშრობს,
მერე ეს მხრებსა და გონებაში შესული სითბო
და ამომშრალი მიწის სურნელი
გახდება სველი მიწის სურნელივით დამაფიქრებელი.
მასში ისევე გაერევა ახალგამთბარი აკაციის ყვავილის სუნი,
როგორც დიდი ხნის მკვდარი ფრინველის.
მგონი ამაში მისი ხელი უნდა ერიოს, ვინც ჩვენს გამოღვიძებაზე ფიქრობს,
ძროხის ყელზე შებმულ ეჟვანს თვალ-ყურს ვინც ადევნებს
თვალდახუჭული,
ვინც ამ ხმასთან ერთად გვევლინება, ჯერ კიდევ მაშინ,
როცა ღამის ნისლი ერთიანად წევს სახურავზე,
ვინც ნედლი ხისგან საკრავებს თლის ღამის მანძილზე,
სახლთან გვიტოვებს და სანამ ნისლი ბოლომდე წამოდგება სახურავიდან,
შინ ბრუნდება მთელი სისრულით,
ვინც ბევრნაირად იტყობინება, რომ ადრე, თუ გვიან,
ჩვენ გავიხსენებთ თავდაპირველი საცხოვრებლის გზას.
მარადიულო გულშემატკივარო, შენ მიგვახვედრე,
რომ არსებობს რაღაც თანდაყოლილი, რაც ჩვენს სიღრმეშია,
როგორც ერთგული აზრი
.