პროზა, სიახლეები

თამარ ჩხეტია 🔘 უკანასკნელი მგზავრობა

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

ამ საავადმყოფოში საშინელი საწოლებია, ვწევარ და ვფიქრობ როდის დამთავრდება აგონია, რომ შვებით ამოვისუნთქო. ჰაერი ჩემს ფილტვებში მდორედ მოძრაობს , სუნთქვა მიჭირს, მაგრამ მოთმენა შეიძლება, საოცარია იმაშიც კი არ გამიმართლა რომ ფანჯარასთან ყოფილიყო ჩემი საწოლი, თუმცა ისიც არამგონია ამ პალატიდან რაღაც „საოცარი“ ხედი იშლებოდეს. ვწევარ და ვფიქრობ, მეტი რა საქმე მაქვს? მკვდარზე მეტი დრო მაქვს, არსად მეჩქარება, მხოლოდ ერთი კომპონენტისგან შედგება ჩემი დღის წესრიგი – წოლა. ამ საავადმყოფოში საჭმელიც უგემურია, ვერ გაიგებ რა უფრო გამაღიზიანებელია მედდის ფარისეველი ღიმილი თუ ამ პალატის ცისფერი კედლები. აქ ყველაფერს თავისი სუნი ასდის, თუმცა ამას უკვე მივეჩვიე, თავი სახლში მგონია, ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ საავადმყოფოს კედლებს შევეზარდე და მისი ნაწილი ვარ. ძირითადი დრო წარსულის გახსენებას მიაქვს ხოლმე, ვიხსენებ ყველაზე თბილ მომენტებს, ვიხსენებ გიოს, ვიხსენებ ჩვენს ბაღს, ჩვენს ქუჩას, ჩვენს ჩახუტებებს, როგორ გვიყვარდა ერთად ყოფნა. ყველაზე კარგად ჩვენი შეხვედრა მახსენდება, ერთი შეხედვით ბანალური, მაგრამ რომ ვიხსენებ ყოველთვის ღიმილი გადამირბენს ხოლმე ტუჩებზე, აი ახლაც ზუსტად ასეა, მეღიმება , ის ბედნიერება თავბრუს მახვევს დღემდე. გიოსთან შეხვედრამდე ვერ ვიტანდი მატარებელს, მგზავრობას, ვთვლიდი რომ სადგურს განშორების სუნი ასდის… მერე ყველაფერი შეიცვალა,როდესაც მე იმ მატარებელში ჩავჯექი. აპრილი იყო, სააღდგომო არდადეგები მქონდა და ბებიასთან მივდიოდი დასავლეთში. ესე მარტო მგზავრობას არ ვიყავი შეჩვეული, სანამ პატარა ვიყავი დედა მახლდა თან, შემდეგ უკვე დაქალები, ამჯერად კი სრულიად ეულს მიწევდა მატარებლით გამგზავრება. მახსოვს ძალიან მძიმე ჩანთა მქონდა , ძლივს მივათრევდი, ნეტა ამისთანა რა იდო შიგნით, აი  ახლა ჩემი თავი ამ სიტუაციაში გვერდიდან დავინახე, როგორ მივათრევ დიდ ყავისფერ ჩანთას და ღიმილმა ისევ ტუჩებზე გადამირბინა, რა სასაცილო ვიყავი. ვაგონში შევედი , მოვძებნე ჩემი ადგილი სანამ ჩანთა „დავაბინავე“ მოვიდა მეორე „პასაჟირი“ – გიო. თავიდანვე მომეწონა, მაღალი იყო, ქერა, ცისფერთვალება, პატარა ღიპიც ჰქონდა, მაგრამ ამას საერთოდ არ გავუღიზიანებივარ. გამიღიმა და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა. მატარებელი დაიძრა… ცოტა ხნის შემდეგ გიო მომიბრუნდა და ადგილის გაცვლა შემომთავაზა, მითხრა „იქნებ ფანჯარასთან გირჩევნია დაჯდომაო“, მეც გამიხარდა მართლა მერჩივნა, საერთოდ მიყვარდა მგზავრობის დროს ფანჯარაში ყურება, ვაკვირდებოდი თითოეულ სადგურს სადაც კი მატარებელი ჩერდებოდა, ყველა თავისებური და განსხვავებული იყო, ვუყურებდი მეფუნთუშე საბრალო ქალებს, ჟურნალ გაზეთების გამყიდველ ბებიებს, ცივი სასმელების დამტარებელ პატარა ბავშებს, შემდეგ ამ ყველაფერს ჩემთვის გონებაში ვამუშავებდი, წარმოვიდგენდი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი დილა სადგურში მოსვლამდე და საღამო როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, მერე ვცდილობდი გონებაში გამეცოცხლებინა მათი ოთახები, ეზო, ჭიშკარი, ძაღლი რომელიც ყეფს, სახლს დარაჯობს სანამ პატრონი ლუკმა-პურის საშოვნელადაა გამოსული. დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ყველაფრის გახსენებას ცრემლები მოაქვს. ყველაზე ხშირად მატარებელში მახსენდებოდა ბაბუა, რომელიც ყოველთვის მაცილებდა და მხვდებოდა სადგურზე. ერთხელ მახსოვს მორიგი გაცილებისას დროზე ადრე მივედით სადგურში, ზაფხული იყო, საღამო, გამგზავრება არ მიყვარდა, უფრო სწორად ვერ ვიტანდი როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან მიწევდა განშორება, მართალია მცირედი დროით, მაგრამ მაინც, სულ ვტიროდი ასეთ დროს, ხოდა სწორედ ამ საღამოს ისევ იგივე განმეორდა, როგორც ყოველთვის, მე და დედა ჩავჯექით მატარებელში, ბაბუა ბაქანზე იდგა, მე თვალები ამიცრემლიანდა, ბაბუამ იქვე გამვლელი „მენაყინე“ ბიჭი გააჩერა, პლომბირი მიყიდა და დედას ფანჯრიდან გადმოაწოდა, უნდოდა გავეხალისებინე, რომ აღარ მეტირა… ახლაც ცრემლები მომადგა თვალებზე, მაგრამ ტირილი არ შეიძლება, ბაბუს ეწყინებოდა… 

        ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც გიომ ვაშლი შემომთავაზა, ხილი დიდად არ მიყვარს მაგრამ უარი ვერ ვუთხარი, რადგანაც მისმა „ლურჯმა“ მზერამ თვალი მომჭრა და ის წითელი ვაშლი რაღაც საოცარი სურვილით მომანდომა. აქედან დაიწყო ჩვენი დიალოგი და მთელი გზა აღარ გავჩერებულვართ. გიო მიყვებოდა ხან მისი ბავშობის ისტორიებს, ხან ჯარის ამბებს, ხანაც უბრალოდ რაღაც უაზრო ანეგდოტებს, რომლებზეც ნამდვილად არ უნდა გაგეცინოს თუ ნორმალური ხარ, მე კი ვიცინოდი, სუნთქვის შეკვრამდე ვიცინოდი, მიხაროდა რომ ჩვენი თანაარსებობა დაიწყო… დასავლეთში წვიმა დაგვიხვდა, ყველაფერი მოწყენილი იყო ირგვლივ, თუმცა საოცრად ლამაზი, უეცრად გავჩუმდით და ჩვენდაუნებურად მოვიწყინეთ, გიომ მითხრა რომ ჩემზე ადრე უწევდა მატარებლის დატოვება, ამ სიტყვების გაგონებაზე გული შემეკუმშა, არ მინდოდა მისი გაშვება, თითქოს ერთი ნახვით შემიყვარდა, ეს რაღაც აუხსნელი ფენომენი იყო, რომელიც მოულოდნელად თავს დამატყდა, მე კი ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. 

    „მატარებლის“ შემდეგ ჩვენმა ისტორიამ განვითარების ახალი ეტაპისკენ აიღო გეზი. ჩვენს ხელთ იყო ნუშიანი გაზაფხული, ვარდისფერი ბამბის ნაყინი და საღამოს სეირნობა, ფეხების უსაზღვრო დაღლამდე. შემდეგ მოვიდა ვანილიანი ზაფხულიც. ივლისს სულმოუთმენლად ველოდი, ამ თვის მეორე ნახევარში მე და გიო ვაპირებდით რაჭაში წასვლას. მე უბედნიერესი ვიყავი, მეგონა სიხარულისგან გული გამისკდებოდა, თითქოს რაღაცნაირად არც მჯეროდა ჩემი ბედნიერების. მსგავსი გრძნობა არ განმიცდია არასდროს, გიოს ფეხის ნაბიჯზე ვცნობდი, მის დანახვაზე თითქოს ჭიანჭველები მივლიდა მთელს სხეულში, მაგრამ ყველაფერი კარგი ხომ დროებითია… რაჭაც ისე დაგვირჩა „წაუსვლელი“ და სიყვარულიც თითქოს იმ ჩვენს მატარებელს გაყვა…

 საშინლად ცხელი ივლისის დღე იდგა ფანჯრების იქით, მზის სხივები თავისი სიმძლავრით თითქოს ნაყინივით ადნობდნენ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს. მე დილიდანვე კარგ ხასიათზე გამეღვიძა, თუმცა ლოგინიდან ადგომა ძლიერ მეზარებოდა. ჩვეულებისამებრ დავწვდი მობილურს, რომელიც იქვე ტუმბოზე იყო ჩამოდებული. ძალიან გამიკვირდა გიოსგან არაფერი რომ არ დამხვდა მოწერილი, იმ წამსვე ავღელდი, მაგრამ საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდე, ვიფიქრე ალბათ დღეს გაღვიძება მე დავასწარითქო, ამის გაფიქრებაზე წარმოვიდგინე თუ როგორი იქნებოდა მძინარე გიო საკუთარ ლოგინში, ფიქრებშივე გავაწვდინე ხელები და შევეხე მის თმას, სახეს, ტუჩებს, თითებს, შემდეგ ჩავეხუტე და სრულიად ავითვისე  მისი მძინარე სხეული. ამ ფიქრებში შეყოლილმა მე ის ათიათასჯერ უფრო მხურვალე სიყვარულით შევიყვარე… როდესაც შუა დღემ მოატანა გიო კი არ გამოჩნდა, ტელეფონი ავიღე და მეთვითონ დავურეკე… ყურმილში ქალის ხმიანმა ავტომატმა გარკვევით ამიხსნა რომ აბონენტი მოწყვეტილია ორბიტას და აორთქლებულია ჰაერში… მთელი დღე რეკვაში გავატარე… შედეგი არანაირი… ბოლოს გადავწყვიტე მასთან სახლში მივსულიყავი, სადაც არანაკლები განცვიფრება მელოდა. ბინაში დამხვდა სახლის მეპატრონე რომელმაც შემატყობინა, რომ გიომ მას დაურეკა და სთხოვა შეხვედროდა, რათა მისთვის ბინის გასაღები დაეუბრუნებინა, სულ ეს იყო მთელი ინფორმაცია, მას არც კი აუხსნია თუ რატომ დაცალა ბინა ან სად მიდიოდა საერთოდ. მე შემეშინდა , ვერსადროს დავიჯერებდი, რომ ჩემი გიო აი ასე გაქრებოდა, აორთქლდებოდა ჰაერში… ასე მარტივად ვერ დავნებდებოდი, ამიტომ წავედი უნივერსიტეტში სადაც ის მუშაობდა, იქაც იგივე პასუხით გამომისტუმრეს, მითხრეს რომ განცხადება დაწერა განთავისუფლების შესახებ და წავიდა… არა, ჩემი გიო ასე ვერ მომქცეოდა- ვუმეორებდი ჩემს თავს, სახლში მოსვლისთანავე დავჯექი ტელეფონთან და დავიწყე რეკვა, მორგები, საავადმყოფოები, ყველგან ჩამოვრეკე, თუმცა უშედეგოდ… კიდევ ერთი კვირა უშედეგოდ ვცდილობდი მის მოძებნას, ხან ისევ უნივერსიტეტში მივდიოდი იმ იმედით რომ იქნებ გამოჩენილიყო, ასევე გამოვძებნე მისი მეგობარი ( ერთადერთი რომელსაც მე ვიცნობდი ) რომელმაც გამომიცხადა, რომ გიო მას „აჩოტებს“ არ აბარებს სად მიდის ან რატომ. აი ასე მომიშორა მანაც თავიდან…

 ბოლოს აღარც თვე მახსოვდა, აღარც კვირა და აღარც დღე, თითქოს საათის ცნობასაც გადავეჩვიე. ვიწექი ასე ჩემთვის, ვფიქრობდი ისევ ისე, თითქოს არაფერი შეცვლილიყოს, თითქოს გიო ისევ ჩემთანაა და ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარია, მე მძინავს… მერე აღარ მახსოვს… რომ გავიღვიძე უკვე აქ ვიყავი… ექიმი მეუბნება, რომ ჩემი გამოჯანმრთელება ჩემზეა დამოკიდებული, თუ მე მოვინდომებ ცხოვრებას და საკუთარ თავს შანსს მივცემ ყველაფერი კარგად იქნება… მე არაფრის აღარ მჯერა… მაგრამ ყველაფრის მიუხედავად როდესაც ძილისპირული თავს დამტრიალებს, გიოსთან „მონოლოგ- დიალოგში“ შევდივარ და ჩვენ ვსაუბრობთ, თუმცა ყველა ჩემი კითხვა უპასუხოდ რჩება, მაგრამ ეს ხომ აღარაა მთავარი… მთავარი ჩვენი ლამაზი სიყვარულია, რომელიც იყო, სწორედ ესაა ნამდვილი, გულწრფელი, სუფთა, მართალი… 

ამ ბოლო დროს, წამლების დალევა აღარ მინდა, გულს მირევენ. მეზიზღება,  ასეთი საკუთარი თავიც მძულს და ყველაფერიც გარშემო… ვწევარ, ჭერს ვუყურებ, ველოდები „გვირაბს“, ეს წყეული კი არადა არ ჩანს. ხანდახან მგონია, რომ ეს „გიოაგონია“ აღარასდროს დამთავრდება, ეს ყოველდღიური ტანჯვა სულ ჩემთან, ჩემში დარჩება. როგორ მეზიზღება და როგორ მიყვარს… ჰო, მეზიზღება იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარს. ვერ ვიტან საკუთარ თავს, იმიტომ რომ არ ვარ ძლიერი, წავაგე ბრძოლა სიყვარულთან… არაფერი აღარ შემრჩა თუმცა მე მაინც მდიდარი ვარ, ისეთი მოგონებები მაქვს „მილიონზე ქაჩავს“. აქ ერთი სანიტარი ქალია, კარგად მექცევა, ვაშლები მოაქვს ხოლმე, ვეცოდები ალბათ ასეთი მარტოსული რომ ვარ, როდესაც მოდის მიყვება ამინდზე, მაცნობს ახალ ამბებს, ძალიან საყვარელია როცა პოლიტიკოსებზე ბრაზობს.
-იმ დღეს, რაღაც უცხოური ზოოპარკი გვიჩვენეს, ვერ წარმიდგენ რა სილამაზეა, პანდები გამრავლებულან და გვამცნეს.
-პანდებიც ლამაზები არიან, არა ვერა დეიდა ?
-კი, ძალიან. მერე კიდევ ისა თქვეს რომე შუქზე და გაზზე ფასები იმატებს, აი მითხარი რომელ ერთს უნდა გავწვდე ჩემი სანიტრის ხელფასით. არ ვიცი შვილო საით მივექანებით, გეგონება მთლიანად მსოფლიოა შეშლილი…

ხანდახან ძალიანაც მღლის ვერა დეიდა, მაგრამ მაგის გარეშე ხომ საერთოდ ვერ წარმომიდგენია ვერც საავადმყოფო, ვერც ჩემი თავი და საერთოდ ვერაფერი… მალე თოვლი მოვა, მინდა რომ ვნახო. ექიმი მეუბნება რომ ვნახავ კიდეც, უსათუოდ ვნახავ…

-ნოემბერში თოვლი ვის გაუგია- ვერა დეიდა ჩვეული სიბრაზით და ქოთქოთით შემოვიდა პალატაში, მე ძილბურანში ვიყავი და მეგონა მესიზმრებოდა.
-თოვლი?
-კი შვილო, აბაა მოუთოვია წუხელის, თან რამხელაზეე. ა , აგი მინდოდა ახლა მე ? რა ივლის ამხელა გზაზე მე არ ვიცი, თფუი.  

თოვლიიი- არ ვიცი ძალა საიდან მომეცა მაგრამ წამოვდექი, ფანჯარასთან მივხოხდი, მინდოდა ეს საოცრება ჩემი თვალით მენახა. მე ბედნიერი ვიყავი, მიხაროდაა, რადგან თოვლს მოვესწარი ესეიგი საოცრებებიც ხდება, ესეიგი მეც მაქვს შანსი, უეცრად იმედით ავივსე. აზრები არეულად იცვლიდნენ ტრაექტორიებს ჩემს გონებაში. ხან რაზე ვფიქრობდი, ხან რაზე…  უცებ რაღაც უცნაურმა აზრმა  გამიელვა, მომინდა წერილი დამეწერა გიოსთვის და მომეყოლა თუ როგორი ლამაზია ირგვლივ ყველაფერი, როგორ გასაოცრად მოთოვა ნოემბერში, როგორ მომეცა იმედი… ხელები თვითონვე მიიწევდნენ ფურცლებისკენ, მეც მათ გავყევი…

„ძვირფასო, მე არ ვიცი სად ხარ, ან რატომ ხარ, ან ხარ კი საერთოდ? ჩვენთან ცივა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა სიცივეც უშენობას მოაქვს. ჩვენთან წუხელ ძლიერ მოთოვა. იციი რა სილამაზეა? ნაძვები თეთრ ქურქშია გახვეული, ყველაფერს თითქოს ბამბის საბანი ახურავს. ერთადერთი ბეღურები მეცოდებიან, ისინი ხომ ვერსად ვერ მიდიან, ამიტომ ზამთრის გადატანა ჩვენთან ერთად უწევთ. ხანდახან , როდესაც კარგად ვარ და ფანჯარამდე მისვლის ძალა შემწევს, პურის ნამცეცებს ვუყრი ხოლმე. ისე აქ არცთუ ისე ცუდია, კარგად მივლიან, ყურადღებიანი ექიმები ყავთ. მე ერთ სანიტარ ქალბატონს- ვერა დეიდას დავუმეგობრდი. ნეტა განახა როგორი საყვარელი ვინმეა, ყოველ დღე მაცნობს, ახალ ამბებს და ამინდის პროგნოზს. მე ყოველ ღამით გესაუბრები ხოლმე, რჩევას გეკითხები ამა თუ იმ საკითხზე, უცნაურია არა ? ისე ნეტავ ჩემი ხმა შენამდე თუ მოდის? ვერა დეიდას არ მოსწონხარ, ამბობს რომ გარეწარი კაცი ხარ, ამას რომ მეუბნება მწყინს, მაგრამ არ იფიქრო ცუდი ქალი ნამდვილად არ არის, კეთილი გული აქვს, უბრალოდ მესამე რას გაიგებს ორს შორის რა ხდება. რაღა დაგიმალო და ხანდახან შენი მეთვითონაც არ მესმის. ზოგჯერ მგონია რომ აფრიკაში ხარ და კილიმანჯაროს მწვერვალებს იპყრობ ან ვენეციაში წყლის მარშუტკას აჩერებ ან სულაც პარიზში რომელიმე ღია კაფეში კრუასანებს მიირთმევ. იციი მე მენატრები, შენ ? თუმცა არ გინდა, ნუ მიპასუხებ. მთავარია მე მენატრებოდე, მე მიყვარდე, ჩემი მონატრებები და სიყვარული თავიდან ფეხებამდე გვეყოფა ორივეს. ეხლა ვდგავარ ფანჯარასთან, ვუყურებ დათოვლილ ეზოს, გული მწყდება, რომ „თოვლამდე“ ვერ მოვედით… პაციენტებიდან აქ დიდად ვერავის ვერ დაუმეგობრდები, რადგან სწრაფ სწრაფად იცვლებიან, ორი კვირის წინ ერთი ქალი შემომისახლეს, დღეს კი ისევ მარტო ვარ. იქნებ უკეთესიცაა ეს სიმარტოვე, შენზე ფიქრში არავინ ხელს არ მიშლის. ვერა დეიდას ჩემთვის ვაშლები მოაქვს ხოლმე, გახსოვს როგორ არ მიყვარდა მაგრამ უარი ვერ გითხარი და შევჭამე, ეხლა ერთ ცალსაც არ ვტოვებ, ასე მგონია რომ შენ მიგზავნი, რაღაც შორეული ადგილიდან. ნეტა შენამდე მატარებლები თუ მოდიან ? კი იციი მგზავრობა არ მიყვარს, მაგრამ მოვიდოდი, შენს გამო მზად ვარ ნებისმიერი მანძილი ფეხით გავიარო, თუნდაც ეს გზა უსასრულობის ნიშანს გავდეს. შენ ნუ ღელავ, გავიკითხავ და გავარკვევ ამ ამბავს, გპირდები ბილეთს უსათუოდ ვიშოვი, ოღონდ შენ დამელოდე. ახლა ალბათ მალე მომიწევს დამშვიდობება, რადგანაც ცოტა ხანში სადილზე დაგვიძახებენ, ვერა დეიდაც მოვა ეტლით და ჩამიძღვება სასადილოში, მერე პროცედურებზე და თუ კარგად მოვიქცევი იქნებ საღამოს სუფთა ჰაერზეც გამასეირნოს. აი, ვწერ, ვწერ და ნეტავ რისთვის ან ვისთვის, მაინც ხომ ვიცი რომ ამ წერილს არასოდეს წაიკითხავ, ის ფიზიკურად ვერ მოვა შენამდე, სულ რომ წეროების საჰაერო ფოსტას გამოვატანო. ნეტავ შენი ადგილ სამყოფელი ვიცოდე, არ შეგაწუხებდი, უბრალოდ მოვიდოდი და ჩუმად დაგხედავდი, შორიდან მოგეფერებოდი თვალებით. შენ არ იცი რა ძნელია ეს ყველაფერი, თუმცა ხანდახან ესეც არაფრად მეჩვენება უშენობასთან შედარებით. ჩემო სიყვარულო, მე აქ ვარ , ქარჩხაძის 6 – ში , თუ ვერ მოაგნებ გაიკითხე, აი ესეთი ცისფერი შენობააა, ხუთ სართულიანი, წიწვოვანი ეზო აქვს. ჩემო სიყვარულო ვიცი ყველა ტყუის, არავინაა მართალი, ამიტომაც გწერ ჩემს მისამართს, ვიცი რომ მოხვალ, უსათუოდ მოხვალ ჩემს წასაყვანად და ეს იქნება უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, მე ავტირდები ბედნიერებისგან, მოგეხვევი, ჩაგეხუტები, შენი სუნამოს სუნი ისევ გამაბრუებს, როგოც მაშინ პირველად რომ მაკოცე, არ ვიცი რამ უფრო დამახვია თავბრუ კოცნამ თუ შენმა სუნამომ. ჩვენი შეხვედრა იქნება საოცარი, ჩვენ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ, შენ მომიყვები თუ სად იყავი ამდენი ხანი ან საერთოდ რატომ გაქრი, ჩვენ ერთად ვიტირებთ ამ ყველაფერზე, მე რა თქმა უნდა გაპატიებ, ჰო გაპატიებ აბა რა. მერე ჩვენ ავაშენებთ პატარა სახლს, ლამაზი ბაღით, მე ყვავილებს მოვაშენებ და კურდღლებს მოვუვლი, ჩვენ გვეყოლება პატარა ძაღლი რომელიც ძალიან გვეყვარება, მერე ცოტა ფეხზე რომ დავდგებით გვეყოლება შვილი, პატარა გოგონა, რომელსაც ვარდისფერ ბაბთებს შევაბავ და ფისოებიან კაბებს ჩავაცმევ, მერე გვეყოლება ბიჭი და თქვენ ერთად ივლით ხოლმე სათევზაოდ. ჩემო სიყვარულო მე გემშიდობები, იმედით… იმედით რომ მოხვალ… აუცილებლად მოხვალ… მე კი დაგელოდები აქ… არ დაგავიწყდეს ქარჩხაძის 6 და თუ ვერ მოაგნებ გაიკითხე, აი ასეთი ცისფერი შენობაა, ხუთ სართულიანი, წიწვოვანი ეზოთი…