პოეზია

სოფიკო დუმბაძე 🔘 მადლიერების მთა

⬛ ⬛ ⬛ ⬛

გუნა

(სარწმუნო ნაყოფი)

რბილი ქვიშის ლურჯ ზედაპირზე მდუმარედ შემომდგარმა

იგრძნო, რომ ყველაფერი მასში იყო და ყველაფერი იქ იყო,

სადაც თვითონ იყო. იგი სულ ოდნავ შეარხია ტალღის შეხებამ;

ხელები ყოველი მხრიდან შეათვალიერა, მაღლა აღაპყრო და მაშინვე გაქრა,

თუმცა როგორცკი გაამოძრავა შთამბეჭდავი ტერფები წყალქვეშ,

კვლავ სრულყოფილი მოევლინა დედამიწაზე.

ის ისევ ისე ყოველი მხრიდან აკვირდებოდა მიმზიდველ მტევნებს,

როგორც უსასრულო, შეუდარებელ ბედნიერებას.

კენჭების გროვაზე შემომდგარი, ხის ფორმით მოსული,

ხშირი, მოქნილი ტოტებით, ხან სივრცე იყო.

მისი გამომეტყველება ახალი ბალახივით სუფთა და სარწმუნო,

როგორც ძროხების თვალებში შთამბეჭდავად ამაღლებული მადლიერება.

მას ამ გულუხვი მტევნებიდან შეეძლო თვალგაუხელელს ჩამოეწველა

მარადიული ერთგულება და მოეცა შენთვის, შენ გცნობოდა იგი,

თუმცა ვერაფრით გაგეხსენებინა საიდან.

⬛ ⬛ ⬛ ⬛

მადლიერების მთა

ჩვენი ყველა მოქმედების შესახებ მან ყველაფერი იცის,

ის დანამულ ალოეს ყლორტებს ადრე დილიდან ჭრის,  წურავს,

თუჯს ყლორტის წვენით ავსებს და შენს აივანზე დგამს,

შენ მის დამაჯერებელ შესაძლებლობებზე ფიქრობ, არაფერია მიუწვდომელი.

ძროხები ცურს ივსებენ და ხბოებს ჩვილ შუბლს ულოკავენ.

უსახლკარო მოსიარულის ჯამი ცარიელია,

თუმცა ის მეგობრულად განწყობილი მარადიულ ცას

მაღლა აღმართული ხელებით სულ გულღიად ესაუბრება რაღაცაზე.

ქვაფენილზე დილის სიჩუმეში წვება სახით და მკერდით,

მერე ძალიან ნელა დგება და დადის და დადის.

ხმელ ნაკელიან, ცხელ ქვაფენილზე, მწოლიარე ხბოები დგებიან

და დიდ აღმართს გადიან მასთან მისასვლელად,

იქ ლოტოსის პლანტაციის შუაგულში

წვნიან მრავალძარღვას ცოხნიან სინის ქვაბებიდან

და მისი ტერფების მაგნიტურ სილურჯეში ეფლობიან,

იზრდებიან და მადლიერების მთას ამაგრებენ.

როცა მათ სძინავთ მისი წმინდა ტერფები მათ თავქვეშ უმოძრაოა.

ჩვენ აქ ვართ მოვლენილნი, მატერიალურ სამყაროში, დიდი ცვლილების,

შესაძლებლობების წინაშე.

მოგყვებით, შენ ყოველივეს მიგვანიშნებ ძალიან მკაფიოდ.

⬛ ⬛ ⬛ ⬛

ბოლოსაწყისი

აცლიდნენ ნედლ ბამბუკებზე ხმელ ქერქსაცავებს ტანიდან რქებით

მახლობელ ბოსლიდან გამოქცეული ძროხები და

ტყისკაცებივით ჩამორბოდნენ მთა -ღრუბლებიდან;

ხის ნერგების ნედლ ბოლქვებს მიწის ვაშლივით ახრაშუნებდნენ,

ტარიან წერაქვებს ტრაქტორების ღრმა ნიჩბებში ტოვებდნენ

და დაღამებამდე უჩინარდებოდნენ.

ისინი არ ჩანან, როგორც სულგრძელი სივრცე,

რომლის ბოლოსაწყისში მუხლმოხრილი ბავშვები

მშვიდად ელოდებიან დაქანცულ ურმებს.

ამ გამოღმიდან თუ დაინახავ, როგორ გაყავხარ იხვს კისრით წყალზე 

და როგორ კბეჩენ სტუმრები სტაფილოს. 

არავის გვიკითხავს მოხუცისთვის, რამდენი ხარის რქა დაჭირდა ასაშენებლად.