ბელა შანავა 🔘 სოციალური მარტოობა
⬛ ⬛ ⬛ ⬛
მე ვერ ვახერხებ შევხედო მათ სახეში.
კეფიდან ეზრდებათ წითელი ხავერდი.
ჯგუფურად მიუყვებიან ქუჩებს
გზად ერთმანეთის ენებს კბენენ.
მათ უერთდება გრძელკიდურა სინორჩე.
ყოველ დღე ახალი ფურცლები უშრიალებთ სახეზე
ფილოსოფია, ფილოსოფია, ფილოსოფია…….
მათი ხავერდი იფლითება მდიდრული ფეხსაცმელებით
თვალები მლაშე წყალჩამდგარი
რომლებშიც ჯებირები ჩააშენეს
სხვაგვარი დღე უნდა ყოფილიყო დღეს
ბალახოვანი………
სანამ შეგვახებდნენ რვა მისაწოვრიან ხელს
სანამ რბილ სხეულებში გამოგვამწყვდევდნენ
არსებობს რადიოტელესკოპი, რომელიც ისმენს
რომელსაც უსმენენ _მეგობარო! მეგობარო!……..
ვზივარ და საკუთარ ანარეკლს ვაკვირდები
ბიოლოგიური სითხეებით ვინამები
3 წელია არ შევცვლილა ჩემი სახე
სოციალური ვარ ამ მარტოობაში.
სხვაგვარი დღე უნდა ყოფილიყო დღეს
ბალახოვანი……..
⬛ ⬛ ⬛ ⬛
ჩვენ გაგვეღვიძა კოკაინის მტვერში.
რას გარძნობ როცა მეწამულ ცას ხედავ?
თითქოს გული აგიფეთქდა.
ასე დაიბადა ეს სიწითლე.
შენი სხეული ძვლებგამოცლილივით გდია ნაპირზე.
ქვიშა შეგისრუტავს და ფიჭვნარის ფესვები ნელ_ნელა შეგათრევს თავის წიაღში.
სანამ მოხუცი ჟანგიან კიბეს ჩამოივლის სათლით ხელში, რომელშიც მომავლის სითხეა.
ვიმედოვნებ რომ ტაძართან მაინც არ გაგვაუპატიურებენ მე და ჩემს პირმშოს,
რომ ტაძართან არ მოვკვდებით ავტოკატასტროფით.
ისინი სინთეზური ტუჩებით კოცნიან ჩვენს შვილებს,
ქაღალდის თვალებით უმზერენ. მათი მამრი მცველები ძვირად ფასობს.
იმ ქალს კი რომლის ნეკზეც ზეწრებით ვარ ჩამოკიდებული ხის თვალები აქვს,
ხმა კალიების მზიან მინდორზე.
მისი სუნთქვა ხმოვნების კაკუნი ი…ი…ი….ე…ე… და სახე ქიმიური სიბერე.
სათუთად არჩევს ხმელ ყვავილებს, პირს ივსებს.
მეტად დიდია მისი ტერფები და ნაბიჯები მძიმე.
იგი უზარმაზარ რიყის ქვაზე დამასვენებს მდინარის შლამში და დამტოვებს.
⬛ ⬛ ⬛ ⬛
მას არ ჰქონდა სახე და საუბრობდა მცირედმნათობი
ფოსფორული რიზოდებით
მესმოდა ხმა ნაპერწკლებად, ბავშვობაში თმა კეფაზე აგაჭრეს?
ეჭვიანი არსებობა, სხივი მრუდე სარკეში
დაყუდებული მის გვერდით დიადი უბრალოებით
არაფერს მგვრიდა მისი შემზარავი, წვეთოვანი სიბნელე.
ვიდექი ფსკერზე ლითონის კოჭებმდე
დეტრიტის სიბლანტეში
კანჭებზე ზღვის ვარსკვლავებით, თვალებამოცლილი
და როცა ნათხემი გამიხვრიტა მზის პირველმა სხივმა,
ვიდექი უძრავი და შეძრწუნებული,
როგორც ახალბედა დედა
ძილისგან თავდაუღწეველი ჩვილის ჩხავილის გრიგალში
ოკეანეა ჩემი მუცელი, კუნძულოვანი ჩონჩხი
ჩემი ორგანული ნაფლეთები, დაფრინავენ სისტემებს შორის.