ნინო ამონაშვილი ● big MOTHER is watching you
არსებობს ზოგიერთი ქანდაკება, რომელიც უძლებს დროს და მუდმივად საინტრესოა იმაზე საუბარი, რატომ დაიდგა ის და რატომ დგას ისევ. ასეთივეა „ქართლის დედა“, რომლის სიმბოლური დანიშნულება პირველ რიგში უნდა ვეძებოთ საზოგადოებაში, რომელმაც მიიღო ის თავის დროზე და დიდი ნაწილისთვის დღესაც მისაღებია. 1958 წელს დადგმული ეს ქანდაკება, რომლის ავტორიცაა ელგუჯა ამაშუკელი და რომელსაც კონკრეტული „როლი” ჰქონდა იმ პერიოდში, დღემდე ვერ გამოვიდა ამ როლიდან და „გვეუბნება“ იმას რის თქმასაც ადრევე ცდილობდა.
ქანდაკების სიმბოლური დანიშნულება, რომელიც ძლიერ დედასთან ასოცირდება, რომელიც ერთგვარად მამის როლსაც ითავსებს, ნელნელა კარგავს გარემოსთან ადეკვატურობას, რაც ნორმალურია დროის შეცვლისა და საბჭოთა რეჟიმის მოშლის გათვალისწინებით, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა მრავალი მიზეზი მისი ამ აცდენისა გარემოსთან. ეს მიზეზები უნდა ვეძებოთ საკუთარ თავშივე.
მე რომ ქართლის დედა ვიყო აუცილებლად ვუარყოფდი საკუთარ თავს, მაგრამ თუ ვიქნებოდი აუცილებლად მექნებოდა გავლენა ადამიანებზე, ეს გავლენა იქნებოდა ფარული, ვიქნებოდი საბჭოთა პროექტი, რომელიც დანერგეს, დანერგეს და „ამოვიდა“, „ამოდის“… მოკლედ უბრალოდ ცდილობს იყოს უზარმაზარი სარეველა ქვეყანაში, რომელიც ზოგჯერ დამოუკიდებლადაც სექსისტურია, ვიქნებოდი დედა მკაცრი იმიჯით, რომელიც ვერ, ან არ გახდა შვილების მეგობარი. ვიქნებოდი რაღაცის სიმულაკრი და ავიტანდი ჩემს დედობას, რომელიც ზოგმა მიიღო ზოგმა ვერ და მაინც ვიღაც მაქცევდა დეკორაციად, სანთლებად და ვიქნებოდი „პოსტერული“, „დაჩარჩოებული“, რადგან „თანამედროვე მგრძნობელობაზე“ აღარ მოქმედებს ხანჯლები და ვიღაც „შემამცირებდა“ კიდეც სხვადასხვა ფორმით.
მე როგორც სიყალბის უზარმაზარი მეტასტაზი, რომელიც ბოლომდე ვერ დარჩა ქალის როლში, გარკვეულწილად ალბათ იდეოლოგიურ კონტექსტს გავიყოლებდი და მნახველიც ოდესმე მიხვდებოდა, რომ „ახლოდან“ სხვანაირი ვარ.
აუცილებლად ვიქნებოდი „ტოქსიკური“ დედების მსგავსი, რომლებიც სჯიან შვილებს და ამავე დროს უხსნიან, რომ ზრუნავენ მათზე და ღელავენ მათზე. ვიქნებოდი ფსევდო ნაციონალური ღირებულებების მატარებელი, რომელიც წარსულით მოქმედებს და მაშასადამე საზრდოობს ღირებულებებით, რომლებიც მავნეა, მაგრამ საბოლოოდ ეს ღირებულბები ახერხებენ ხელახლა დაბადებას.
ვიქნებოდი ქალი, რომელიც წარსულს აძლევს საშუალებას, რომ ხელახლა აღდგეს.
რა თქმა უნდა ეს მხოლოდ გაზვიადებული აზრია, რომელსაც მხოლოდ მე ვერ მომაწერდნენ, მე უბრალოდ ვიქნებოდი ნიშანი/სიმბოლო იმის რაც ხდება ზოგადად გარემოში და ჩემი მყარად დგომა და არსებობა სწორედ ამის მანიშნებელი იქნებოდა.
გარდაუვალი იქნებოდა ის ფაქტიც რომ დროთა განმავლობაში დაიწყებოდა ჩემი სხვანაირად აღქმა. სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად, ჩემი როგორც ქალის როლი, რომელმაც უნდა აღზარდოს შვილები წარსულში არსებული მეთოდებით, „ხანჯლიანი გმირების“ მიმსგავსებით, უბრალოდ დაემსგავსებოდა აბსურდს, სადაც მე ვიქნებოდი სისტემის ნაწილი, რომელიც მჭიდროდ ეჭიდება ძველს.
ვიქნებოდი ქალი, რომელსაც დააკლეს და დააკლდა სიყვარული, ვიქნებოდი უსიყვარულობის კომპლექტი, რომელიც ასე ცდილობს გადარჩეს და დარჩეს ძლიერი.
თუ კი სცენა, რომელიც მე დამითმეს ფართო ხედვის არეალს იპყრობს, მაშინ რა უნდა იყოს ჩემი მესიჯი? რა უნდა გავახსენო საზოგადოებას? რა უნდა გახდეს მათთვის მთავარი? რა თქმა უნდა სათქმელი ბუნდოვანია საბოლოოდ და ალბათ, როდესაც თანამედროვე ადამიანები დამინახავდნენ იგრძნობდნენ, რომ მათთვის უცხო ვარ, მე ვერ გავუჩენ მათ იმ შვილებს, რომლებიც უნდათ და ჩემი მესიჯები ცოტათი მიუღებელიც შეიძლება იყოს, მაშინ რა მინდა მე როგორც „უზარმაზარ დედას“, ვის დავყურებ, ვარ კი დიდი ძმის მსგავსი? ვის ვუყურებ ხანჯლით? ვის ვაკონტროლებ ან ვაშინებ? ჩემი აღზრდა რას ეფუძნება? რისთვის ვზრდი მომავალს, რისთვის ვამზადებ და რამდენად საჭიროა ჩემი როგორც დედის მორალური სტანდარტები?. მე როგორც მარტოდ მყოფ ქალს რა ანგარიშვალდებულება გამაჩნია შვილების წინაშე, რა უნდა ვასწავლო მათ ისეთი რაც დედას ევალება? შემაწუხებდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც დაემორჩილებოდა ორმაგ სტანდარტებს.
ვიქნებოდი სოციალისტური რეალიზმის დანატოვარი და მე, რომელიც კონკრეტული იდეოლოგიური გავლენებით გავჩნდი, მაინც ვერ ვიქნებოდი სოციალისტი, ვერ ვიქნებოდი კომუნისტი და დავემსგავსებოდი ქალს, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი თავი, იმყოფება პარადოქსულ სიტუაციაში, სადაც ვერ გადაუწყვეტია რა არის მისთვის მთავარი, სადაც ვერცერთ „კურდღელს ვერ დაიჭერს“, რადგან ორივე ხელში სხვადასხვა „განწყობა“ აქვს, რომლითაც მანიპულირებს. იმიჯი, რომელიც მექნებოდა გაიყოფოდა უფრო მრავლად და ვიქნებოდი დედა, რომელიც წარსულით არის შეიარაღებული.
ჩემი, როგორც კონკრეტული ლოკალური სივრცის „დედის“ როლი კიდევ უფრო მაშტაბურს გახდიდა ჩემს ფუნქციას, როგორც აღმზრდელის. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია სად არიან მიმოფანტულები ჩემი შვილები, სად იმყოფება ჩემი ოჯახი, სწორედ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანის გარეშე მომიწევდა აღზრდა მომავლის, სიყვარულის და განათლების გარეშე.
დიახ
დიახ, საზოგადოებისთვის „ქართლის დედა“ არის განზოგადებული ქალის სახე, რომელსაც ორი როლის მორგება უნდა შეეძლოს ან უფრო მეტის. მისი პიროვნული თვისებები ყოველთვის ეჭვქვეშ უნდა იყოს, ის უნდა იყოს სრულიად მარტო ყველაფერ ხელოვნურთან და აღზრდის გარდა არაფერი მოეთხოვებოდეს, ის უნდა იცავდეს ტრადიციებს და არაფერზე ფიქრობდეს მეტზე. ყოველთვის მზად უნდა იყოს ლხინისთვის, ბრძოლის წინ თუ მას შემდეგ, ნებისმიერი მოსალოდნელი თავდასხმის მიუხედავად უნდა იღიმოდეს. დიახ, საზოგადოება მას უნდა ტოვებდეს ყველაფერ იმასთან, რასაც ის თავად ვერ იხდენს და ვერც ვერასდროს მოიხდენს, თუნდაც უყურონ, უყურონ და იყოს „მაყურებელი“ თავადაც, იყოს სტატიკური და დიახ, ის არის კიდევ ერთი უცნობი ქალი, უცნობი ბიოგრაფიით, რომელსაც ვერ გავუგეთ.