ლიკა შარაშიძე ● 13/7
ქართული ლიტერატურა ოდითგანვე იყო ემპათიური ლიტერატურა, რადგან ჩაგრულ, ათასგზის დაპყრობილ ერს და მის წარმომადგენლებს დროის ქარტეხილებმა ეკლექტური ემოციური პალიტრა ჩამოუყალიბა.
ქართულ ლიტერატურაში ქალ პერსონაჟებს ყოველთვის ეკავათ თავიანთი ადგილი: ნესტან-დარეჯანი, თინათინი, ოთარაანთ ქვრივი, ელპიდა “ელი”, ეს იმ პროზაული პირების მწირე ჩამონათვალია, რომლებმაც საკულტრო ადგილი დაიკავეს ჩვენს რეალობაში, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა.
თუმცა, არსებობს ერთი მაგრამ….
პატრიარქალურ ნორმებში და სხვა რიგ სოციალურ კონსტრუქტებში მოქცევამ, საზოგადოება ჩამოაყალიბდა მარტივ მამრავლებად დაშლილ ერთეულად, შექმნა ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორიული მეხსიერების მქონე სოციალური ჯგუფები და ქვე-ჯგუფები.
ქალის და კაცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი, ზუსტადაც რომ ზემოხსენებული ისტორიული მეხსიერება და გამოცდილებებია: ქალის პერსპექტივა სამყაროზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე და პირველ რიგში, საკუთარ ქალობაზე, რადიკალურად განსხვავდება მამაკაცისაგან. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს კაცის მიერ შექმნილ, თუნდაც საკულტო, ძლიერ და კარგად დაწერილ ქალ პერსონაჟებშიც:
მაგალითად, “შელოცვა რადიოთი” მეტაფორული ნაწარმოებია, სადაც მთავარი გმირი საქართველოა, ელის პერსონაჟი კი, მხოლოდ ტროპის სახეობა, “ოთარაანთ ქვრივი” კი სოციალური კომენტარია კლასობრივ უთანასწორობაზე და არა დაქვრივებული ქალის ისტორია, ნესტან-დარეჯანი და თინათინი კი, მიუხედავად მათი ეპოქალურად რევოლუციური ბუნებისა, დღის ბოლოს, მაინც არ გვევლინებიან ისეთ აქტიურ და მოქმედ პერსონაჟებად, როგორც ავთანდილი და ტარიელი.
ბევრი იტყვის, რომ ეროვნულ ფარგლებს გარეთ, არსებობს უამრავი ნაწარმოები მამაკაცი ავტორების მიერ, სადაც ნარატიულ ცენტრს წარმოადგენს ქალი, მაგალითად ავიღოთ ყველასათვის ცნობილი “სამება”:
1)შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილები.”
2)გიუსტავ ფლობერის “მადამ ბოვარი.”
3)ლეო ტოლსტოის “ანა კარენინა.”
ფაქტია, რომ სამივე ნაწარმოები ავტორის მიერ ეპოქალურად გაბედული ნაბიჯი და ლიტერატურული შედევრია, ამაზე არ ვდაობთ, თუმცა, ჩემი აზრით, სამივეს აერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ხაზი:
ამით ნათელია ის პატრიარქალური პრიზმა, რომლითაც მამრობითი სქესი აღიქვამს მდედრობით ფსიქოლოგიას და გამოცდილებას.
მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არსებობს ქალი ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც არანაკლებ ტრაგიკულია, თუმცა მათში ქალების მრავალმხრივი ცხოვრებისეული ინტერესები და ისტორიები, “მამაკაცური” მისწრაფებები, ქალებს შორის არსებული მეგობრობა და რაც მთავარია, მორალური დამოუკიდებლობა არის ასახული, ისინი ცდილობენ, თვითონ გახდნენ თავიანთი ცხოვრების გმირები.
ეს ნაწარმოებებია:
1)ლუიზა მეი ელკოტის “პატარა ქალები.”
2)ტონი მორისონის “საყვარელი” და “ყველაზე ლურჯი თვალი.”
3)შარლოტა ბრონტეს და მისი დების, ანას და ემილის ნებისმიერი, მართლა😁
4)სილვია პლეტის “ზარის ქილა.”
The list goes on…
ადრე გამოვაქვეყნე სტატია, სადაც ვსაუბრობ სექსიზმზე საბჭოთა ლიტერატურაში, ავტორ ლიდია ჩუკოვსკაიასა და მაქსიმ გორკის შორის ნარატიულ კონტრასტზე, გენდერული ნიშნით. მგონი, მანდ ჩანს ყველაზე კარგად, თუ რისი თქმაც მინდა (ვციტირებ):
“ეს წიგნი (სოფია პეტროვნა) წარმოადგენს გაბრძოლებას კომუნიზმისადმი, ეს არის ჩუკოვსკაიას პროტესტი პატრიარქატს: იქ სადაც გორკი, მამაკაცი გამოსავალს გვისახავს და მის იარაღად ქალს წარმოაჩენს, ლიდია გვანახებს ალტერნატიულ რეალობას, იმ საბჭოთა კავშირს, სადაც მისნაირი დედები და ქალები(სოფიას და ნატაშას სახით) დღემდე ელოდებიან, თუ როდის იზეიმებს სამართალი.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა ქალი ლიტერატურაში, ეს იყო იარაღი, რომელსაც პროპაგანდისტი დესპოტები და დისიდენტი მწერლები თანაბრად მიმართავდნენ გაჭირვების ჟამს. მობერებული და დრომოჭმული „სტალინის კულტიც“ სწორედ ამ პატრიარქალურ პრაქტიკის ნაწილია, რომელიც დღემდე ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართველთა აღქმაზე.”
“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის”-ო ჩემზე ბრძენმა ადამიანმა ბრძანა, ამიტომ ჩემს “გრძელ სიტყვას” დავასრულებ ქეთი ნიჟარაძეთი, 80-იან წლებში მოღვაწე ქართველი ქალი ავტორით, რომლის შესახებაც სალომე ასათიანის აუდიობლოგიდან გავიგე. “დავიწყებული ქეთი ნიჟარაძე”, ასე ერქვა ბლოგს. შემდეგ წავიკითხე მისი “ავტოპორტრეტი,” სადაც ფსიქოანალიტიკური სიზუსტით არის გადმოცემული ქალის ზოგადი და კულტურული გამოცდილებები.
დღეს ნიჟარაძე “დავიწყებული” ავტორია, ეს იარლიყი კი კიდევ ბევრ ნიჭიერ დრამატურგ, პოეტ, მწერალ ქალს ემუქრება, იმ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებიც უკვე გადაღეჭილად ვიცით ყველამ.
ამიტომ გვინდა, რომ 13 ქალის ისტორია 7 ქალმა მწერალმა დაწეროს.