პოეზია

ანეტ შტრაუსი 🔘 ტᲑის ნელი ქარი

1
ტბის ზედაპირზე იტივტივებს შენი სხეული
და ყურთან სწრაფად ჩაიქროლებს შორიდან ბგერა.
გაგახსენდება ღამეები შენ მთვარეული
და შიშისაგან აღმოგხდება უეცრად მღერა.
ხმას ვერ მიაწვდენ ვერც შენს სატრფოს, ვერც სირინოზებს,
ბეატრიჩეს აქვს შენი სახე რომ დაწყევლილი.
ჩემი სახლის კარს მე გავუღებ გზებს და მიმოზებს,
და შენს ნაცვლადაც წავიმღერებ,
მშვიდად იძინე, არაფერმა დაგიფრთხოს ძილი.

2
ღამის სამია და მეზობელ სახლს შუქი ანათებს.
ვზივარ ბალახზე და მახსენდება ჩემი ბავშვობა,
როცა დღედაღამ ვაგორებდი წითელ კამათელს.
ეს კამათელი, უნდა ითქვას, კვლავ გამოჩნდება,
როგორც აჩრდილი, მინავლული ჩემი სახის ქვეშ,
როგორც ზღაპარი, სევდიანი და შორეული.
სახლი მარტოა, აღარ სტუმრობს მას აღარავინ,
ჩემი ფანჯრიდან მოჩანს ხეები,
კიდევ ღრუბელი
და მხოლოდ სახე. ერთი სიტყვა.
კივილი. ხელი.
ძაღლი განაგრძობს თავის ავადმყოფ და დაღლილ ყეფას,
ჩემს სახლში მშვიდად დაისვენებს სიტყვათა ლანდი.
ვზივარ ბალახზე და უეცრად შევახებ კეფას,
იქ აღმოჩნდება რაღაც თბილი, რაღაც ცოცხალი,
წითლად შეღებავს ჩემს ნაზ თითებს, ბავშვად დარჩენილს.
ჩემს სახლთან ახლოს მინავლული მკრთალი ნათურა
ჭმუნვას დაიწყებს, ისე სასტიკად მოიცილებს ამ სახლის ამბებს,
თითქოს არასდროს არ ყოფილა ამაზე მეტი,
თითქოს არასდროს არ ყოფილა ჩემ გვერდით რამე.
ჩაქრება შუქი. დაუბნელებს ლანდებს სახეებს.
აღარ იქნება აღარც სევდა, აღარც წუხილი…
მხოლოდ დარჩება ძაღლის ყეფა
და ნელი ქარი,
როგორც ნიშანი ფესვმოგლეჯილი და დროისმიღმა დარჩენილი
მარტოობისა.

3
იქნებ შენ იყავ, ის, ვინც 31 მარტის ცივ ღამეს გვერდით მომიჯდა.
იქნებ შენ იყავ, ვინც მაშინ მითხრა:
„- ჩუმად იყავი, ჩემო ვარსკვლავო, ხმა არ გაიღო,
თორემ ისინი მკლავებს მოგხვევენ
და წაგიყვანენ იქ, სადაც ქარიშხალია,
სადაც არის მხოლოდ ზღვის სუნი
და რამდენიმე პატარა ლამპა,
რომ გაგინათოს სახეები ზღვაში მოტივტივე უგრძნობი გვამების“.
მე კი შემცივდა. სუნთქვაც შევწყვიტე.
თუმცაღა მაინც მიმიხვდი ფიქრებს – ისე საშინლად მინდოდა ყვირილი.
და ხომ ბნელოდა, მაინც მივხვდი, რომ გაგეღიმა.
„მაშ, თუ ასეა,“ – დაიწყე შენ და აკივლდა სიტყვა, –
„უნდა იცოდე, რომ დაგჭირდება რამდენიმე უმნიშვნელო ატრიბუტი.“
აკივლდა ჭოტი.
„-ჩუმად, ანტონ!“ – წამოიძახე შენ გაბრაზებით.
„-ერთია სარკე, რომ ბოლოჯერ იხილო შენი ტუჩები“, – და ჩემ წინ გაჩნდა სარკე.
„-ხოლო მეორე იქნება სისხლი“.
სარკემ იხილა, რაც ჩაიდინე იმ უცნაურ საღამოს.
შენი სხეული ჰგავდა იმ გვამებს, მე რომ ზღვაში მელოდებოდნენ…
მალე თვალებიდან სისხლი წამომივიდა
და ბოლოჯერ, სულ ბოლოჯერ დავინახე ჩემი ტუჩები.
შემდეგ მახსოვს ზღვა, გემი და ქარიშხალი