პოეზია

თაზო ვაჩნაძე 🔘 კᲑილი მოვიტეხე


კბილი მოვიტეხე.
დავდივარ ასე უკბილოდ.
ალბათ უკბილოდაც ვხუმრობ,
ცხოვრება რომ შევიმსუბუქო,
ყოფნის აუტანელ სიმსუბუქეში რომ შევაბიჯო…
ზოგს სულელად ვეჩვენები,
არა, ისინი კი არ მხედავენ,
(ეგ არ მანაღვლებს)
მე ვეჩვენები, ვევლინები,
ოღონდ არა ნიღბებით,
სულში უამრავი ფიგურა მიწყვია,
როგორც ყველა ადამიანს
(ისინი მხოლოდ მალავენ).
ზოგსაც ბრძენი ვგონივარ, ფსიქოლოგიც,
ზოგს ბავშვი, ზოგსაც კი უბრალოდ შეშლილი,
და ეს ბოლო მდგომარეობა მაცინებს…
ვხარხარებ ჩემთვის, ვხორხოცებ!
რა ეშმაკები მაცინებენ, ან რა ღმერთები,
არ ვიცი, თუ ორივე ერთი არაა…
ღმერთებსაც ხომ სჩვევიათ ეშმაკობა,
ხან გედებად გარდაისახებიან, ხანაც ხარებად,
და ნაყოფირდებიან ლამაზ ქალებთან.

მე კი რა ღმერთი, რა ეშმაკი მაცინებს,
არ ვიცი.
ალბათ ის, რომ კბილი მოვიტეხე.
რა სასაცილოა, კბილი.
კაია, ახლა უფრო გამიჭირდება საკუთარი სულის დახვრა…

კბილი მოვიტეხე და, არ ვდარდობ.
ვივლი ასე უკბილოდ.
ხშირად ჩავიხედები სარკეში
და გამეცინება საკუთარ თავზე.
თუმცა კი მსურს აპოლონივით ლამაზი ვიყო,
მასსავით ვანათებდე,
როგორც სულით, ასევე სხეულით.
რას სჯობს იყო ოქროსთმიანი ლამაზი ჭაბუკი.

მაგრამ ხელოვნური კბილის ჩაყენება მომიწევს,
თუმცა კერამიკისააო, ესაც “მაკმაყოფილებს”,
კერამიკაც ხომ ცუდი მატერია არაა.

ხელოვნურ კბილს ჩავიყენებ, შემდეგ კვლავ სარკეში ჩავიხედები და,
თავს დავაჯერებ რომ ყველაფერი კარგადაა.
თუმცა, ზუსტად აქ ვშიშობ,
რომ აღარ გამეცინოს საკუთარ თავზე