ნენე გიორგაძე 🔘 ციკლიდან “სურათები ქაღალდის ჩარჩოში “
მოლარე
ძველ დროში მოლარე ვიყავი.
აფსუს, რა სწრაფად ვითვლიდი ფულს,
სისხამ დილით შორიდან ვცნობდი
საინკასაციოს ძრავის ხმას,
არც ერთ სხვა მანქანაში არ მერეოდა.
ხელფასის რიგი გრძელი იყო, მაგრამ მხიარული.
ხალხი ანეკდოტებს ჰყვებოდა,
ლუდის დასალევ განრიგს ადგენდა,
როხროხებდა,
ერთმანეთში ღლაბუცობდა ..
მე კი ნამდვილ ფულს ვითვლიდი,
მონეტებს ვაწკრიალებდი,
ღმერთივით მოწყალე ვიყავი…
ეჰ, ხასიათი დაკარგა ჩემმა პროფესიამ,
ვზივარ და მაუსს
მოწყენილად ვაწკაპუნებ.
ბომჟი
მაწანწალები, ბომჟები, კლოშარები –
ვინ არიან ისინი?
ბებიაჩემს თუ დავუჯერებთ,
„მაგენი უფრო ახლოს არიენ ღმერთთან.“
მეც ასე მგონია, მაგრამ მათი ღმერთი მიწაშია –
ქალაქის ხვრელებში, გვირაბებში, კატაკომბებში,
უბნის ყოველ ნაგავსაყრელთან.
მათ რელიგიას განსხვავებული არომატი აქვს,
სიკვდილს ყოველდღე
ძველმანების ბოღჩასავით დაატარებენ
და მხარზე კი არა, ფეხზე ჰკიდიათ.
ეს ბომჟი, რომელიც დილაობით
ნაგავსაყრელში ჩიტების გვერდით იქექებოდა,
ერთხელ ჩიტების გუნდთან ერთად აფრინდა ცაში.
ესკალატორის ქალი
ბავშვობაში ოცნებობდა ცნობილი მსახიობი გამოსულიყო,
ახალგაზრდობაში – ცნობილი კინორეჟისორი.
მუშაობს მეტროში „ესკალატორის ქალად“
(არ ვიცი, რა ჰქვია ამ პროფესიას,
მაგრამ იქ ძირითადად, ქალები სხედან).
ისეთი სამსახურია, რომელიც
მინიმალურ კვადრატულ მეტრს იკავებს.
ერთხელ, გამოველაპარაკე ამ შუშის ბოთლში.
თავიდან ცოტა ალმაცერად შემომხედა,
ჩემს ჩანთას და ქურთუკს აკვირდებოდა.
მერე ოდნავ მოდუნდა და მონოტონურად მითხრა,
რომ ეკრძალება მგზავრებთან საუბარი,
რომ მხოლოდ თვალყურის დევნა მოეთხოვება.
არ ვიცი, ამჩნევენ თუ არა
თანამედროვე ხელოვნების კურატორები, –
„ესკალატორის ქალი“ ცოცხალი ინსტალაციაა
ურბანული ყოველდღიურობის მუზეუმში,
მისი მუდმივი გამოფენის ნაწილი.
„მამაშა“
გამოცდილება არ აკლდა და
დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია
„პროსტიტუცია საზღვრებს შიგნით“.
ფულიც აწაპნა და კოლეგებს ჰიგიენური პირობებიც შეუქმნა.
ისეთი ხალხიც კი მოიმადლიერა,
ვინც არასამთავროებებს მუდამ ლანძღავდა.
მაგრამ მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებოდა
და გეგმებს ადგენდა.
შემდეგი პროექტის სახელწოდება იყო:
„გენდერული ბალანსი არასამთავრობო პროსტიტუციაში“.
მის ხუთ შვილს სხვადასხვა მამები ჰყავდათ.
ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ პირჯვარს იწერდა.