პროზა, სიახლეები

ლიკა შარაშიძე 🔘 ბუია

🔳
ტელევიზიასთან, პეკინზე, ბუნკერებში რომ წვერიანი ქალი იქექება ხოლმე (ის, პოსტ-აპოკალიპტური ჟანრის პერსონაჟს რომ ჰგავს, ნეო-თბილისში მცხოვრებს, საუკუნეების შემდეგ შემორჩენილ ნანგრევებში მობინადრეს),
იმაზე დაუწერია სიმღერა ჩარკვიანს, თურმე (90-იანებშიც კოლორიტი ყოფილა).
და უწოდა მეფემ მას „ბუია“,
ამასობაში, ომიდან აღმოცენებულა მცენარე,
ხატება წარსულის:
იგი აცოცხლებდა ათი წლის წინანდელ კადრებს,
მე კი,
კვლავ ვებაასებოდი წარსულის ლანდებს,
ქარიშხალი, რექვიემივით მღელვარე,
ვითარც კაეშანი ქალწულის,
კვლავ გოდებაში,
გლოვობდა ბაბილონს ზემოთ გახიზნულ კრავებს…
ეს ყველაფერი ზემოთ თქმული,
წარმოშობს ურობორისის გველს,
ადგილს, სადაც ყველა გახიზნული კრავი სახლობს,
ადგილს უსასრულობასა შინა….
2088 წელი, „ივერია 088“-ის ცნობილი გაფუჭებული სადგური, სადაც მატარებელი არათუ ჩერდება, არამედ უსასრულოდ აგრძელებს სვლას ისევ უსასრულობაში,
ვითარც ურობოროსი,
გველი, რომელიც წრეზე სვლით ანადგურებს ყველაფერს სასრულს დედა-მიწაზე და მის იქითაც…


და როცა არ არსებობს ცვლილება,
არ არსებობს დრო,
და როცა არ არსებობს დრო,
ჩვენში ქრება ადამიანი,
რჩება მხოლოდ ცნობიერი,


რომელიც, ვერ უძლებს ომნიპოტენციის ჯვარს,
და ის ი ტ ა ნ ჯ ე ბ ა,
შიბალმასა შინა…
2088 წელი, „ივერია 088“-ის ცნობილი გაფუჭებული სადგური, სადაც მატარებელი არათუ ჩერდება, არამედ უსასრულოდ აგრძელებს სვლას ისევე უსასრულობაში,
ვითარც ურობოროსი,
გველი, რომელიც წრეზე სვლით ანადგურებს ყველაფერ სასრულს დედა-მიწაზე და მის იქითაც,
სადგური გაჩერების გარეშე, „ბუიას“ სასჯელი ერთი გაუკუღმართებული ბერიკაცისადმი,
რადგან მეფემ უწოდა მას ბუია,
მე კი-უსახელო მხევალი.