ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

ჰელმუტ ნიუტონის ვიზუალური ექსპედიცია

ეგზოტიკური გარემო, მდიდრული ვილები, მომხიბლავი მოდელები, თავისუფლება, მოდა და ძლიერი ქალები-ამ რამდენიმე სიტყვით უკვე შეიძლება ავტორის შემოქმედების აღწერის დაწყება.
ჰელმუტ ნიუტონი 31 ოქტომბერს, 1920 წელს, ბერლინში, გერმანიაში დაბადებული ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი გაითქვა მოდის ფოტოგრაფიით. 12 წლის ასაკში უკვე პირველი ფოტოაპარატი ჰქონდა. 1936 წელს კი აქტიურად დაიწყო ფოტოგრაფიით დაინტერესება, პარტნიორებთან მუშაობა და იქცა კიდეც ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოგრაფად, მეოცე საუკუნის მოდის ფოტოგრაფებისთვის ის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ავტორი. მის შემოქმედებაში შევხვდებით როგორც შავ-თეთრ ასევე ფერად ფოტოებს, მათ შორის პოლაროიდით გადაღებულსაც.
ძალიან თამამი, ცოტათი პროვოკაციული, ნაწილობრივ ვუაიერისტული კადრები ჰელმუტის შემოქმედებაში მრავლადაა. .

ინტერესებიდან გამომდინარე ის უმეტესად იღებდა ქალებს. მის კადრებში ისინი იყვნენ სექსუალურები, თამამები, მგრძნობიარეები, ძლიერები, ენერგიულები, თვითდაჯერებულები, ზოგჯერ „ცხოველების მომთვინიერებლების“ როლშიც კი. მის ეროტიკულ სცენებში ქალი მოდელები არიან ისინი, რომლებიც პოზირებენ, ერთობიან, ზოგჯერ დარდობენ, ბრაზობენ, ისინი ვისაც ეფერებიან, უყურებენ, აკვირდებიან და უმეტესად მაინც დაუფარავად, ღიად და პირდაპირ გამოხატავენ იმას რასაც გრძნობენ, არასდროს ზღუდავენ თავს, როდესაც რაიმეს გამოხატვა უნდათ, სილამაზის, ვნების, სხეულის, სიყვარულის, დაღლის, დისკომფორტის, სევდის, სექსუალური აღგზნების თუ სხვა დანარჩენის დროს.



სილამაზე და სხეული იყო ის რითაც ისინი ამაყობდნენ. ჰელმუტი აჩვენებდა ვნებას მათში, ძლიერ ხასიათს, ძლიერ სხეულთან ერთად და ნაწილობრივ იმასაც რომ მათი პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრება არ იყო მარტივი. ზოგიერთ ფოტოში ეს დისკომფორტი კიდევ უფრო აშკარაა და ნაჩვენებია სხეულის ის მუდმივი დინამიკა, რასაც ითხოვს მოდა, ნაჩვენებია ისიც თუ რამდენად კარგად გრძნობენ მოდელები რომ ისინი მუდმივი ყურადღების და დაკვირვების ქვეშ არიან, თუნდაც მამაკაცების მხრიდან.
ავტორი აჩვენებს სამოდელო საქმიანობის ხიბლსა და არაკომფორტულ სიტუაციებს. ის აფიქსირებდა იმ ცხოვრებას, რომელიც სამოდელო ბიზნესს აქვს თანდართული, ცდილობდა აღებეჭდა ადამიანების ინტიმური განწყობები, ინტიმურ და დაფარულ ისტორიებთან ერთად, ამ ყველაფერს უფრო მეტ ხიბლს სძენდა მათი ემოციური მდგომარეობები, ის თუ როგორ ექცეოდნენ მათ ან როგორ იქცეოდნენ ისინი თავად სხვადასხვა სიტუაციებსა და ადგილებში.
ნიუტონი იყო ფოტოგრაფი, რომლისთვისაც ზაფხული, მზე და შუადღის შუქი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამას თავადაც აღნიშნავდა, ამბობდა, რომ დღის ამ მონაკვეთში მუშაობა სჭირდებოდა იმისთვის, ეჩვენებინა სხეული როგორ გამოიყურებოდა იმ დროს, როდესაც მცხუნვარე მზე ეცემოდა კუნთებსა და სხეულის სხვადასხვა ფორმებს.


ძირითადად ფოტოებს იღებდა სტუდიის გარეთ, მის კადრებში ხშირად შევხვდებით ელეგანტურ ვილებზე, ბაღებში, საცურაო აუზებზე, ქუჩაში გადაღებულ სცენებს, მაგრამ ამავდროულად მას არ სჭირდებოდა თვალწარმტაცი ადგილები, რომ შეექმნა რაიმე ძალიან კარგი, რადგან ის იყო ის, ვისაც შეეძლო რაკურსი და კადრი ისე შეერჩია, რომ ეს ადგილები გამხდარიყო საინტერესო მაყურებლისთვის. ის ფოტოებს ხშირად იღებდა საკუთარ ავტოფარეხშიც. ჰელმუტმა შეძლო ყოველდღიური ადგილების თეატრალურ სცენებად გადაქცევა მძაფრი ან საოცრად მინიმალისტური კონტრასტებით, საკუთარი ნაკლებად ტრადიციული სცენებისთვის.
ავტორი აგრეთვე აღიარებს, რომ მის ფოტოებში სადაც გამოსახულია პარიზის ნისლიანი ქუჩები და შენობები, არის ბრასაის გავლენაც. ის ხშირად აღბეჭდავდა ღამის პარიზს, სადაც არიან ქალები თავიანთი იდუმალებით და პირადი მოურიდებელი განწყობებით.


ავტორს ძალიან ხშირადაც აკრიტიკებდნენ თავისი შემოქმედების გამო, ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ეს ფოტოგრაფია იყო პორნოგრაფიული, ფემინისტები აბრალებდნენ, რომ იყო სხეულზე ზედმეტად ორიენტირებული, მაცდური და მომაბეზრებელი, მაგრამ ფაქტია ჰელმუტ ნიუტონმა ადგილი დაიმკვიდრა მოდის ფოტოგრაფიაში საკუთარი ხედვით და სითამამით. ავტორისთვის იღბლიანი გამოდგა პარიზში მოღვაწეობა, სადაც მას ჰქონდა საკმაოდ დიდი კომერციული წარმატება გამოფენებით, ასევე პარიზში, „Nikon Gallery“-ში ჰქონდა პირველი სოლო გამოფენა.