ვისლავა შიმბორსკა 🔘 ლაბირინთი
კედელსა და კედელს შორის მანძილი
სულ რამდენიმე ნაბიჯია;
საფეხურებით ზევით ასვლის პარალელურად,
ქვესკნელში ჩაღწევაც შესაძლებელია.
შემდეგ ოდნავ მარცხნივ,
ან, იქნებ,
სულაც ოდნავ მარჯვნივ უნდა გადავუხვიოთ.
ცოტაც კედელ-კედელ ვიღოღოთ,
ამასობაში მეშვიდე ზღურბლთან აღმოვჩნდებით. . .
წინ გზაჯვარედინიც გველოდება – იმედებთან,
შეცდომებთან,
ვნებებთან,
მცდელობებთან,
ზრახვებთან,
და კიდევ ერთხელ იმედებთან გადაკვეთის ადგილი,
მაგრამ ისინი მაშინათვე გაქრებიან,
როგორც კი შევხვდებით . . .
გზა გზით გაგრძელდება,
უკან დასაბრუნებელი
კი აღარსად იქნება.
ისეთ ადგილას აღმოვჩნდებით,
სულ წინ რომ უნდა ვიმოძრავოთ.
პეიზაჟი პეიზაჟს შეცვლის,
ჩვენ კი შევძლებთ ავირჩიოთ,
სად ვიყოთ,
ან სად არ ვიყოთ. . .
ლაბირინთიდან გამოღწევა შესაძლებელია,
შეგვიძლია, გადავახტეთ,
ან სულაც გვერდი ავუაროთ,
მთავარია, არსად გადავიჩეხოთ.
მარჯვნივ წავალთ თუ მარცხნივ,
ვარაუდით თუ ინტუიციით,
მეხსიერებაზე დაყრდნობით,
სწორად თუ მრუდედ,
გზა მაინც აგვებნევა.
მერე კარიბჭის დახმარებით
გრძელ კორიდორში შევაბიჯებთ . . .
ადრე მივალთ,
დროულად თუ დაგვიანებით,
დრო მაინც ცოტა გვექნება.
ყველაფერს ნისლი და ბურუსი ჩამოეფარება,
თუმცა შუქი ალაგ-ალაგ მაინც გაკრთება;
უნდა ვიცოდეთ:
იქ სიხარულს სიხარულის მნიშველობა სულაც არა აქვს,
იქ ბედნიერება და უბედურება გვერდი-გვერდ თანაარსებობენ,
იქ ყველა სიტყვის მნიშვნელობა
ბრჭყალებში უნდა ჩაისვას,
იქ თავიდან, თითქოს,
ყველაფერი კარგადაა,
მაგრამ მერე საიდანღაც უფსკრული წარმოიქმნება,
უფსკრული კი წარმოიქმნება,
მაგრამ მაშინვე ხიდიც გაიდება,
ხიდი კი გაიდება,
მაგრამ მორყეული აღმოჩნდება, მორყეული, მაგრამ ერთადერთი,
სხვა ხიდი იქ არ იქნება.
ეჭვგარეშეა:
გამოსავალი უნდა არსებობდეს,
თუმცა შენ არ ეძებ;
ის აქეთ გეძებს –
უკან მოგდევს დიდი ხანია,
ლაბირინთი კი სხვა არაფერია,
თუ არა შენი,
მხოლოდ შენი,
თუკი ჯერ კიდევ შეგიძლია,
შენი გაქცევა.