პოეზია, სიახლეები

ხათუნა როგავა 🔘 დამიანის ლირიკა

🔳

დადაისტური განწყობიდან სიღრმისეულ ფილოსოფიამდე
/დამიანის ლირიკა მკითხველის თვალით/

შენს წინ გადაშლილი ,,მდუმარე” ლექსი რომ აამეტყველო, მასში ფაქიზად და ოსტატურად მიმობნეული ავტორისეული სულიერი შტრიხების სწორად დანახვაც და შეფასებაც უნდა შეძლო.
ეს მეტად დელიკატურ მიდგომას მოითხოვს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ზღვარსგადაცილებული ცნობისმოყვარეობა უხეშად არღვევს თამაშის იმ წესებს, რომელსაც ყოველი შემოქმედი მკაცრად და თავგამოდებით იცავს.
ვაღიარებ, რომ რეცენზენტობა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი.
არასდროს გამჩენია სურვილი, წამეკითხა მხოლოდ შეფასების თვალსაზრისით.
ლიტერატურა ჩემი ჰობია, რომელსაც უდიდესი სიხარული მოაქვს და ასეთად მინდა ბოლომდე დარჩეს.
და თუ მაინც გადავწყვიტე შევჭიდებოდი რეცენზენტის კალამს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბოლო ხანს საოცრად მომრავლებულმა ,,ავტორ-კერპებმა” და მათმა ,,ქურუმებმა” შესამჩნევად ჩაანაცვლეს ნამდვილი მკითხველი, მკითხველ-დილეტანტთა თუ ვითომ მკითხველთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმიით, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი ,,ავტორ-კერპის” სახელი ან ფსევდონიმია.
ერთი კრიტიკოსის (გვარი ზუსტად არ მახსოვს) ნათქვამი მახსენდება:

კულტად ქცეულ ავტორს შეუძლია დაწეროს ყველაფერი, ან თავისი სახელი მიაწეროს სუფთა ფურცელს, მაინც გენიოსად აღიარებენო.


გასაოცარი არაფერია.
ჩვენ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ.
და რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როცა ამ ქაოტურ ლიტერატურულ სამყაროში, რომელიც პატივმოყვარეობის სენშეყრილ კალმოსანთა შორის ერთგვარ რინგად ქცეულა, აღმოაჩენ ავტორს, თავისი ჩუმი, უპრეტენზიო, ღრმა, ფიქრიანი ლექსებით, მათივე შემოქმედის დარად, შეგნებულად რომ არიდებენ თავს არაფრისმომტან პოზირებას, ჟესტიკულირებას, არ პომპეზურობენ, არ ცერემონიობენ ყურადღების მისაპყრობად და არც წარმოსახვით გვირგვინს მისტირიან.
დამიანი თავისუფალი შემოქმედია, თავისი (მონაცვლეობით) ხან შავ-თეთრი, ხანაც- ფერადი სამყაროთი, მის მიერვე მკაცრად განსაზღვრულ და დადგენილ ტიპიკონს რომ ემორჩილება.
აქ არცთუ იშვიათია ბახუსთან წილნაყარობა, არც სიკვდილის სანახებში ხეტიალი, საკუთარი თავიდან გაქცევის მცდელობა, ნეგატივის პოზიტივით შეცვლის ამაო სურვილია უცხო და აქედან გამომდინარე, ჩნდება სკეპტიკური დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ:
,,არ მჯერა, რომ ბრმები უკეთ ხედავენ ამ სამყაროს,
არ მჯერა ერთიანობის და ერთგულების,
არ მჯერა, რომ ვინმე ჩაწვდა ცხოვრების აზრს და
შეუძლია მშვიდად მოკვდეს,
არ მჯერა, რომ დრო შეცვლის რამეს,
არც ასეთი დათრობის მჯერა,
როცა მხოლოდ სიტყვები რჩები და მეტი არაფერი”.

და ბახუსთან ნებით დაძმობილება მხოლოდ იმ შემთხვევაში სცილდება არაკაცობის სტატუსს, როცა უანგაროდ ქველი ხდები და:
,,მათხოვრის დანახვისას,
თითებით რომ არ დაუწყებ შერჩევას
ჯიბეში ხურდას”.

დამიანის ლექსები სხაპასხუპით წაკითხვას არ საჭიროებენ.
ეს ის ტექსტებია, რომელთაც შეიძლება დისკომფორტიც კი გამოიწვიონ ზერელე მიდგომით გამორჩეულ მკითხველში, ეჭვებით დაამძიმონ და დააბნიონ ისინი.
ეს ლექსები განსხვავებულ ხედვას, გააზრებას, წვდომას, ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვენ.
ვარაუდების სამყარო, რომელიც დამიანთან რეალურისა და ირეალურის ხან ერთ მთელში მოქცევა, ხან კი- დაშორიშორებაა, უცნაურ დეკორაციათა ერთგვარი ,,გარდერობია”. აქ ერთმანეთს ენაცვლებიან არარსებული, მაგრამ სასურველი ავია-ბილეთი, დავრდომილთა პალატები და პირქუში სამარხები, უიმედო სიყვარულის ისტორია…
ახალი ტკივილი ძველის შესაძლო გაგრძელებაა.
მივიწყებულ დანაშაულს გაახლება ემუქრება.
სარეველებივით მრავლდებიან მოღალატე წყვილები, რომელთათვისაც ცოდვა მათ მიერვე ,,დაკანონებული” გრძნობაა.
ეჭვები დამოკლეს მახვილივით ემუქრებიან ნამდვილ სიყვარულს, მის მარადიულობას, რადგან ვერ იჯერებ, რომ ვიღაცას მართლა შესწევს ძალა და უნარი, მხოლოდ შენთვის იყოს, მხოლოდ შენთვის არსებობდეს…
და ასე უჩუმრად, ზლაზვნით, მილიონი შხამიანი საცეცით შემოდის შენს არსებაში საკუთარი თავის უარყოფა, სენტიმენტმოყირჭებული ყოველდღიურობა,
,,გამოგონილი სიყვარული და უინტელექტო ქალები,
ან სადღაც მიყუჟული მეძავები და დორბლმორეული მამრები”.
,,მაინც არაფერი შეიცვლება,
მხოლოდ არყის ბოთლი დაიცლება და
სასმელი პირს გამოგიშრობს,
როგორც ცხოვრება, როდესაც ყვირი,
მთელი ძალით, ხმის ჩახლეჩვამდე
და ხმას არავინ გცემს,
პასუხს არავინ გიბრუნებს,
გარდა ცარიელი კედლებისა,
გარდა წვიმისგან გადარეცხილი ქუჩისა,
ნერვებს სიჩუმე არ აწვალებს,
ნერვებს ჩურჩული უღებს ბოლოს”.

მაგრამ ეს ყველაფერი ბახუსის მიერ დადგმული და გარკვეული დროის საზღვრებში მოქცეული ერთი მინი-სპექტაკლია.
სპექტაკლი მარადიული სევდით, რომლის სცენარსაც ეპიგრაფად უძღვის:
,,რომ ცხოვრება მაინც ყველაზე საშინელი რამაა,
რაც კი შეიძლება თავს დაგატყდეს,
უარესს ვერაფერს მოიფიქრებ”.

მე კი ვიტყოდი, რომ მიუხედავად მძიმე მეტაფორული მეტყველებისა, ამოჩემებული პესიმიზმისა თუ ნოსტალგიური პასაჟებისა, დამიანის ეს კონკრეტული ლექს(ებ)ი, თავისი მართალი და მრავლისმთქმელი სახეებით, მცდელობაა იმ ვაკუუმის გარღვევისა, რომელიც აჭაობებს ჩვენს ცნობიერებას, ხელს გვიშლის ვიყოთ ნამდვილნი, ხატნი და მსგავსნი ყოვლისშემოქმედი უფლისა.
ყოველი გაბრძოლება არასასურველი რეალობის წინააღმდეგ, დაცემულის ხელახლა წამოდგომაა.
იცის ეს დამიანმა.
სწორედ ამაშია მისი პოეზიის, ასე წრფელისა და განუმეორებლის მთელი ფილოსოფია, ხიბლი და ღირსება.