ანა ნიკოლაძე 🔘 ოღონდ მეგობრულად
🔳
მინდა ერთად ვიცხოვროთ და ერთად მოვკვდეთ, ოღონდ მეგობრულად.
მინდა შენი ხმა, თმა და სურნელი პურის ნამცეცები იყოს ჩემი თავგზის აბნეულ ბილიკებზე,
მინდა ყოველ დილას ლოგინის შენი, თბილი ნახევრის ნელი გაციება მაღვიძებდეს და მაფორიაქებდეს, როგორც მამლებს — მზის ამოსვლა,
მინდა ყველა კარგი ამბავი შენთან მომიხაროდეს, მომიჩქაროდეს და, ამაყი და აქოშინებული, ფეხებთან გიგდებდე ნადავლად, მუცლის მოფხანის მოლოდინში.
მინდა ერთმანეთის ენა ბრაილივით, მთელი სხეულით ვიცოდეთ, რომ თუ ოდესმე ხუთივე გრძნობა ერთდროულად წაგვერთმევა, სულის ცეცებით მაინც შევძლოთ ერთმანეთის ცნობა.
მინდა გათენებისას შენი სიფხიზლის ბაცი, ორაგულისფერი გარიჟრაჟიდან ამოვდიოდე და დაღამებისას შენი სიზმრების დაუსაბამო, ბნელი ოკეანის ოქროსფერ ჰორიზონტში ჩავდიოდე,
მინდა გათენებისას შენი სიფხიზლის ბაცი, ორაგულისფერი გარიჟრაჟიდან ამოვდიოდე და დაღამებისას შენი სიზმრების დაუსაბამო, ბნელი ოკეანის ოქროსფერ ჰორიზონტში ჩავდიოდე,
მინდა შემოდგომის საღამოების ქარვისფერ სიმშვიდეში ერთმანეთის ნაოჭებსა და ჭაღარებს მიღმა დამალულმა, დავიწყებულმა ამბებმა გაგვაღიმოს და ჩვენი შვილების ნაკვთებში დანახულმა, მგზნებარე ახალგაზრდობის აჩრდილებმა გული აგვიჩუყოს,
მინდა ჩემი არსი ხელთათმანივით, შიგნიდან ამოატრიალო და გონებისა და სხეულის ყველაზე შორეულ კუნჭულებს ერთდროულად, ფაქიზად შეეხო, რომ ორივემ ჯერ ერთმანეთთან, შემდეგ კი თავად სამყაროს სამუდამო, იდუმალ მჩქეფარებასთან მჭიდრო მეტაფიზიკური კავშირი შევიგრძნოთ.
მინდა შენი სიცოცხლის საბოლოო ამოფეთქვაში ჩემი სახის ნეგატივები აღიბეჭდოს და, ჩვენი მიწიერი სიყვარულის უკანასკნელი ნაპერწკალივით, ჩემი სულის პატრუქს მოედოს, რადგან შენი აღსასრული სამყაროს დასასრულის ტოლფასია და აღარაფერი მესაქმება იმ ცხოვრებაში, რომელშიც შენ აღარ მეგულები.
ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება, შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო.