ქეთი გᲖირიშვილი 🔘 ჩართვა
🔳 სოფო წულაიას წინასიტყვაობა
პანდემიის რეპრეზენტაცია თანამედროვე ქართულ პოეზიაში
(ქეთი გზირიშვილი)
დისტანციური მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის კიდევ ერთი – მარკეტინგისა და პიარის ენით რომ ვთქვათ, „ახალი გამოწვევაა“. ქეთი გზირიშვილის ლექსი „ჩართვა“ სწორედ ამ თემის რეპრეზენტაციას ახდენს. მართალია, „ცივი ღილაკები“, დიდი ხანია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეულან, მაგრამ საკუთარ სახლში დისტანციურად შესრულებულმა სამუშაომ, რეალურიდან დისტანციურ სივრცეში გადანაცვლებულმა სასწავლო პროცესმა, გაყიდვებმა თუ სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებმა, ამ ღილაკების მნიშვნელობა კიდევ უფრო გააფართოვეს და თუკი ადრე ისინი ჩვენი ცხოვრების მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იყვნენ, ახალ რეალობაში უკვე მთავარ გმირებად ქცეულან. ლექსში კარგად ჩანს, რომ პოეტი აღნიშნული სიახლით დიდად აღფრთოვანებული არ არის, თუმცა, დისტანციურად შესრულებულ სამუშაოზე მეტად დისტანციური სიყვარულის ბედი აღელვებს, სიყვარულის, რომელიც, თითქოს, ყველამ სასიკვდილოდ გაიმეტა.
ახალი არაფერია იმაში, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა კარგა ხანია, ინტროვერტებად გვაქცია – თითქოს, საკუთარ თავში ჩაგვაბრუნა და სამყაროს სრულფასოვნად აღქმის სურვილი და უნარი წაგვართვა, მაგრამ პანდემიამ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა – თითქოს, ყველანი ჩვენს მიკრო სამყაროში ჩავიკეტეთ, სადაც მარტოობა, ფსიქიკური გაუწონასწორებლობა, სულიერი თუ ფიზიკური გადაღლილობა, სიყვარულის შეუძლებლობა თუ უუნრობა და აპათიაა გამეფებული. . . სწორედ ასეთ: ტკივილით, მარტოობით, სიცარიელით, უჰაერობითა და უსიყვარულობით გაჯერებულ სივრცეში იქცევა პოეტის ინსპირაციის წყაროდ მიქელ თამარათი (მიხეილ თამარაშვილი) – ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებასაც ქეთი გზირიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დისტანციურად იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ თამარაშვილსა და პოეტს შორის მანძილი მთელი ერთი საუკუნეა, ქართველი მეცნიერის თავგანწირვა უცხო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ავტორის პირქუშ, უფერულ სინამდვილეში ერთადერთ ნათელ წერტილად იქცევა. . . პოეტი, თითქოს, ცდილობს, სიკვდილის შიშით სოროებში დამალულებს, შთაგვაგონოს, რომ
იმ ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გადამეორება კი, ვინც თავიანთი სიცოცხლე სწორედ სიყვარულის სახელით, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად გაწირა, ამ ურთულეს გზაზე ძალიან დაგვეხმარება.
______________________________________________
ჩ ა რ თ ვ ა
დისტანციური მუშაობა უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ჩანაცვლდეს დისტანციური სიყვარულით,
მაგრამ დისტანციური სიყვარული, თუნდაც შედგეს ეს კავშირი, ვერ შეცვლის ცივ ღილაკებს მფეთქავი კანით.
ამიტომ ამ საღამოსაც, სიყვარულზე დარდის მაგიერ, ვიჯდები და შევაგროვებ ცნობებს, ამჯერად, მიქელ თამარათზე.
ჰო, ამ საღამოს მისი მადლიერი ვიქნები, რადგან ახერხებს, გადაიტანოს ჩემი ყურადღება შეუძლებელი სიყვარულიდან მის მიერ ნაგრძნობ და განხორციელებულ სიყვარულზე:
შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ფურცლავდა აღმოჩენის მოლოდინით მტვრიან კაბადონს ევროპის საცავებში,
ან ვიფიქრო მის სიკვდილზე – სხვის გადასარჩენად ზღვით დახშულ სუნთქვაზე,
დაახლოებით ისეთზე, რისი შიშითაც დღეს სიყვარული დისტანციური გახდა, მე კი დისტანციურად ვმუშაობ.
– პადრე, რამხელა დისტანციაა, მთელი საუკუნე,
მაგრამ ამ ლექსში შენზე ვწერ და ჩემს სიყვარულს ვგულისხმობ.
მანძილზე ვწერ და მარტოობას ვგულისხმობ:
ბინას, რომელშიც მარტო ვზივარ, როგორც საკანში
და სიყვარულის სურვილს ვახშობ.
კავშირი წყდება, აქ, თბილისში,
სამაგიეროდ, სანტა მარინელას ვუკავშირდები.
*მიქელ თამარათი – მიხეილ თამარაშვილი.
*სანტა მარინელა (იტალია) – მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების ადგილი.