ზურა მელიქიძე 🔘 გამათამამე
⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛
გამათამამე
მითხარი, რომ თავზე ამომივა მეორე თავი,
რომელიც თავის მხრივ სასიცოცხლო რესურსად აღარ მოიხმარს ჰაერს
არც გაფილტრულს
და არც წვეთოვანს
რომ თავში ამივარდეს პირბადის გარეშე ცხოვრება
რომ უკუღმართად წაღმა ვიცხოვრო
პირი მიჩანდეს
უმსგავსოდ
და არც კი მრცხვენოდეს
არც მეშინოდეს,
როცა მეტყვიან- ნუ გეშინის, თან გეშინოდეს
თან ნუ იყვირებ,
თან იშიშინე,
რომ სიხშირეზე დარჩე
ისე იარე, რომ თვალები გიჩანდეს
იგუდებოდე,
მაგრამ ხელის გაწვდენაზე მყავდე…
გამათამამე
მითხარი, რომ ზამთარი მექნება თბილი
ვიქნები მწყობრში და
მწყობრიდან არ გამოვალ
უცებ ტანიდან ზამბარები რომ არ ამოვყარო
ერთიანად რომ არ ამოვახველო ნაქირავები ოთახების ყვითელი ჰაერი
ვიყო ურყევი რწმენაში საკუთარი მომავლის შესახებ
ან რწმენაში, რომლის მიხედვითაც მომავალი არ უნდა მქონდეს
გამათამამე,
დამამშვიდე, მითხარი, რომ თუკი მშიოდეს, ნუ მეშინოდეს- თან მეშინოდეს
შენი სიხშირე თან მფარავდეს,
თან მიფარავდეს
მითხარი, რომ ჩემთან იქნები, როცა ყვირილით დავიღლები
რომ ჩემთან იქნები, როცა ხმა მომწყდება და ლოდად ვიქცევი
მითხარი- სადენების ბოლოს გაზაფხული აყვავდება
რომ არასოდეს გახმებიან ყვავები ცაზე
და რომ ამერიკას წყალი არ დაფარავს
მითხარი, რომ სკაფანდრში გაზების გამოსაყოფდ არ მომიწევს, ავკრიფო *010#
და არ მომიწევს ჩემი პროცესორის გაზიარებით მოვიპოვო მოსაშარდი კონტეინერი
ერთჯერადი
ეკოთავსებადი
გამათამამე
მითხარი, რომ სმარტფონებს უსადენოდ დავტენით
რომ სმარტფონებს საერთოდაც ფონებს მოვაშორებთ და სმარტზე ვორიენტირდებით
ჰიბრიდული კონტეინერებით
3D ძაღლებით და
მარტივად გასაგები სიმბოლოებით
რომ
აღარ დაგვჭირდება წინადადებები, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს ძალა
რომ აღარ დაგვჭირდება ქაღალდი და
ხეებს აღარ მოვჭრით
მერე აღარ დაგვჭირდება ხეები, იმიტომ, რომ,
მეორე თავი, რომელიც ეს-ესაა ამომეზარდა,
აღარ მოიხმრს ჟანგბადს
გამათამამე
გთხოვ, მითხარი, რომ ავსტრალიაში თავიდან აყვავებული მცენარეები რაღაცას ნიშნავენ
და ეს მარტო იმიტომ არა,
რომ რაღაცას ყველაფერი ნიშნავს
არ მეზარება, დავახარისხო ნაგავი და ისე ვყარო ურნებში
შუშა ცალკე და პოლიეთილენი ცალკე და ცაკლე კარტოფილის ნათალი და ცალკე ირმის ნახტომი
ოღონდ, ნუ მეუბნები, რომ თან უნდა მეშინოდეს და თან არ უნდა მეშინოდეს.
თან შინ ვიყო, თან ვმუშაობდე, თან ვიშუშებდე
თან ვშიშინებდე
სიხშირეზე პოსტებში ვიგინებოდე
პოსტებზე ვიცინოდე და ჩართულ ეკრანთან მეძინოს
რომ ჩემს ექაუნთს ანათებდეს ონლაინ შუქურა!
აწ
და მარადის
ზურა მელიქიძე
2020 წ
ხაშური
თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,
თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,
მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,
გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე
და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;
თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად,
თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად
რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,
წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,
იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;
თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,
მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწილ –
ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაღა გეუბნება: “წინ მეთქი! გასწი!”
თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი;
თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას – ამინ!