პოეზია

ზურა მელიქიძე 🔘 რექვი ფაქინ ემი

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

თუ გავჩერდები
მიყვირიან

შენი ადგილი შენახულია!

ხაზში დაბრუნდი!

რომ გავაგრძელო თქვენი გვამების თრევა

თუ გავჩერდები

ცოტა ხნით ხაზიდან თუ გამოვალ

მიყვირიან

შენი ადგილი შენახულია!

რომ გავაგრძელო თქვენი გვამების თრევა

თქვენზე მოყოლა, თქვენივე ცხედრებით ზურგზე

სადაც ყურები ქვით აქვთ ამოლესილი

თქვენზე ყვირილი

რომ სულ არ გაქრეთ


თქვენი გვამებით მეტკინა ზურგი


რა მალე მოკვდით ყველა

და კიდევ რამდენი გზაა წინ

თქვენს მაგივრადაც მე უნდა ვიყო მე

და ეს იმისთვის, რისიც გვჯეროდა,
როცა გული გვიცემდა ხმამაღლა

ყველას გასაგონად და დასანახად

არყით გამთბარები ყვითელ ავტობუსებში

მეტროს ამოსასვლელებსა თუ გადასასვლელებში მეორე ხაზზე
სარდაფის სარდაფში
უამრავი ნაგვის უკან
ჩამომპალ
სარეპეტიციოებში

ბორდიურებზე

მიწისქვეშებში

როცა ციოდა

როცა ძირს ესხა არაყი და ჩვენ ყველგან ვფსამდით

ბოლო ავტობუსზე გულამომჯდარი მივრბოდით სპორტის სასახლესთან
ან სპორტის სასახლემდე

ან ხორავადან
ვიდრემდის ალექსანდროვამდე და
კაფე ვინსენტამდე. ასე იშვიათად ხელშესახებ და უნეტარეს ერთლარიან თურქულ ყავამდე ვინსენტში

და მერე ოპერის უკან არაყზე
და მერე ვერის ბაღთან
და მერე ფილარმონიის უკან
ანჟელას არაყზე

თუ პაპა კარლოს წინ
თუ მზიურში

თუ იქ, სადაც თავს შარდის სუნით ვიცავდით მიტოვებულ შენობაში,
ვიცოდით, ამ სუნს ვერავინ გადალახავდა

ამ სუნს ვერც დღეს გადალახავს ვერავინ

გამოდით

მინდა ნესტოებით გითრიოთ

რა მალე მოკვდით?
რა უცებ მოკვდით?

სად გადაშენდით
რა ჩაიტენეთ ყვირილით დახეულ ყელში?

როკ კლუბიდან რომ გამოვდიოდით
სველები და ბედნიერები

და სევდიანები და მთვრალები და დაღლილები და ბედნიერები
და ნაღრიალები და ნატრიალები და
პირში საშინელი გემოებით
შეცივნულები და ამაყები


მე კი ცოტა ხნით თუ მატკინა ზურგი თქვენმა გვამებმა
ტომრობით აკიდებულმა ოცნებებმა, სურვილებმა, სიზრებმა, სიტყვებმა და
მოკლეტექსტურმა შეტყობინებებმა.
ბანძ და დედამოტყნულ ტელეფონში უადგილობის გამო ხელით ამოწერილებმა.
ლათინური შრიფტით და სიმბოლოებით

ორწერტილებით და ფრჩხილებით და ჯანდაბა!
ჰაგებით

ხოარ ღადაობთ?

შარვალზე მიყინული ჯაჭვებით
მძიმე ბათინკებით

და ცოცხალი თვალებით

სადაც არ იკითხება, რას ვგლოვობდით ჩვენი შავებით…….

თვალის გახელის წამიდან
ნიჩბით დაჩეხილი ადამიანების ფოტოების მთელი კედელი სკოლაში
და წიგნების თაროზე ჩემი პანიკური შიში და უმწეობა,
სისხლში ჩაწობილი თითით დაწერილი 9 აპრილი
სქელტანიანი წიგნის ყდაზე,
სადაც ასევე
თვალსაჩინოებისთვის
ნიჩბით დაჩეხილი სხეულები..

და დახვრეტილი ბავშვები..
რომ აღარ იცი, რა ქნა და მთელი ცხოვრება მის ქუდს ატარებ..
და მაინც, გრცხვენია,
ხორცი გეწვის,
რომ არაფერი შეცვლილა
ასეთი ბლაგვი ხარ..
სახეში შემოგყვირიან,
სახეში ჩაგძახიან,
რომ ასეა.
რომ აქ ასეა
ასე იყო, ასე არის და ასე იქნება
რომ აქ
აქ
აქ
აქ ასეა
აქ ასეა
აქ ასეა
აქ
აქ ასეა
აქ ასეა
შენ ამ საზოგადოების ნაწილი ხარ
აქ ასე უყვარხარ ყველას

აქ
აქ
აქ .აქ აქ აქ!

სახეში ჩამყვირიან, დორბლიანი ტუჩებით მაშხეფებენ ,
რომ ვერაფერი ვქენით?
რა გავაკეთეთ?
რა შევცვალეთ?
რა ავაშენეთ?

თვალის ახელის წამიდან
ჩვენ დავიკაპიწეთ ხელები და გაგვქონდა და გაგვქონდა თქვენი ნანგრევები
თქვენი მახინჯი შენობის ნანგრევები
მახინჯი და ბოროტი კონსტრუქციის ნანგრევები
გაგვქონდა და გაგვქონდა ბეტონი, რკინა, ნაგავი
და მასში გაშლილი თქვენი ნაღორავები ნასუფრალი

სანამ ვპატიობდით პაპებს და ბებიებს კარაქის ნოსტალგიას მაცივრში
და მძღნერის მანქანის ნოსტალგიას კეთილ და გულუბრყვილო, მოხუც გულებში
ჩვენ
ინსტინქტურად და გაუჩერებლად
ინერტულად, ისტერიულად გაგვქონდა და გაგვქონდა თქვენი ნანგრევები
და ვჭამდით და ვმარხავდით ამ ნარჩენებს, სივრცისთვის, სადაც ახალ შენობას ავაშენებდით.
სადაც ერთად ვიქნებოდით,
ყველაფრის მერე, რასაც გავუძელით

გამოშვერილი თითების და მოქნეული იარღების და ზიზღის და აგრესიის, მიუღებლობის შემდეგ. სადაც ერთმანეთს ჩავეხუტებოდით.

და მერე ყველა ერთიანად მოკვდით და
მოვიდნენ ბავშვები,
ყვირილით- რა გააკეთეთ?
რა ააშენეთ? აქ არაფერია.
რა გაცვიათ? რატომ არ ხართ პოზიტიურები?
რატომ ამბობთ ყლე მუსიკაზე რომ ყლე მუსიკაა?
და რატომაა კარაქი მაცივარში ცუდი.

????????????????????????????????????????????



თუ გავჩუმდები

მიყვირიან

შენი ადგილი შენახულია

ადექი და გვითხარი, საიდან მოდიხარ?

ვინ ხართ და რას ატრაკებთ აბა?

და თქვენ ამ დროს ყველანი მოკვდით

ქუჩის სკამებზე წოლიანად და საათობით ყინვაში დგომიანად

თქვენ გადაიქეცით ფეისბუქზე პასპორტის სახელებად

ოფისში გადაღებულ ფოტოებად

დავარცხნილ და შეჭრილ

შეჭრილ და დავარცხნილ

დიახ, ჩვენთვის სამარცხვინო თავებად !

დიახ, თუ ვინმე ძალიან დაგაკვირდებათ, თქვენს სახეებზე პატარა შავ წერტილებს დაინახავს

უჩუმრად გამოძრობილი პირსინგების კვალებს

თქვენ გადაიქეცით თქვენი შვილების ფოტოებად

და დაივიწყეთ, რა სახით იდექით მუშტაიდის ბაღში ნავებთან

და დევებთან

ხანდახან თქვენი პროფილის ფოტოებს ვაკვირდები
ვცდილობ, ამოვიცნო, ვინ ხართ.
და მერე, ძალიან უკან თუ წავყევი, ათი წლის წინანდელ ფოტოში კი ამოგიცნოთ უცებ და შევხტები
ოღონდ, არ ვიცი, რას ვგრძნობ……..

მახსოვს, როგორ ვმღეროდით საწვიმარ მილში, რომ ჩვენი ხმა ზეცისთვის მოგვესმენინებინა

მახსოვს, როგორ ვიცავდით თავს შარდის სუნით, რომელსაც ვერავინ გადმოლახავდა…

მახსოვს, როგორ ვუხსნიდი პოლიციელს, რომ მიუხედავად ჩემი თმის სიგრძისა, პიდარასტი არ ვარ
და როგორ ვუხსნიდი ყლებავშვებს, რომ მიუხედავად ჩემი თმის სიგრძისა სატანისტი არ ვარ
და როგორ ვუხსნიდი ტყუილი ბორშით გაბერილ ფანჯარაში გადმოკიდებულ ბებიებს,
რომ, მიუხედავად ჩემი თმის სიგრძისა ჰაერში არ მაქვს სექსი
და არც ყველაფერთან
და არც ფიწლით

ღამით კი,
როცა ჩემს გაყინულ ნაქირავებ ოთახში ზამბარებიან საწოლზე გათოშილი ვწვებოდი,
ვიცოდი,
მახსოვდა,
რომ ჩვენ ვარსებობდით.
რომ დილით ერთად გავიღვიძებდით.
ჯაჭვებმიყინული ჯინსის ჯიბეში სტუდბილეთს ჩავიტენიდი და
გამოვდიოდი.

კარები იკეტება, შემდეგი სადგური ელექტრო დეპო

⬛ სელფ ფოტო: Nokia N70. Sepia ეფექტი. „ნახალოვკა“ ცისარტყელას ქუჩა. 2008 წელი)

ზურა მელიქიძე 2020 წ. ხაშური