სიახლეები

ნინო ამონაშვილი 🔘 სხეულის სიურეალიზმი

⬛⬛⬛⬛⬛⬛⬛⬛⬛⬛

ხელოვნებათმცოდნე ნინო ამონაშვილის მიმოხილვა, ელგუჯა ბერიშვილის ნამუშევრების შესახებ.

ავტორის ნამუშევრები სავსეა წარმოსახვითი პერსონაჟებით, რომლებიც ზღაპარში წარმოდგენილ ადამიანებს გვაგონებენ. ეს ერთგვარი ილუზორული გარემო საინტერესოს ხდის ნამუშევრებს, სადაც თითქოს ადამიანები უცხოები არიან. ისინი დამოუკიდებელ სივრცეში განაგრძობენ არსებობას, ინდივიდუალური ისტორიებით, თავიანთი სევდით და შიშებით.

ადამიანები სხეულში, რომელსაც აღარც სხეულის ფერი აქვს და აღარც ზუსტი ფორმა,  ფონად სიცარიელე აქვთ. სიბნელე, რომელიც მათი ცხოვრების ნაწილი ხდება ასოციაციურად გაკავშირებს იმასთან, რასაც ადამიანი განიცდის ცხოვრების გარკვეულ მომენტებში, იმ სევდასთან, რომელშიც უფრო მეტი „შენ“ ხარ ვიდრე გარემოებები და გარკვეულწილად ამ გარემოში შენიანებიც გეგულება, რომლებიც შენთან ერთად თანაარსებობენ და იგივენაირი განცდებით სულდგმულობენ, მაგრამ საბოლოოდ მათთვისაც ყველაფერი ბუნდოვანია, ისევე როგორც შენთვის. 

მარტოობას, ეგზისტენციალიზმს და ცოტა გულგრილობას რეალური სამყაროსადმი ნამდვილად იგრძნობთ ავტორის ნამუშევრებში, რომლებიც უფრო მეტად რაღაც წარმოსახვითთან გაახლოვებს, იმ შეუცნობელ გარემოსთან, რომელიც შეიძლება შენს მიღმა იყოს. 

რეალურის მიღმა შემორჩენილი ცხოვრება, რომელიც რეალური განცდებით სულდგმულობს და აქ დარჩენილი ადამიანები ცდილობენ გაემზადონ ცალკე არსებობისთვის, სადაც ნაკლებად არის სასიამოვნო შეგრძნებებისთვის ადგილი. 

ამ გარემოში ისინი საკუთარ თავს ექვემდებარებიან, საკუთარი „მე“-დან გამოსულ შეგრძნებებს აკვირდებიან და აგრძელებენ „გაოცებას“ იმით რაც ხდება, იღებენ ემოციებს და განაგრძობენ ცხოვრებას. 

გარემო სიურეალისტურია და არცერთი ნამუშევარში კონკრეტულობა და მზა პასუხი არ არის.  ეს ყველაფერი უფრო მეტად გაჩვენებს სიცარიელეს და მარტოობას, რომლის სადღაც „გადასროლასაც“ ყველა ვცდილობთ, ან სულაც იმ გაურკვევლობების რომლებსაც ვაწყდებით ცხოვრების მანძილზე.