პროზა, სიახლეები

ანეტ შტრაუსი 🔘სტას ციბულსკი🔘 Love Me or Leve Me

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

ჩემ გვერდით წევს. ფანჯრიდან მზე შემოდის და მის სახეს ანათებს. ბევრი ხალი აქვს. ერთი ვიფიქრე, ფარდას ჩამოვაფარებ-მეთქი, მაგრამ ადგომა მეზარება. თან მგონი არც აწუხებს, ბავშვივით სძინავს. ნეტავ, რამე თუ ესიზმრება?

სიზმრებით ზუსტად მაშინ დავინტერესდი, როცა ის გამოჩნდა. იქამდე საინტერესო დიდად არაფერი მესიზმრებოდა, რომ არაფერი ვთქვა სხვების სიზმრებზე. ზოგადად, სანამ ის მოვიდოდა, სხვები ფეხებზე მეკიდა. მათი აზრები, ემოციები, მათი ცხოვრება. ადამიანები ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ დროებით ჩერდებოდნენ. და ეს მათი ბრალი არ იყო, მე ვისურვე ასე. რადგან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისინი მგზავრები არიან, რომლებიც ჩვენთან მხოლოდ რაღაც დროით უნდა დარჩნენ, მერე კი თავიანთ გზებს გაუყვნენ. მხოლოდ ასე შეიძლება შეინარჩუნო ის, რასაც ჰქვია მღელვარე ცხოვრება. რასაც უწერდნენ ლექსებს პოეტები და რაზეც ოცნებობენ დაღონებული თინეიჯერები შუაღამისას.

ჩემს თვალწინ მხოლოდ მოგონებები ირევა, და ფერები, შავი ქუდი, ადამიანები, წვიმა, მუსიკა. ვონ კარ-ვაის ფილმები. მისი ფილმები მიყვარს. ნეონის განათებებს ისე იყენებს, თითქოს ყველაზე მეტად ამ უსახურ ნათებას შეეძლოს სიყვარულის ახსნა. სიყვარულის ახსნა მაყურებლისთვის, ადამიანებისთვის, სწორედ იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ვახსენე, უამრავი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში ისეთი, ვინც არ გავიცანით, ან ვერ გავიცანით, მაგრამ შეიძლებოდა ჩვენი საუკეთესო მეგობრები გამხდარიყვნენ. 

ნეტავ რა ესიზმრება? ან თუ ესიზმრება რამე?

ჩვენი კავშირიც, ასე მგონია, სიზმრებით დაიწყო. პირველად არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი სილუეტი, რომელიც იყო ის და რომლის შესახებაც, დიდად არაფერი ვიცოდი. მეტიც, ის და ჩემი წარმოდგენა მის შესახებ ორი სხვადასხვა რამ იყო. მაგრამ სიზმრები… ყოველი სიზმრით ვიახლოვებდი. დღემდე მაქვს შიში, რომ მის სიზმრებში ჩემი სახე არასოდეს გამოჩენილა. ეს ჩემში  საშინელი, გადაულახავი მარტოსულობის განცდას იწვევს, მაგრამ ამაზე ფიქრს არ ვწყვეტ. 

ჩემ გვერდით წევს. სახეზე ბევრი ხალი აქვს. ხელები თავქვეშ ამოუდია და ისე სძინავს, მინდა, რომ მხრები დავუკოცნო. ლამაზია. ჩემს სიზმრებშიც ლამაზი იყო, მაგრამ აქ რომ გამოჩნდა, ჩემს საწოლში რომ გამოჩნდა, მივხვდი, რომ ისიც არ იყო საკმარისი ჩემი მარტოობის გასაქარვებლად. საწოლის წინ მისი ფეხსაცმელები დევს. მალე გაიღვიძებს, ალბათ სწრაფად ჩაიცვამს, მაგრამ შეიძლება არ ვაცადო… მალევე წავა, ხვალ კი ისევ შევხვდებით. ასე თვეებია გრძელდება. მაგრამ დღეს პირველად გვეძინა ერთად. როგორი შეგრძნება იყო? არ ვიცი. ალბათ, მინდოდა, რომ მარტო დამეძინა. მინდოდა, მისი ლამაზი სხეული უბრალოდ სხვაგან ყოფილიყო. რადგან ასე, უფროდაუფრო მეტად მიპყრობს შიში, რომ რაღაც წმინდას ჩემი ბინძური ხელებით ვეხები. სახეზე ბევრი ხალი აქვს და ლამაზია.

ის ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებს, როგორც ამას თვითონ ამბობს, მაგრამ დღეს მე საერთოდ არ მიძინია, მთელი ღამე ვაკვირდებოდი. ვერ დავიძინე, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი სიზმრები ისევ გააფუჭებდნენ რამეს. ახლა უნდა წავიდე. ამჯერად მე ჩავიცვამ ნელა, ვეცდები, არ გავაღვიძო. წავალ და გავისეირნებ. მაგრამ არ დავბრუნდები. დღეს არა. არც დავურეკავ. არც რამეს ვეტყვი. არც მივწერ. სჯობს, მარტო ვიყო.

****

ქუჩაში ბევრი ხალხია. ვხედავ მათ ფერად ტანსაცმელს, ვხედავ მაღაზიების აბრებს, ქუჩებს, რომლებიც შიგადაშიგ ვიწროვდება, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთ სივრცეში მოვხვდი, ჩაკეტილ სივრცეში. ჰაერში დილის სუნი ტრიალებს. ასეთი სუნი იშვიათია. მხოლოდ დილით იცის და მხოლოდ ზაფხულში. მაინტერესებს, დღეს რა დამესიზმრება.

მერე კაფეში შევდივარ. როგორც ყოველთვის, ერთ კაპუჩინოს ვუკვეთავ და ფანჯარასთან, ყველაზე მიყრუებულ კუთხეში მიმწყვდეულ მაგიდას ვირჩევ. საბედნიეროდ, ჩემი ადგილი არაა დაკავებული, არც მიკვირს. ასეთ დროს აქ ბევრი ხალხი არ არის. ყავა ცხელია. ხელები გაყინული მაქვს.  ნეტავ, უკვე გაიღვიძა? იცვამს? როგორ გამოიყურება მისი სახე? რას ფიქრობს? რა იფიქრა, როცა ჩემი იქ არყოფნა შენიშნა? გული დასწყდა? შვება იგრძნო, თუ მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონია? ამ შეკითხვებს არასოდეს დავუსვამ. ამის ცოდნა დიდად არც მჭირდება, პირიქით, ეს ის კითხვებია, რომლებსაც კითხვის ნიშნები არასოდეს უნდა მოვაშორო. 

****

საღამოა. ჩემ წინ ლამაზი პეიზაჟი იშლება. მე კი დღეს გადავწყვიტე, რომ ტყეში უნდა წავსულიყავი. ამ ტყეში ბავშვობისას დავდიოდი. ბევრჯერ მინახავს მზის ჩასვლა. აქაური სუნიც მიყვარს, ხეების, მარტოობის, და იმედების. დამირეკა. არ მინდოდა, მეპასუხა, მაგრამ ვერ გავძელი.

– დღეს რატომ წახვედი? – მისალმების გარეშე მითხრა. გავჩუმდი. რატომ წავედი? არც კი ვიცი, რატომ წავედი, მაგრამ მაინც უნდა წავსულიყავი. 

– დღეს რატომ წახვედი? – მიმეორებს ისევ კითხვას.

მინდოდა. – ვპასუხობ მოჭრით.

მაგრამ ჩემთან ყოფნაც გინდოდა, – მეუბნება ის.

ყურმილს ვკიდებ. არ ვიცი რა ვუპასუხო. მე ის არ მიყვარს. საერთოდაც, მგონია, ერთად რომ გვეძინა, ერთი დიდი შეცდომა იყო. ის, რაც მასთან მაკავშირებს, ბევრად სხვაა, ვიდრე სიყვარული. და ამაში არც სხეული უნდა გარეულიყო. სხეული სხვაა. მან მხოლოდ მგზავრებთან უნდა დაგაკავშიროს. მე არ მინდა, ის დროებით იყოს აქ. მინდა, ვაჩვენო ტყეები, მდინარეები და ის გზები, სადაც ბავშვობაში დავდიოდი. სადაც ყოფნა მიყვარდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაფერი მაინც გააფუჭა იმ მარტივმა და ბანალურმა რამემ, რომელმაც დღეს ერთ ოთახში ამოგვაყოფინა თავი. ასე იყო.

ეს წყეული ღამე, ღამე, რომელმაც ჩვენი გრძნობა, ჩვენი სიზმრების კავშირი, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში არია, ახლა მეშინია, რომ ყველაფერს გააფუჭებს. არ მეშინია განშორების, მისი დაკარგვის, მარტოობის, ტკივილის, ჯოჯოხეთის. მეშინია იმის, რომ ერთად ყოფნას გავაგრძელებთ. ვივლით პაემნებზე, ის კინოში დამპატიჟებს, მე მშობლებს გავაცნობ. ვაჭარბებ, ვიცი… უბრალოდ, სხვების მიერ გაკვალულ გზას მივყვებით. ნეტავ რა უნდა მოხდეს ასეთი? რამდენი ჯოჯოხეთი უნდა გამოვიაროთ, იმისთვის, რომ ამ დაწყევლილი სამყაროსგან თავისუფლება ვიგრძნოთ? რომ აი ამ, ჯადოსნურ ტყეში ვიცხოვროთ, ვიხეტიალოთ ერთმანეთის მოგონებებსა და ფიქრებში, ტკივილიდან ნეტარებაში გადავდიოდეთ და პირიქით.

***

– გამარჯობა. 

რა ხდება? 

– მე უკვე რაღაც ხანია გაკვირდები. ძალიან ცოცხალი მიმიკები გაქვს. 

– აა… ხო… ალბათ, – ამაზე მეტს ვერაფერს ვამბობ, იმდენად უადგილოა მისი სიტყვები. იმდენად უადგილოა თვით მისი აქ ყოფნაც. 

– შენ ტყეში მიდიხარ? გამოგყვები. მეც მიყვარს აქ სეირნობა. თან დღეს კარგი ამინდია. 

რაზე ლაპარაკობს? ან საერთოდ რატომ იღებს ხმას? 

წინააღმდეგობას მაინც ვერ ვუწევ და რაღაც მანძილს ერთად გავდივართ.

– აქ ალბათ პირველად ხარ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არასოდეს შემიმჩნევიხარ. აქ მე… ჩემს მეგობრებს ვხვდები. შეიძლება გაგაცნო…

პირველად ვამჩნევ რაღაც ისეთს მის სახეზე? უხერხულობა? ხო, ალბათ, ყველაზე სწორი ეს სიტყვა იქნება.

– ჩემს მეგობრებზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, თუმცა, ნახვა სჯობს… ალბათ, შეგიძლია გიჟად ჩამთვალო. 

– რას გულისხმობთ?

– მე… ჩემი მეგობრები. სინამდვილეში ისინი არ არსებობენ, უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარს მათთან ყოფნა. და ეს მხოლოდ ამ ტყეში გამომდის.

ისევ იმაზე ვფიქრობ, რომ მითხრა, ალბათ აქ პირველად ხარო. პირველად ვარ? მეღიმება. არა, პირველად არ ვარ. მე ზუსტად აქ მივხვდი, ამ ხეებს შორის როცა ვიწექი, მივხვდი, რომ ყველას უნდა განვრიდებოდი. და ეს ამბობს, რომ მე აქ პირველად ვარ? ცოტათი მაღიზიანებს. თავისი წარმოსახვითი მეგობრებით და მისტიურობით. ასეთი ტიპები დიდად არ მიყვარს. მე რეალურ ადამიანებს ვცემ თაყვანს, თუნდაც დროებითს, თუნდაც მხოლოდ წამიერს. ამიტომაც დიდად არ მაინტერესებს, ახლა მათზე რას მოყვება. მაგრამ მაინც ვუსმენ, მარტოობა თურმე ხანდახან არც ისე სასიამოვნო ყოფილა.

– გაიცანი, ენჯი ჰქვია. ბუნებით პერფექციონისტია, ძალიან მზრუნველი. ყოველთვის გვეუბნება, როგორ უნდა ჩავიცვათ, რა დაგვავიწყდა, რა უნდა მოვაგვაროთ ჩვენს ცხოვრებაში. პოლი პირიქით, მისი სრული ანტიპოდია. ის დღევანდელობით ცხოვრობს, იმით, რაც არის აქ და ამჟამად. პოლის სახეზე ღიმილის გარდა იშვიათად ნახავ რამეს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მის თვალებში ყველაზე დიდი სევდა იმალება.

ის თავისას აგრძელებს, მე მგონი, აქ მეგობრების მთელი ამალა შეაგროვა. ყველას სახელი აქვს, ისტორია, ზოგზე ლაპარაკს ორ წამს უნდება, ზოგზე კი – ძალიან დაწვრილებით საუბრობს. ამავ დროს, რომ შეხედო, არც რომანტიკოსს და არც მარტოსულ ტიპაჟს მოგაგონებს. ნეტავ, რეალურ ცხოვრებაში თუ ჰყავს მეგობრები, ან თუ ჰყავს, როგორ ახერხებს ამ ორი სამყაროს – რეალურის და წარმოსახულის ერთმანეთთან შეთავსებას?

უცებ სიმღერას ვიწყებ. ეს ბოლოს მაშინ გავაკეთე, როცა შვიდი თუ რვა წლის ვიყავი. იმის მერე არ მიმღერია. არც კი ვიცი, რატომ. უბრალოდ, დიდად არ მესიამოვნა, მახსოვს. მაგრამ ყველა მეუბნებოდა, რომ ლამაზი ხმა მქონდა. ჰოდა, ახლა ისე უცებ ავმღერდი, რომ საკუთარმა თავმა გამაკვირვა. ის მოგონებებიც გამახსენდა, როგორ მთხოვდა სემი, რომ მისთვის მემღერა, მე კი არ ვუმღერე. სიმღერა მოვასმენინე, სულ სხვა ადამიანის ნამღერი, ისიც კარგად მახსოვს, როგორ ვიეჭვიანე მაშინ, რადგან ვიფიქრე, ეს ადამიანი ჩვენს შორის დგებოდა, რაღაც ისეთს აკეთებდა, რაც მე რატომღაც არ გავაკეთე. მაშინ ამ ფიქრის შემრცხვა. ახლა კი ისე უაზროდ ვიყავი, რომ სიმღერა უცებ წამოვიწყე. თან ამ ადამიანს არც კი ვიცნობ, ფეხებზე მკიდია რას იფიქრებს ჩემზე.

სიმღერა რომ დავასრულე, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ უკვე მიწაზე ვისხედით. ზაფხული მთავრდებოდა, ამიტომ ზოგი ფოთოლი უკვე ყვითელი იყო. მოკვდინებას იწყებდნენ. ეს ტიპი ყურადღებით მისმენდა. გავიფიქრე, ნეტავ, მისი მეგობრები თუ მისმენენ-მეთქი. ალბათ, პერფექციონისტი ენჯი, ცოტას გამაკრიტიკებდა კიდეც. როგორც ჩანს, მაინც გამეპარა დეტონაცია. რა სასაცილო სიტყვაა. ამას ეძახდა ჩემი მასწავლებელი არაზუსტ ნოტებს, მე კიდევ, არასოდეს მიყვარდა მისი გამოყენება. მაგრამ ენჯის წინაშე რომ წარსდგები, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.

ის ჩაფიქრებული მიყურებს. ახლა უკვე ვგრძნობ, რომ თავის მეგობრებთან არ არის. შეიძლება მისთვის უფრო საინტერესო გამოცანა აღმოვჩნდი, ვიდრე ის სამყარო, რომელიც მან საკუთარი თავის გარშემო ააგო და რომელშიც დაიმალა. ნეტავ როდის შეწყვიტა ლაპარაკი? ან რა თქვა ბოლოს? 

რაღაც ხანს კიდევ ჩუმად ვისხედით. 

– უცნაურად მღერი, – მითხრა უცებ.

– უცნაურად? რას ნიშნავს უცნაურად?

– არ ვიცი, სხვანაირად როგორ ვთქვა. უბრალოდ უცნაურად.

– ასეთი რამ არ გამიგია. 

– ეს არც ლამაზია და არც ულამაზო. არც კარგი და არც ცუდი. უბრალოდ, რაღაც საშინლად უცხოა. აი, წარმოიდგინე, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელი ჩამოგყავს და მას ფორტეპიანოზე დაკრულ სიმღერას ასმენინებ, მათ სამყაროში კი თავად მუსიკა არ არსებობს. აი, ამდაგვარია შენი სიმღერა. 

– და მაინც, რას ფიქრობ მასზე? – ეს კითხვა, არ ვიცი, რატომ დავსვი. ხომ არ მაღელვებდა მისი აზრი, და მით უმეტეს, არც ენჯის ნასროლი კრიტიკა.

– რას ვფიქრობ მასზე? არ  ვიცი… მე მასზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე მგონი, ეს უფრო შეგრძნებების დონეზეა. გამიჭირდება ამის სიტყვების სამყაროში გადატანა. და მგონი არცაა საჭირო. 

მე მგონი, პირველად თქვა რაღაც საღი. ყოველ შემთხვევაში, ამჯერად მისმა სიტყვებმა ჩემშიც ჰპოვეს გამოხმაურება. 

ყველაფერი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა. ჩემი ფიქრებიც. დაიბნა ეს ტიპიც, რომელიც, ჩემთან უკვე ახლოს იჯდა. შევატყე, რომ გაუკვირდა: თუმცა რა უკვირდა, არც კი ვიცი. ტელეფონს რომ დავხედე, ისევ ის იყო. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი, მაგრამ მაინც ავიღე.

– ვიცი, ახლა სადაც ხარ. – მითხრა მან.

– არაფერიც არ იცი, – ვუპასუხე გამომწვევად და ჩემი თავის გამიკვირდა: ისევ თამაში მინდოდა.

– ვიცი. იმ ტყეში ხარ, სადაც მაშინ მიდიხარ ხოლმე, როცა ფიქრი გჭირდება. ალბათ მარტო ხარ, – მითხრა მან და ეს არ მომეწონა, რადგან მარტო არ ვიყავი, მაგრამ ალბათ უნდა ვყოფილიყავი.

ვიჯექი ამ ტიპის გვერდით და ვფიქრობდი, რა მეპასუხა.

მერე კი ვუთხარი.

– არა, არ ვარ მარტო. აქ ვიღაც ბიჭი გავიცანი. მეგობრებიც გამაცნო. 

სიჩუმე.

არაფერს მპასუხობს. ალბათ უკვე წავიდა ჩემი სახლიდან, ალბათ უკვე თავისი ყავაც დალია. ამას ყოველ დილით აკეთებს. როგორც თვითონ ამბობს, თორემ მე კი არასოდეს მინახავს.

– არ გინდა მოვიდე? – მეკითხება ის. ვიცი, არ სჯერა, რომ მარტო არ ვარ.

– მოდი, – ვეუბნები მე.

მოვიდეს? რატომ უნდა მოვიდეს? ვფიქრობ ისევ. მაგრამ ისევ დაჟინებით ვამბობ:

– მოდი.

უცებ… არც კი ვიცი საიდან გამიჩნდა ეს სურვილი – საშინლად მომინდა, რომ მეღალატა მისთვის. თან მეღალატა ისე, რომ თავისი თვალით დაენახა. ამაზრზენი თავად ეს სურვილიც იყო, განხორციელებაზე ხომ არაფერს ვამბობ. მაგრამ, იქნებ სწორედ ესაა იმ შეცდომისგან გარდაჩენის გზა, რომელიც გუშინ დავუშვით. იქნებ ამ ახალ ჯოჯოხეთს შეუძლია, განწმინდოს ჩვენი ურთიერთობა, რომელიც სიყვარულისგან ძალიან განსხვავდება, რეალური ცხოვრებისგან. თუნდაც, ეს ჩვენი დაშორებით დამთავრდეს. იმ რუტინულ მახეს, რომელშიც კინაღამ გავებით, ყველაფერი სჯობს.

– შენს მეგობარს ელაპარაკე? ახლა აქ უნდა მოვიდეს? – მეკითხება ის ღიმილით, თუმცა ვატყობ, რომ მთლად არ ესიამოვნა. დაიძაბა. 

– არაფერია, – ვთქვი მე, – თქვა, რომ არ სცალია. ასე რომ, ჩვენ ორის გარდა ამ ტყეში არავინ იქნება.

– და ჩემი მეგობრებიც, – დაამატა მან.

– და შენი მეგობრებიც, – ვუპასუხე მე და ხელი მხარზე მოვხვიე. 

როგორც კი შევეხე, გვერდით გაიწია. მივხვდი, არ ესიამოვნა. ამან კიდევ უფრო  გამიფუჭა ხასიათი. როგორც ჩანს, ჩემი სურვილები სულ ტყუილად ჩანდა ისეთი აზარტული, როგორსაც ვფიქრობდი. ეს პრობლემა ყოველთვის არის – ადამიანები ხშირად ჩემნაირები არ არიან. მათ არ მოსწონთ თამაში.

ნეტავ, მართლა აპირებს მოსვლას?

ამ ბიჭის სახელიც კი არ ვიცი, მაგრამ უკვე ვიცნობ მის მეგობრებს, ისიც ვიცი, რომ აქ ხშირად მოდის, და ისიც, რომ სიტყვებით რაღაცების ახსნა დიდად არ ეხერხება. 

რომელიღაც წიგნს მაგონებს. წიგნებს ადრე უფრო ვკითხულობდი. ამ ფიქრებს ისევ მაწყვეტინებს რაღაც. ფეხის ხმაა. ამ ტყეში მარტო და ეს ბიჭი ვართ. მაგრამ ფეხის ხმა იმატებს.

მერე ხმაც მესმის.

ვიღაც ჩემს სახელს იძახის.

– მგონი მოვიდა, – ისევ უსიამოვნოდ ამბობს ბიჭი და ვხვდები, რომ წასვლას აპირებს.

– არ წახვიდე, – ვეუბნები მე და ვუღიმი.

– აჰ… ჩემს მეგობრებსაც წასვლა უნდათ, – მეუბნება გულუბრყვილოდ, მაგრამ მის გაშვებას არსად ვაპირებ.

ისიც გამოჩნდა. წითელი მაისური აცვია, ნელა მოაბიჯებს. როგორც ჩანს, ეს ბიჭი უკვე დაინახა. ჩემს სახელს აღარ იძახის, უბრალოდ მოდის. მერე მე ფოთლებზე ვწვები, და ისევ ვიწყებ სიმღერას. ამჯერად ვუმღერი ღამეს, ბლუზს, ჭიქა ღვინოსა და სიყვარულს. სიყვარულს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ლამაზი.

***

დღეს ტყეში წასვლას საერთოდ არ ვაპირებდი. აქ მე მგონი ადრეული თინეიჯერობის დროიდან არ ვყოფილვარ. მახსოვს, ბავშვობაში, თავს ძალიან მარტოდ რომ ვგრძნობდი, აქ მოვდიოდი და წარმოსახვით მეგობრებს დამალობანას ვეთამაშებოდი. არ ვიცი, რამ მიბიძგა დღეს. ბარში, როგორც ამას პარასკეობით ჩვეულებრივ ვაკეთებ, ლუდი შევუკვეთე. უცებ ის ტყე გამახსენდა. ძალიან შორი გზა არ იყო და მეც ვიფიქრე – რატომაც არა.

წამოვდექი, შეკვეთა გავაუქმე და გზას დავუდექი.

ქალი უეცრად შევნიშნე. ის თითქმის არც მიდიოდა. იდგა და მხოლოდ ხანდახან რაღაც სპონტანურ ნაბიჯებს დგამდა. წასვლა მომინდა, მაგრამ წამიერი სისუსტე დავამარცხე და მივუახლოვდი. 

 რაღაც იყო ამ ქალში, რაც ერთდროულად მიზიდავდა და მთრგუნავდა კიდეც. 

– გამარჯობა, მე უკვე რაღაც ხანს გაკვირდები – ვუთხარი მას.

ქალი შეკრთა. ჩემი მოახლოება მას აშკარად არ შეუნიშნავს. არ ვიცი, რატომ ვუამბე პოლსა და ენჯიზე. ისინი ხომ მხოლოდ მე მეკუთვნოდნენ. კიდევ მოვატყუე, თითქოს ამ ტყეში კვლავ დავდივარ. მაინტერესებდა მისი რეაქცია. რადგანაც ვგრძნობდი, რომ ახლა მის ტერიტორიაზე ვიჭრებოდი, თითქოს, თავს ვიმართლებდი, რომ სინამდვილეში – ეს ის იმყოფება ჩემს ტერიტორიაზე. სიმღერა რომ დაიწყო, ჩემში თითქოს რაღაც შეირყა. ეს ხმები ბუნდოვანი და აბსტრაქტული შეგრძნებებით მავსებდა. ეს იყო დანაწევრებული მთლიანობის ნაწყვეტები –  სახეები, სიტყვები, რაღაცის შიში და მტანჯველი მოლოდინი. თუმცა სინამდვილეში არცერთი მათგანი არ ყოფილა და უბრალოდ ვცდილობ, სიტყვები მივუსადაგო იმას, რასაც ვგრძნობ. მისთვის ამ ყველაფრის ახსნას არ ვაპირებ. და თავის სიმღერაზე აზრი რომ მკითხა, რაღაც ზოგადი წინადადებებით შემოვიფარგლე. თუმცა ის კი ვუთხარი, რომ იმათგან არაფერს ჰგავდა, რაც აქამდე გამიგონია, და ეს სრული სიმართლე იყო.

ტელეფონმა რომ დაურეკა, თითქოს გამომეღვიძა. იმდენად უადგილო იყო ეს ხმა, ამ ჯადოსნურ ტყეში, მობილური ტელეფონი? ჰმ. აშკარად კაცს ელაპარაკებოდა. არა, ხმა არ მესმოდა, მაგრამ რაღაც ინტუიტიურად მივხვდი. მგონი ის აქ მოსვლას აპირებს. არა, მითხრა მან, – თქვა, რომ არ სცალია და ვერ მოვა. აქ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მთელი ღამე.

ხელი რომ მომხვია, პირველად მისდამი ზიზღი ვიგრძენი. ნეტავ, რატომ? იყო მის ჟესტში რაღაც საშინლად არაბუნებრივი. ნაბიჯების ხმამ ტყის სიჩუმე დაარღვია. მაშინვე მივხვდი, რომ მომატყუა და ის ვიღაც გვიახლოვდებოდა. 

– არ წახვიდე, – თქვა მან. ნეტავ, როგორ მიხვდა, რომ წასვლას ვაპირებდი, მე ხომ არაფერი მითქვამს. 

– ჩემს მეგობრებსაც წასვლა უნდათ , – ვუთხარი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, სხვა რა უნდა მეთქვა. 

*** 

სემი მოგვიახლოვდა. ვხედავდი, რომ ხელში კამერა ეჭირა. ამ კამერით ვიდეოებს იღებს ხოლმე. მერე ერთმანეთს აწებებს და ასე გამოდის რაღაც, ფილმის მსგავსი. მე არ შევიმჩნიე მისი მოსვლა. ისევ ისე ვიწექი ბალახზე და ვმღეროდი. გაკვირვებული ჩანდა. ჩემი სიმღერა ადრე არასოდეს მოუსმენია. ისიც ვნახე, როგორ ჩართო კამერა, ხელში მოიმარჯვა და გადაღება დაიწყო. მაგრამ მე იმან გამაკვირვა, რომ მე კი არა, იმ ბიჭს უღებდა, რომლის სახელიც არ ვიცი.

ბიჭი დაიბნა. ეტყობა, რომ დიდად არ მოსწონს, რაც ხდება. მე ისევ ვწევარ. ამ ორს ვაკვირდები და მეღიმება, როგორი კარგია ყველაფერი, როცა პირობებს არ დებ. ვუყურებ მათ და მინდა, სემის კამერაში შევიჭყიტო, მინდა ჩემი სახე გამოჩნდეს და იქ ყველაფერი ჩანდეს, რასაც ვფიქრობ. მინდა სემს შევზიზღდე. შეუძლია სემს რომ ვძულდე? არ ვიცი. 

ბიჭი დგება. ვფიქრობ, რომ სახლისკენ მიდის. მაგრამ სირბილს იწყებს. დარბის. ხეებს შორის. ხეებს უკან იმალება. თან მე მიყურებს. ხან კიდევ სემს გადახედავს. იცინის. სემიც მიჰყვება, დარბიან. სემს ეტყობა, რომ გადაღება მოსწონს. მე უკვე აღარ მინდა, ბალახზე ვიწვე. ვდგები და მეც იმ ბიჭს ვუერთდები. ახლა უკვე სემს ეტყობა, რომ დიდად არ მოსწონს რაც ხდება. საიდანღაც მუსიკა მესმის. არა, ეს მუსიკა მართლა კი არ არის, უბრალოდ ხანდახან ჩემს თავში სიტუაციების შესაბამისად მუსიკა იწყებს დაკვრას. ამჯერად ნინა სიმონეა. ის უმღერის თავის სიყვარულს, რომ თუ არ იქნება მასთან, მაშინ არც სხვასთან ყოფნა მოუნდება. რომ სიყვარული მხოლოდ მისთვისაა, რომ ღამე კარგი დროა კოცნისთვის.

მე კიდევ შენელებული კადრებით ვაკვირდები ჩვენს სირბილს, იმას, როგორ იღებს სემი, და ცინიკურად მეღიმება. ჩემო სიყვარულო, ის, რასაც ვგრძნობ, მხოლოდ შენთვისაა. მხოლოდ შენთვის.

****

მაინც წასვლა მქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ მისი სიმღერა ისევ რომ გავიგონე, ჩემს თავს უკვე აღარ ვეკუთვნოდი. ის მღეროდა, მე კი მისი სიმღერის ხმაში ვიხრჩობოდი. ის, მესამე, უცხო, გვიყურებდა. ხელში რაღაც ეჭირა. რა არის ეს, ნეტავ? მერე მან ეს რაღაც ჩემკენ გაიშვირა და როგორც იქნა, შევძელი საგანზე კონცენტრირება. კამერა? ანუ, ის მე მიღებს? თავი სურეალისტური სცენის გმირად ვიგრძენი, მაგრამ კიდევ რაღაც იყო… ვიგრძენი, რომ ეს ორი თავის ენაზე ლაპარაკობდნენ, ენაზე, რომლისაც არაფერი გამეგებოდა. მაგრამ ამის უკან კიდევ უფრო საშინელი განცდა იმალებოდა. თავი ვიგრძენი ისე, როგორც მსხვერპლი, რომელსაც აუპატიურებენ. ღრმად ჩავისუნთქე, თვალები მივხუჭე და მათ ადგილას პოლი და ენჯი გაჩნდნენ. ჰო, ასე სჯობს. ეს პოლი და ენჯია. ავხტი. მე მათთან ერთად ყოფნა მინდოდა. მინდოდა, მეც იმ უცნაური, საშინელი და რაღაცით მიმზიდველი აქტის მოქმედი პირი გავმხდარიყავი. და გავაკეთე ის, რაც პოლთან და ენჯისთან ყველაზე უკეთ გამომდიოდა. სირბილი და მასხარაობა დავიწყე.

პოლი შემომიერთდა. ხელში კამერა უჭირავს და მიღებს. ხანდახან მახსენდება, რომ ის სულაც არაა პოლი, მაგრამ ასეთ დროს თავს ვაძალებ, ამაზე არ ვიფიქრო. მათ ადგილას პოლი და ენჯი უნდა იყვნენ, მხოლოდ ასე შევძლებ, ჩემი როლი ბოლომდე გავითამაშო. 

ენჯიც გვიერთდება. ჰმ. პერფექციონისტი ენჯი? და ჩვენთან ერთად? ასეთ უაზრო თამაშში ებმევა? აშკარად სასწაული უნდა მომხდარიყო. პოლის სახეზე უკმაყოფილება ჩანს. არა, ეს უკმაყოფილებაზე მეტია. ამ სახეს ვუყურებ და საბოლოოდ ვხვდები, რომ ეს პოლი არაა. 

* * *

მაინც რა შეიძლება იყოს სიყვარული? იქნებ სემს ვუთხრა, რომ ეს ბიჭი მიყვარს? იქნებ სემს ვუთხრა, რომ სემი მიყვარს? რომელი იქნება სწორი? რომელი იყო გულწრფელი? რომელი მაგრძნობინებს იმას, რომ მართლა ვამბობ, რაც ჩემშია. 

ბიჭებს არ ვუყურებ. თვალები დახუჭული მაქვს და ახლა სირბილის ნაცვლად ცეკვას ვიწყებ. რამე სასმელი რომ გვქონდეს, და ალბათ ყველაზე კარგი წითელი ღვინო იქნებოდა, ყველაფერი სხვა ელფერს შეიძენდა. მე გადავეშვებოდი იმ მოტკბო-მომწარო გემოში, რასაც ეს ბიჭები მაძლევენ. რაც მაფიქრებინებს გუშინდელ ღამეზე, სემზე, მის მხრებზე, მის სახეზე, და იმაზე, რომ ჩემს საწოლში ეძინა. 

მერე კი ამ ბიჭზე ვფიქრობ. მის უცნაურ მეგობრებზე და იმაზე, რომ ზუსტად იმ ტყეში ხეტიალობს, სადაც მე მიყვარდა ყოფნა. სადაც მივხვდი, რომ ბავშვი აღარ ვარ, სადაც მივხვდი, რომ დროა, წავიდე.

ბიჭს სახეზე ოდნავი გაკვირვება ეტყობა. სემს უყურებს. მე მინდა, ამ ყველაფერზე ფილმი გადავიღო. სემს კამერა აღარ უჭირავს. ბალახზე დადო და ახლა ისიც ბოლომდე აჰყვა ჩვენს როკვას. სემი ასეთი არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს, მართლაც მოეწონა ის, რაც ნახა. მე კი, მეგონა, ერჩივნა, რომ მარტო ვყოფილიყავი.

ადამიანები. სულ ვფიქრობდი, რომ ბევრი მათგანი საჭირო არ იყო. მაგრამ ახლა, როცა მესამეს შემოერთება ვიგრძენი, მივხვდი, რა კარგი იყო ამ ორ ადამიანთან ერთად ცეკვა, რომლებიც მე კარგად არ მიცნობენ. რომლებმაც არაფერი იციან ჩემზე, ამ ბიჭმა ჩემი სხეულიც კი არ იცის. სემმა კი ჩემს კისერზე ხალებიც დაითვალა. როგორც ჩანს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. 

ბიჭს წასვლა უნდა. ამას ვგრძნობ. მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ არსად არ წავა. მგონი ისიც სიზმრებიდან გაჩნდა. შეიძლება, საერთოდაც, სემის სიზმრებში იყო ვინმე ასეთი. მე ხომ არასოდეს გამოვჩენილვარ მაშინ, როცა ეძინა. მას ხომ არასოდეს უნახავს ჩემი სახე. იქნებ სწორედ ეს ბიჭი იყო. იქნებ სწორედ ასეთი მხრეი ჰქონდა იმას, ვისზეც სემი ფიქრობდა. განუწვეტლივ. დილით. ღამით. მაშინ, როცა ჩემთან ერთად იყო. მაშინ, როცა ჩემს მხრებს ეხებოდა. იქნებ საერთოდ არ ჰგავდა ამ ბიჭს. იქნებ კიდევ უნდა მოვიდეს ვინმე. იქნებ ამ ტყეში ყველა ის ადამიანი უნდა შეიკრიბოს, ვისზეც სემს ოდესმე უფიქრია. ოჰ, როგორი კარგი იქნებოდა ეს… ჩვენ ყველანი ერთად ვიცეკვებდით. მე მათ შევერეოდი. ჩვენი ხელები ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა. ჩევნს შეხებას სემი ვერ გაარჩევდა. ჩემი გაყინული თითები ერთადერთი გაყინული თითები  არ იქნებოდა. კიდევ გამოჩნდებოდა ვინმე, ვისაც ამ ყველაფერზე ფილმის გადაღება მოუნდებოდა. კიდევ იქნებოდა ვინმე. 

ეს ბიჭი? ანუ, შეიძლება ეს ბიჭი იყოს? უნდა ვეცეკვო.

***

ხელი რომ გამომიწოდა, თავიდან ვერც გავერკვიე, რა სურდა ჩემგან. მაგრამ მალევე ინტუიციურად მივხვდი, უნდოდა, გვეცეკვა. ჩემი ინტუიცია ყოველთვის გონებაზე ბევრად სწრაფი იყო. ალბათ ესაა მიზეზი, რომლის გამოც იმაზე ბევრად მეტი მესმოდა, ვიდრე თქმა შემეძლო. მიმეღო მისი ხელი ან წავსულიყავი აქედან? მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ნება-სურვილზე აქ არაფერი იყო დამოკიდებული. ეს აქტი უკვე დაგეგმილია, მე კი როლს ვასრულებ.  

ვჩერდები და ხელს ვუწოდებ. ცეკვას ვიწყებთ. უცნაურია, მისი სხეული ბევრად უფრო მეტყველია, ვიდრე ენა. მაშინვე ვხვდები, არა, ვხვდები არასწორი სიტყვაა… ვგრძნობ, რა უნდა მას. ჩემი სხეული ჩემგან დამოუკიდებლად მოქმედებს. დისტანციას ვამოკლებ და მას მთელი ძალით ვიხუტებ მკერდში. ის,  ვიღაც, მაგრამ უკვე არა უცხო, ერთ ხანს ჩერდება. მერე კი, ცეკვა-ცეკვით, ჩვენკენ მოდის და აი, უკვე, მისი მეორე ხელი უჭირავს. ერთად ქვეყანაზე ყველაზე წარმოუდგენელ ტრიოს ვასრულებთ. ისევ ვგრძნობ, რომ მაუპატიურებენ, კიდევ იმას, რომ ეს სიზმარია, და კიდევ, რომ ეს ღამე არასოდეს დამავიწყდება. 

უცებ ძალზედ უცნაურმა აზრმა გამიელვა: იქნებ სინამდვილეში ეს ორი არც არსებობს. ოდესღაც, მე აქ წარმოსახვით მეგობრებთან სათამაშოდ მოვდიოდი. ასეთ დროს სულ მინდოდა გამოჩენილიყო ვიღაც, ვინც ჩემთან ისურვებდა თამაშს. და აი, ამ ორის თამაშში შეიძლება არა მთავარს, მაგრამ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. ვიცი, ამ როლის გარეშე თვით ეს თამაშიც ვერ შედგებოდა. და ეს ჯადოსნური ღამე მაშინვე დაკარგავდა თავის მისტიურ ელფერს. ყველაზე საშინელი ისაა, რომ მე თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. დარჩენა თუ წასვლა? ახლა თითქოს არ არსებობს მე და ისინი, არსებობს „ჩვენ“. ის კანკალებს. ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის აქამდე არსებული ჰარმონია დაირღვა. დაარღვია ამ ქალმა, რომლის სახელიც კი არ ვიცი. ის ჯერ კანკალს იწყებს, მერე ჩერდება. რაღაც ხანს პირს აღებს, მაგრამ მისი სიტყვები ჩვენამდე ვერ მოდის. მე და ის, ვიღაც, საიდანღაც ნაცნობი, მის მარჯვნივ და მარცხნივ ვდგავართ. ორივე გაოცებულები, მერე ქალი ძირს ენარცხება. პირიდან დორბლი გადმოსდის. ის ყვირის. თითებს მიწას არჭობს. მისი სხეული რაღაც არნახულ კრუნჩხვებს იწყებს. და ღამის ჯადოსნურობა იკარგება.

*****

აიას მივუახლოვდი. მინდოდა, წამომეყენებინა, მინდოდა, მეთქვა, რომ შეგვიძლია აქედან წავიდეთ, მაგრამ კამერა ავიღე მხოლოდ. აია ქალღმერთს ჰგავდა, მაგრამ ბავშვსაც, ჩემში ერთმანეთს ენაცვლებოდა მოგონებები საკუთარი ბავშვობიდან, პირველი სიყვარული, და ეს ბიჭიც. ეს ტყეც.

აია ლამაზია. როგორც ყოველთვის. მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ეს კადრები, ეს კადრები, ტყის სიჩუმე, ღამის მისტიურობა და აიას სხეულის უცნაური მოძრაობები, სულ დარჩება თუ ჩემს გონებაში არა, კამერაში მაინც. აქედან რომ წავალთ, აიას მოეწონება, ვიცი. ამიტომ ვიღებ ამას. ეს მხოლოდ ჩემთვის არ მინდა.

რომ მივუახლოვდი, მისი სხეული ძალიან რბილი იყო. ბავშვივით. დამყოლი. თითქოს კიდურები აღარ უმოძრავებდა. შემეძლო რომელი მხარითაც მინდოდა, იმ მხარეს წამეყვანა. აია მთვრალი იყო. მთვრალს ჰგავდა. მთვრალს რით? ალბათ ამ საღამოთი. მე ვიცოდი, რომ მოხდებოდა ასეთი რამე. ამიტომ აია წამოვაყენე. მან გამიღიმა. მან იცოდა, რომ ახლა ბავშვი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ბავშვი. და ის, რისი გაკეთებაც მე მინდოდა… ერთი სიტყვით, ამას ბავშვებთან არ აკეთებენ. და აია ბავშვი იყო. ახლა მისთვის შეხება დანაშაულს ჰგავდა. მგონი, ეს ბიჭიც ასე ფიქრობს. არ ვიცი. უცნაურად იყურება. მისთვის ეს ყველაფერი უფრო უცხოა, ვიდრე ჩემთვის. მე აიას უკეთ ვიცნობ. რა თქმა უნდა, უკეთ ვიცნობ. მხოლოდ ერთი საღამოა, რაც ამ ბიჭმა აიას ცხოვრება შემოღწევა შეძლო.

აია დგება. მე არ ვიცი რაზე მღერის აია,

მისი სიტყვები გაუგებარია. ეს ენა სამყაროში არც კი არსებობს. მინდა, ავყვე. მინდა მესმოდეს მისი სიტყვების, მინდა, ვიცოდე რას იტყვის შემდგომ. მაგრამ არა. აია გამოგონილ სიმღერას მღერის. ახლა ამ ბიჭს თუ მიუახლოვდება, ვიცი რომ მოვკვდები.

***

მისი სიმღერის ხმა მაჯადოვებს. არ ვიცი, რა სიმღერაა ეს, ან რომელი ხალხის ენაზე მღერის, ალბათ, აქ ასეთ რამეებს არც უნდა ვანიჭებდე მნიშვნელობას. მისი კრუნჩხვები ძალზედ უცნაურ კარნავალს ჰგავდა. ან ველური ღვთაების კიდევ უფრო ველურ ცეკვას, რომელიც ნიშნავდა… რას? ბრძოლას? სიკვდილს? არა, ყველაფერი ეს ძალზედ შეუფერებელი იყო. მის ცეკვაში ენით გამოუთქმელი ძალა იყო, ტკივილი. ვნება? ჰო, ალბათ ეს. ახლა კი, ის მღერის, კაცი კი, რანაირი თვალებით უყურებს? მის მზერაში ამოვიკითხე… მაგრამ სახელის დარქმევა ამისთვის არ მინდა. ეს მკრეხელობა იქნებოდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მუხლებზე დავიჩოქოთ და თაყვანი ვცეთ იმას, რასაც დედამიწაზე სახელი არ აქვს. მაგრამ არა. მუხლებზე მე უნდა დავიჩოქო. ის, ვიღაც, მაინც უცხო, ოღონდ უცხო არა იმ გაგებით, რა გაგებითაც თავიდან იყო. უფრო სწორად, უცხო ორივეა – ქალიც და კაციც. იქნებ, საერთოდაც, ისინი ღმერთები არიან, რომლებიც ამ ჯადოსნურ ტყეს ესტუმრნენ? მე კი, უბრალო მოკვდავი, მათ რიტუალში აღმოვჩნდი ჩათრეული.

ქალი სიმღერას არ წყვეტს და კაცს უახლოვდება. ის ბარბაცებს და მგონია, ეს-ესაა წაიქცევა, მაგრამ კაცი ხელებს იშვერს და მას ზუსტად იმ წამს იჭერს, როცა ის ფეხებს ვეღარ იმორჩილებს. მე მუხლებზე ვდგები და თვალებს ვხუჭავ. ღმერთმა გააფრთხილა ებრაელები, რომ თუ ვინმე მას იხილავდა, ის უმალ მოკვდებოდა. ამიტომ ჩემი ადგილი აქ იყო. უნდა ვმდგარიყავი. დახუჭული თვალებით და თაყვანი მეცა იმ ყველაფრისთვის, რაც აქ ხდებოდა. რაღაც კი ნამდვილად ხდებოდა… ეს მესმოდა. უეცრად ვიგრძენი, რომ პოლთან და ენჯისთან მინდოდა ყოფნა.

***

ადრე აიამ აქ რომ მომიყვანა, ახლოს წყარო იყო. ახლაც ზუსტად მისკენ აეღო გეზი. ვიფიქრე, ეს ცუდი იდეაა-მეთქი, მაგრამ მას ვერ გავაჩერებდი, შეპყრობილი იყო. მოსწონდა ის, რომ რაღაც ძალიან უცნაურში ამოეყო თავი. მეც გავყევი. ბარბაცებდა, ამიტომ ხელი შევაშველე. უკან რომ მივიხედე, ღამის სიბნელეში ძლივს გავარჩიე, რომ ბიჭი მუხლებზე იდგა და უაზროდ იყურებოდა. გამიკვირდა. ნეტავ რა ჯანდაბას აკეთებს? მაგრამ როცა დაგვინახა, რომ მივდიოდით, თვითონაც წამოდგა და მთვარეულივით გაუდგა გზას. 

ჩვენ სამნი ერთად მივდიოდით. მე და აია წინ, ხოლო ბიჭი უკან მოგვყვებოდა. ნელა, აუჩქარებლად, თუმცა ჩვენს ნაბიჯებს ზუსტად იმეორებდა. წყაროსთან მივედით. ვერ დავინახე, მაგრამ ხმა გავიგე. ეს წყლის ხმა, მოჩუხჩუხე წყლის ხმა. აიას ძალიან უყვარს ეს ხმა. ბიჭი წამოგვეწია. აიას ჩემსავით ამოუდგა გვერდში და წყაროსთან დავსხედით. აია იღიმოდა. ხან მე მიყურებდა, ხან მას. მერე ადგა.

და გახდა დაიწყო.

მის სხეულს თვალი ავარიდე, არ მინდოდა, მეყურებინა, რადგან აიას ვიცნობდი. ის ხომ ახლა ბავშვი იყო… მხოლოდ ბავშვი. მის პატარა, რბილ სხეულს უბრალოდ წყლის შეხება მოსწონდა. აია სწრაფად გადაეშვა წყალში. ბიჭი გაკვირვებული უყურებდა. მე ვცდილობდი, ისევ არ დამენახა რამე. როგორ მინდოდა, სიგარეტი მქონოდა თან. ბიჭს ვუყურებდი. მაინტერესებდა, რას ფიქრობდა. ნეტავ, მოსწონდა აია? ის ახლა წყალში ქალთევზასავით ცურავდა. თითქოს სწორედ ეს იყო მისი სტიქია, თავს თითქოს ყველაზე თავისუფლად სწორედ იქ გრძნობდა. მე ვუყურებდი და მიხაროდა, რომ არსებობს ასეთი რაღაც. რომ შემიძლია ამ წყალში მეც გადავეშვა. ყველაფერი გავიხადო. ტანსაცმელი იქვე დავტოვო. და მქონდეს შეგრძნება, რომ კამერა თუ არა, ადამიანების თვალები მაკვირდებიან. ეს ბიჭი ჩვენს ყურებას არ შეწყვეტს. ამ კადრებს ვიღაც დაიმახსოვრებს. ამიტომ მეც ვდგები, და მართალია გაუხდელად, მაგრამ წყალში ვეშვები.

****

კვლავ წაბარბაცდა და მივხვდი, რომ ჩემი ადგილიც მის გვერდითაა. მივუახლოვდი და მეორე მხრიდან დავუდექი. წყაროსთან დავსხედით. რაღაც ხანს არაფერი ხდებოდა, ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც, რომ ყველაფერი დასრულდა, როცა… ქალმა გახდა დაიწყო. მისი სხეულისთვის თვალი არ მომიცილებია. ეს რომ უბრალო ქალის სხეული ყოფილიყო, სხვაა, მაგრამ, როცა უყურებ ქალღმერთს… შეიძლება მხოლოდ ესთეტიკურ ტკბობას განიცდიდე. მაგრამ რა არის ეს? მისი სხეული ისეთი უმწეო იყო. საერთოდაც, ის ახლა ყველაზე ნაკლებად ჰგავდა ქალღმერთს. როცა ის წყალში გადახტა, მე მხოლოდ ბავშვს ვხედავდი. ღმერთი, რომელიც ბავშვად იქცა. მგონი, არაფერია ამაზე შემაშინებელი. მე და კაცი მას ვუყურებთ. უფრო სწორედ, მას მხოლოდ მე ვუყურებ. კაცი კი, მე მიყურებს. ნეტავ, რატომ? რატომ არ უყურებს მას? 

რატომ არ უყურებს მას?

კაცი დგება. მე ველოდები, რომ ისიც ტანსაცმლის გახდას დაიწყებს, მაგრამ არა. ის ტანსაცმლიანად წყალში ხტება. ერთ წამს ვფიქრობ, თვალები დავხუჭო, მაგრამ მერე მგონია, რომ ახლა უკვე ამის გაკეთებას აზრი არა აქვს. ბევრი დავინახე იმისთვის, რომ ახლა შევწყვიტო ყურება. რატომღაც ვგრძნობ, რომ ეს ძალიან არასწორი იქნება. მეტიც, ეს მთელ ამ ამოუცნობ რიტუალს დაარღვევს. 

რაღაც ხანს ქალი და კაცი ერთმანეთის გარშემო ცურავენ. ეს თავისებურ ცეკვას ჰგავს. დისტანცია მოკლდება და მე უკვე ვიცი, რაც უნდა მოხდეს. ახლა ეს ქალი სულაც არ მგონია ქალღმერთი. უცებ მახსენდება, როგორ ეჭირა მას ხელში ტელეფონი. კაცი კი, კვლავ არაამქვეყნიურ არსებად რჩება. ბავშვი და ღვთაება? იქნებ მე თავიდანვე ყველაფერი არასწორად გავიგე? იქნებ ღვთაებრივი არსება აქ მხოლოდ ერთია, ამ ქალს კი… მსხვერპლის როლი აკისრია? უნდა ჩავერიო კი ამ ყველაფერში? 

ვდგები. მაგრამ ჯერ ნაბიჯს არ ვდგამ. ვდგავარ და მათ ვუყურებ. უნდა ჩავერიო კი ამ ყველაფერში? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და თვითონაც არ ვიცი, მომდევნო წამს რას მოვიმოქმედებ.

******

ბიჭი წყაროსთან, კიდეზე. მგონი ფიქრობს, რომ უნდა ჩამოვიდეს. არ ვიცი ეს მინდა თუ არა. აია აქ ჩემთან უსაფრთხოდაა. მაგრამ როცა ის ჩამოვა?.. 

თითქოს ეს ღამე საკმარისად უცნაური არ ყოფილიყო, უცებ წვიმა იწყება. ისეთი წვიმაა, რომ ვხედავ, აიას ძალიან, ძალიან სცივა. და ისიც ვიცი, წყლიდან ამოსვლა რომ შევსთავაზო, რა თქმა უნდა, არ დამთანხმდება. ამიტომ უბრალოდ ცურვას ვაგრძელებ. ბიჭი ჩვენკენ მოდის. არ იხდის. მხოლოდ მოდის. აიას უყურებს. ისე უყურებს, რომ მეშინია. მეც ასე ვუყურებდი მას? იქნებ აშინებდა კიდეც აიას ჩემი თვალები?

ბიჭი ჩვენკენ მოდის. წყალში ხტება. აია მისგან მოშორებით ცურავს. ორივესგან მოშორებით ცურავს. წვიმა მოდის. ისეთი წვიმაა, სამივეს მალე კანკალს დაგვაწყებინებს.

შორიდან მუსიკის ხმა მესმის. ისევდაისევ. მგონია, რომ აიას ხმაა, მაგრამ აია ჩუმად არის. ეს ის სიმღერაა, ჩვენ რომ ერთად ვუსმენდით გუშინ. მის საწოლში. მე უკვე დაძინებას ვაპირებდი, როცა მითხრა, ჯერ მოვუსმინოთო.

ხოდა, მოვუსმინეთ.

ტექსტში ქალი თავის სიყვარულს უმღერის. რომ ის ერთადერთია, ვინც შეიძლება უყვარდეს. რომ ღამე კარგი დროა კოცნისთვის.

წყალი სწრაფად მიედინება. დინებას მივყვებით ჩვენც.