ირაკლი ყოლბაია 🔘 ლიტანია
ლიტანია ჩაძირული ქალაქისთვის
ეძღვნება სოფელ მექვენას, ლეჩხუმში
დილის ექვსი საათია, ზაფხულის დასასრული, მალე შემოდგომა მოვა, ეს ადგილი მალე არ იარსებებს, ეს სოფელი გაქრება, ამ მიწას წყალი დაფარავს, ამბობენ და ხალხი წავა აქედან, მოუწევთ წასვლა, მათ სხვაგან გაგზავნიან, ამბობენ მათ ადგილს უპოვიან, უკეთეს ადგილს იქნებ, ეუბნებიან რომ სახლებს უპოვიან, ახალ სახლებს, იმათთვის, ვინც მოითხოვს, ვინც თავისთვის ვერ იპოვის, უპოვის კომპანია ამბობენ, ეს მიწა კომპანიას სჭირდება ამბობენ, ეს მიწა წყალს სჭირდება, აქ წყალი იქნება ამბობენ, აგრეთვე ყველა წყალქვეშ არის მიწა და ყველა წყალი ოდესღაც იყო ხმელეთი ისევე როგორც ყველა ხმელეთს ოდესღაც წყალი ფარავდა, ამბობენ, და ეს მიწაც საკმაოდ მკვდარია სახეცვლისათვის, თავი ამოწურა, ამბობენ, ერთი შეხედვაც საკმარისია, ამ მიწიდან არაფერი ამოისვრის სიცოცხლეს, არც ამ ხალხისგან, რომლებიც იწელებიან გზებზე, როგორც ჩრდილები, აჩრდილები, ჩრდილების ძვლები, რომლებიც იქუჩებენ ბირჟებზე სოფლის ჭიან გულებში, როგორც ჩრდილის გუბურები, სარკეცარიელები, და ლაპარაკობენ არაფერზე (ეს ხალხი სიტყვებსაც კი ვეღარ ამბობს, აღარაფერი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, არც სხვებისთვის, შვილებმა მიგვატოვეს ამბობენ, ცოლები დავმარხეთ ქმრები დავმარხეთ ამბობენ, ცოლები მუშაობენ ამბობენ, შვილები მუშაობენ ჩვენთვის არ სცალიათ ამბობენ, მე მოხუცი ვარ მიწას რას მოვუხერხებ ამბობენ ამიოხრდა მიწა მიწა მომიკვდა ამბობენ სამოცი წელი ქალაქში ვიმუშავე ამბობენ მძღოლად ჯერ ამ ქალაქში მერე იმ ქალაქში სამოცი წელი მუშა ვიყავი ევროპაში ვიყავი ამბობენ უჩვეულო რამეებს ამბობენ მიწა ვერ მივატოვე ამბობენ ანდა ამბობენ რომ დავბერდი იქ რაღა მინდოდა და აქ დავბრუნდი აქ დავიბადე ამბობენ ვერ მივატოვე ვერც ახლა მივატოვებ ამბობენ ბარემ აქ მოვკვდე თუ ამ მიწას წყალი დაფარავს ჩემი მკვდრების საფლავებს წყალი დაფარავს სასაფლაოს თან ვერ წაიღებ სალოცავს თან ვერ წაიღებ სალოცავისკენ ამავალ ბილიკებს წინაპრების სახლს თან ვერ დღეს ჩემთან ჯგუფი მოვიდა ამბობენ ფრანგები იყვნენ ამბობენ ინგლისელი იყო ამბობენ უცხოელი იყო კითხვარი შემავსებინეს ამბობენ ხეხილი დათვალეს ხეები აზომეს ამბობენ ჩემს ცხოვრებაზე მომაყოლა ამბობენ უცნაურ რამეებს მეკითხებოდა ამბობენ წელიწადის რომელ დროს რას საქმიანობ მკითხა ზამთარში რით ირჩენთ თავს მკითხა ტყეში რას კრეფთ მკითხა რა დღესასწაულები გაქვთ მკითხა . . . გვიჭირს გვიჭირს ამბობენ არაფერი გვაქვს . . . არაფერი გვაქვს . . . ამ ბოლო ჩრდილებს რომ მზე გაცრეცს ეს სოფელი მოკვდება (თუ სოფელი იმათ ნიშნავს ვინც მასში ცხოვრობს იმდენად რამდენადაც მიწას რომელზეც) მეტად აქ აღარავინ მოვა აბა ჩემი შვილი და იმის შვილი აქ რისთვის მოვლენ ამბობენ მიწა ხრიოკია არაფერი მოვა არაფერი ამოვა ზოგი ამბობს ჯობს ფული მაინც მოგვცენ სახლები მოგცენ ზოგი უცნაურ რამეებს ამბობს ქმარი ამ ეზოში დავმარხე ღამით ტურები მოდიან ჩემი საძინებლის სარკმელთან და ყმუიან თითქოს ჩემ ტკივილს დასტირიან ხანდახან მგელი შემოდის დათვი შემოდის მე არ მერჩიან ვარდები დავრგი ვარდები ვახარე ვარდებს მიჭამენ ბევრი მხეცია ამ ტყეებში ამბობენ ომს გამოექცნენ და ამ ტყეებს შეაფარეს თავი შვილებთან წავიდე ქალაქში კითხულობს სანამ შემიძლია ქმრის ძვლებს ვერ დავტოვებ ან შვილებს რად ვუნდივარ უცნაურ რამეებს კითხულობდნენ რა წესჩვეულებები გაქვთ რა დღესასწაულები რა გვარია თემის უფროსი კითხულობდნენ გვარს თუ აქვს ცალკე სასაფლაო კითხულობდნენ რომელი გვარი მოვიდა პირველი რა სალოცავები გაქვთ კითხულობენ როდის მიდიხართ რა გზით აი იქ რომ მთას ხედავ ამბობენ იქ გამოქვაბულს თუ ხედავ ამბობენ მაგაში საგანძურია ამბობენ ვერავინ შედის ამბობენ ჩემი გვარი მაგ მთის მცველია ამბობენ იმ მინდორზე სამკურნალო ბალახი იზრდება ამბობენ მაგ მთაზე ძველად ერთი ბერი ავიდა ამბობენ გამოქვაბულში თხის თავის ქალა ჩააგდო და აი იგერ გზის პირას მთის კალთიდან გამოვიდა და გზაზე გაგორდა