გიორგი ურგებაშვილი🔘 მთელი სამყარო იდეაა
🔵 🔵 🔵 🔵
წარმოდგენა არ მაქვს რა დავწერო…
ალბათ იმიტომ რო, რაც დრო გადის, ისეთი შეგრძნება მაქვს, უფროდაუფრო ვიფანტები დროსა და სივრცეში და ვეღარ ვკრებ საკუთარ თავს, რაზეც დავწერდი. და მაინც ვეცდები გითხრათ ორიოდე სიტყვა ჩემზე და ჩემს ფიქრებზე, რადგან ეს უკანასკნელი გამომხატავს მე.
1994 წლის 7 ოქტომბერს რუსთავში დავიბადე. რუსთაველი ვარ, თუმცა არც პოემების წერა მეხერხება და არც არასდროს მომსვლია თავში აზრად რამე მსგავსი გამეკეთა, ბევრ სხვა რამეს კი მივედ-მოვედე. ბავშვობა ჩვეულებრივად – ყველა ბავშვივით უცნაური და განსხვავებული, განსაკუთრებული ვიყავი. მიყვარდა და თავდავიწყებით ვაგებდი კუბიკებით სახლებს საბავშო ბაღში და წასვლისას აღმზრდელს პირობას ვართმევდი რომ არ დაენგრიათ. მომწონდა ჩუმად კუთხეში ჯდომა და ხმაურში სხვა ბავშვების დაკვირვება და ყურება, რომელთა ხმაც საერთო ხმაურში არ მესმოდა და მხოლოდ მათ სახეზე აღბეჭდილ ემოციებსა და მოძრაობებს ვხედავდი შინაარსის გარეშე, და ეს პროცესი მახსოვს ძალიან მართობდა.
მერეც მიყვარდა ტალახისგან, ქვიშისგან, ფიცრებისგან და სხვა ყველა მასალისგან, რაც ხელში მომხვდებოდა, სახლებისა თუ ქოხების აგება. ალბათ არქიტექტორიც ვიქნებოდი სხვა ყველაფერთან ერთდ. ჰო, ხელოვნების ბევრ დარგში მოვსინჯე თავი და ბოლოს ყველაფერმა ამან შეისრუტა ჩემი ერთგვაროვნება სამყაროს მიმართ.
ცოტა-ცოტა მხატვარიც ვარ, ფოტოგრაფიც, მოქანდაკეც, ხელოვნების მასწავლებელიც და კიდე ბევრი სხვა. თუმცა საბოლოოდ ყველაზე დაბნეულად მაშინ ვგრძნობ თავს როცა მეკითხებიან ჩემს პროფესიას, და ამაზე მეცინება კიდეც. არაერთგვაროვანი წარმოდგენა აქვთ იმ ადამიანებს ჩემზე, ვინც მიცნობსავით: ზოგისთვის დურგალი ვარ, ზოგისთვის მხატვარი, ზოგისთვის მღებავი, ზოგისთვის უნივერსალური ხელოსანი…. ესეც ცოტა სასაცილოა ჩემთვის.
ეროვნებით ქართველი ვარ, თუმცა ცოტა ოსურიც და სომხურიც მირევია. ჩემში ერთნაირად არსებობს ქრისტიანი, რომელსაც ხშირად აღიზიანებს ღვთისმოსავთა ფუნდამენტალისტური საუბრები ღმერთზე. ათეისტი, რომელიც ცდილობს ღმერთის განცხადება დაინახოს და ღვთაებრივი სრულქმნილება შეიგრძნოს ყოველ ფორმის ფიზიკურ და მეტაფიზიკურ არსში. პატრიოტი, რომელიც გარეთ გრძნობს თავს თავისივე ქვეყანაში. ცინიკოსი, რომელიც გულის გავლით ატარებს ადამიანების ყოველგვარ სიტყვას და ქმედებას.
ხელოვანი, რომლის მთვარი შემოქმედებითი ნაწარმოები თავისივე თავია. მსახიობი, რომლის მაყურებელიც და შემფასებელიც მხოლოდ მე ვარ. ადამიანი, რომლისთვისაც მთელი სამყარო იდეაა, ერთ წამში გაელვებული და დავიწყებული…
რეალურად ყოველთვის ვიღაც ვარ და ბოლომდე არც არავინ. არაფერს ვეკუთვნი გარდა ჩემს არსებობაში განცხადებული ადამიანის ადამიანობას. ამიტომ ბოლომდე არასდროს ვიცი ვინ ვარ, ვერსად მოვიხელთე ჩემი თავი. როცა კი რაღაც სილუეტი დამესახება ჩემი რაობის, მაშინვე ვქრები და მომდევნო წამს ვიბადები ახლიდან. მუდამ ვგრძნობ სიკვდილს და დაბადებას, ოღონდ რომელი რომელია ეგ აღარ ვიცი.
მიყვარს კითხვა, როგორც წიგნის, ასევე კითხვის.
მიყვარს სილამაზე, ოღონდ არა როგორც ზოგადად ლამაზი, არამედ როგორც რაღაც უჩვეულო, საინტერესოთი გალამაზებული. მე ვანიჭებ ფაქტებს და საგნებს სილამაზეს და სიმახინჯესაც. ხოლო ყოველი ეს სიმახინჯე საბოლოოდ სასაცილო უფროა.
მიყვარს მუსიკა, და რაც არ უნდა ვთქვა მუსიკაზე, ბანალურ სიტყვებს და წინადადებებს ვერ ავცდები და არმინდა ასეთი გადმოცემით გავაუფასურო ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულების აღწერა.
სრულ სიჩუმეს და უსიტყვობას მხოლოდ ბუნებაში ვგრძნობ, სადაც არაფერია გარდა აბსოლუტური თავისთვადობისა, ამ დროს ადამიანიც თვისუფლდები სიტყვებისგან. და საკუთრ თავს არა რაიმე გარეშე, თუნდაც ბრენდი გამოხატავს, არამედ თავადვე პრეზენტირებს.
ხშირად ვფიქრობ ადამიანი თავის არსებობით ამართლებს ღმერთის არსებობას თუ პირიქით – ღმერთის არსებობა ამართლებს და ფუნქციას სძენს ადამიანის . ალბათ ეს ერთი და იგივეა. აქამდე მეგონა, მხოლოდ დიდი საქმეების კეთებით შეიძლება ადამიანმა თავის არსებობა გაამართლოს. და რომელია დიდი ან პატარა საქმე? ახლა იმ აზრზე ვარ, რომ არ არსებობს დიდი და პატარა. არსებობის გამართლება შეიძლება შენივე არსებობის აღმოჩენით, რის მეშვეობითაც შეძლებ საკუთრი თვალით შეხედო და შემატო სამყაროს. ოღონდ ეს აღმოჩენა მუდამ პროცესია. ალბათ ამით გამოიხატება ან გამოგვხატავს ღმერთი.
საუბარიც მიყვარს, ოღონდ მხოლოდ ახლო, რამდენიმე მეგობართან. ისე სხვა მხრივ მუდამ დუმილს ვარჩევ. სხვების შემყურეს და ხშირად მსმენელს სიჩუმე კარგ თვისებად მიმაჩნია. ისედაც ბევრი ხმაურობს, არ მინდა ჩემი სიტყვა ხმაურში აიზილოს.
არარსებობის შეგრძნებაც სიცოცხლეა და ალბათ სიკვდილია არსებობის ვეღარ შეგრძნება. ვინ იცის რამდენჯერ მომკვდარვარ ერთი წუთით, ერთი დღით, ერთი თვით თუ წლებით.
ასეა თუ ისე დიდი ინტერესით ვადევნებ ჩემს თავგადასავალს თვალს. და უბრალოდ ხშირად მიხარია რომ შემიძლია ჩემს საკუთრ ფიქრებში, ჩემს წუხილში, ჩემს სიხარულში, ჩემს საქმეში და სიტყვაში, უბრალოდ ვიარსებო და გამოვიხატო.
2020 წ.