ზურა ნეფარიძე 🔘 მე გავბედე და შემოგხედე
⬛ ⬛ ⬛ ⬛
მე ვცხოვრობ ამ ქალაქში !
უფრო ხშირად გაუმეორე ეს შენს თავს –
აქ ჩემი არაფერია !
ეს გათავისუფლებს პასუხისმგებლობისა და
შიშისგან !
კარლო კაჭარავა 1992 წ.
ორსული კატის ინსტიქტი
განწყობას აჰორიზონტებს ჩემსა და დანიშნულების ადგილს შორის
წუხელ ნაჭამის ნაფქვავს ყრის პირიდან
დრენაჟით დამშრალ ქუჩებში ქარმა კომენდანტის საათი აახრიალა
განათებები კუმშავენ ქალაქს
მათ ჭრილობებს აშიშვლებენ
ჩვენი სუნთქვა შუქნიშნის ფერებს იღებს
მათ მტვრიან სინათლეებში იდღვიბება
როცა ქალაქი ხრჩოლავს და ახველებს
სმენა მიღრმავდება სამიზნე უფსკრულად
ჩამესმის დაპრესილი ბგერები
ხმაურიანი სიცოცხლეების და უხმაურო გარდაცვალებების
ადამიანს სამყაროს სცენაზე არ უცხოვრია
ის კულისებში იკლავს თავს
ჩვენ ვცხოვრობთ უგულო ქალაქებში
მათ სურთ გაფართოვდნენ და შეისხან ასფალტის სტადიონები, ლომბარდები, ბანკები,
აფთიაქები, კორპუსები გაჩეხილ ტყეებზე, მანქანები მანქანები მანქანები რომლებიც
მართავენ ადამიანებს და არა პირიქით. ისინი განსაზღვრავენ ქალაქში წესებს,
მოგონებებს, სიამოვნებებს
ხუნდებიან მარად მღელვარე მარადმწვანე ხეები
მორცხვად ჩაჰყურებენ ასფალტთა იარებს
უნდა გაუძლო ტკივილებს
რომელიც შენი გამოთვითცნობიერების ხელყუმბარაა
უნდა გაუძლო ტკივილებს
რადგან მოსჯილი გაქვს მუდმივი ქმნადობის ცრუ შეგრძნება
უნდა გავუძლოთ ტკივილებს
რადგან განვიწირეთ ქმედებებისთვის
თითქოს დავბრუნდი შუასაუკუნეებიდან ნეონებით მდუღარე განსაწმენდელში
სარეკლამო კონტურებს შორის
ფილანთროპულ მასკარადში ჩატუმბული სახეები
კედლებში იხორცებენ მჭერმეტყველ ნიღბებს
მინდა მოგმართოთ თქვენ
ბუდა ქრისტე მუჰამედ
წმინდანებო მისტიკოსებო
კოსმოგონიურ საიდუმლოებათა უხორცო მფლობელნო
რომლებმაც დატოვეთ მიწიერი სამყაროები
და მხოლოდ თქვენს ორეულებს ანაყოფიერებთ წმინდა სინათლით
ჩვენ რა ვქნათ
ვისაც ცის ცქერა, გართობა, ტყნაური მიგვაჩნია გასხივოსნებად
ვინც სარკეში ვერ ვიხედებით
რადგან ყველა სარკე თქვენით გატყდა დედამიწაზე
და ახლა ნამსხვრევებში გაბნეული ჩვენი იდენტობები
მოდარაჯე ძაღლებივით ელიან თქვენს პურს და სისხლს
ვინ შეიტკბობს ჩვენს მოდიფიცირებულ ხორცს და შედედებულ სისხლს
რომლებიც ბეტონივით მყარდებიან თქვენი სენტენციების გარეშე
ჩვენი ფიტულები მაღვიძარას კივილზე სხეულდებიან
და ისხამენ თქვენს სიტყვებს
ისინი ჩვენს მიერ მოწეული ბიონარკოტიკია
გვიდარაჯეთ დემონებო
წაიღეთ ჩვენი სულები და სიზმრები აქაური სამარეებიდან
ჩვენ არ ვყიდით მათ
რადგან უსარგებლო ნაწარმია
მხოლოდ ჩვენთვის
ვქმნით მუსიკას და პოეზიას
ჩვენთვის ვაარსებებთ სიტყვებს და ნაგებობებს
სადაც ისინი დატბორავენ ან დაიტბორებიან
ვაარსებთ ქალაქებს და მათ ქუჩებში მძვინვარედ მდგარ ძეგლებს
მხოლოდ ჩვენთვის ვავსებთ ნამემკვიდრალ ტაძრებს და საშოებს
მხოლოდ თქვენთვის ვიქნებით უცოდველნი
რადგან ცოდვა აცხარებს, ასქელებს სისხლს და ნერწყვს
მხოლოდ ჩვენს სამყაროში
ლექსებში და ნახატებში
ხიდები ჩამოიშალნენ ჩვენს შორის
მე მუდამ მსურდა თქვენი ხილვა ლოცვებში და სიზმარეულ პანორამებში როცა
გამოქვაბულიდან გამოვდიოდი და თქვენს ზურგს ვხედავდი
როცა ვგრძნობდი რომ წვიმამ გამწმინდა მღელვარებისგან
მაგრამ მორყეულიყო გზა რომელზეც ვიდექი და ძაღლები მიცდიდნენ თამაშ-თამაშით
სადგურებთან მიმოფანტულ ბნელ გუბეებში
მე მათში ჩავიხედე როგორც რენტგენის სურათში
როგორც სიბნელედ ქცეულ ჩემს თვალებში
და ვიცინოდი და ვიცინოდი და ვიცინოდი
რადგან ვგრძნობდი რომ ვერასდროს გავიგებდი ვინ ვიყავი, ვინ გავხდებოდი, ვინ
უნდოდათ რომ გავმხდარიყავი
იმ დროს გავჩნდი და დავიკარგე
ყოველდღიურობაში ავიდგი ფეხი და დამავიწყდა საიდან მოვდივარ, საით მივდივარ
მახსენდებოდნენ მხოლოდ სიტყვები
რომლებიც ჩემს გონებაში მჟავად იქცეოდნენ
მე მათ ვფანტავდი და ისინი ეძიებდნენ და პოულობდნენ და შლიდნენ საგნებს
რომლებსაც კუთვნილ ადგილს ვერ ვუძებნი
ამ ქუჩებში
ამ ნაგვის შემგროვებელთა ქალაქებში
მაგნიტურად ძლევამოსილ ბაზრებში
ტაძრებში და მუზეუმებში
⬛ ⬛ ⬛ ⬛
მე გავბედე და შემოგხედე რეაქტიულად ცვალებად განწყობის ტყვეობაში მყოფს და
მივხვდი მკვდრად ვგრძნობ თავს როცა არ მიყვარს
შენი კანი გაფერმკრთალდა ვნებიანი სექტემბრის შემდეგ და დააჩნდა
დაუკმაყოფილებლობის ლაქები
ფოსოები
ფოსოებში ჩემი ანარეკლი ღვინდება
როგორც პლასტმასის კასრში დასპირტული წებოვანი სისხლი
მე მსურდა ერთად გვევლო ღამის თბილისის ქუჩებში სპირალური ეიფორიით
გავარვარებულებს და გვეგრძნო წინ მიმავალთა ზურგებზე ჩვენი ერთმანეთში
მონაცვლეობით თავსებადი თვალები სანამ განშორება გულში კუზებს ამოგვილპობდა
მე გამოვტოვე შენი უსევდიანესი სიმღერები
მე გამოვტოვე შენი იავნანების თბილ ჟღერადობა რომლებმაც ჩემამდე გიმღერეს და ახლა
ქვაფენილთა ყინული მკარნახობს რა შორს ვარ შენი სახლიდან სადაც ასე დაუფარავად
ვხსნიდით, ვცდიდით ჩვენს ფარულ თვისებებს ანაორთქლები ურთიერთმანეთში,
შესუნთქულები ურთიერთმანეთში. ასე თუ ისე ჩვენ ვაჩვენეთ ერთმანეთს ჩვენი
ქვეცნობიერი ბოდვები, კომპულსიური ვნებები რომლებმაც უარმყო შენგან
და სადაც ამას ვწერ
ღვიძლისშლისფერი ფურცლის გარშემო
სხვა სიყვარული იბადება
გამოდის ღამის და პოეზიის საშოდან
მე განზე ვდგავარ თუმცა ცენტრშიც ვარ. ვსუნთქავ, ვხედავ და ვგრძნობ, რომ
გამთლიანების გვეშინია, რადგან არ გვყოფნის საკუთარი თავები არც ჩვენში, არც
ერთმანეთში
არავისში
და ზოგჯერ კი არ ვსუნთქვათ ჟანგბადს
ვხვრეპთ, მოვთქვამთ და მაინც
არ არსებობს უარყოფილი მე
მე არ არსებობს არსად გარდა სიზმრებში მყოფი ინკოგნიტო ორეულებისა
მე აღმოვაჩინე შენში მე რომელიც არ მყოფნის
შენში სხვა შენ რომელსაც ჯერ არ შეხვედრიხარ და უფრთხი მას
სანთლის წვაში ცალფეხა მათხოვრები ბერდებიან
მათ გვერდით მაჟორული მუსიკა გვირგვინს ადგამს გამვლელთა ღიმილს
ჯვარი მოაცვით მკვდრებს
ინტოქსიკაციურ ემბრიონთა არქიტექტურაში
გამომშრალ მუცელთა საზრდოში
ტყის ტყვეობაში ხავსივით სუნთქავს შენი თვალების არქაული სიველურე
რომელშიც ზიზღით უსასრულოვდება მანქანებით გადატვირთული გზატკეცილები
ქარმა გახვეტა ფერომონები ფილტრები ვიბრაციები რომლებიც ყლაპავდნენ ჩვენს
მიზიდულობას ერთმანეთის წინაშე
საზოგადოებრივი არმაუწყებელი ახრიგინდა ტრანზისტორთა ტაძრებში
ბილბორდებმა სინათლე დაატყვევეს მითოლოგიურ პორნოგრაფიაში
სფერო ვეღარ იყოფა ღერძამდე. ეს შესამჩნევი აღარაა. სფერო განიზიდა საერთო
ნიშნისკენ
როლები გადაუნაწილდა თითქოს ყველას თანაბრად
ტოლერანტულ სიბნელეში
ჰუმანურ ტყვეობაში
სოფლებში გაჩნდნენ დამფრთხალი სულიერები, რომლებმაც დღესასწაულები იზეიმეს
ქარიშხლის აზარტით და ახლა მოგონებათა ტყვეობაში აღორძინდებიან
ვერ ვყოფნი ამ გაუცხოებას ძილ-ღვიძილის ემპათიამდე, სანამ სურათები ჩაწნავენ ჩემი
ცნობიერების განახლებას ნარკოტიკით დამუხტული ღამის შემდეგ
გზამკვლელობამდე
და როცა ამას ვწერ ვიღაც სიგარეტის ნამწვს მესვრის წითელთასმიან ბათინკებზე
მას მოსწონს ქუჩის ტირადულ ხმაურში გაუმტარი ბგერების სროლა
მთელი ეს ურბანული ნაერთი მაგნიტივით იზიდავს ჩემს ფიქრებს, კრავს, ჭმუჭნის და
უშვებს საკანალიზაციო პორტალში, სადაც ფიქრები კვლავ განიმუხტებიან, იფანტებიან
და ბუზებივით ედებიან ქუჩებს
⬛ ⬛ ⬛ ⬛
უიმედობის„შემოქმედი მტერი“ უცხოპლანეტელი პეპელა ბზარავს ჩვენს სარკეს და გამოვყავართ მტვრიანი კენოტაფებიდან პრენატალური ცირკულაციით გარეთ
და ჩვენ მივმართავთ თვალებს სიბნელის მიღმა
სიბნელის მიღმა გავახელთ თვალებს და სუნთქვას ავაცეკვებთ სანამ პეპელა ჩვენი დროის სარტყელში მედიტირებს და ფარფატებს. ტოვებს მომაკვდავ გულებს
ვიღაცას უნდოდა ადამიანთა მოდგმას ფუტკრებივით ეზუზუნა ინდუსტრიულად მხრჩოლავ სკივრებში
სადაც მზის დაბურული ფსიქონავტი შვილი, ბინძური მელომანი, ნოსტალგიური მონა და სხვა უამრავი შეშლილი„პერსონაჟი“ სამყაროს გაუთავებელი კონვულსიური ქროლვიდან ორთქლდებიან, ვლინდებიან მეტყველ და არამეტყველ პოეტთა სახეებით
სადაც დავეძებთ ცარიელ ფასადებს უღიმღამო დემონსტრაციული პროექციისთვის რათა უსახური აფიშებით შევავსოთ და სხვის სახელებს მოვასხათ კარამელიზირებული ჩირქი და დავიწყებას მივცეთ საკუთარი სიზმრები რომლებიც ძვლებს გვაცლიან. ამგვარად ვიღებთ ერთმანეთს ისეთებად როგორებიც ვე(ღა)რ ვიქნებით და ვყოფილვართ
სადაც დაღლილი საღამოები ჯგუფდებიან და ვერბალურ ნახვრეტებში ჭედავენ საკუთარ განწირულობას რომელიც ბოლოს ჰორიზონტზე სევდიან გულგახსნილობას ამოანთხევს ძილღვიძილის უტყვ და შლად ემპათიასთან ერთად. შემდეგ საგანთა მორევში საგნებს მივათრევთ ხავსივით რითიც ისინი იკრებენ ძალებს და იდუმალებას
მე ვერ ვცნობ ჩემს ხმას მაშინ როცა ვცნობ ყველა ხმას რომელსაც ჩემი ძაღლი აღიქვამს
ზოგჯერ მინდა რომ საღებავებით ხელში ვიხეტიალო და ყველა ნაგვის ურნა შევაფერადო ყველანაირ ქარხნულ სიღატაკეს ფერები შევასხა და გრაფიტის კედლებიდან გადმოსული სურვილებით განვაიარაღო მთელი ეს სამშენებლო სიცარიელე ქალაქებს შორის რომ ყანყალებს და აერთებს მათ
იყარე პირში სიტყვები რომლებმაც ლექსები დააბეს და შენში დაიცალნენ სისხლისგან
იყარე პირში ლექსები რათა ამოიყეფო და გადაურჩე სისხლისგან დაცლას, აუტოფსიას
ძილის წინ, ლექსის დასრულების შემდეგ ტვინში მეფშხვნებიან სიტყვები რომლებმაც გამომიყენეს. ისინი ბრუნდებიან უკან ფურცლებიდან მძიმე კითხვებით
„რატომ ვართ შენთან“
„რატომ ვიყავით შენს გარეშე“
„ვისთან ვიქნებით შენთან ერთად როცა მოგვისვრი დავიწყების სასაფლაოზე“