საბა თოდუა 🔘 რასაც მიხვდებით ბოლოს
⬛ ⬛ ⬛ ⬛
რასაც მივხვდებით ბოლოს.
1.
ყველას სახელი შეეცვლება, რაც შენ შეარქვი,
გრძელი გზის ბოლოს, სადაც ნახავ ოკეანეებს
და შენს თვალებში შუქურები, მოკიმარენი,
აენთებიან. მიაშურებ წყლის შესაცნობად,
დედამიწაზე, რაც ყველაზე ალბათ მეტია,
და უფრო მეტად შეუცნობი, რაც კი შრეა. ქვით
ნუ შეეცდები მის ბინადარს თავი უსრისო.
გამგზავრებისას გაიყოლე მიწა მუჭისო-
დენა, რომელიც შეგახსენებს, როგორ მოხვედი,
როგორ გინდოდა, როგორ წერდი, როგორ ოხრავდი.
ყველას სახელი შეეცვლება რაც შენ შეარქვი
და დაკავდები გონებაში მათი მოხატვით.
2.
ზოგი მწარეა, ზოგი უშნო, ზოგი სიმლაშით
დაგამახსოვრებს დღეებს, რომელთ უმათსიმლაშოდ
აღმოჩნდებოდნენ ფსკერზე, სადაც ჩაფლულ სილაში
უამრავია მათი მსგავსი. მათით ივახშმებ,
და შეივსები მიიერთებ იმათ, რომელნიც
ზოგი უშნოა, ზოგი მწარე, ზოგიც მლაშეა,
ჰოდა, როდესაც ქარიშხლებსაც ეამბორები,
გადაწყვეტ მსგავსი ნალექები, რომ აღარ გშია.
3.
და შენ მიხვდები, რომ ოდესღაც შენი ფიქრებიც
ღრმა ბავშვობაში მოგაწებეს და შენ არა ხარ
მათი ნაყოფი, მითუმეტეს ახლა – მიმღები,
გიწევს ანარეკლს ანარეკლის მზერა, დანახვა.
რომ არ აგევსოს ეგ თვალები ცრემლით ამაღამ,
უნდა მოარგო შენს გარშემო ყველას ნიღბები და პრინციპების (ასეთი გზით) გაღარიბებით
სიცარიელე აგიტაცებს მაღლა და მაღლა.
და სადაც მისი წიაღია, სწორედ იქ ვარ მე,
მძებნელი ბედის და იმედის, ვკარგავ სიმყარეს,
არ ვიცი სწორად მოვიქეც, თუ მაგრად მივქარე,
ცოლად რომ შემრთეს სიცოცხლე და არ შევიყვარე.
4.
ყველას სახელი შეგეცვლებათ, რაც მე შეგარქვით,
ამ გზების ბოლოს, სადაც ვნახავ ოკეანეებს,
შუქურები კი, ჩემს თვალებში მოკიმარენი
გამოიხმობენ სირინოზებს მლაშე წყლებიდან.
“და ამაღამ კი ვიცი გამცემს ერთი თქვენგანი”,
რომელი ფიქრიც გამოვზრდე მტკიცე შეგირდად.
მიმაბარებენ უსაზღვრობას ოკეანისას,
მოღალატენი უკანასკნელ შეთქმულებისა.