სალომე დუმბაძე 🔘 დაკვირვება ადამიანებზე
მე ვარ სალომე დუმბაძე, 20 წლის. ბავშვობიდანვე დავინტერესდი ადამიანით და დავიწყე დაკვირვება ადამიანებზე, მათ შორის საკუთარ თავზე, დღემდე ამ პროცესში ვარ, მახსოვს ადრე ან საკუთარ სამალავში მიწას ვჩიჩქნიდი და ოჯახის წევრების ძახილს ვიყრუებდი, ან სახლიდან ვიკარგებოდი და სახლში გზად ნაპოვნი ნივთებით ვბრუნდებოდი, ხშირად მეზობლები მაბრუნებდნენ. ნელ-ნელა ჩემი ოთახი ივსებოდა ნივთებით, რომლებიც დანიშნულების გარეშე ეყარა, არ ვიცოდი რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა ისინი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამ ნივთებთან რაღაც მაკავშირებდა.
დღესაც ქუჩაში ვპოულობ ნივთებს მიმაქვს სახლში და მიდევს, მანამ სანამ მათგან რაიმე ახლის შექმნის ბიძგს ვიგრძნობ, თუმცა სხვადასხვა დროსა თუ ადგილას ნაპოვნ ნივთებს ხშირად სრულიად უცვლელს ვტოვებ, ორივე პროცესი ბუნებრივად ვითარდება.
სხვადასხვა მედიუმში ვმუშაობ- ფოტოგრაფია, ინსტალაცია, ფერწერა, ვიდეო-არტი. გადასაღებად ნებისმიერ მოწყობილობას ვიყენებ, რაზეც კადრის აღბეჭდვაა შესაძლებელი, თუმცა ფირით გადაღებასთან და მასთან მიბმულ პროცესებთან სრულიად სხვა კავშირი მაქვს და ვაპირებ საკუთარი ხელით შევძლო მუშაობა ამ ყველაფერზე.
მიყვარს უხეში მასალები, მექანიზმები, სადენები, დაშლილი მოწყობილობების ნაწილები, მასალებს ვპოულობ ქუჩაში, ტყეში ან ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სან-ტექნიკის მაღაზიაში, ვხედავ ნივთებს და ვაკავშირებ ჩემს იდეებთან, ხშირად სწორედ რომ მასალა მიმანიშნებს რა უნდა გავაკეთო, ვიღებ მათ და მივყვები მათ მინიშნებებს, ამ დროს არ ვიცი რას ვაკეთებ, თუმცა მივყვები იმ ენერგიას რაც საბოლოოდ ქმნის იმას, რასაც მეც დიდი ინტერესით ვაკვირდები, როგორც სხვა ვიღაცის ნამუშევარს.
მომწონს, როცა შემიძლია ერთმანეთთან დავაკავშირო სხვადასხვა მასალა , ნივთი, ხმა სიტყვა და შევქმნა საერთო რაღაც მათგან , ამის საშუალებას სხვადასხვა მედიის გაერთიანება მაძლევს. არც ფერწერაში მაკმაყოფილებს მხოლოდ ტილო, საღებავი და ფუნჯი, შესაბამისად, აქაც მუდმივად ახლის ძიებაში ვარ. ჩემი ნამუშევრები ჩემს ნაცვლად ესაუბრებიან ადამიანებს, რამეთუ ისინი ჩემივე ანარეკლები არიან.
სამყაროში არსებული ნებისმიერი ხმა უდიდესი ენერგიის მატარებელნი არიან და ისინი დიდ შთაგონებასაც იწვევენ ჩემში, თუნდაც ჩვენ გარშემო არსებული მინიშნებების, თუნუქის სახურავის ტკაცუნის, მეტალურგიულ ქარხანაში არსებული , ადამიანთა დამახასიათებელი, ხვრინვის თუ სხვ. ხმები . ვფიქრობ ჩემი ყოველდღიური ქმედება ჩემივე შემოქმედებაა. ადამიანები, მათი მოძრაობა, ქმედება, გამომეტყველება, დიალოგი – ეს ყველაფერი ასევე დიდ შთაგონებას მაძლევს და ვთვლი, რომ კინოა ის ადგილი, სადაც საკუთარ თავს ვხედავ და ვგრძნობ, რომ ახლო თუ შორ მომავალში შევძლებ ვიმეტყველო მისი მეშვეობით.
( ამჯერად ჩემს რამდენიმე ფოტო ნამუშევარს წარმოგიდგენთ) .