დრამატურგია

ზურა მელიქიძე 🔘რენო მანქანა არ არის


მონოპიესა

მოქმედი პირი: ჟან პიერი იგივე ჟან რენო იგივე…

ის ამბობს:
მე მეშინია, რომ ერთ დღეს პაროლად გადავიქცევი..
ვიღაცის პაროლი ვიქნები
ქვითინი 130
ან ქვითკირი N9

ის ამბობს: ნისანი იაპონური მანქანაა..
ნისანი იაპონური მანქანა არ არის..
რენო მანქანა არ არის.. მას ჟანი ქვია..

ჟანი პიჟამოში
გამოდის ვერანდაზე და თესლად თხელ მაკს თესლად და მსუბუქად უჯდება..
ჟანს თესლად თხელ მაკში შეჰყავს მეილი: meteslivar1969@gmail.kh
და მერე რუდუნებით შეჰყავს პაროლი: meteslivar პაროლი არასწორია..
ჟანი ფიქრობს, რომ ის თესლი არ არის და უტყდება…
და თან არასწორი პასვორდით ვერსად შევიდა და ესეც უტყდება..
“ყველა პასიური ვორდის არასწორი დედა მოვტყან!” ფიქრობს ჟანი..
და ფიქრობს, რომ მის ცისფერ პიჟამოში ცრის, როგორც მის ცისფერ სულში, რომელიც არ აქვს და უტყდება.
CapsLock და ჟანს თავიდან შეჰყავს პაროლი ITSOKEY123
პაროლი არასწორია..
ჟანია არასწორი..
ჟანია უჟანგავი..
ujhangavinagani1985
პაროლი თითქმის სწორია..
პაროლი არათანაბარია..
“არაქათი არ მაქვს.. ის გამომეცალა” ფიქრობს ჟანი..
და თესლად თხელი მაკის ვიდეოთვალიდან უთვალთვალებენ რეპტილიები..
სინამდვილეში ისინი არც კი უყურებენ მონიტორს..
ისინი აკვირდებიან სხვა კამერას, რომელშიც 2 უიღბლო ჟოკეი ერთმანეთს ჟონეტს უკეთებს..
გაზგასამართ სადგურზე..
თან უნიჭოდ..
ჟანს მუჭში უჭირავს ალუბლის კურკები..
ძლიერად უჭერს მუჭს…
მის კამერაში არაფერი ხდება. უინტერესოა cam3..
cam7-ში უიღბლო ჟონეტია..
რეპტილიაადამიანები.. რეპტილიათვალებით ახორციელებენ Rec-ს ტვინში..
cam11-ში ბავშვი m&m’s ჭამს..
სტაფილოს თავი აქვს.. ალბათ თაგვები ყავს სიზმარში..
ჟანი უყურებს პაროლის ველს მონიტორზე..
ჯოხი ციმციმებს.. დაბეჯითებით ციმციმებს ჯოხი..
ამიტომ, ჟანმა უნდა შეიყვანოს..
გათიშულ უცნობში შეუყვანია ჟანს…
ამ არა, სხვა სასტუმროს ნომერში..
spilo555 წერს ჟანი პაროლის ველში..
“ახლა ალბათ სადმე რომელიღაცა წერო კვდება.. პოლიეთილენის პარკისგან”.. ფიქრობს ჟანი..
ჟანი მოძალადე არ არის..
დაძაბულიც კი არ არის..
ჟანია.. უჟანგავი ფოლადი..
1.. 2.. 3.. 4.. 5.. ითვლის ჟანი.. ის გულში ითვლის.. ჟანს ჟანგბადი სჭირდება..

ჟანი პიჟონი არ არის..
მის პირსახოცს კიდეებზე ნეკა თითის მიერ დატოვებული ღრმულოვანი კვალი აქვს, რომელზეც საოცარი სიცხადითაა წასმული გოგირდი..
ჟანი იხსენებს..
მანამდე ის ყრიდა ჟაკეტებს სარეცხის მანქანაში..
მანამდე ის იწვა ორთოპედიულ მატრასზე და ჭერს უყურებდა..
ჟანს ჯერ არ ჰქონდა ეჭვები..
მას ეჭვები იმ წუთას უჩნდებოდა..
ჟანი არ ემჩნეოდა ადრეულ საზოგადოებას..
ის ჯეროვნად იყო მოწიფული, მაგრამ გრძელი წინდები ეცვა..
ჟანი იხსენებს:
მანამდე ის იყო კოლეჯის წარჩინებული სტუდენტი..
სადაც ის შეხვდა ჟანა დ’არკის სულს..
ჟანს ახსოვს..
ჟანს სული არ აქვს..
ჟანი იხსენებს: მანამდე ის შედიოდა გათიშულ ტურისტში.. ამ არა,სხვა სასტუმროს ნომრის არაორთოპედიულ მატრასზე..
ჟანი პიჟონი არ არის.. ის უბრალოდ, პაროლს ვერ იხსენებს..
daararsebobsukvdavebaamqveyanaze
გრძელია..
daararsebobsukvdaveba
ან daararsebobs
კარზე ზარია..
“ნომრის დალაგება”!
მე არ ავრეულვარ.. კბილკბში გამოცრის ჟანი.. ამას 2 წუთსა და 13 წამში იტყვის.. მანამდე ის შედის ნომერში.. მიდის კართან და აღებს კარს..
-ეს ჩემი ნომერი არ არის..
-არ ალაგებთ? -ის იღიმის..
მერე ჟანი ამბობს იმ სიტყვებს..
-რა შემატყეთ, რომ უზრდელი ვარ? -ისევ იღიმის ნომრის დალაგება..
ისეთს გავს.. დალაგება კი არ უნდა ეთქვა.. სერვისი..
ჟანი დაჟინებით უყურებს..
-მე ადრე დანაზე დავდიოდი..
-თითქოს, თავს იმართლებს..
ჟანს მოეჩვენა, რომ თავს იმართლებს.. მის წინაშე იმართლებს თავს..
ჟანი იშმუშნება..
ჟანი ახლაღა ხვდება, ნომრის სერვისს თოჯინის თვალები აქვს… და ის საშინლად უხერხულად ახამხამებს თვალებს… ჟანი მიხვდა… მოუქნელად ახამხამებს თვალებს… თითქოსდა თვალებში ჩრჩილის პუდრი შეაყარეს… ჟანი მიხვდა… ნომრისს სერვისს უპეები სავსე აქვს ნაგვის წვენით… ჟანი მიხვდა… ის კლოდი არ არის… ჟანი მიხვდა, რომ არასოდეს ყოფილა ალტრუისტი… და არც უთოზე უვლია ფეხშიშველს… ნომრის სერვისს ცალი ქუთუთო ჩამოუვარდა… და ჟანი მიხვდა… ოღონდ, ჯერ მიხვდა და მერე ჩამოუვარდა… როგორც კი მიხვდა, ჩამოუვარდა…
დერეფანში ჟან კოქტოს ერეგირებულმა სულმა ჩაიარა… და ჟანი მიხვდა… ჟანი, რომელსაც სული არ აქვს… -ჟანი როჟარი..
ჟანმა თვალების დახამხამება დაიწყო… ყოველ დახუჭვაზე, ძლიერად აწვებოდა თვალის გარშემო არსებული ზედა და თქვედა კუნთებით… და ყოველ ძლიერად დახუჭვაზე ჟანი ვაგინებს ხედავდა… რამდენჯერაც არ უნდა დაეხუჭა თვალი, ჟანი ხედავდა მხოლოდ ვაგინებს… ვარდისფერ ვაგინებს…
ნომრის სერვისი მოულოდნელად ისევ იღიმის… და ჟანი ამჩნევს, ნომრის სერვისს ვარდისფერი ვაგინის ფერი ტუჩები აქვს… და თხელი…
დერეფანში სიმინდის გამყიდველმა ქალმა ჩაიარა… ჟანს ალერგია აქვს ზღვის წყალზე… სწორედ ამიტომ… ან, შეიძლება, არც ამიტომ, ჟანი ჟანდარმი არ გახდა…
“jandarmi2013” ფირქობს ჟანი… “ეს უნდა შემეყვანა”…
ნომრის სერვისი წყვეტილად იღიმის… თავისი ვარდისფერივაგინისფერი ტუჩებით…
ჟანი იძაბება… “მე არაფერი ამიევია!”… მე არეული არ ვარ”! ჟანი იძაბება… ჟანი ყვირის… ჟანი მოძალადე არ არის… ჟანს არასოდეს უღალატია საკუთარი თავისთვის… და ვისთვის ფიქრობს ჟანი ყოველ ღამით აბაზანაში თუ იცით?… საკუთარი თავისთვის…
“wrfeliwifeli123” ფიქრობს ჟანი… სენტიმენტალური პაროლია…
-მე არაფერი ამირევია!- ყვირის ჟანი… ის კიდევ მის წინ, პლასტმასის თვალებით და ვარდისფერივაგინისფერი ტუჩებით… იღიმის…
ჟანი არ დაფიქრდება ამაზე- სად გადის ზღვარი აფექტსა და შეურაცხყოფას შორის… ჟანს ჯერაც ძლიერად მომუშტულ მუჭში უჭიტავს… ალუბლის კურკები… კარგი დილა ჰქონდა.
ჟ-აანს კარგი დილა ჰქონდა… წერტილი…
ჟ-ააანს ბუნდოვნად ახსოვს გათიშული ტურისტი ამ არა და წინა სასტუმროს არაორთოპედიულ მატრასზე… ჟანი ამ სასტუმროს ნომრის ორთოპედიულ მატრასზე მიხვდა ამას დღეს დილით…
ჟანს კარგი დილა ჰქონდა. წერტილი…
“janklodvandami” ფიქრობს ჟანი… ამაზე მომაბეზრებელი პაროლი არასდროს მოსვლია თავში … და დებიულური… მომაბეზრებლად დებილური…
ჟანი ამ წუთას სტაბილური ჟანია… ჯერაც აცვია ის გალანტური პიჟამა…
ჟანი ამ დილას კრევეტებს გეახლებოდათ… რომ არა… რომ თქვენ მანდ… კომფორტულად სხედხართ?…

“ყველაზე ამაყი კონტინენტი?!” ყვირიან ამ ნომრის ტელევიზორში ჩართული თოქ-შოუდან… და ჟანი ხვდება… ახლა ის გოგოც ამას ეტყვის… უი, ის გოგოა… ხომ გახსოვთ, როგორი თვალებით და ტუჩებითაც? ეგ… ჟანი თავს უტყდება, რომ მიხვდა… ის გოგოც ახლა ამას ეტყვის… -“ნომრის დალაგება არაფერ შუაშია… მე იქიდან ვარ… ჩვენს თოქშოუში უნდა წამოგვყვეთ”… -რომელი თოქ-შოუ?- ჟანი ცდილობს, უფრო ღრმად გაერკვეს… ჟანმა ხომ პაროლიც კი ვერ გაიხსენა? ჟანი გაიხსნა… გადაწყვიტა და უცბ გახდა გახსნილი… ღია საუბრისთვის…
-“თოქ შოუ თბილი სერვისი… ვარდისფერი თოქ შოუა- ამბობს ეს გოგო. გოგო, რომელიც ნომრის სერვისი არ არის…
-წამოვალ…- ამბობს ჟანი… რადგანაც ჟანი გახსნილია… ჟანს მზაობა აქვს… ჟანი ერთდროულადაა მიმღებლობითიც და გამცემლობითიც… ჟანი მზადაა, ყველა ბრუნვას პირში მისცემს ყველა კითხვისას და ყველა ბრუნვაში… ჟანი ბრუს ლი არ არის… ეს იცის… და ისინი მიდიან თოქ-შოუში… მთელი გზა იცის ეს ჟანმა… “ჟანი როჟარი ხომ? ახსენდება ისევ ეს სულელური კითხვა სასტუმროს ფოიედან… იქ მოისმინა მგონი… იქ უღიმოდნენ და იმიტომ… სერვისულად უღიმოდნენ… -როდარი… ჯანი როდარი და არა ჟანი როჟარი!- იყვირა ჟანმა მაშინ იქ… სასტუმოს ფოიეში…
და თოქ-შოუს პავილიონში ცხელოდა… და თოქ-შოუს საოცრად ბანძი დეკორაცია ქონდა… და დასვეს ჟანი, თითქოს კი არ დაესვათ, აღესრულებიანთ… ასე, პირდაპირ ეთერში…
შოუ არ იყო პირდაპირი… ის იწერებოდა…
და ჟანმა ამ შოუში შეიტყო რომ რენო მანქანა არ არის… და რომ ის (ჟანი) ნაშვილებია… და ჟანის თავში გაჩნდა ხვრელი… და ჟანის თავში გაჩნდა მახრა, რომელმაც ახარა, რომ რამდენიმე წუთიც და მისი ტვინიდან აღარაფერი დარჩებოდა… რომ სულ… სულ სულ სულ გამოხრავდა… და ჟანი დაიძაბა მის თავში გაჩენილი ეჭვით, სასტუმროს ნომერში აყვანილი გათიშული ტურისტის მიმართ… იმის მიმართ, რომ არ დაინტერესებულა მისი გენეტიკური წინსართებით… ჟანი ცდილობს, რომ კონცენტრირდეს და არ დაიბნეს… თოქ-შოუს წამყვან ქალს ბუასილი აქვს… ის უხერხულად ზის სკამზე და ვიღაც ქალის ფოტოს სახესთან უქნევს… კითხვებიც ბტყელი აქვს, როგორც ეს ბრტყელი ფოტო და ემოციებიც ლამინირებული აქვს თითქოს… ამიტომ, უფრო შენახულიც…
ეს სტუდიაც… მთელი პავილიონი ბრტყელია უცებ… ჟანი ცდილობს, არ დაიჯეროს, რომ თვითონაც 2 D-ა… ჯანდაბას, საკმარისია!” ჟანის თავში ყვირის ჟანი და სწორედ ამ დროს ჟანს ეუბნებიან, რომ კოტე ქვია, რომ ის სინამდვილეში კოტეა… და დიდი თავი აქვს… ოღონდ, სანამ ჟანად მოიხსენიებოდა, არც ისე ეტყობოდა ეს დიდი თავი…
-კ ო ტ ე… – უმარცვლავენ კოტეს… და კოტემ ეს უნდა აკენკოს… და კოტე ეგრევე ივიწყებს გათიშული ტურისტის სუნამოს მძაფრ სურნელს ნესტოებში… იმიტომ, რომ კოტეა და კოტეს ცხოვრებაში არ შეიძლებოდა, გათიშული ტურისტის სუნამოს მძაფრი სუნი ასებობდეს მის ნესტოებში… კოტეს არ შეუძლია ამასთან თანაცხოვრება… ბოლოს და ბოლოს, ის აცნობიერებს, რომ კოტეა და ნებდება… უფრო ჯეროვანიც ხდება თითქოს ამით… და სტუდიაში ჩაი შემოაქვთ… “იქნებ, რეკლამაზე გავიდეთ?” … ფიქრობს კოტე… კოტეს ეფსია… იქნებ, გავიდნენ ამ დედააფეთქებულ ჭრაზე…
თითქოს, კოტეს ნერვებს ჭრიან ახლა…

სტუდიაში სიმღერას რთავენ…
მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის…” მღერიან სიმღერაში…

კარგ ხასიათზე იყო ამ დილით კოტე… მაშინ ჯერ კიდევ ჟანი იყო და ხიზილალას უსვამდა ტოსტზე… ამ ბანძი თოქ-შოუს დედაში რომ შეხტა კოტე! … ჟანს ყოველთვის ეგონა, რომ ბაგეტიანელთა ოჯახიდან იყო, ამიტომ, აქამდე ის კატეგორიულად არ სცნობდა ბაგეტის და ამ დილითაც ამიტომ იყო მის ხელში ტოსსსსტი… გამოპიწკინებული და აკურატულად ხმელი… ამ ბანძი თოქ-შოუს დედაში რომ შეხტა კოტე…

ჟანი რომ იყო, მოწესრიგებული ჰქონდა ნებისყოფასთან თანაცხოვრების ამბები… ახლა კოტეა და დიდ თავში ქერტლი აქვს და ამბობენ, ვიღაც უცნობ შოვინისტ ავტორს მალავს პერიოდულად ბოზი მამიდის სახლში…

“თქვენ სტაფილოკოკი გაქვთ… ნაწლავური პარაზიტი… ამიტომ, შეგვიძლია, გითხრათ, რომ, გყავთ” დაყვავებით ეუბნება კოტეს თოქ-შოუში მოულოდნელად მოწვეული იჯახის ექიმი… კოტე ფიქრობს, რომელ ოჯახზეა საუბარი? კოტედ ყოფნისას თუ ჟანად ყოფნისას? იქნებ, ჟანს საერთოდ არ აქვს/ყავს ნაწლავური პარაზიტი?

  • უკაცრავად, თქვენ რომელი ოჯახსის ექიმი ხართ? -მოულოდნელად ეკითხება კოტე…
  • მე ავთო ვარ… და კოტე ხვდება, რომ ჟანის ოჯახის ექიმთან აშკარად არ აქვს საქმე… ჟანის ოჯახის ექიმი ტრანსგენდერი კაცია… საყურე უკეთია და ყოველ დილით მარწყვის კრუასანს ჭამს… ის არ არის მსუქანი… მიუხედავად ამისა, ის მაინც დაჟინებით თვლის, რომ მსუქანია… ეს კიდევ, ავთოა… აფთიაქარი ბაქარის ენაბლუ ძმა… მოიცა, კოტესთან რატომ არ უკიდებს ენას?

კ’ოტე, რაკეტას ჩაკეტავ?
ანკეტაში წერია, რომ ზედმიწევნით კოტე ხარ…
ბოქვენის ძვლის შეთმიანება კავკასიური…
კ’ოტე რაკეტას ჩაკეტავ?
კ’ოტეე… ფეხები სუფთა გაქვს? შემოდი და კანფეტები შემოყარე… ღიმილი სახეზე… ღიმილი არ დაგავიწყდეს… ხელები სუფთა გაქვს, კ’ოტ’ეე? შაქარლამა აიღე, კოტე’… გამოიწვდინე შენი კოტიტა თითები… თბილად ჩაიცვი…
ეს რა ზედაა, კოტე? რანაირი ზედაა? არა, ცუდი არაა, კ’ოტეე… რაღაცნაირი ზედაა…
ბარემ, საყურე გაიკეთე და კრუასანი ჭამე… ხომ იცი, აქ ყველას უყვარხარ?
კოტე ჩაცურდა ამ ბანძი სტუდიის ბანძ ინტერიერში არსებული ბანძი დივანის საზურგეზე და zip ფაილს დაემსგავსა…
ბევრი რამ დაიტია…
მთავარია, რომ, ის უყვართ… და ყველაფერს სიყვარულით აწვდიან დაბადებიდან…
კოტეს ახსოვს:
კოტე ბავშვი იყო
კოტე კბილებს კრეჭდა- კოტე კბილებს იხეხავდა.. კოტე კბილებს აღრჭენდა..
ჯემიან პურს ჭამდა .. ჯემპრები ეცვა.. ხშირად ერთად ეცვა რამდნიმე ჯუმპრი..
ზედმიწევნით იმახსოვრებდა ზედსართავ სახელებს..
თითოეულ თანასკოლელს სევდაზე ცნობდა კოტე..
დედაზე იგინებდა კოტე..
გვიან იძინებდა კოტე..
ჯემიან პურს ჭამდა..
კბეჩდა და დაუღეჭავად ყლაპავდა..
ბეჭებზე იწვა..
ჯეროვანი ამბების სჯეროდა..
სწორი იყო კოტე.. რა ჟანი?
კოტე იყო, რაც იყო..
კოტე იყო კოტე!

-კოტეეეე! ჩამოდი, ბურთი ვითამაშოთ… კოტეეეე! – ეძახიან ქვევიდან…
კოტეს ასწავლეს, როგორ არ უნდა დაიჭიროს დანა-ჩანგალი… არ იცის, როგორ უნდა დაიჭიროს… არ იცის, ვის უნდა… იცის, როგორ იყოს უკმეხი… უკმეხი-უკმეხი-უკმეხი- ტეტია!
-კოტეეეე! რა დროს ალგებრა და ზოოლოგიაა?! ჩამო რაა! ჩამო რაა, “ჟოპა-სტენკა” ვითამაშოთ”…

ახლა რომ ჟანი იყოს, ძლიერად დახუჭავდა თვალებს ბევრჯერ, ცხვირში გათიშული ტურისტის სუნამოს მძაფრი სუნით და ყოველ დახუჭვაზე ვარდისფერ ვაგინას დაინახავდა… ჟანი რომ იყოს, იმ პერანგს ჩაიცვამდა, რომელსაც ოლიმპიური სიმყარით უდგას საყელო და რომელიც სძულს! დიდი სიამოვნებით ჩაიცვამდა ამ პერანგს…
და კოტეც იწყებს თვალების ძლიერად ხამხამს… და ის ცდილობს, გარკვევით დაინახოს: თოქ-შოუს ბანძი დეკორაცია- ვარდისფერი ვაგინა… თოქ-შოუს ბანძი დეკორაცია- ვარდისფერი ვაგინა…

მე რომ ვაგონი ვიყო, სამაგალითო ვიქნებოდი” ფიქრობს ჟანი, რომელასც უთხრეს, რომ კოტეა…
სტუდიაში კი ამ დრის კენკრის ნამცხვარი შემოიტანეს…

პაროლს რომ გაიხსენებთ, შემოდით…

ფოტო 🔵 გიორგი ელიზბარაშვილი