ლიტერატურა, პოეზია, სიახლეები

Როდის გადაწყდა – ანანო ჭელიძე

როდის გადაწყდა, რომ თანასწორობას გვასწავლიან ისინი, ვინც პირველი მჩაგვრელები არიან? როდის გადაწყდა რომ თანაგრძნობას გვასწავლიან ისინი, ვინც ადამიანების გაჭირვებას და პრობლემებს თავიანთი ცნობადობისთვის იყენებენ. ვინც ადამიანებს თავისი პროდუქტის გაყიდვისთვის იყენებენ? და ვისაც თვალთმაქცობის ამოცნობა ყველაზე კარგად შეუძლია და ვინც თავისი პირადი გამოცდილებით იცის ყველა ის სირთულე, რაზეც პრივილეგირებულები პლუსების დასაწერად ლაპარაკობენ, დუმან და დრო გამოშვებით მადლიერებით გავსებულები კვერს უკრავენ. ალბათ მართლა დასაფასებელია მათი გარჯა. იქნებ მათაც უნდათ, რომ ტრენდები საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას არ ქადაგებდეს?

როცა სახლში მივდივარ და უკვე დაბნელებულია, გზად ერთი ქალის ოთახს ვუყურებ. პირდაპირ ქუჩაზეა მისი ოთახი, უმცირეს კვადრატულშია მოთავსებული მისაღები, საძინებელი და სამუშაო სივრცეები. საბნების და ბალიშების გაახლებაზე მუშაობს. გზაზე ჩამწკრივებული რამდენიმე სახლი ვონგ კარ-ვაის ფილმების ატმოსფეროში მახვევს და სიამოვნებით ვძვრები წარმოსახვითად მათ სახლებში. ამ ქალს ოთახში დიდი სქელი, ძველებური ტელევიზორი უდგას და საინფორმაციოს უსმენს: არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში სენაკის სამხედრო ბაზაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – ზუგდიდის ძარცვა

– ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას დედა ამბობს, რომ მისი შვილი თბილისში იმყოფება.
– ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს COVID 19 დაუდასტურდა. -გაბრიელ სალოსის გამზირზე მიკროავტობუსი გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა – არიან დაშავებულებიც.
– ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში: გარდაიცვალა ერთი ადამიანი
– ამირან გამყრელიძე: პიკი იქნება ნოემბრის ბოლოს.
– ტიკარაძე: ამბის ატეხა საჭირო არაა, ამ ატეხილი ამბებიდან, ექიმები დიდ სტრესში არიან.
საინფორმაციო მთავრდება და იწყება ნიკა გვარამიას სკანდალური ინტერვიუ ელდარ გოგოლაძესთან [III ნაწილი | განმეორებითი ჩვენება] ტელევიზორის ხმა გარეთ გამოდის, ნაადრევად დაძინებულ უბანში საინფორმაციო წირვაზე ლოცვის მუსიკალურობით ისმის. ღამეს შიშში ახვევს დიანა ჯოჯუას მედავითნის მსგავსი ხმა. ალბათ მთელი დღის ფეხზე დგომის მერე ტელევიზორთან მხოლოდ სქელი წინდებით ზის, მინუსიანი სათვალე უკეთია და ქსოვს, ოღონდ ვინმესთვის კი არა, უბრალოდ ქსოვს. სათვალეებიდან ახედავს ხოლმე ტელევიზორს და იძახის – ნწნწნწ, დედა შვილოო, დედა შვილოო. ზოგჯერ მეზობელი მოაცდენს ხოლმე
– გოგო მწვანილი დამაკლდა სადილზე, ახლა გაახსენდებათ ჭამაც და სმაც მე რომ დამჯდარს დამინახავენ. ესეც ადგება წელზე ხელმიბჯენილი და კბილის დანახვების გარეშე გაუღიმებს მეზობელს, თან მწვანილსაც მიცემს. რაღაც გაუგებარი სიმშვიდე აქვს. არაფერს ელოდებიან მისგან და თავადაც არაფერს ელოდება, არც სხვებისგან და არც ცხოვრებისგან. თუმცა, უარს არ იტყვის სიურპრიზებზე. ზის და ღამით უსმენს ქვეყნის ამბებს და ქსოვს. ჩაბნელებულ ოთახს ტელევიზორი უნათებს. ტელევიზორს ანტენა აქვს, ორ სხვადასხვა მხარეს აშვერილი. მარლასავით ფარდა უკიდია. თავის პაწაწინა სახლში ფარდებით აქვს დაყოფილი სივრცეები რომ განსხვავებული ოთახების ილუზია შეიქმნას. სხვებისგან თანხმობასაც აღარ მოელის ისე ავლებს საქსოვ ძაფში ყაისნაღს. წარმოიდგინეთ თავისი ნაბიჯების სისწორის დასამოწმებლად ქვეყანას არ ყრის. და ვითომ, რადგან სულ ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა პატარაა მისი სამყარო? მე მგონი, ოდესღაც მენავე კაცთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლები ამბობდნენ, ქმრის გაუჩინარების შემდეგ, მაგისი ნერვიულობა ჩვენ არ გვინახავსო. ჰო, მეც ეგრე ვფიქრობ რომ ბავშვივით თამაშობს და ქარივით დაქრის სულ. ღამღამობით საინფორმაციოსაც იმიტომ რთავს, რომ მეზობლები დაარწმუნოს სამყაროთი (მეზობლების სამყაროთი) დაინტერესებულობაში.