სიახლეები

ფერნანდუ პესოა (ალვარუ დუ კამპუშ) – თამბაქოს მაღაზია

Თარგმანი – ირაკლი მენთეშაშვილი

არაფერი ვარ.
არც არაფერი ვიქნები.
არც შემიძლია მინდოდეს ვიყო რაიმე.
გარდა ამისა, ჩემშია სამყაროს ყველა ოცნება.

ჩემი ოთახის ფანჯრები,
ჩემი ოთახის, ერთ-ერთის მილიონთგან ამ სამყაროში, რომელიც არავინ იცის ვინაა,
(და რომც იცოდნენ, რა ეცოდინებოდათ) ?
რომლებიც გადიან ქუჩის იდუმალებაზე სადაც მუდმივად ტრიალებს ხალხი,
ქუჩა ყველა ფიქრისთვის მიუდგომელი,
ნამდვილი, წარმოუდგენლად ნამდვილი, ცხადი, შეუცნობლად ცხადი,
დაფარული იდუმალებით ადამიანთა თუ ქვათა ქვეშ,
სიკვდილით, რომელიც კედლებზე სველ ლაქებს ტოვებს და ჭაღარას უჩენს ადამიანებს,
ბედისწერით, რომელიც ეტლს მიაქანებს ყველაფრისაკენ არაფრის ქუჩით.

დღეს თავს ვგრძნობ ისე დამარცხებულად, თითქოს გამეგოს ჭეშმარიტება,
დღეს ისეთი გასხივოსნებული ვარ თითქოს სიკვდილის პირას ვიმყოფებოდე
და გაწყვეტილი მქონდეს ყველა კავშირი, გარდა განშორებისა,
თითქოს ეს სახლი და ქუჩის ეს მხარე ქცეულიყოს მატარებლის ვაგონთა წყებად
და ისმის გაბმული სტვენა
ჩემ თავის ქალაში
და მათი დაძვრისას ჩემი ნერვები თრთიან და ძვლები იმსხვრევიან

დღეს ისეთი დაბნეული ვარ, როგორც ის ვინც ბევრს ფიქრობდა და იპოვა და დაავიწყდა,
დღეს გახლეჩილი ვარ იმ ვალდებულებას შორის, რომელიც მაკავშირებს
თამბაქოს მაღაზიასთან, ქუჩის მეორე მხარეს, როგორც რაღაც რეალურის მიმართ ჩემს გარეთ,
და იმ შეგრძნებას შორის რომ ყველაფერი სიზმარია, როგორც რაღაც რეალურის მიმართ ჩემს შიგნით.

ყველაფერში დავმარცხდი.
რადგან არ მქონდა არასდროს მიზანი, ალბათ ყველაფერი არაფერია.
რაც მასწავლეს
მოვისროლე ეზოს ფანჯრიდან.
გუშინ დიადი მიზნებით წავედი სოფლად
და მხოლოდ ბალახი და ხეები ვპოვე
და ხალხი, რომელიც იქ დამხვდა იყო ისეთივე, როგორც სხვა დანარჩენი.
ფანჯარას ვშორდები და ვჯდები სკამზე. რაზე უნდა ვიფიქრო?

საიდან მეცოდინება რა უნდა ვიყო, მე, რომელმაც არ ვიცი რა ვარ?
ვარ ის, რასაც ვფიქრობ? და რამდენ რამეს ვფიქრობ!
და რამდენია, რომელიც ფიქრობს იმავეს, რაც შეუძლებელია!

გენიოსი? ამ წუთას
ასი ათასი, როგორც მე, თავის ჭკუაში გენიოსია
და ისტორიას არ ემახსოვრება, ვინ იცის? არცერთი მათგანი,
და დარჩება მხოლოდ ნაკელი ამდენი სამომავლო გამარჯვებისგან.
არა, არ მჯერა ჩემი.
ამდენ საგიჟეთში, ამდენი გიჟია, ამდენი სიმართლით ხელში!
მე, რომელსაც ხელთ არცერთი მიპყრია, განა შეიძლება ვიყო მართალი?
არა, არ მჯერა…
და სამყაროს რამდენ სხვენში თუ არა-სხვენში
ამ დროს ოცნებობენ თავ-თავისთვის-გენიოსები?
რამდენი მაღალი, ნათელი და კეთილშობილი სწრაფვა

დიახ, მართლაც რომ მაღალი, ნათელი და კეთილშობილი-
და ვინ იცის იქნებ შესაძლებელიც,
დღის ნამდვილ შუქს ვერ ნახავენ ვერასდროს და ვერც ვერავის მიაწვდენენ ხმას?

სამყარო იმათთვისაა, ვინც დაიბადა გამარჯვებისთვის
და არა იმათთვის, ვინც ოცნებობს გამარჯვებაზე, თუნდაც იყვნენ მართლები.
ნაპოლეონზე მეტ გამარჯვებაზე მიოცნებია.
ჩემს ჰიპოტეტიურ მკერდში იმაზე მეტი ჰუმანიზმი ჩამიხუტებია, ვიდრე თავად იესოს,
მალულად, იმაზე მეტი მიფილოსოფოსია ვიდრე ნებისმიერ კანტს.
მაგრამ ყოველთვის ვიქნები სხვენის კაცი,
თუნდაც სულ არ ვცხოვრობდე სხვენში.
ყოველთვის ვიქნები ის, ვინც ამისთვის არ დაბადებულა.
ყოველთვის ვიქნები ის, ვინც ნიჭიერი იყო,
ყოველთვის ვიქნები ის, ვინც ელოდა, რომ გაუღებდნენ კარებს კედელთან, რომელსაც კარები არ გააჩნია
ის, ვინც იმღერა მარადისობის ჰიმნი საქათმეში,
ის ვინც ისმინა ღმერთის ხმა დალუქულ ჭაში.
მჯეროდეს ჩემი? არც ჩემი და არც არაფრის.
ბუნებამ გადმოღვაროს ჩემს გახურებულ თავზე
მისი მზე და მისი წვიმა და მისმა ქარმა თმა ამიწეწოს
და მერე მოხდეს რაც მოსახდენია და შესაძლოა მოხდეს, ანდა არ მოხდეს.
გულით ავადმყოფი ვარსკვლავების მონები,
სამყაროს ვიპყრობთ ლოგინიდან აუდგომელად;
ვდგებით და უკვე მწუხრია;
გავდივართ გარეთ და შორეთია,
და ის დედამიწაა და მზის სისტემა და ირმის ნახტომი და უსასზღვრობა.

(მიირთვი შოკოლადი, გოგონა,
შოკოლადი!
აი ნახავ, რომ სამყაროში არაა შოკოლადზე მეტი მეტაფიზიკა,
აი ნახავ, რომ საკონდიტროზე მეტი სიბრძნე არცერთ რელიგიას არ გააჩნია.
მიირთვი, ბინძურო ბავშვო, მიირთვი!
ნეტავ შენსავით შემეძლოს შოკოლადის ასეთი სიმართლით ჭამა!
მაგრამ მე ვფიქრობ, და ვერცხლის ქაღალდის გახსნისას, რომელიც სინამდვილეში ტყვისაა,
ძირს მეფანტება ყველაფერი, როგორც თავად ჩემი ცხოვრება.)

თუმცა იმ სიმწარისგან, რომ არასდროს არაფერი ვიქნები, დარჩება
სწრაფი ხელწერა ამ სტრიქონების,
გაბზარული კარიბჭე მიუწვდომელის.
ცრემლის გარეშე ზიზღის ღირსად ხომ მაინც ვთვლი თავს,
კეთილშობილი, თუნდაც იმ ღირსეული საქციელის გამო რომ ვისვრი,
ყოყმანის გარეშე, ჭუჭყიან სამოსს რომელიც მე ვარ, სამყაროს ორომტრიალში
და სახლში ვრჩები პერანგის გარეშე.

(შენ, რომელიც მანუგეშებ და არ არსებობ, და ამიტომაც მანუგეშებ,
ო, ბერძენთა ღმერთო, ცოცხლად ჩამოსხმულო ქანდაკებავ,
ო, რომაელო პატრიციუსო, მიუწვდომელო დიდებულო და ფატალურო ქალო,
ო, მოხეტიალე მუსიკოსთა ქალღმერთო, ბრწყინვალევ და მშვენიერო,
მეთვრამეტე საუკუნის მკერდმოღეღილო დიადო ქალბატონო,
თუ ჩვენი მამების ეპოქის ყველაზე განთქმულო კეკლუცო,
არ ვიცი რა დროისა ხარ – არც კი ვიცი რა ხარ –
ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა იყო, თუ შეგწევს ძალა ჩემი შთაგონების, შთამაგონე!
ჩემი გული ცარიელი ურნაა.
როგორც ისინი ვინც სულებს უხმობს, ისე ვუხმობ საკუთარ თავს,
ვუხმობ და არაფერი ჩანს.
ვუახლოვდები ფანჯარას და ვხედავ ქუჩას სრული სიცხადით.
ვხედავ მაღაზიებს, ტროტუარს, გამვლელ მანქანებს,
ვხედავ მოსიარულე ცოცხალ არსებებს,
ვხედავ ძაღლებს, რომლებიც ასევე არსებობენ,
და ეს ყველაფერი წარმომიდგება როგორც განადგურების განაჩენი,
და ეს ყველაფერი, როგორც სხვა ყველაფერი, ჩემთვის უცხოა.)

მიცხოვრია, მისწავლია, მყვარებია და რწმენაც კი მქონდა.
და დღეს არ არსებობს ერთი მათხოვარი, რომლის არ მშურდეს მხოლოდ იმიტომ რომ ის ისაა და არა მე.

ვხედავ მათ ძონძებს, იარებს, ტყუილს.
და ვფიქრობ: ალბათ არც გიცხოვრია, არც გისწავლია, არც გყვარებია, არც რწმენა გქონია
(რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი იცხოვრო ისე, რომ არ გააკეთო ეს ყველაფერი.)
შესაძლოა საბრალო ხვლიკივით ცხოვრობდი, რომელსაც კუდი მოაჭრეს, და შენ ხარ ეს კუდი, კუდი, რომელიც სხეულისგან ცალკე ფართხალებს.

ჩემი თავისგან შევქმენი ის, რაც არ ვიცოდი,
და რაც ვიცოდი ის არ გავაკეთე.
მოვირგე ქურქი, რომელიც არ მეკუთვნოდა.
მიმიღეს იმად, რაც არ ვიყავი, არ უარვყავი და დავკარგე საკუთარი თავი.
როდესაც ნიღბის მოხსნა მომინდა,
მიწებებული მქონდა სახეზე.
როდესაც მოვიძრე და ჩავიხედე სარკეში,
უკვე ბებერი ვიყავი.
მთვრალი ვიყავი და ვერ ჩავიცვი ქურქი, რომელიც არ გამიხდია.
მოვიგლიჯე ნიღაბი და მივეგდე გარდერობში,
როგორც ძაღლი, რომელსაც იტანენ რადგან უწყინარია.
და ამ ისტორიას დავასრულებ, რომ დავამტკიცო ჩემი სრულყოფილება.

ჩემი უსარგებლო ლექსების მუსიკალურო ბგერებო,
როგორ მინდა რომ გიპოვოთ – ჩემს მიერ შექმნილი,
და არ დავრჩე სამუდამოდ თამბაქოს მაღაზიის შესასვლელთან,
და ვთელავდე ფეხებით ჩემი არსებობის შეგრძნებას,
როგორც ჭის ხუფს, რომელსაც ლოთი წამოედო,
თუ კარის ხალიჩას რომელიც ციგნებმა მოიპარეს და არაფრად არ ღირდა.

მაგრამ მეპატრონე მივიდა თამბაქოს მაღაზიის კართან და შესასვლელთან გაჩერდა
მოღრეცილი კისრით მას ვუცქერ, გონებაში უხერხულობის განცდით,
და უხერხულობის განცდით სულში, რომელიც არ მესმის,
ისიც მოკვდება და მეც მოვკვდები.
ის დატოვებს თავის დახლს, და მეც დავტოვებ ლექსებს.
ოდესღაც გაქრება დახლიც, და ჩემი ლექსებიც.
შემდეგ გაქრება ქუჩაც, და იქ მყოფი დახლიც.
და მოკვდება ენაც, რომელზეც იყო დაწერილი ლექსები.
შემდეგ პლანეტაც, სადაც ეს ყველაფერი მოხდა.
სხვა სატელიტებზე, სხვა გალაქტიკებში, ადამიანის მსგავსი არსებები,
გააგრძელებენ ლექსების მაგვარის წერას, და ექნებათ თამბაქოს მაღაზიის მსგავსი დახლები.
ერთი მეორის პირისპირ ყოველთვის.
ერთი ყოველთვის ისეთივე უსარგებლო როგორც მეორე,
მიუწვდომელი – ყოველთვის ისეთივე სისულელე როგორც სინამდვილე,
ღრმა საიდუმლო – ისეთივე ცხადი, როგორც სიზმარი, ზედაპირზე მყოფი საიდუმლო,
ყოველთვის – ერთი, ან ყოველთვის – მეორე, ან – არც ერთი, არც მეორე.

ვიღაც კაცი შედის თამბაქოს მაღაზიაში (თამბაქოს საყიდლად?)
და უცებ რეალობის სიცხადე მემხობა თავზე.
დარწმუნებული, ადამიანური, ენერგიულად ვდგები,
და შევეცდები დავწერო სტრიქონები, რომლებშიც დავამტკიცებ საპირისპიროს.

წერაზე ფიქრისას ვუკიდებ სიგარეტს
და მოწევისას შევიგრძნობ ხსნას ყველა ფიქრისგან.
ვაკვირდები ბოლს, როგორც გზას საკუთარს,
და ვკტბები წამიერად, მგრძნობიარე და გონიერი,
ყოველგვარი სპეკულაციისაგან განთავისუფლებას,
და ვხვდები რომ მეტაფიზიკა უბრალოდ ცუდად ყოფნის ნაყოფია.

შემდეგ კვლავ ვჯდები
და მოწევას ვაგრძელებ.
სიგარეტს თავს არ დავანებებ თუ ბედისწერა ამის უფლებას მომცემს.

(ჩემი მრეცხავის შვილი რომ მომეყვანა ცოლად
შეიძლება ბედნიერი ვყოფილიყავი).
აქედან გამომდინარე ვდგები სკამიდან. ფანჯარასთან მივდივარ.

თამბაქოს მაღაზიიდან კაცი გამოდის (ხურდა შარვლის ჯიბეში ჩაიყარა?).
ჰეი, მე მას ვიცნობ; ეშტევესია მეტაფიზიკის გარეშე.
(მაღაზიის მეპატრონე კარებთან მივიდა.)
რაღაც ღვთიური განგებით ეშტევესი მოტრიალდა და დამინახა.
დამემშვიდობა ხელის დაქნევით, და მე შევძახე, კარგად იყავი ეშტევეს! მთელი სამყარო
თავის ადგილზე დადგა იდეალების და იმედების გარეშე, თამბაქოს მაღაზიის მეპატრონემ გაიღიმა.