ლიტერატურა, პოეზია

ყველა სახლში იყო ერთი წიგნი სიყვარულზე – ნატალი აბესაძე

ნატალი აბესაძე

                                                     „ ტიტები მეტისმეტად აღმგზნებია, ჩვენთან ხომ ზამთარია.
                                           შეხე, რა თეთრია ირგვლივ ყველაფერი, რა წყნარი, დათოვლილი”
                                                                                                                     სილვია პლათი. 

დაე, ჩემს სატრფოს
დაე, ჩემს სატრფოს მუცელი ტკიოდეს
დაე, ყვითელი პეპლის ფრთებით ფილტვი გაევსოს
ოკინავას მდინარე მოდიოდეს მისი ისრიმის თვალებიდან
ჭიანჭველებმა უზიდონ სისხლი
ტერფებიდან გულამდე.
დედა ფუტკრებმა შეუჩერონ სუნთქვა ზუზუნით და ქიმუნჯებით-
“მოვიდა გაზაფხული !
მოვიდა გაზაფხული ! ”

ლილე


ეს თეთრი ჩოხა სისხლნაბანია!
ეს თეთრი ცხენი მოსყიდულია!
ლილე! არასდროს
არ შეგაშინოს
თოვლმა, წკვარამმა
ხმამ დავიწყების
თუ ჩრდილოეთის
უცხო მხარედან
საღამოს ჟამზე გამოიქცევი.

ეს თეთრი სახლი ნამქრიანია
ეს თეთრი ხელი
ლოლოს ნამგვანი
ლილე ! როდესაც ჩრდილოეთის მთამ
წამოიხუროს თავზე საბანი
წამოდი !
რადგან სხვა ზაფხულებზე
წამით ნათიბი თბილი დღეები
მოგატყუებენ, მიგიზიდავენ
კვლავ სიყვარულში დაგაჯერებენ.

დედოფლის სხეული

სიმსივნემ შეჭამა დედოფლის სხეული.

არადა, ნახე, რა ლამაზია !

ორი კულული როგორ უხდება მის სალუქ სახეს !

და მისი ტანი ჯერ არა ჰგავს დაკრეფილ ყვავილს…

სიმსივნემ გამოწვა დედოფლის სხეული.

ნეტავ რით მალავს
აჩონჩხილ ტკივილს ?

როგორ წავიდა მონასტრისკენ სულ ფეხშიშველი ?

როგორ ატყუებს შიმუნვარებს და კარისკაცებს ?

სიმსივნემ გამოხრა დედოფლის სხეული.

ექვსი მინიმა

* *

ნეტავ რას ვიზამდით, ვინმე მოსულიყო
-სიზმარია ცხოვრება,- დაეწერა საღვთო წიგნებში.
-და ცხოვრება-სიზმარი..

* *
“-ჩემო ტანჯულო დედოფალო”
თავის თავს უთხრა
და მელნის გულში ამოავლო ღამის პერანგი…

* *
ცოტაოდენი მოდით, თქვენზეც ვილაპარაკოთ
ვინაც მაისში გადასაფრენ
ზამთრის ფრინველებს
კარი გარედან გადაუკეტეთ.

* *
იგი ავ სიზმარს გამოექცა
და უნებურად
გზა აერია
ორი ქვეყნის გზაგასაყარზე.

* *
მდელოს გადაღმა
გაოცებულ ჩემს თავს ვუყურებ.
მარულასავით გარს გვივლიან თეთრი ქალები

ვუახლოვდები.
უკან იხევს.
ნაბიჯს ვუჩქარებ.

და აი,
ერთი
ამოსუნთვა..
წამი..
ნაბიჯი…

სანსკრიტი


აღმართზე ამოვრბოდი
აღმართის თავზე მხვდებოდი შენ
სანსკრიტი
რომელსაც მეცნიერი შეეჭიდა
დაემსგავსა ნელ სიკვდილს.
რა მიხაროდა ?
ან რა მიმძიმდა ?
თოვლი -მლაშე, ძველი და თეთრი …
უდაბურ მთებში მარტოობის არ შეგეშინდეს.

აღმართზე ამოვრბოდი
აღმართის შუა შენ მხვდებოდი
გულში მიკრავდი
მხოლოდ თოვლის
ჩუმი სისველით
და მეუბნებოდი
რა გვიხარია ან რა გვიმძიმს?
სანსკრიტი, რომელსაც მეცნიერი შეეჭიდა
ბედნიერების
მომტანი
არ აღმოჩნდა
მისთვის.

ალუდას სახლი


ამ სიბნელეში
ამ უშავეს სახლთა წყებაში
სახლი, რომელიც წითელია,
ალუდასია…

ნუ შეიყვარებ !

ზია ხანუმს ნუ შეიყვარებ.
რვაფეხასავით გაგიჯდება სულში ბოროტი.
ვერც კი იტირებ.
ვერც სინდისის იგრძნობ სიმჟავეს.
ზოგისკენ ცქერას
დაბრმავება გიჯობს ბოლომდი.
ნუ შეიყვარებ!

ჯადოსნური ზღაპრის თემატიკა.

სიკვდილის მიღმაც წამოგყვები.
მარტო არ წახვიდე
წყაროსმცველ ურჩხულთან.

ბნელი ღამის არ შეგეშინდეს
ფეხზე გაუხდელს არ გეძინოს .
ისრების ველზე არ ტიროდე
მუხების ქვითინი არ გესიზმრებოდეს.

სიკვდილის მიღმაც წამოგყვები
მარტო არ წახვიდე
წყაროსმცველ ურჩხულთან.

დანაე

და მე ავტირდი ჩემი ცხოვრების გამო
და ჩემს ცხოვრებას ჰქონდა არაფრის გემო.
დაშრიალებდა აკროპოლისში ქარი
კართან ეყარა მჭკნარი ვარდების გამა
და მოოქროსფრო ტოტებს ჩრდილავდა მთვარე.
და მოიისფრო სანდლებს არწევდა ტალღა
ხოლო კალთებზე მესვენა ზღვების გვამი.
და მხრებზე მაწვა დანაიდების დაღლა
და მე ავტირდი ჩემი ცხოვრების გამო
და ჩემს ცხოვრებას ჰქონდა არაფრის გემო.
დაშრიალებდა აკროპოლისში ქარი
კართან ეყარა მჭკნარი ვარდების გამა.

ჩანთა

კაცმა, ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ
გააღო კარი
და ჭრელი ჩანთა სკამზე დაკიდა.
ჩანთას ეხატა ყვავილები.
იყო პატარა და მოვლილი.
გაზზე თუხთუხებდა ჩაიდანი.
გარეთ ალვის ხეს ეყრებოდა თოვლის ჩოჩქოლი.
ცოლიც, სადაცაა , მოვიდოდა
(მან ცოტა ხნით მეზობელთან შეიარა)
სიჩუმეს დაარღვევდა, საჭმელს გააკეთებდა
დარეკავდა საზღვარგარეთ დასთან.
მერე სავარჯიშოდ მიდიოდნენ.
კაცი ელოდა და უყურებდა პატარა ჩანთას ,
ის ახსენებდა თმის სამაგრებს ვიღაც სხვა ქალის
ვისი სახელიც კი არ ახსოვდა
ვინც არასოდეს ყოფილა მისი.
კაცი ელოდა.

სიყვარული

ეს ის დრო იყო, ვარსკვლავებს რომ ნისლი ფოფრავდა.
“მაგას თავს ძალით აკვლევინებენ “
იმეორებდა მოხუცი არნე.
მის ფარდულს კენჭების სროლით ჩავუვლიდით.
შენ სკვინჩას ჰგავდი სიგამხდრით და ქორწილში მოვხვდით.
ჩვენ გაგვეფიქრა, თეთრკაბიანს არ უყვარს ქმარი.
არც იმ გოგონებს არ ენდობა, გუნდად რომ სდევენ.
ეს მოგონებაც მხარზე კავთით გადაიკიდე
და ვარდებიან აღმართს აუყევ.
ო, თანაც ნახე, რა სურნელია !
ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არის სიყვარული.

სანჩესების წასვლა

ჩვენ ძალიან გვეწყინა, რომ სანჩესები წავიდნენ.
რომ გვესტუმრნენ ზაფხულში, მეზობელი რანჩოდან.
მოიტანეს სიცილი და ბევრი კომში,
ჩურჩული.
თქორებისას წყლის წვეთები
ჩადიოდნენ მათ კისერში
თავნებურად,
ჩუმჩუმად.
მაგრამ ზოგჯერ ისე წვიმდა, მოსხლტებოდა მინდვრები
ტბები იდგა დაბლობებში
ვქსოვდით, ფიქრებს ვირბევდით.
მაგრამ მერე ისე თოვდა
თოვდა თოვდა
და თოვდა
რომ ფარავდა ამბრის ხეებს
ჩვენ ვიდექით და გვქონდა
იმ ამბებზე
ხუმრობები
თუ როგორ მოდიოდნენ
სანჩესები
უგერგილო ქცევებით და
კომშებით
სიჩუმის აუტანლობით, წვიმებით და გროშებით
იცინოდნენ, იგიჟებდნენ თავს და მათ მოიგონეს
სიყვარული.

ძველბერძნული კიდევ არფები

ძვირფასო, გახსოვს თოვლისა და ქარის ნიღაბი?
შენ სულ გინდოდა, მხიარული ყოფილიყავი.
იისფერ ჟოლოდ იღვრებოდა შენი აურა
და იჭრებოდა ახალი წლის აურზაური
ოთახში
გახსოვს კოცონი რომ ავუნთეთ
ყინულს
და შენ ყოველთვის გპოულობდით შენი სიცილით
შენ ისევ მომწერ, ” ამ მხარეში
ზაფხული ღვივის “
მაგრამ არასდროს არ ახსენებ, რომ მოიწყინე.
გახსოვს ვარდები, ძველბერძნული კიდევ არფები ?
შენ თქვი, ცხოვრება თამაშია, ან არაფერი
გახსოვს ნარმები, მარნების და კოშკის ნიღაბი ?
შენ სულ გინდოდა, მხიარული ყოფილიყავი.

Შვიდი მინიმა

შენ, სხვათაშორის
ამშვენებდი უნივერსიტეტის შესასვლელს.
როცა მეგობრებთან იდექი
და გჭორავდით
საქმე არ აქვსო.
და მერე უნივერსიტეტიდან წახვედი
და მერე ჯარში წახვედი
და მერე ქვეყნიდანაც წახვედი

* *
ახალი მეტროს შესასვლელიდან
ჩანს დანგრეული ბაქნის სხეული
სადაც მომწვანო ზღვის პეპლები
გამოუსახავთ.

* *
იასამანმა იგრძნო საკუთარი სურნელი
ბოლო ყვავილის დაცვენისას.

* *
ქალის ჩამოყრილი ხელების წინ
იდგა ჩანთა ყვავილებით.
ქალი ფიქრობდა
მშობლებთან დაბრუნებაზე.

* *
ყველა სახლში იყო ერთი წიგნი სიყვარულზე.
ქმარი ამოღამებული თვალებით ბრუნდებოდა.

* *
ცოლი აკეთებდა საჭმელს
ქმრისთვის და სამი ვაჟისთვის,
რომელსაც ჰქონდა მარტოობის გემო.

* *
ჰოდა
სულ მინდოდა მეთქვა,
რომ როგორ ამშვენებდი უნივერსიტეტის შესასვლელს,
როცა მუცელს მიხრავდნენ მელიები

და ფეხებზე მებმებოდა ორი მძიმე ბელტი

და მერე ჯარში წახვედი
და მერე ქვეყნიდანაც წახვედი
და მერე,
საერთოდაც,
წახვედი …