ლიტერატურა, პროზა, სიახლეები

Მეხსიერების მდინარე ნაირა გელაშვილის რომანში

ნაირა გელაშვილის თითქმის რვაას გვერდიანი რომანის „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ კითხვის პროცესში, იმ უამრავ ასოციაციასა და ალუზიათაგან, რომლებიც ცნობიერებიდან პერიოდულად ამომიტივტივდებოდა, უამრავ ამბავთაგან, რომლებიც თითქოს, ხელახლა გამოვცადე და განვიცადე, ზედაპირზე ყველაზე ხშირად პიერ პაოლო პაზოლინის შემზარავი და დამთრგუნველი კინოსურათი, „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ და რომანის დასაწყისში ერთგან, თითქოს, გაკვრით ნახსენები სიტყვა „თანამსხვერპლი“ ამოყვინთავდა ხოლმე; ალბათ, შემთხვევითი არ არის: სქელტანიან მხატვრულ ტექსტში, სადაც რამდენიმე ათეული პარალელური სიუჟეტური ხაზი ვითარდება, დომინანტი არც ერთი გმირის ისტორია და თავგადასავალი არ არის; ტექსტს, თითქოს, არც გამოკვეთილი მთავარი გმირი ჰყავს: მიზეზი მარტივია: აქ, ამ სასტიკ რეალობაში, მთავარი ვერავინ იქნება, რადგან ადამიანების ბედისწერას ჯერ თავის კალაპოტში აქცევს, ერთ მდინარებას აძლევს, შემდეგ კი მისთვის სასურველი მიმართულებით მიერეკება რეჟიმი, რომლის თანამსხვერპლნიც უკლებლივ ყველანი გავმხდარვართ, თუმცა ზოგს, მაგალითად, იმათ, ვინც „გარკვეულ დამსახურებათა თუ გარემოებათა გამო“ ჯერ ისევ სათავეში დგას, ეს ჯერ ვერ ან არ გაუაზრებია.
იმას, თუ როგორ ვხდებით რეჟიმის მსხვერპლნი თუ თანამსხვერპლნი, როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრების მდინარე(ბა), როგორ აღმოვჩნდებით ჩვენი რეალობიდან, გარემოდან, გარშემომყოფთაგან, გეგმებიდან, მიზნებიდან, პროფესიებიდან, საქმიანობებიდან… სრულიად დისტანცირებულნი, სულ სხვა გარემოსა და რეალობაში, სიმბოლურად თუ მეტაფორულად ყველაზე ზუსტად, ალბათ, სწორედ რომანის ფაბულის სტრუქტურა გამოხატავს: ნაწარმოებში ამბის თხრობა, თითქოს, მიზანმიმართულად, კულმინაციურ მომენტში წყდება და ავტორი ტექსტში „ჩანერგავს“ ეპიზოდს სახელწოდებით „კუდიანთა შაბაში, ანუ ვალპურგის ღამე საქართველოში“. . . ტექსტის ეს ეპიზოდი ერთდოულად აბსურდის დრამასაც წარმოადგენს და დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებულ ისტორიულ პოემასაც, სადაც შემზარავი ნატურალიზმით, ქრონოკოგიურად და დეტალურადაა აღწერილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, კარნავალური პომპეზურობით მოწყობილი კოსტიუმირებული შოუ, უფრო სწორად კი, სატანისტური რიტუალი. პერვერსიულ სექსუალურ ორგიებში „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ გვერდით ვის არ გადავაწყდებით: ცნობილ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ჩინიანებს თუ უჩინოებს. . . მათი სახელებისა და გვარების ბგერწერებს ლიტერატურულ ტექსტში, თითქოს, ერთვარი მუტაცია განუცდია: ზოგი შეკუმშულა თუ შეკვეცილა, ზოგიც ინვერსია- ტმესის მსხვერპლი გამხდარა, მაგრამ იმდენად კარგად გვახსოვს მათ მიღმა ნაგულისხმები სახეები და მათ მიერ ჩადენილი „საქმენი საგმირონი“, რომ შეუძლებელია, კოდირებული სახელების მიღმა ნაგულისხმები ადრესატების ვინაობა ვერ ამოვიკითხოთ . . .

და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ამ შემზარავ ორომტრიალში ასე ღრმად ჩავიხედოთ, ჩავერთოთ, მისი თანამონაწილე გავხდეთ. . . იძულებულნი ვართ, რაღაცების დანახვა და აღქმა ვისწავლოთ, რადგან გვინდა თუ არა, ეს შემზარავი, დამანგრეველი, გამანადურებელი რეალობა ჩვენს სივრცეშიც იჭრება, შემდეგ კი არა ჩვენთვის, არამედ მისთვის სასურველი მიმართულებით მიგვაქანებს. . .

ზუსტად ისე წყდება ჩვენი ცხოვრება და სხვა განზომილებაში გადაგვანაცვლებს, როგორც აღნიშნული ჩანართი წყვეტს ტექსტის ძირითად სიუჟეტურ ხაზს და მკითხველის წინაშე სულ სხვა სიმართლეს, სულ სხვა რეალობას გადაშლის. . .
მიკერძოებაში, გაზვიადებას, ან სათქმელის არასწორად გაგებაში, რომ არ ჩამეთვალოს, რომანის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი: „ეს ყოველივე ააშკარავებდა ხელისუფლების უშუალო კავშირს ბოროტ სულებთან, იმათთან, ვისაც მოციქული პავლე უწოდებდა „ამ სოფლის სიბნელის მპყრობელებს“ და „ცისქვეშეთის ბოროტების სულებს“. . . ალბათ, დამეთანხმებით, რომ მსგავს თემაზე მხატვრული ტექსტის დაწერა ჩვენ რეალობაში ავტორის მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, არამედ იმიტომაც, რომ ასეთ დროს მის წინააღმდეგ ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი – შხამიანი ირონია, დაცინვა და სარკაზმი ამოქმედდება ხოლმე. ბევრისთვის ხომ ყველაფერი, რაც ზემოთაღნიშნულს უკავშირდება, არასერიოზულ ბოდვად, სიბნელედ, გაუნათლებლობად აღიქმება; თუმცა, ნაირა გელაშვილის სახელი და ავტორიტეტი, არა მარტო საქართველოში, არამედ, ევროპაშიც, სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს, ალბათ, სწორედ ამიტომ არ შეშინდა, უკან არ დაიხია და ერთი შეხედვით ტაბუდადებულ თემებზე ასე აშკარად და ღიად დაწერა გადაწყვიტა.
„ჩემი ფილმები სასოწარკვეთილების კივილის პოემებია“ – ამბობს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში პიერ პაოლო პაზოლინი • და იქვე იმასაც დასძენს, რომ ის მაყურებელს არც გამოსავალს სთავაზობს, არც რაიმე გადაწყვეტის გზას;

ნაირა გელაშვილის „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ კი „განგაშის რომანი“ უფროა, ვიდრე სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფი ადამიანის თავგანწირული ამოგმინვა-ამოკივლება, მხატვრული ტექსტი, რომელიც ახლო მომავალში მოსალოდნელ დიდ უბედურებას წინასწარმეტყველებს, თუმცა ამ ფაქტში ირაციონალური, ინტუიტიური, დაუჯერებელი და წარმოუდგენელი არაფერია, რადგან მომავლის წინასწარ განჭვრეტა მეცნიერული ფაქტებითა და სამყაროს სიღრმისეული ცოდნით, მასთან სულიერი კავშირით, ახლო მეგობრობითაა გამყარებული. 

ეს სწორედ ის ცოდნაა, ცოცხლად დამარხვას რომ უპირებენ, ცოდნა, რომელიც მეცნიერებასთან ერთად რელიგიით, მითოსით, ფოლკლორით, პოეზიით, ხალხური ზეპირსიტყვიერებითა და კოლექტიური არაცნობიერითაა ნასაზრდოები. . .
იმაზე უფრო ანარქიული არაფერია, ვიდრე ძალაუფლება“ – ამბობს პიერ პაოლო პაზოლინი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარის“ ერთ-ერთ მთავარ გმირადაც სწორედ სასტიკი და გარყვნილი ძალაუფლება გვევლინება – ნეოლიბერალიზმის ქურქში გახვეული ფაშიზმის მშობელი დედა, რომელიც, თავის მხრივ, ფესვებით ანტიკური სამყაროს ტირანიასთანაა გადახლართული. „ნეოლიბერალი ნერონი“ კი იმ კონკრეტული სახის მიღმა, იმთავითვე რომ იშიფრება, ტირანი ხელისუფლის, დიქტატორის განზოგადებული სახის ერთგვარ კონტურებსაც ხაზავს – ადამიანური რომ ყველაფერი დაუკარგავს და გამძვინვარებულ მხეცად ტრანსფორმირებულა;
ცხადია, ამგვარ განზოგადებაში ერთი შეხედვით ახალი არაფერია – პირიქით, ტირანის განზოგადებული, კრებსითი სახის შექმნა უკვე საკმაოდ ტრივიალურ ხერხადაც კი მიიჩნევა ხელოვნებაში, მაგრამ თუკი ისევ იმ რომანს დავესესხებით, რომლის ანალიზის დაწერასაც ვცდილობთ, „მსხვერპლი, რომლის ჯალათიც არ მხილებულა, სხვანაირი მსხვერპლია… მსხვერპლი, რომლის ჯალათიც დაისაჯა – სხვანაირი, უფრო ცოცხალი“ – მივხვდებით, რომ ჩვენი არც ისე შორეული წარსულის ლიტერატურულ ტექსტში რეპრეზენტირება აუცილებელი იყო, რადგან, სამწუხაროდ, (თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო), საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდა, იმდენად მოკლე და უდღეური, რომ სულ რაღაც ათი წლის წინ მომხდარსაც მივიწყების მტვერი დასდებია, ბევრისგან ისე დავიწყებულა, თითქოს, არც ყოფილაო. . . და თუკი ოთარ ჭილაძეს, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეპოქებზე შექმნილი რომანი-მეტაფორების ერთ-ერთ გამორჩეულ დიდოსტატს დავესესხებით, რომლის აზრითაც, მწერლის უმთავრესი დანიშნულება ერისთვის მეხსიერების შენახვაა („სხვებმა მისი იმედით დაივიწყეს, აველუმს კი დამახსოვრება ევალება მხოლოდ“ – ამბობს ოთარ ჭილაძის პერსონაჟი, რომელიც პროფესიით მწერალია), კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ჩვენს არც ისე შორეულ წარსულზე „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარის“ მსგავსი რომანი-მეტაფორების შექმნა აუცილებელი იყო, თუნდაც იმ ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად, ტირანულმა რეჟიმმა, მისმა ზღვარსგადასულმა ბოროტებამ, მსხვერპლად რომ შესწირა საკუთარ ძალაუფლებას, კეთილდღეობასა და ამბიციებს. . . იმათი მსხვერპლთშეწირვა, ვინც შენთვის მიუღებელია, შენგან განსხვავებულია, ვინც შენს იდეებსა და იდეალებს ეწინააღმდეგება, ვინც შენც წინააღმდეგ ხმის ამოღებას, შენს მხილებას, ან შენგან გაქცევას, თავის დაღწევას ბედავს. . . „სალო, ანუ სოდომის 120 დღის“ ერთ-ერთი ამოსავალი წერტილიცაა. . .
ჩემი აზრით, რომანში ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ყველაზე სიღრმისეული შრეა ხელისუფლების მხრიდან მდინარის მოკვლის, მისი ცოცხლად დამარხვის, უფრო სწორად, ბეტონის სარკოფაგში მოქცევის უგუნური, ბოროტი და წარუმატებელი განზრახვა. . .

„წყალი სულიწმინდის ფიზიკური ხატია. . . მდინარის დაგუბების სურვილი სულიწმინდის მოშთობის, ანუ სიცოცხლის მოსპობის ინსინტიქტურ სურვილს ნიშნავს“. . .

ძნელი სათქმელია, ეს სურვილი ინსტინქტურია თუ მიზანმიმართული (ალბათ, უფრო მეორე). . . ერთი კი ცხადია: თითქოს, ნაწარმოების ყველა შრე, პლასტი, სიუჟეტური ხაზი, ყველა პერსონაჟი. . . სწორედ ამ სათქმელის ხორცშესხმას, ამ იდეის გამყარებას ემსახურება; ერთი მხრივ, წარსულის აჩრდილი, რომელსაც სვანეთში გიგანტური ჰესების მშენებლობის მიზნით წყალქვეშ ჩაძირული სოფლების, ტაძრების, საფლავებისა და წასრულის სახე მიუღია და მოსვენებას არ აძლევს ამ დანაშაულით სულდამძიმებულ შთამომავლობას, მეორე მხრივ, ვერეს ხეობაში ცოცხლად დამარხული მდინარე ვერე, რომელიც მასთან ასე უსამართლოდ მოქცევის გამო დიდი შურისძიებისთვის ემზადება და რომანის დაწერიდან სულ რამდენიმე წელიწადში ამოხეთქავს კიდეც მთელი თავისი მძვინვარებითა და შეუწყნარებლობით, თითქოს, გამოფხიზლებისკენ, ფართოდ დახუჭული თვალების რაც შეიძლება ფართოდ გახელისკენ მოგვიწოდებს და ცდილობს, ის საფრთხეები დაგვანახოს, ჯერ ფიზიკური განადგურებით, შემდგომ კი უფსკრულში შთანთქმით რომ გვემუქრება. . .

ტექტში კიდევ ერთი საინტერესო სახეხატია – გაურკვეველი წარმომავლობის ფრინველი (ჩიტი, რომელიც რომანის სათაურშიც ფიგურირებს ), რომლის ერთგვარ არქეტიპად, წინასახედ, შესაძლოა, ზღაპრული ფრინველი ფასკუნჯიც იგულისმება (მგონია, რომ რომანში ეს ფრინველი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების იდეის ერთგვარი სახე-ხატი და სიმბოლოა), რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ შეუცვნიათ ვერეს ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს, თუმცა ტექსტის ფინალში გარემოში მიმოფანტული მისი ფერადი ბუმბულით მოხიბლულები, სილამაზით დატყვევებულები, თავს მაინც ბედნიერად გრძნობენ: ერთმანეთს ეხვევიან, ტირიან, ერთდოულად ტრაგიკულ და სამგლოვიარო სიმღერას მღერიან, ფრინველის ბუბმულს ხელში ატრიალებდნენ, ერთმანეთს ადარებენ. . და როგორ ჰგავს ეს გულუბრტყვილო ზეიმი, ბავშვური აღტაცება, აღტკინება. . . ჩვენი ქვეყნის თავისუფლების პირველ წამებსა და წუთებს, დამოუკიდებლობის პირველ წლებს. . . სხვადასხვა დროს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ განცდილ მგზნებარე წამებს. . . რომლებსაც შემდგომ, სამწუხაროდ, ყოველთვის დიდი იმედგაცრუება, ტკივილები, სასოწარკვეთა და ზოგჯერ ფიზიკური თუ სულიერი სიკვდილიც, განადგურებაც მოსდევდა;
ვის და რას არ შევხვდებით ამ უზარმაზარი რომანის გვერდებზე, სად აღარ ვიმოგზაურებთ, რას აღარ განვიცდით, ვის მოსაზრებებს არ გავეცნობით: ავტორს სათანადო ადგილი, თითქოს, ყველასთვის მიუჩენია, საკუთარი თავის, ნიჭის, შესაძლებლობების, მრწამსის, შეხედულებების. . . გამოხატვის საშუალება ყველასთვის მიუცია, ამიტომ აქ ერთმანეთს ენაცვლებიან მოხუცი პატრიარქი, უღირსი თუ ღირსეული ღვთისმსახურები, აგვისტოს ომი, ციხეებში წამებული პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლების რუპორებად ქცეული უზნეო ტელევიზიები. . . (განსაკუთრებით “რუსთავი 2”), აქვე არიან ყოფილი პრეზიდენტი და მისი „თანამებრძოლნი“, ქეთრინ კულმანი, ნიკოლა ტესლა, დასახიჩრებულ-გადაჩიჩქნილი მთები, ადამიანების სულები, ბუნება, ჩვენი უძველესი დედაქალაქი, დახურული ან ფუნქციებშკვეცილი კვლევითი ინსტიტუტები . . მათ გვერდით ორგანულად თანაარსებობენ რომანის პერსონაჟებიც: იულიანე გიგანი – საკუთარი რწმენის წყალობით მძიმე სენით დაავადებული პატარა გოგოს განკურნება რომ შეძლო, მისი უფროსი და, წასრულის აჩრდილი – წყალში ჩაძირული სოფელი მოსვენებას რომ არ აძლევს და ფსიქიატრიულ საავადმოფოში აღმოჩენილს, ეჩვენება, თითქოს, რაც აცვია, ყველაფერი გასაწური აქვს; სამრეცხაოს მეპატრონე ზანდა, ასე რომ ვერ იტანს “ნაცებს”, კესანე – გოგო, რომელსაც ბავშვობაში ცალი ფეხი მაშინ მოეყინა და სამუდამოდ დაკოჭლდა, როცა მამას აფხაზეთიდან სვანეთის გავლით მოჰყავდა. . . შვილმკვდარი დედები, ირინა ენუქიძისა და სანდრო გირგვლიანისთვის მიქელანჯელოს „პიეტას“ მსგავსი ქანდაკება აღუმართავთ, პედაგოგები, რომლებიც სამყაროს საიდუმლოს პოეზიაში ეძებენ . . .
ტექსტში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს ჩვენი უახლესი ისტორიის სამარცხვინო, შემზარავი, დამთრგუნველი, ტრაგიკული, ამორალური, მტკივნეული, ორაზროვანი, შეუფასებელი, შეუსწავლელი ფურცლები. . . ამ ყველაფრის მოკვეთა, დავიწყება, წაშლა, მიძინება, გადაფარვა. . . შეუძლებელია, რადგან ეს არის ის, რისგანაც შედგებოდა ჩვენი წარსული, რაც დროდადრო ჩვენს აწმყოშიც გადმოიღვრება და გარკვეულწილად მომავალსაც განსაზღვრავს და წარსულის ამ ცოდნის, გამოცდილების, ტკივილის, ისტორიის ამ ფურცლების. . . მომავალი თაობებისთვის გადანახვა აუცილებელია, გადამალვა კი დანაშაული; ასევე დიდი დანაშაულია ამ ყველაფრის დავიწყება და უგულებელყოფა. . . ისეთივე დიდი დანაშაულია, როგორც გიგანტური ჰესების მშენებლობის მიზნით ჩვენი ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების წყალში ჩაძირვა და მდინარეების ცოცხლად დამარხვა. აი, ბოროტების დავიწყება კი ამქვეყნად ყველაზე დიდი დანაშაულია. . .
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, წერილის ასე დასრულება გადავწყვიტე სამწუხაროდ, ისეთ ცუდ დროში გვიწევს ცხოვრება, წინა ხელისუფლების გაკრიტიკება, მასზე აუგის თქმა, მოქმედი ხელისუფლების მომხრეობად გვეთვლება, მოქმედი ხელისუფლების მანკიერ მხარეებზე აქცენტის გაკეთება კი წინა ხელისუფლების მეხოტბეობად.

თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც ორივეს საქმეების შესახებ ყველაფერი მშვენივრად იცის, შესაბამისად, არანაირი სურვილი არ აქვს, ან ერთ, ან მეორე მხარეს დადგეს. მართალია, ეს ამ მძიმე მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალი და სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ნეიტრალური პოზიციის დაფიქსირების შემდეგ საკუთარი ადგილის დამკვიდრება ბევრად რთული ხდება.

დღეს, ალბათ, ისე, როგორც არასდროს, დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ შენი მხრიდან წინა ხელისუფლების გაკრიტიკება, ძველი ამბების გახსენება, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან არასწორად იქნას აღქმული, თუმცა სიმართლე და ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და ის აუცილებლად უნდა ითქვას. და მაშინ, როცა სიმართლეს ამბობ, დროს და გარემოებებს, ასევე იმას, ვინ რას იფიქრებს, სულაც არ აქვს მნიშველობა.

  • (თეო ხატიაშვილი, „სიკვდილის რომანტიკული თაყვანისმცემელი“, ჟურნალი „არილი“, 2017 წლის 15 თებერვალი)