გვანცა Მელაძე, ლიტერატურა, სიახლეები, Ავტორის ბლოგი

თავისუფლება და მშვიდობა – გვანცა მელაძე

თავისუფლება თავის არ შეკავებაში კი არ არის არამედ, საკუთარი თავის ფლობაშია“-ფიოდორ დოსტოევსკის ეს განმარტება ცალსახა სიძლიერით დახუნძლული და საკმაოდ კარგად აღქმადია, როგორც განმარტება ამ უმნიშვნელოვანესი ცნებისა, რომელიც ქმნის სიღრმისეულ წარმოდგენას ადამინის ზნეობრივ საყრდენზე.

სულიერი საყრდენი ღმერთია,
მაქსიმალური სიმშვიდის ფორმულა კი თავისუფლებაში გახვეული, სიმშვიდის ფერები. თეთრი ფერი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველა იმ ადამიანის სიმბოლოა, რომელმაც ჩემს გულამდე მისვლა შეძლო. ვხედავ, როგორ მოდის ფიფქები ციდან, როგორ ფრინავენ მტრედები ეკლესიის ეზოში, როგორ დავფრინავ სიმშვიდისა და თავისუფლების მხარეში და როგორ ვუყურებ ღამე, აჭრელებულ ვარსკვლავიან ცას. ჩემი სამყარო თეთრია სადაც ერთმანეთს ერწყმის, თავისუფლება მშვიდობა და სიცოცხლე.

თავისუფლებაა აკეთო ის, რაც გინდა, როცა გინდა, ვისთანაც გინდა, დატკბე ცხოვრებით, შეგეძლოს მარტივად გადაწყვეტილებების მიღება და მიიღო უფრო მეტი, მიიღო ის, რაც შენ გინდა. ალბათ დამეთანხმებით რომ ასეთი ცხოვრება იდეალურია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მიაღწიო ამ იდეალს, თუმცა ყველა ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს იმისაკენ, რომ იყოს თავისუფალი. რა არის ცხოვრება? სად მიგვაქროლებს, საით მივყავართ ჩვენც რომ არ ვიცით. ცხოვრებასა და არსებობას შორის განსხვავება დიდია. არსებობა, უბრალოდ უბედურების ფერებში, ჯერ ვერ ნაპოვნი თავისუფლების ფერების მუდმივი ძიებაა, ვინაიდან მასაც გააჩნია რაღაც სწრაფვა, მაგრამ ცხოვრება…? ცხოვრების მნიშვნელობა აქ და ასე რომ იწერებოდეს, აუცილებლად დავწერდი…
და ვინ იცის რა იმალება ყოველი საწინააღმდეგოდ ნათქვამი სიტყვის მიღმა. ვინ იცის სად იმალება თავისუფლება, ყოველი ვერ ნათქვამი სიტყვის მიღმა. და ვინმემ იცის კი რომ საკუთრივ ყველა ადამიანშია ეს მთავარი ღირებულება. თავისუფლება, თავის უფლება…

ცხოვრება ჭირისა და ლხინის, ბედნიერებისა და უბედურების, განშორებისა და ერთად ყოფნის ჭიდილია.
ყველა ადამიანშია თავისუფლება, ვაკვირდები, ვაკვირდები, ვაკვირდები…
დიახ, თავისუფლება ყველა ადამიანშია, ზოგთან გამოხატული და აღქმადი, ზოგთან კი გამოუხატავი და აღუქმელი, თუმცა მაინც არის და სადღაც, რაღაც ნაწილში აუცილებლად ამოხეთქავს. წარმოიდგინეთ, თითოეული ნათქვამი სიტყვის უკან თავისუფლება დგას. გაჩნდა ადამიანი, თავისუფალი ადამიანი, მშვიდობიანი ადამიანი და დაიწყო სიცოცხლე…

ეს საუბრები ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას მივყავართ საკუთარი თავისა და ჩვენს თავში ღმერთის აღმოჩენისკენ. ეს, იცით რა არის?. ჯოჯოხეთში სამოთხის პოვნა. თავისუფლება ყველა გზას გაკვალავს, თუ ის ბოლომდე შენია.

უძლიერესი გრძნობა სამყაროს დასაბამიდან დღემდე და სამარადჟამოდ.
ყოველთვის…
თანდაყოლილი ღირებულებაა. სწორედ ესაა ის, რითიც შეგიძლია მიხვდე, რამდენად სწორ ადგილას მოხვდი. როდესაც არაფერი გაქვს საიმედო სწორედ მაშინ უნდა გქონდეს ის იმედი, რომელიც ბოლოს სასწაულად მოგევლინება. რწმენა შენი თავის მიმართ, ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლებელის შესაძლებლად გადაქცევა შეუძლია.

საკუთარი თავის ძალა შენ ხარ და ეს ძალა თავისუფლებაა!