ლიტერატურა, პოეზია

Დღის და ღამის მონაცვლეობა

ნინას

აყვავდებიან ალუბლები შენი მოსვლისას,
უსათუოდ აყვავდებიან, მიესალმება ტოტები ტოტებს.
მე მათ ყვავილებს უსირცხვილოდ გადავკოცნი და
შენი თვალების სიშორენი თუმც მიმატოვებს…
ნინა, გათელილი ბალახის სუნია, შეხე,
მშვიდი ხბოები ბალახობენ სოფლის მინდვრებზე…
ნეტა, რა უნდათ ხბოს ყურებზე ჩამომსხდარ პეპლებს?!
ეკითხებიან ალუბლები ახლა პირველ მზეს…
აჰა, ზაფხული, როგორც ბავშვი, ყრმა, ფეხშიშველი
გადმოდის მთებზე და გულს, როგორც ბალახს ეცემა.
მე კი ალუბლებს ვეძახი და ვთხოვ, რომ მიშველონ,
ვწუხ, შენი სულის გადაფრენას რა დაეწევა?!
ნეტა, რა უნდათ ხბოს ყურებზე ჩამომსხდარ პეპლებს?!
ო, ამ ალუბლებს, ამ ყვავილებს რად არ ტოვებენ?!
ღვთის გულისათვის,
ღვთის გულისათვის!

სიყვარულის გორგალი

დღის და ღამის მონაცვლეობა – თითქოს გორგალზე ძაფს ვახვევდე
და ვქსოვდე, ვქსოვდე, ზამთრის მოსაწყენ, გრძელ ღამეებს…
შენ მოდიოდე.
მე კი ჯერ შენს ჩრდილს ვხვდებოდე
გზებზე, ყინვებით მოკირწყლულ გზებზე…
და ვეხვეოდე ჯერ ჩრდილს,
მერე შენ.
და ვქსოვდე, ვქსოვდე.
ამ მოსაწყენ ღამეებში.
ჩვენს თოვლივით უთეთრეს დღეებს.
მერე შენს ხელებს გადავცემდე ჩემს გულს და გორგალს –
სიყვარულის მილიარდ ძაფებს დავაგორებდე იმ მიწაზე,
რომელზეც ჩვენი უხმო ჩრდილები ერთმანეთში გადაივლიან.

შეკითხვა

უფალო,
შენი პატარაობის ფრესკას
რომ ვუყურებ,
როცა ძროხასთან ერთად ჭამ და სუნთქავ
ამხელა კოსმოსის შემოქმედი.
და მერე მზერა ჯვარცმისკენ
გამექცევა ხოლმე,
რა უბრალოდ კვდები,
როგორც პეპელა ფრთანაკლული…
თითქოს სიკვდილსაც უთანაგრძნობ, რაბი,
მითხარი, რომელი უფრო რთულია შენთვის,
ბავშვობა თუ ღმერთობა?!

Les jours de la poésie

თქვენ მწერთ,
რომ ათენში გვიანია ახლა ძალიან,
რომ ყვავილები ისევ ხარობს თქვენს აივანზე
და შეიძლება საბოლოოდ გაიხსნას გზები!
ო, პანდემია უკან იხევს!
ჩემი გული კი დაჭრილია
მაკედონელის გაქანებით
და სოფოკლეს ყველა პოემით!
ჩვენ გაკვეთილზე არასოდეს მოვიხსნით ნიღაბს…
და მე დავრჩები
ფრანგული ენის პროფესორზე
შეყვარებულ მარადიულ კვლავ სტუდენტად…
თქვენ კი, ვიცი, მუდამ
გულწრფელ მადლობას მეტყვით
ჭიქა წყლისთვის და ღია
კარისთვის-
გაკვეთილამდე რომ გახვედრებთ!
ო, პოეტისთვის ესეც კმარა!
ახლა სოფლის ბაღჩაზე ვყვები
და გიგზავნით ფოტოებს
მრავალს :
ყვავილების და სიმინდების!
ჩვენი ფრანგულის გაკვეთილები, ვიცი, ორივეს გვენატრება!
გახსოვთ, პირველად მე გაჩუქეთ ეგზიუპერის ლურჯი ბლოკნოტი.
მერე თქვენ მკითხეთ, ვინ მიყვარდა ფრანგ პოეტთაგან.
მე გიპასუხეთ :
ონორრე დე ბალზაკ,
შარლ ბოდლერრ,
პოლ ვალლერ,
კამმიუ,
მერრიმე,
გუსტავ ფლობერრ,
ვიქტორრ ჰიუგო
და მილიარდი სხვანი, მრავალნი!
მერე გითხარით, რომ ქართველი პოეტი
გალაკტიონ ტაბიძე
ეტრფოდა ფრანგულ პოეზიას…
ო, თქვენ გსმენიათ
რობაქიძე,
მას აწვალებდა ლაფორგის ყეფა
და წმინდა ნინოს გაშლილი თმები!
არც მან იცოდა სიყვარულში ჰასაკი!..
თქვენ მაინც უფრო გიყვართ
ოგიუსტ დე რენუარის ნაირნაირი ნახატები
და ერიხ რომერ –
თავისი გენიალური ფილმებით!
ბოლოს რა ნახეთ,
მომწეროთ იქნებ…
მანამ კი გეტყვით,
რომ გიგზავნით წერილს კვლავ ფოსტით:
“Poète de couleur bleue” –
ისევ იგივე მინაწერით…
თქვენ ისე გიყვართ ჩვენი ანბანი,
როცა დახედეთ ასომთავრულს,
მხედრულს
და ხუცურს
“Φαίνονται σαν λουλούδια” –
ყვავილებს გვანანო მიპასუხეთ…
მე თქვენ ოდესმე ჩამოგიყვანთ ციცინათელებს.
აქამდე მართლა არ გინახავთ?!
აი, მაშინ კი უსათუოდ
წაიკითხავთ ქართულ ასოებს.
და მე თქვენ გაჩუქებთ
ჩემს პირველ წიგნს –
“სალამურას თავგადასავალს.”
მომწერეთ თქვენზე
და მაისის ყველა ყვავილზე,
როგორც აივანს აყოლებულ ცისფერ მკლავებზე…