ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

პოსტმოდერნიზმი, როგორც “სფუმატო” – ნინო ამონაშვილი


ყველაფერი არსებულიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ რაც უკვე არსებულია ჩვენთან ის თითქმის ყოველთვის რაღაცას გვაგონებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალიზმი, რომელიც შემოგვაპარეს ისე როგორც აუცილებლად წესიერი, აუცილებლად პატიოსანი და აუცილებლად ქვეყნის ვალში მყოფი რამ, ასე თუ ისე დამკვიდრდა და თუ კი თამამად რამეს ვერ ვამბობთ იმის ბრალია, რომ ჯერ კიდევ გვიჭირს იმის თქმა რამდენად დაგვაზიანა წარსულმა, იმდენად რომ ფაქტობრივად დღემდე ვერ ვაღიარებთ, რომ გიგო გაბაშვილი განსხვავებული ორიენტაციის ხალხს ხატავდა და ასევე იღებდა მათ კამერით, მაგრამ ჩვენ როგორც „სიურეალიზმის საპატიო შვილებს“, რომლებიც შევეგუეთ გარემოში არსებულ დამახინჯებულ რეალობას, რომელიც ნამვილად არ გვესიზმრება, მაინც გვინდება, რომ მთავარი მის შემოქმედებაში სხვა რამ იყოს და არის კიდეც დღემდე. თავად ინდივიდუალიზმს კი ერთადერთი რაც მოეთხოვება არის ის, რომ იყოს კანონმორჩილი, მეტი ვალდებულება მას არ გააჩნია. ადამიანებს ზოგჯერ არ ჰყოფნით გამბედაობა აღიარონ, რომ მათ არ მოსწონთ გიგო გაბაშვილი, არ მოსწონთ მისი ნამუშევრები სადაც ქალები არიან შიშვლები, ანდაც ერთმანეთს ეალერსებიან, რადგან იციან, რომ ის კარგი ხელოვანია. ეს ისწავლეს, ისწავლეს ოჯახში, ეკრანებიდან, გაკვეთილებზე და დიახ, ჩვენ გვიჭირს გავუდგეთ და დავივიწყოთ ის რაც ვისწავლეთ, ამ შემთხვევაში სწორად „ნასწავლი“ გაბაშვილის დავიწყება არ გვჭირდება და ეს ცუდის გარდა არაფერს მოგვიტანს, მაგრამ კიდევ უფრო საშიშად ვისწავლეთ უამრავი არასწორი რამ, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ჯერ კიდევ ვერ ვგმობთ ძალადობას, სადაც ადამიანებს ურტყამენ ორიენტაციის, საკუთარი შეხედულებების, ან საქმიანობისთვის.

გიგო გაბაშვილის ნამუშევარი


პოსტმოდერნიზმი კი, რომელსაც თავისი როლი უნდა ეთამაშა ჩვენს ცხოვრებაში და გავლენა მოეხდინა ჩვენს მიმღებლობაზე, ანდაც მრავალფეროვნების აღქმაზე, გახდა ნაკლებად მგრძნობიარე ხელოვნება ჩვენთვის, რადგან მოვარგეთ მედიუმებს და საგნებს, ჩვენ ვიყენებთ გარკვეულ ფორმებს პოსტმოდერნიზმისთვის, ოღონდ ძირითადად ამ ცნობიერების გარეშე და რეალურად ვიღებთ შედეგს, რომ ის იქცა „სფუმატოდ“ და ვერ ვხვდებით რამდენად შორს არის ის იმისგან, რის გამოხატვაც გვენდომებოდა ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდებს, რომლებიც რეალურად ვიღებთ იმპულსებს გარემოდან, რომელსაც ვიცნობთ, ან ვეცნობით.

პოსტმოდერნიზმი იქცა ნისლად გარემოში, სადაც მისი ხილვადობა მცირეა და პერიოდული.

თუ კი ამ საკითხს სერიოზულად მივუდგებით და რა თქმა უნდა საჭიროა მივუდგეთ, რადგან დრო და სივრცე ამას მოითხოვს , შეგვიძლია გავიხსენოთ ყველა ჩვენი ნანახი პოსტმოდერნისტული ნამუშევარი, რომელიც ახერხებდა დაგვენახა ის კულტურული გარღვევა, რაც მან მოიტანა სხვაგან, ასეთი ნამუშევარი ძალიან ცოტაა. ეს ნამუშევრები „გაიწელა“ ფურცლებზე და არ „გაიფანტა“ იქ სადაც ის უფრო მეტად სჭირდებოდათ, უფრო მეტად იყო საჭირო მათი დანახვა და ცოდნა.
მაგრამ ნაწილობრივ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თანამედროვე ქართული ხელოვნება ცდილობს საუბარს პრობლემებზე, უკვე თამამია და პირდაპირიც, მაგრამ ის გარს არ და ვერ „ეკვრის“ საზოგადოებას, რომელმაც ის უნდა აღიქვას, როგორც რაიმე მნიშვნელოვანი, რომელმაც უნდა ისაუბროს და ისაუბროს არა მხოლოდ მასთან, არამედ სათქმელი უნდა გაიტანოს უფრო მაშტაბურად და უნდა გახადოს ხილვადი, უნდა ესაუბროს უფრო მეტ ადამიანს და ზოგჯერ გასცეს კითხვებს პასუხი, ანუ აიღოს პასუხისმგებლობებიც.

ბოლოდროინდელმა ამბებმა, სადაც აგრესია იყო დომინანტური და „მიშვებული“, კარგად აჩვენა კულტურის „დაქვეითებული“ როლი საზოგადოებაში და ნათლად დაგვანახა ბუნდოვანი მომავლის სახე, სადაც უმრავლესობისთვის სიახლე იქნება ის, რაც სხვისია და მას არ ეკუთვის, ან უბრალოდ ადამიანები ჩათვლიან, რომ ცივილიზებულ ადამიანად ყოფნა არ სჭირდებათ, რაც კიდევ უფრო საშიშია და სახიფათო, არა თუ კულტურული პროცესების სწორად წარმართვისთის, არამედ უფრო ადამიანურ დონეზე, ყოველდღიურ რეალობაში. ამავდროულად ფაქტია რომ საზოგადოების ნაწილმა აჩვენა რამდენად ცუდად იცნობს საკუთარ კულტურას, არ იცის მისი აწმყო, აღარ იცის „ვინაა“ ის რეალურად.
პოსტმოდერნიზმის სიყვარული დაემსგავსა „მოჩვენებითი სიღრმის“ სიყვარულს, სადაც ის ვერ ახერხებს გადაფაროს გარემო, რომლის აგრესიის რესურსიც განახლებადია, აღდგენადი, ვერ ეხმარება მას, რომ იყოს მრავალფეროვანი. მან ვერ დაგვაძლევინა მთავარი რაც მას „ევალებოდა“, რომ მიგვეღო განსხავვებული, ან მიგვეღო რაიმე განსხვავებულად საკუთარ თავშივე და დროსთან ერთად გადაგველახა შიში იმის, რომ ვინმე წაგვართმევს რაიმეს, იმას რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეცდება მოგვახვიოს საკუთარი კულტურული ღირებულებები თავზე და რახან ამ შიშმა კარგად გაიდგა ფესვები, ჩვენ უკვე გვიჭირს ნდობა სხვების და ვერ ვაფასებთ რეალური საფრთხეები საიდან მოდის. მან ასევე ვერ მოახერხა კიდევ ერთი მთავარი რამ, რომ შეგვძლებოდა და დაგვენახა ის რისი დანახვაც თავად გვინდოდა, გვეცნო საკუთარი რეალური ინტერესები, გაგვეგო რა გვსურდა რეალურად თავად და რას ვითხოვდით არსებული მდგომარეობის გათვალსიწინებით, რას გვთავაზობდა რეალური მოცემულობა და რისი მიღება შეგვეძლო ჩვენ მისგან. შევქმენით ხელოვნური კონტრასტი, სადაც აუცილებლად დავრჩებოდით „წაგებულები“ და დავკარგავდით კავშირს გარემოსთან, იმ დროსთან რა დროშიც ვცხოვრობთ.