Პაოლო კასტელი 🔘 პირველქმნილი
________
მე ყურს ვუგდებდი, სადღაც ტყეში ხმაურს მდინარის,
ვიღაც ჩემსავით უსმენდა კიდევ,
ვგრძნობდი. ვფიქრობდი ნეტავ ვინ არის?!
და მაშინ ყვავმა გადაუფრინა
ამ მდინარეს და გაიშვირა მთისკენ ნისკარტი.
იქნებ ადრეა გავყვე მე ამ ყვავს?!
იქნებ გვიანი?!
საით მივყავარ?…
გზის მჩვენებელი სხვა მე არამყავს,
მდინარეებიც ცხედრებს რიყავენ.
მე ადრე უფრო მეტად ვრისკავდი
და მივყვებოდი,
ცხენს ქალაქგარეთ, ირემს ტყეში, ტყეს მდინარესთან,
მდინარეს მთაში, სათავეში, მას დასაწყისში,
იქ, საიდანაც პირველქმნილი სამყარო მოსჩანს.
_________ ________
მითხარი, მიამბე, მაცოდინე…
რაღა აზრი აქვთ რაფსოდიებს,
რაღა აზრი აქვთ?!
ლექსი დაგიწერო ასიოდე,
შენ კი ასივეზე დამცინოდე.
და მერე ერთი ათად ვარიგო
შენ კი გამიხდე სათადარიგო,
ეგ დამასიზმრე.
რომ სამუდამოდ რომ დიდი ხნით
რომ თუნდაც წამით
გადაგივიწყო.
მაგრამ მე მახსოვს მათი თვალები,
როცა წაართვეს ბედნიერება.
გამოფიტული დღეების უკან იდგა სიჩუმე,
სიჩუმე სავსე სიცარიელით,
მათი შემყურე მეც უეცრად დავცარიელდი.
ისინი ხშირად მიკითხავდნენ,
ისინი ხშირად მახსენებდნენ,
მეც იმათ ხშირად ვახსენებდი,
ვებრძოდით ავად სახსენებელს,
ავად სახსენებელ სიკვდილს
და თავად ვიყავით მისით
გაჟღენთილები.
დრო იყო როცა ჭიქის ფსკერზე ვეძებდით ნუგეშს,
და მდაბიოთა
ბრბოს ვერეოდით, რომ არავის არ შევემჩნიეთ.
და დადიოდა
ჩვენს შესახებ ამბები, თუმცა
ასეთ ამბებზე აძინებენ პატარა ბავშვებს, რომ იღლებიან მათი მოსმენით.