Ბელა ჩეკურიშვილი 🔘 სირენების ქვითინი
ნამწვავები
ვიდრე ამ რაინისპირა ქალაქში ქვაფენილს დაჰყურებ
და ქვებს შორის დარჩენილი სიგარეტის ნამწვავებს ითვლი,
გახსენდება, როგორ კრეფდით ასეთ ნარჩენებს
ოდესღაც, სულ სხვა ქალაქის ქუჩებში,
მერე პლასტმასის მილით რომ მოგეწიათ…
და როცა გეკითხებიან, რა ხდებოდა შენს ქვეყანაში,
როცა ერთ დღესაც საბჭოთა კავშირი აღარ იყო,
როცა ნანატრი თავისუფლება
შენს თაობას ფანტივით ერგო,
ის სიგარეტის ნამწვავები გახსენდება
ქუჩაში, ტროტუარის კიდედან აღებული
და პასუხობ:
რომ შეყვარებულები ვერ იგებენ როდის ღამდება
და სახლებისკენ არც არასდროს მიუწევთ გული,
თუკი პარკში სითბოა და მთვარის სინათლე,
რომ ღამეები მაშინ ძალიან მოკლე იყო
და გათენების ხმები – ვერცხლის სიმზე წკრიალა,
რომ
მოზარდობისას სიგარეტის ღერებს მამებს ვპარავდით
ეს ხან საბჭოთა იყო, ხან უცხოური – ბოშებთან ნაყიდი,
იმის მიხედვით, რა განწყობაზე იყვნენ ხოლმე ჩვენი მამები,
რისთვის ემეტებოდათ დედებისგან დაზოგილი ოჯახის ფული,
მერე კი, როცა უკვე სტუდენტებს შეგვეძლო
თავხედურად, ღიად, საჯაროდ მოგვეწია
და მშობლებისთვის დამოუკიდებლობა გვემტკიცებინა,
ქვეყნის დამოუკიდებლობამ მოგვისწრო
და ნამწვავებზე გადაგვისროლა.
ჩვენი სიყვარულიდან
ჩვენი სტუდენტობიდან
ჩვენი თავისუფლებიდან
მხოლოდ სიტყვები დაგვრჩა
რომელიც აი, ლექსებად ვაქციეთ და ვცდილობთ,
იქნებ ახალ სამყაროს
სიტყვების ამ ნარჩენებით მოვულბოთ გული,
სიგარეტის ფული რომ გვქონდეს.
________________________
ჩემი დის ცხენი
ნანამ ცხენი დახატა.
რკინისფეხება საწოლის ქვეშ შეძვრა
და როცა ბოლოსდაბოლოს მოიკითხეს,
იქიდანვე გამოსძახა:
“ცხენი დავხატე”.
დეიდამ ჯერ ბავშვი დაბერტყა,
მერე საწოლი გამოაცურა,
კედლის ძირას სტაფილოსფერი ლაქა მოჩანდა
და დაიხარა, ახლოდან კარგად რომ შეეხედა.
ამ ამბავს ისე ხშირად იხსენებდნენ,
როცა სიარული სხვებმაც ვისწავლეთ,
ცხენიან კედელს,
როგორც რამე სანახაობას, ისე ვსტუმრობდით.
საწოლს კი აღარ აცურებდნენ,
მე და ჩემი ძმა რიგრიგობით ვძვრებოდით მის ქვეშ.
იქ იყო ჩვენი ალტამირას გამოქვაბულიც და
ნასკას ველებიც,
განსაკუთრებით, ზამთრის რუხ საღამოებში,
როცა შეშის ღუმელიდან მომზირალი ცეცხლის სინათლე
იატაკს წითლად აღვივებდა
და ზედ გაწოლილებს ახალ-ახალი სურათებით გვასაჩუქრებდა.
ცხენი თავდახრილი იდგა და ძოვდა,
ნანა ამბობდა, ტყეში მიდისო,
ძმას სჯეროდა,
მაშინ ჭიხვინებს, როცა გვძინავსო.
რკინის საწოლის აღება მახსოვს,
დიდხანს მსჯელობდნენ, როგორი ტახტი შეერჩიათ:
“ბავშვები ზედ ითამაშებენ, საჭირო დროს კიდევაც გავშლით”.
და ნაცრისფერი, მძიმე ტახტი კედელს მიადგეს,
რამაც ჩვენი მობალახე, სტაფილოსფერი ცხენი
სრულად დაფარა.
“წავიდა, წავიდა, ჩვენი ცხენი, ტყეში წავიდა”, –
ხუმრობდა ნანა,
და ახლა უკვე ალბომებში აწებებდა ფერად ფოტოებს.
პატარებს კი ფლოქვების ხმა ყურებში გვედგა
და იმ ტახტზე დასაძინებლად ხშირად ვჩხუბობდით.
ბებოსთან მხოლოდ მე ვცხოვრობდი,
როცა დედამ ქალაქიდან რომბებიანი შპალერი გამოგზავნა
გაყვითლებული კედლების დასაფარავად.
დეიდამ კი მეზობელი დაიხმარა
და ჩვენი ბავშვობა
ნანას ცხენიანად
და ცეცხლის ალზე მოლივლივე ზამთრის საღამოებიანად,
ერთი ხელის მოსმით გააქრეს.
______________________
სირენების ქვითინი
(ია ქვაჩახიას)
საგანგაშო სირენის ხმა არასოდეს გამიგონია
მის მოსასმენად
ინტერნეტის საძიებო სისტემაში ჩავწერე სიტყვა
და დოკუმენტურ ფილმებს ჩავყევი
ემოცია მჭირდებოდა
ერთი ლექსისთვის
გერმანული ენიდან რომ ვაქართულებდი
გვიან ღამით
სირენები აკივლდნენო –
ომის ამბებზე დაწერილი წიგნებიდან ვიხსენებ
თუმცა
მგონი ყმუილს უფრო ჩამოჰგავს
ქვითინს
ან ღნავილს
შიშზე ბევრია ალბათ როცა ეს ხმა ჩაგესმის
ხვდები იქიდან უნდა გაიქცე თვალს მიეფარო გადაიკარგო
ვუსმენ
მაინც რჩევა მჭირდება
ვერ გადავწყვიტე რომელი სიტყვა შევუსაბამო
საბედნიეროდ
ეს ხმა არასდროს თავს არ დამსხმია
და ვწერ მეგობარს (სოციალურ ქსელში ჯერაც მწვანედ ანათებს)
მოუსმინოს ერთ ვიდეო ჩანაწერს
და გამოთქმა შემომაშველოს
ის კი დუმს
ალბათ შევაშინე
გვიანია
ამის დრო იქნებ მართლაც არ არის
ბელა
მწერს ბოლოს
სოხუმიდან ვარ
ქალაქი ბოლო დღესღა დავტოვე
სწორედ ეს ხმა დამკიოდა სარდაფში
სადაც დაბობმვისას ვიყუჟებოდით
ეს ხმა
არ არის გაფრთხილება
რომ ცუდი მოდის,
ეს მოსული სიკვდილის ხმაა
როცა ყოველი სულიერი დუმდება
და სახლები იწყებენ ქვითინს კედლებით ქვებით
__________________