სიახლეები

ია კელერმანი 🔘 ზღვარი მოწყენილობის ვრცელი სამარე

ცხოვრებაში, ყოველი მოვლენა, ჩვენს პიროვნებაზე გარკვეულ კვალს ტოვებს.

არ არსებობს ქალი ხარ თუ კაცი, მოვლენები ადამიანებზე ზოგადად მოქმედებენ და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ერთისგან მეორე სქესი იჩაგრება, რადგან მჩაგვრელიც ჩაგვრის მსხვერპლია.

მოვლენები დროთა განმავლობაში, ჩვენს ქვეცნობიერში ილექება, იქამდე, სანამ მათი გახსენების ძალა არ შეგვწევს. იქამდე, სანამ მათ აღარ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ. მათი გახსენება შეგვიძლია მაშინ, როცა ამისთვის მზად ვართ – ამაზეა ეს პიესა.

ამბავი, მოწყენილობის ვრცელი სამარის შესახებ, რომელშიც გამომწყვდეულები ვართ და მასში ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვეფლობით.

მოქმედი პირები:

კაცი – ცნობიერი

ქალი – ქვეცნობიერი

#ან პირიქით

მოქმედი პირები ერთნაირ მოქმედებებს ასრულებენ, ესაა მცდელობა ერთი და იგივე ამბავი სხვადასხვა პოზიციიდან დაინახო, არ არსებობს სქესი. ხაზი ესმევა საკუთარ თავთან მუდმივი დიალოგის რეჟიმს, ნივთებს კონკრეტული დანიშნულებით, საზოგადოების აზრს – ურთიერთობებისა და ფორმირების შესახებ და მდგომარეობებს, რომლის ზღვარზეც ხშირად ვართ.

[ადამიანი საწოლზე წევს, საწოლზე რამდენიმე დიდი ბალიში დევს. საწოლის გვერდით ორი სათავსოა, ერთი ერთ, მეორე მეორე მხარეს. სათავსოების გვერდით დახვავებულია ჟურნალ გაზეთები და ოთახი სავსეა წიგნებით. დასაკეც და  გასაშლელ კარადაში რამდენიმე პერანგი, შარვალი, პიჯაკი და კაბაა. იქვეა მწოლიარე ადამიანისთვის შეუფერებლად პატარა სამოსი (ბავშვის), მომცრო ზომის სკოლის ჩანთა. კარი დაკეტილია, კარის გვერდით სანათი დევს, რომლის წინაც ბევრი ფერადი ქვა ყრია. საწოლის თავზე სურათია, სურათზე გამოსახულ ადამიანებს სახე გაცრეცილი აქვთ, იქვე დგას სარკე (ორი ოთახის გამყოფი მინა, მეორე ოთახი ანალოგიურია პირველის) კარის პირდაპირ. ადამიანს, რომელიც საწოლზე წევს, აღვიძებს კარზე კაკუნი, კაკუნი ძლიერდება, ნელნელა კარისა და კედლის ყოველ მხარეს ისმის, საწოლიდან არ დგება, დამკაკუნებლის ხმა არ ისმის, ადამიანი საწოლიდან მიმართავს მას]

– დღეს სამსახურში არ მივდივარ. არ მივდივარ, ჩემი ნება არაა? მინდა წავალ მინდა არა, დღეს ასე მინდა, არა, არა მეთქი ვააა..

არა რა გამომაგდეს, მეზარება, დავიძინებ, ერთი დღე მეც ხომ შეიძლება დავისვენო? არაფერი არ მოხდა, რატომ არასდროს გჯერა ჩემი, მაინცდამაინც რამე უნდა დამემართოს და რამე უნდა მოხდეს? ისედაც ბევრს ვმუშაობ. რას გატყუებ, ბავშობიდან მატყურა შენ ხარ… აუ, აუ, ყოველთვის მაგ ისტორიას იხსენებ, გეყოფა, დაახვიე ჩემი სახლიდან. ჰო კაი, შენი სახლია, ეს ოთახი მაინც ხომ არის ჩემი?

[კარს ბალიშს ესვრის, მეორე ბალიშს თავქვეშ ამოიდებს და თვალგახელილი წევს საწოლზე]

– ფუ შენი, არ შეუძლია რომ დილიდან ეს ყლე ისტორია არ გამახსენოს.

[ტელეფონი რეკავს, ტელეფონის ზარი – Moby – Whispering Wind, უყურებს ტელეფონს და რამდენიმე წამის შემდეგ პასუხობს, საუბარი ეზარება]

– ჰო, სახლში, დავრჩი დღეს, არა, არ გამოვუშვივარ, შენც ეგ რატომ იფიქრე? არ შეიძლება ამდენი მუშაობის მერე სახლში დარჩენა მომინდეს? კარგი, იყოს მასე, ვსიო გაჩერდებით, კითხვების გარეშე, გამომიშვეს.

[კიდებს ტელეფონს, ბალიშს თავისკენ მიიზიდავს, თვალგახელილი წევს, რამდენიმე წამი სქროლავს ტელეფონს, საწოლზე მიაგდებს, ისევ აიღებს, სქროლავს და საკუთარ თავთან იწყებს საუბარს და პასუხებს მეორე იდენტური ოთახიდან იღებს]

– ადექი, გეყოფა, ამდენი სქროლვა, ადექი და ახალი სამსახური მოძებნე.

– არა დღეს ის დღე არაა, ლაიფ ივენთს რომ განვაახლებ…

– და დააწერე რა, შენი რა მიდის, მიხვდება ვინმე?

– მოგილოცავენ და გაერთობი

– შეეშვი შენ თავთან საუბარს

–     რა გაცინებს?

–     ყურსასმენები რატომაც იყიდე იმაზე მეცინება

–     ჰო,    ახლა    როცა    გარეთ    დავდივარ    და    საკუთარ    თავს    ველაპარაკები, ყურსასმენების გამო, ხალხი ისე აღარ მიყურებს, როგორც ადრე.

–     ადექი და იპოვე სამსახური, ან ივენთი გააკეთე ვითომ ახალი სამსახური დაიწყე და იმათმა ნახონ რა დაკარგეს.

–     ხვალ სხვას დაწერ… ვერ შეთანხმდით, არ მოგეწონა სიტუაცია, შენი ნიჭი ვერ დააფასეს.

[აგდებს    ტელეფონს   საწოლზე,   წამოჯდება,   იხსენებს   იმ   ისტორიას,    რომელიც

„კაკუნის ხმამ“ პირველი გაახსენა გაღვიძებისას]

–     ფუუ, ფუ, ჩამიშხამა დილა.

–     სამსახურიდან გამოგაგდეს

– სხვას ვიშოვი!

– არადა რა ყლე ისტორიაა, რვა წლის ვარ, ჩემი ყველა  კლასელი  დასასვენებლადაა წასული, მეც მინდა, ვერ მივდივარ, ხშირად არ დავდივარ დასასვენებლად, როცა სხვები ერთობიან, და რადგან ისინი ერთობიან მე სახლში უნდა ვიჯდე.

უამრავი წასაკითხი წიგნია, დღეს ერთ ჟურნალს დავათვალიერებ, ხვალ მეორეს. სამაგიეროდ, როგორც დედა ამბობს მე ყველაზე ჭკვიანი ვიქნები, უბრალოდ მათ ყოველთვის ჩემზე მეტი ხელფასი ექნებათ.

მე წიგნებით, ფილმებით, სათამაშოებით ვიცხოვრებ, ცხოვრება არ მეცოდინება, სამაგიეროდ გავიზრდები და ნაკლებ შეცდომას დავუშვებ,

ან ერთი მიმართულებით ვივლი, სადაც შეცდომები არ იარსებებს.

ანდაც შეცდომებს დავუშვებ, მაგრამ მეცოდინება, რომ ამით არაფერი სრულდება.

კლასელების გარდა, მეგობარი არ მყავს, სამაგიეროდ, რომ გავიზრდები სოციალური გავხდები, რომ ჩემი მუდმივი კომპლექსი ამით დავფარო:

–     ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვი მოძრავი უნდა იყოს, უმოძრაო რომ დაბერდება მერეც იქნებაო

–     ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, უინტერესო, რომ გაიზრდება მერეც გახდებაო

–     ფსიქოლოგები ამბობენ: ბავშვებს საკუთარი სივრცე უნდა ჰქონდეთო

–     გაქვს?

–     აი აქ ვძვრები [მიუთითებს კარადაზე] ვზივარ, ფარანი შემაქვს და წიგნებს ვკითულობ

–     არ გეშინია?

–     კი, კი კარი ჩაიკეტოს, ვეღარ ვისუნთქო

–     ჰო

–     სხვა უნდა მოვიფიქრო

–     ფსიქოლოგები    ამბობენ,    ბავშვები    ასე       არ    უნდა    აკეთებდნენ,   რადგან გაიზრდებიან და ასე მაშინ გააკეთებენო

–     და ზოგადად ისინი ხომ ძალიან ბევრ რამეს ამბობენ

–     ჰო, რას ვამბობდი? ჰო-ჰო, და-და როცა ისინი დასასვენებლად მიდიან მე სახლში ვზივარ, იმიტომ რომ კლასის გარდა მეგობარს ვერსად გაიცნობ.

–     მშობლებს ბავშვები ბევრ წრეზე რომ დაყავთ – ის ამბავია?

–     არა, ეგ თვითონ რომ გაიცნონ სხვა მშობლები, მაგიტომ. თან, როცა არ გიცნობენ, როგორი სასიამოვნოა თავის მოწონება

–     ჰო, რამეში ბავშვიც ხომ უნდა გამოიყენონ

–     ჰო, წარმოიდგინე, პირველად მიდიხარ, ბავშვს შეიყვან, გარეთ გამოხვალ და ამბობ, აუ – იმედია მანქანას არ წაიყვანენ, ცუდ ადგილას კი დავაყენე

–     და ამ დროს, საერთოდ არ გყავს მანქანა

–     ზუსტად.

– ანდაც, მუდმივად ტელეფონი გიჭირავს, აქეთ იქით დადიხარ  და  საუბრობ, მერე თიშავ და ამბობ – აი ამხელა კომპანიაა და თავისით ვერ გაუკეთებიათ საქმე

– დაკვირვებულხარ მაგ დროს სხვა ადამიანის თვალებს?

– ჰჰჰ, კიდევ?

– მშობლები, რომლებსაც სულ სადღაც ეჩქარებათ, ამით მათ მიმართ დაინტერესება იზრდება, მერე ვინმეს გამოიჭერენ, კედელთან ააყუდებენ და ისტორიას მოუყვებიან ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, რომელიც მეორე დღეს ყველას ეცოდინება

– მოწიწების ვარიანტია

– ჰო და ოცნებობ, როდისმე შენც მიგაყენონ…

– ფსიქოლოგები ამბობენ: ბავშვები დაქალების, ძმაკაცების ბავშვებთან  ამეგობრეთ, სოციალურები გახდებიანო

–     სამაგიეროდ    არასდროს    ეყვარებათ    ერთმანეთი    და    როცა    გაიზრდებიან პირველად სწორედ მათ დაშორდებიანო

–     ამასაც ფსიქოლოგები ამბობენ?

–     არა, ამას გაზრდილი ბავშვები, გამოცდილებით.

–     გააგრძელებ?

–     ზაფხულია, სახლში ვარ, ჟურნალებს და წიგნებს ვათვალიერებ, სანამ სკოლა დაიწყება ყველა კლასგარეშე ლიტერატურა წაკითხული მექნება.

–     რისთვის ემზადები?

–     გადადე ცოტახანს წიგნები, სტუმრები მოდიან და სათამაშოები არ დამალო, ბოლოს და ბოლოს შენი კლასელია, კარგი იქნება ემეგობრო.

–     მეტი საქმე არ მაქვს, არ მინდა ჩემი სათამაშოებით ითამაშოს.

–     მამაშენს გავხარ

–     ჭოგრიტიდან გავახედებ, კარი გააღე.

(საწოლიდან დგება, ოთახის დალაგებას იწყებს, დაყრილ სათამაშოებს, წიგნებთან ალაგებს და ტანსაცმელს აფარებს)

–     საერთო არაფერი გვაქვს.

(სკამებს მაგიდის გარშემო ალაგებს, ჭიქებს, თეფშებს, იცინის, ჭოგრიტით იყურება)

–     დრო ნელა გადის

–     წამო აივანზე

–     დედაჩემი დარჩება, მე მალე წავალ

–     სად?

–     ეზოში, ბავშვები დამირეკავენ

–     მეც წამოვალ

–     ცოტა შორს უნდა გავისეირნოთ

–     მერე რა ესეც წაიყვანე – დედა

–     მერე რა, მეც წამოვალ

–     კაი, გადავალ სახლში გამოვიცვლი, დაგირეკავ და გამოდი

–     ვეღარ ვითმენ, გამოვალ და სახლთან დაგელოდები

– ეგ არ ჩაიცვა, ტაკუნებში გაქვს ამოკვეტებული, სხვა რამე ჩაიცვი

– ო, ეს მინდა!

– ცოტა მოსუქდი ხო? თეთრი მაისური არ დაგესვაროს. მისმინე, ძალიან მინდა შენი წაყვანა, სახლში ვერ გითხარი, მე და ჩემი შეყვარებული ვიქნებით, ასე რომ თუ შეგიძლია არ წამოხვიდე

– მიდიან, სადარბაზოსთან ვრჩები, ცხელა, დრო ძალიან ნელა გადის…..

– რამდენიმე წრეს ვარტყამ სადარბაზოს და სახლში ვბრუნდები

– რატომ ამოხვედი?

–     დამცხა, წამოვწვები და რამეს წავიკითხავ.

(დგება მაგიდიდან, სკამებს ასწორებს)

– ფსიქოლოგები ამბობენ ბავშვები ხალისიანები უნდა იყვნენ

– ბედნიერები

– უხაროდეთ

– სათამაშოები

– ბევრჯერ უნდა იბანდნენ ხელებს

– და საკუთარი კბილის ჯაგრისები ქონდეთ

– წყლის ბოთლები

–     და ყველაფერი საკუთარი

–     და მერე ათხოვონ ერთმანეთს

–     ბავშვები არ უნდა იტყუებოდნენ, იმიტომ რომ რომ გაიზრდებიან მაშინაც ეყოფათ….

–     ……

–     ჰოდა, რვა წლის ვარ

(რვეულსა და წიგნებს იღებს, მაგიდასთან ჯდება, სკოლის მოსწავლესავით და ტელეფონი რეკავს – Bernache – Your Name უსმენს და რამდენიმე ზარის შემდეგ, პასუხობს)

-ჰო, როგორ ხარ?

-რას შვები?

-რავი, შენ?

-რავი, არაფერს..

-დასასვენებლად მივდივართ…

-ვა რა კაია

-და შენ არა?

-ჰო, როგორ არა, აბა რა

(ტელეფონს ხელს აფარებს – ჰოდა წამომცდა ხომ გესმით ბავშვურად რა)

-და სად?

-ქვიშხეთში

(ტელეფონს ხელს აფარებს – ჯანდაბა სად? რა მინდა ქვიშხეთში?)

-მანდ რა არის საინტერესო? ჩვენ ზღვაზე, იქ აჭარულები, ზღვა, კარტი მიგვაქვს ჯოკერს ვითამაშებთ, მერე ვინმეს გავიცნობთ, საღამოს ვიცეკვებთ, მოკლეედ რაააა… როგორც დიდები ისე დავისვენებთ…

-მმ, ქვები

-რა ქვები?

-ჰო არ გაგიგია? ქვიშხეთის ფერადი ქვები?

(ტელეფონს ხელს აფარებს: რადგან კლასში ყველაზე ჭკვიანი მე ვიყავი – ენა ჩაიგდო)

– არა!

– ჰო, ცნობილია ფერადი სამკურნალო ქვებით

– ოკ, ჩამოიტანე!

(ტელეფონს ისევ ხელს აფარებს, დგება სკამიდან, ადგომისას რვეული და კალამი უვარდება, სცხელა)

–     რა თქმა უნდა.

(ტელეფონი გათიშა, საწოლში დაბრუნდა, ბალიშს ეხუტება)

–     ჰოდა რვა წლის ვარ, ყველაზე ჭვიანი და უმეგობრო

–     სად მიდიხარ?

–     ეზოში

–     ვისთან?

–     არავისთან ისე

–     რა ისე, ისე რა გინდა

–     ვაიმე, ქვები მჭირდება, ამოვიტან და ამოვალ

–     რა ქვები?

–     უნდა შევღებო

–     დაჯექი სახლში, ტელევიზორს უყურე, ან რამე ითამაშე, გინდა მეზობელთან გადი

–     რა მინდა, რვა წლის ვარ, ის 24-საა, უარს არ ამბობს თორე რა უნდა ჩემთან?

–     შენზე მეტი ჭკუა კი არ აქვს იმას? გინდა დავურეკო და გადი

– არააა, არ მინდა, ქვებს ამოვიტან და ამოვალ.

ჩავედი ეზოში, ბინძური ქვებით ავივსე ჯიბეები, ამოვედი, სახატავი ფუნჯები და საღებავები გადმოვყარე და ქვების ღებვა დავიწყე. აჰაჰაჰაჰა

(იცინის, ძალიან ბევრს, გაუჩერებლად და იმეორებს)

– ქვების ღებვა დავიწყე, ქვების ღებვა დავიწყე.

(ფანჯრიდან სანაყინე მანქანის მუსიკის ხმა შემოდის, ჩერდება, ყურს უგდებს, ძალიან ახლოს მიდის ფანჯარასთან, ორივე პერსონაჟს ერთმანეთზე ყური აქვს მიდებული, ერთად):

– იმ ბალერინას ჰგავს ზარდახშიდან რომ იყურება და მერე, როდისმე, ფეხმოტეხილი აუცილებლად ეგდება ძველ, მტვრიან ყუთში. მანამდე ბავშვების რიგი დადგება, მერე მობეზრდებათ, გაიზრდებიან, მიატოვებენ. დიდხანს იდგება მარტო და შეეცდება ისევ დაააინტერესოს გამვლელი, მაგრამ მასზე ბევრად საინტერესო რამდენი რამეა? ბევრი.

– ნაყინის მანქანიდან წითელცხვირიანი, დიდ ფეხსაცმელებიანი კლოუნები გადმოვლენ, ფერად ბურთებს ხელში აათამაშებენ, თვალს ჩაგვიკრავენ

– მათ არასდროს უნდათ ჩვენთან თამაში

– იპოთეკით დატვირთული სახლის გამოხსნას ცდილობენ

– წითელცხვირიანი ხუჭუჭა კლოუნები ყველაზე სევდიანი არსებები არიან დედამიწაზე, როგორც ყველაზე სევდიანი სიმღერაა – გილოცავ დაბადების დღეს, როგორც ყველაზე სევდიანი სიტყვათა შეთანხმებაა – მინდოდა, მაგრამ.

– ნაყინის მანქანიდან წითელცხვირიანი, დიდ ფეხსაცმელებიანი კლოუნები გადმოვლენ და ძალიან შორს გაგვიტაცებენ

–    იმაზე შორს, ვიდრე ვართ?

–    იმაზე შორს, ვიდრე ვართ.

– ნაყინი გინდა?

–     არა, არასდროს მინდა ნაყინი და საკუთარ თავზე ნაყინის სიყვარულის დაბრალება იმიჯების და წარმოდგენების შექმნაა სხვის თვალში.

–     არც შოკოლადი?

–     როდისმე დაგტოვებს შენი კომპლექსები?

–     ნანობ?

–     არაფერს, ისეთი ხომ არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ?

–     იქნებ უკეთესი ყოფილიყავი

–     მაგრამ ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ

–     ნანობ?

–     ვნანობ.

–     წარმოდგენების შექმნას სხვის თვალში.

–     ეჯიბრები?

–     მხოლოდ საკუთარ თავს

–     გშურს?

–     მხოლოდ საკუთარი თავის

–     ხშირად იტყუები

–     კი

–     რამდენად ხშირად?

–     ყოველ დღე, მზის ჩასვამდე

–     მერე რა ხდება?

–     მძინავს.

–     საკუთარი ცხოვრებით დაიწყე ცხოვრება

–     საკუთარი თავი მოისროლე, იმაზე შორს, ვიდრე ვართ. (საწოლიდან დგება და ცდილობს ბალერინასავით იბზრიალოს)

–     მომბეზრდა.

–     ის ბავშვი გახსოვს?

–     ჩემი      ქვეცნობიერი      ნელნელა      იხსენებს     ყველაფერს,     რაც      ოდესღაც თავდასაცავად დაივიწყა

–     ჰო, გამახსენდა, იმ ოთახში ეძინა, სადაც, ჰო ხვდები რა, ჰო, მერე სახლობანას სათამაშოთ ჩემთან შემოდიოდა და ცდილობდა ეკოცნა..

–     მეშინოდა და გავურბოდი, თან შემოდიოდა და მაინცდამიანც იმ ოთახში მიმათრევდა, სადაც არავინ იყო

–     ნეტა რატო?

–     მარტო მე არა ოღონც, სხვა მეზობლებმაც გაუბაზრეს.

(საწოლს უბრუნდება, ბალიშს ეხუტება, სიცილს იწყებს, ძალიან ბევრს იცინის, სიცილითვე იხსენებს ისტორიას)

–     ფსიქოლოგები ამბობენ: ბავშვები შეაქეთ, აქეთ, აქეთ და რომ გაიზრდებიან – მოსალოდნელი სარგებლის გარეშე – არაფერს გააკეთებენო.

–     ფსიქოლოგები ამბობენ: არ ათამაშოთ გოგოები თოჯინებით და ბიჭები მანქანებით

–     რა    მნიშვნელობაა?       თუ    ორივე    შემთხვევაში   ჩვენ   გადავწყვეტთ   რითი ითამაშებენ?

–     დამოკიდებულება შეიძულე და არა – ფერი.

–     რადგან მას არაფერი დაუშავებია

– და მუდმივად აბრუნე არაფერი, რომ დატკბე რამდენ რამეს ნიშნავს – სიტყვათა წყობა.

– ფსიქოლოგები ამბობენ: ბავშვებს არ მისცეთ თავისუფალი დრო, დააკავეთ მრავალი აქტივობით – არადა როგორი მარტივია? მხოლოდ სიყვარულია ის, რაც მათ სჭირდებათ.

(იცინის)

–     დაახასიათე საკუთარი თავი?

–     მხიარული, ჭკვიანი, თავქარიანი.

–     ვინ ხარ?

–     დავიბადე, ვისწავლე, გავიზარდე, ვისწავლე, მიყვარდა, ვმუშაობ

–     ვინ ხარ?

–     დავიბადე, ვისწავლე, გავიზარდე, ვისწავლე, მიყვარდა, ვმუშაობ, ჰო კაი გამომიშვეს

–     ვინ ხარ?

–     დავიბადე, ვისწავლე, გავიზარდე, ვისწავლე, მიყვარდა, ვმუშაობ, გამომიშვეს

–     ვინ ხარ?

–     ვაააახ, დავიბადე, ვისწავლე, გავიზარდე, ვისწავლე, მიყვარდა, ვმუშაობ, გამომიშვეეეეს

–     ვინ ხარ?

–     დავიბადე, ვისწავლე, გავიზარდე, ვისწავლე, ვმუშაობ, არა ჯერ მიყვარდა მერე ვმუშაობ, ახლა გამომიშვეს

–     ვინ ხარ?

–     ვააახ, დავიბადე, დავდიოდი სკოლაში, ჩავაბარე უნივერსიტეტში, ვისწავლე, მერე ფაკულტეტი შევიცვალე, ვისწავლე

–     ვ ი ნ ხ ა რ?

–     წამოვედი სასწავლებლიდან, დავიწყე მუშაობა

–     ვინ ხარ?

–     —–

–     ვინ ხარ?

–     ააარაააავიიიინ!

–     სწორია!

(საწოლზე წევს, Tame Impala – Let It Happen-ი ისმის, მუსიკას ყვება, ჯერ ხმით, მერე ხელებით, მერე ფეხებით, მერე მთლიანი ტანით, იცინის, მუსიკა ითიშება, საწოლიდან დგება, შიშველი სარკესთან დგას. უყურებს საკუთარ თავს, უკან ბრუნდება საწოლზე ზედმიწევნით დალაგებულ ტანსაცმელს ნელნელა იღებს. ჩაცმას იწყებს, შარვალში იტანს პერანგს, პერანგის სახელოებს იკრავს, საათსა და ქამარს იკეთებს, თმაზე ხელს გადაისვამს და საკუთარ თავს გაუღიმებს, სარკესთან დგას, ადგილს არ იცვლის, სარკეში საკუთარ თავს აკვირდება, იწყებს საუბარს ისე, რომ არც გამოსახულებას, არც ხმას, არც მიმიკას, არაფერს ცვლის).

– გვერდით ნახე, გვერდით უნდა იდოს, არ ამიღია, არ შემიცვლია  ადგილი, იპოვე? ვერა? თუ ვერა გააგრძელე ძებნა იქამდე, სანამ არ იპოვი.

ძალიან კარგად გამოიყურები, ძალიან, როგორ გიხდება ცისფერი პერანგი,

– კარადა იყიდე? არა? აჰ, დასაკეცი?

– ჰო, კარგია,

– დიდი ადგილი არ ჭირდება,

–     ოთახიდან ოთახში მარტივად გადაიტან,

–     სახლიდან სახლშიც,

–     დაკეცავ და… შენი სტილია!

–     ხო ხვდები რა, უცებ გაქცევა რომ დამჭირდეს,

–     გაქცევა?

–     ხო, და საიდან?

–     ამ, როგორ თუ საიდან, მიწისძვრა რომ მოხდეს.

–     და იმდენი დრო გექნება კარადა დაკეცო და გაიქცე?

–     აქ რომ ვიღაც შემოვარდეს, დასახლდეს და რომ ვერ ვიტანდე, მაღიზიანებდეს,

–     და მერე მოგცემს უფლებას რომ კარადა წაიღო?

–      და მარტივად შეგიძლია, როცა აღარ მოგინდება დაკეცო, და გადააგდო

–     და ყველაფრის მარტივად გადაგდება არ შეგიძლია? როცა აღარ გინდა?

–     სად გარბიხარ? მოიცა, შენ გელაპარაკები…

(სახეს იცვლის, სარკის წინ დგას, გვერდით იხედება, სახეზე ხელს ისვამს, თვალზე მომდგარ ცრემლსა და შიშს – ხელით იშორებს)

–     კროსვორდები ხომ არ შემევსო?

–     რა თქმა უნდა, კროსვორდები უნდა შევავსო…

(საწოლთან ბრუნდება, საწოლის გვერდით დახვავებული წიგნებიდან რამდენიმე ჟურნალს ამოაძრობს, ჟურნალი სავსეა კროსვორდებით, იწყებს კითხვას).

–     1. ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი

-აზრზე არ ვარ, შემდეგი.

–     2. თეატრალური ხელოვნების ჟანრი, რომლის სახელწოდებაც ბერძნულად

„თხების სიმღერას“ ნიშნავს?

-შიგ ხომ არ აქვთ?

–     3. უშფოთველი ცხოვრება?

–     4. იგივეა, რაც ტრინიტროლუოლი? ტრინიტრუ, ტრინიტრუნი?

–     5. დაასრულეთ ანდაზა: იყო ძმარიო და გაერია წყალიო….

–     6. რომელ პალმას უწოდებდნენ პოლინეზიელები “სიცოცხლის ხეს”

–     7. მელვილის დიკი?

–     8. ღრმა ყურე, რომლის გამოც სკანდინავიის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლს სავარცხელი უწოდეს?

–     9. ღომის ამოსაზელი ჯოხი

– 10. მწველავ ქალებს ყვავილი არ ემართებოდათ, რადგან შინაური პირუტყვის ყვავილისგან იღებდნენ იმუნიტეტს. ამ მოვლენას ყურადღება მიაქცია ედვარდ ჯენერმა. რა პირუტყვი იყო ეს

– შემდეგი

– 11. ქაღალდის კუპიურის დამცავი მექანიზმი – ჭვირნიშანი, იგივე ფილიგრანი, იგივე წყლის

–     შეიტანე ბანკში…

–     12. ძველი ეგვიპტის დედოფალი. მისი სახელი ნიშნავდა – “მზეთუნახავი მოვიდა”

–     გაუშვით უკან.

–     13. სულკალმახის ცოლი

–     ….

–     14. კუჭის წვენის ფერმენტი

–     15. უღელტეხილი ხაშურისა და ხარაგაულის რაიონში

–     16. ანდაზა: “დავრდომილს წიხლი … არა, შველა უნდაო”

–     კი არა?

–     17. მანძილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე

–     18. ფრანგი ფილოსოფოსი და მეცნიერი. ეკუთვნის სიტყვები: “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”

–     ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ

–     ვაზროვნებ

–     მაშასადამე

–     არსებობ

–     ….

–     19. თეატრის პერსონალი, რომელიც ქეჩით ამოგებულ ორმოში ზის სცენის წინ

–     ქეჩით? არ ვიცი, შემდეგი.

–     20. თამამად გამოხატული მეძავი? ბ ო ზ ი

–     ეგრე რაააა…..

(გვერდით მოისვრის კროსვორდებს).

–     ყველაფერი მარტივი ძააალიან მალე მწყინდება.

–     გულს ვეღარ უდებ?

–     კიდევ ერთხელ მიიღემ მაგ სახეს და..

–     და?

–     ყველაზე ცუდი მომენტია, და – და კითხვის ნიშანი.

–     უამრავი აზრია, ტრიალებენ, იცი რასავით?

–     გახსოვს გული რომ ერეოდა და შენ რომ გიხაროდა?

–     მე არ მერეოდა, იმას ერეოდა, შენც ხომ გიხარია ვინმე რომ ვარდება

–     იდიოტო, გიხარია, ვინმე რომ ვარდება, ეს ნიშნავს რომ შენ ისევ ფეხზე დგახარ.

–     ჯერჯერობით, მიდი გაუწოდე ხელი

–     მოიცა, ცოტა ხანს…. ეგდოს ჯერ.

(Feng suave – session at into the great wide open 2018 – (3სიმღერა) ამჯერად ტელეფონის ზარად ფენგი აქვს დაყენებული, ძირს გდია, ტელეფონი რეკავს, ტელეფონი რეკავს, ტელეფონი ისევ რეკავს, რამდენჯერმე დახედავს ტელეფონს, ტელეფონი რეკვას აგრძელს, არ უნდა რომ უპასუხოს, ანდაც უნდა, მაგრამ თუ დიდხანს არ უპასუხებს იფიქრებენ, რომ არ უნდათ უპასუხონ და იქნებ დაკიდონ, ტელეფონი რეკვას აგრძელებს, პასუხობს).

დიახ, დიახ, უფრო ხმამაღლა, არ ისმის, ფუ, ფუ, ალიო, არ ისმის, არ, არ….

(ტელეფონს თიშავს, სარკეში იყურება, კიდევ იყურება სარკეში, მაგრამ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც მანამდე, არ მოსწონს).

– მმმ, რისი გაკეთება შეიძლება? დღეს რა  შეიძლება  გავაკეთო  ისეთი,  რომ  სხვებს ძალიან რთული პიროვნება ვეგონო? მიმები გავაკეთო? თუ სხვისი გავაზიარო? მაგალითად ის, რომ ჩემს სხეულში რამდენიმე პიროვნება ცხოვრობს და ვერასდროს ვერ გაიგებენ, რომელი ვარ მაშინ, როცა მათ ვეკონტაქტები, ანდაც მოიცა, ის ხო არ დავპოსტო, რომ ვეძებ ფსიქიატრს და

კომენტარების ცვენა რომ ატყდება მივაწერო: არაფერია მეგობრებო, მე კარგად ვარ, უბრალოდ ინფორმაციის გადამოწმება მინდოდა. ჰო, ისეთი არაფერი წიგნს ვწერ,

–      წიგნს წერ?

– მართლა?

– რა წიგნია?

– რაზე წერ?

–     ჩემზე დაწერე,

–     აუ ის ისტორია ჩაწერე რა ხომ გახსოვს?

–     კიკი, როგორ არ მახსოვს, და რომელი?

–     აჰაჰაჰ, ვაუ რა მაგარია,

–      ხომ მაჩუქებ მერე ერთს? იცოდე ავტოგრაფით მინდა.

–     არაფერია მეგობრებო წიგნს არ ვწერ, ფსიქიატრის დახადვა მინდოდა..

–      ვაახ, ხატავ?

–     და ეს აქამდე რატომ არ ვიცოდით?

–     დამხატავ?

–     რას აკეთებ?

–     ახალი ჰობი მაქვს

–     რა?

–     კულინარია

–     ვა, მაგარია

–     ჰო, ფანქეიქებს ვაცხობ

–     აჰაჰაჰა, მეც ძალიან ხშირად.

–     ანტიდეპრესანტებს ვსვამ

–     მეც

–     სიზმრებში ვიტანჯები

–     ღადაობ? მეგონა მარტო მე ვიყავი ასე

–     სიზმრებს ვმართავ

–     მეც, თავიდან მიჭირდა, ახლა გამარტივდა

–     ძალიან ცოტა მძინავს

–     მეც, გამთენიისას თუ მოვხუჭავ თვალს, ძალიან ოდნავ

–     მოვიმატე

–     შენ მე უნდა მნახო

–     მე მომწონს

–     მე – არა

–     არ გეჯიბრები, უბრალოდ მინდა თავზე ხელი გადამისვა

–     თავზე ხელის დადებას ვერ ვიტან, ნერვები მეშლება

–     —-

–     რამდენი გასართობია და რა ცოტა დრო….

(ოთახში მიმოიხედავს და წიგნების კუთხეს მიუახლოვდება).

–     აბა ვნახოთ, მმ არა თუ ეს უკვე იყო? რა შეიძლება, რაღაც ხომ უნდა იყოს ისეთი, რაც ჯერ არ ყოფილა?

(ტელეფონი რეკავს)

–     გისმენ, არა დღეს არ მცალია, ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს.

ანდაც, გვიან? დამელოდე, დაგირეკავ, სადაც იქნები იქ მოგაკითხავ და ჩემთან ამოვიდეთ კარგი?…………………….. მისმინე, დარჩები დღეს ჩემთან? კაი რა, არ დავიძინებ

ამჯერად, გპირდები, ეგ უბრალოდ ვიღლები ხოლმე და პირველის მერე მეძინება, მაგრამ როდის არ გაგითავებია? ღადაობ? სულ? და რანაირად აკეთებ ისე, რომ  ფუ შენი.

თუ ფუ ჩემი…. ხო გტყნავ არა? მეტი რა გინდა? ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე

სხვებს ხომ არა? არა მაგას იმიტომ არ ვაკეთებ რომ არ შემიყვარდე, დარჩი რა დღეს, ანდაც გვიან წადი…

(ტელეფონს თიშავს, სარკეში იყურება, კიდევ იყურება სარკეში, მაგრამ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც მანამდე).

– რა ნაგავი ტიპია, არაფერიც, ძალიანაც მოსწონს ხოლმე, ახლა თვითშეფასება რომ დამიგდოს მაგიტომ ამბობს, ჩემი ყლე. რომ არ მოსწონდეს დღე

გამოშვებით აქ ხომ არ იქნებოდა? (საწოლზე წვება და სქროლვას იწყებს)

– აჰა, რომ კითხო ცუდ ხასიათზეა, დღეში ოციათას პოსტს მე ვდებ?

– ერთი უნდა დადო და ისეთი ყველას რომ ჯობდეს, გაგანიუსონ (კითხულობს პოსტს) მოიცა……

– ერთმანეთს ავტოსადგომზე შევხვდით  პირდაპირ  მის  მანქანასთან,  კარი გაიღო, ფილმებში ჯერ ფეხი რომ გადმოდის, მერე ქარი ამოვარდება, მტვერი თვალებს დაგიხამხამებს, თმა სახეზე მოგეყრება. მაშინ სათვალე ჯერ არ მეკეთა

(სარკეს უახლოვდება, სათვალეს იკეთებს, იხსნის, ისევ იკეთებს, ისევ იხსნის)

– ჰო, სათვალე ჯერ არ მიკეთია.

– ჯერ ფეხს გადმოწევს, მერე მეორეს, მე თვალებს ვჭუტავ, (იცინის)

– და წარმოვიდგენ, როგორ დარბიან ჩვენი ექვსი შვილი, როგორ შეგვყავს  სკოლაში რიგრიგობით, როგორ აძინებ, როგორ მაძინებ, როგორ მაჭმევ, როგორ მივლი

(დგას და იცინის)

– მიღუტუნებ

– მე არა,

– შენ არა, შენი სანათესაო, დედაშენი საქორწილო მოსაწვევებს არიგებს, მამაშენს სათევსაზოდ მივყავარ

(უღუტუნებს საკუთარ თავს, ძალიან ბედნიერია, იცინის, ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს, იცინის, უხარია, ბედნიერია, ძალიან ბედნიერია, ძალიან ბედნიერია…ჩერდება)

– წვიმდება, ახალშეღებილი თმიდან ჩამოსული საღებავის ლაქები საქორწილო კაბას მისველებს და

– თევზები დაიჭირე?

– ვერცერთი, თავჩაქინდრული მოვდივარ სახლისკენ.

– საჭმელი არ გვექნება

– რატომ?

–     ასეთი წესი გვაქვს, უნდა დაგეჭირა თევზი და მოგემზადებინა, მაგრამ შენ

–     ვერაფერი დავიჭირე, ტკივილები მაქვს

–     უნდა მოითმინო

–     წამალს დავლევ

–     უნდა მოითმინო

–     ბევრი წესია

-ცხოვრებაა და გაივლის, ხან აღმა ხან დაღმა, სხვა როგორ გინდა? (საწოლზე ეცემა, დაღლილია, იღებს ტელეფონს, რეკავს)

–     წავიკითხე ხო და შენ შიგ ხომ არ გაქვს?

–     რატომ სუნთქავ ღრმად?

–     რას ვერ მიხვდებიან?

–     და მიხვდნენ მერე

–     რატომ ხარ მასეთი კოპლექსებით სავსე

–     ყველაფრის სოც ქსელში გამოდება არ შემიძლია

–     და რატო? ეგონოს ხალხს რომ ბედნიერები ვართ….

– შენთან დარეკვა მინდოდა, კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ  დღეში  რამდენჯერმე შენი ხმა გავიგონო, შემზიზღდე და მერე ძალიან მარტივად მოგიშორო, ისევე, როგორც სხვები.

(ტელეფონს თიშავს, სარკეში იყურება, კიდევ იყურება სარკეში, მაგრამ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც მანამდე, არ მოსწონს, იღებს ტელეფონს და სქროლავს

– არ მინდა შემიყვარდე, შენ ზიხარ და მისხნი

– ამას უნდა ვაკეთებდე

– მოგწონვარ და იმიტომ აკეთებ

– პოტენციალი გაქვს

– რას არ გააკეთებ არასდროს?

– აი ხო იცი რა, რაც არ შემიძლია, ვერ რა

– რასამბობ კაი რა

– ჰო, ელემენტარული ჰიგიენაა რა..

– არ მჯერა რომ ეს მე მემართება

–     თუ ერთმანეთზე ბევრი რამ გვეცოდინება, კარგად ვიქნებით

–     მოვრჩი, წადი

–     რისი გეშინია?

–     იმედგაცრუების, შენ?

–     მშიშარა ადამიანების.

–     ესეთი ვარ

–     დროს კარგავ

–     ამიხსნი?

–     არა, თავიდან მოშორების მცდელობაა

–     წერას გავაგრძელებ

– მეზიზღები! ნუ წერ, ყველაფერს ნუ. ვიცი, ვიცი, ჩემით გინდა გახდე პოპულარული

– ჩემი პერსონაჟი ხარ, რასაც შენზე დავწერ, სიმართლე არაა და მე ვიგონებ.

– შენ მომწერე, ფოტოებს გადაგიღებ და შევხვდეთო, მერე ვითომ გზაზე გადასვლაში დამეხმარე, და ხელი ჩამკიდე, გოიმური ხერხი, მერე ზოდიაქოებზე მკითხე, გახსოვს? ჩვენი ზოდიაქოები ეწყობა თუ არა ერთმანეთსო და მერე მე რომ გამოვყლევდი და შემიყვარდი, მიმაგდე

– მაგაზე თავიდანვე გაგაფრთხილე

– ჰო, შეყვარებულობა არ შემიძლია, შეგიდებ და დავიშალოთო

– ჰო რა

– ჰო რა, რა ჰო

– რა რა ჰო,

– რა ჰო

– რა და მოიცა, მოიცა, მოიცადე

– არა გაჩერდი

(სარკესთან დგას, თვალები უფართოვდება, ხელებს თვალებზე იფარებს)

– არა, ყველაფერი გამახსენდა, მაკოცე, ასე არ შევთანხმებულვართ  მეთქი გითხარი, ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავო თქვი.

– მოკეტე

– მკოცნიდი, სახეს მიჭერდი, მმმმ, მმმმმ

–     ჩუ, ჩუ, ჩუუუუუუ

–    ზემოდან დამაწექი

– არა, არა, არა

– კი, დამაწექი, და ვეღარ ვდგებოდი…

(სარკეში იყურება და არაფერი აღარ მოსწონს, თაროდან ყველაფერს ყრის, ყველაფერი ისე არაა, როგორც ადრე)

– რატომ გეშინია სიკვდილის?

–     ახლა რატომ ტივტივდება ის, რაც რამდენიმე წლის წინ, შენმა ქვეცნობიერმა დამალა, დაფიქრდი

–     კომპლექსია, რომლისთვისაც მზად ვარ.

(დაკეცავს თავის დასაკეც კარადას, თავის თავს და წავა – Mild Orange – Some Feeling).

გამოყენებულია – Tishk Barzanji-ს ნამუშევარი.