სიახლეები

ბექა ჩანტლაძე 🔘 დანაწევრება

⬛⬛⬛⬛

სასხვათაშორისო სიცარიელე
(საყელო)

ვწევარ საწოლზე  და  ვიხსენებ ერთ-ერთ იაფფასიან
ჟურნალში ამოკითხულ სტატიას  სათაურით:
კაცის პერანგის საყელოზე დაკვირვებით,მასზე ბევრი რამის თქმა შეგიძლიათ“ .
შენ იცი რომ  არასდროს მჭრიდა თვალს მსგავსი სათაურები
და უფრო მეტიც, ასეთ სტატიებს სრულ ბოდვად ვთვლიდი,
მაგრამ ახლა, როცა არ ხარ ჩემთან,
არც ვიცი სად ხარ და მეც სასხვათაშორისო სიცარიელეში
დავიკარგე, ძალიან მინდა რომ მოხვიდე,
დააკვირდე ჩემი პერანგის საყელოს და მასზე აუცილებლად
შეამჩნევ წყნარი ოკეანის წვეთებს,
რომელსაც ყოველ ღამით ვსვამ,
და მეგაპოლისებში აღმართულ ცათამბჯენების ნამცეცებს,
რომლებსაც  ძლიერი შიმშილისას ერთ ლუკმაზე ვჭამ.
ხოლო თუ ყურადღებით მოუსმენ მას,
ის გეტყვის რომ თუკი სხვები მთვარეს ეთაყვანებიან,
ის ჩემთვის უბრალოდ ნათურაა,
რომ მინდა კიანუ რივზის მსგავსად ვიცილებდე
არასასურველ ადამიანებს და მოვლენებს,
რომ ყოველდღე ათასი სისულელე მტვერივით მედება,
რომ უკვე რახანია საკუთარი სიბრაზის მოწევა დავიწყე,
რომ თვალები მხოლოდ მაშინ დავინდე როცა ისინი
სიკვდილის პირას მივიდნენ,
რომ ფეხებზე მკიდია მათი ბეჭდები რადგან ჩემი თხელი თითებისთვისაც კი ისინი ზედმეტად პატარაა,
რომ მე ვიცნობ ღამის მბრძანებლებს,
ღამის მეომრებს და კედლიდან გადმოსულ მოჩვენებებს,
რომ მე შემიძლია გიგრძნო მაშინ როცა ღრმად ვსუნთქავ,
გიგრძნო წინ გადადგმულ ნაბიჯებში,
გიგრძნო მაშინაც როცა ცივი ქარი სახის კანს მაცლის,
გიგრძნო ძილში და ტირიფის სუნთქვაშიც კი.
მოდი ჩემთან ახლა,როცა მე ვიხსენებ იაფფასიან
ჟურნალში ამოკითხულ სტატიის სათაურს.
მოდი ისე,თითქოს ალუბლისფერი ჟაკეტი დაგრჩა
მაგრამ ამის ნაცვლად კარგად დააკვირდი ჩემი
ძველი პერანგის საყელოს და თუ ის არაფერს იტყვის,
მაშინ მითხარი მე ყველა ტყუილი, რომელიც აქამდე
არც გითქვამს და არც მოგისმენია:
მომატყუე რომ თავს კი არ იკლავ, არამედ თავს აკლავ;
რომ გადაიდო ყველა მატარებლის გასვლა
და თვითმფრინავის ყველა რეისი;
რომ ყველაფერი რიგზე გაქვს და არასდროს
გიოცნებია, ხერხემალი ამოგეცალა,
ნაგავში გადაგეგდო და მედუზასავით გეცხოვრა.
მოდი ჩემთან რომ აღარ ვიფიქრო უაზრო 
სტატიის სათაურზე,
თუ გინდა ჩემი პერანგის საყელოსაც არ დააკვირდე,
მომატყუე რაც გსურს და როგორც გსურს,
ოღონდ დარჩი აქ, რადგან მე მინდა გიგრძნო მანამ,
სანამ ბოლომდე დავშლი საკუთარ თავს
ამ სასხვათაშორისო სიცარიელეში.

⬛⬛⬛⬛

რადიოაქტიური ყვავილები

ჩვენ მოვკვდით.    
იმიტომ არა რომ ძილი
დაგვაკლდა ან საკუთარ თავს 
დავდეთ  ბრალი ყველა დანაშაულში.
არც იმიტომ რომ ჩვენი თავები ხმაურმა ააფეთქა.
მოვკვდით იმიტომ, რომ საკუთარი აზრები
ასჯერ შემოგვიტრიალდნენ ბრალდებად
და სამჯერ ვნახეთ კოსმონავტების ჯვარცმა
მაგრამ მხოლოდ ორს გავუძელით.
მესამე ჯერზე თვალები ბუდიდან
გადმოცვივდნენ, ჩვენმა ხერხემალმა
კი  დნობა დაიწყო და  სხეულები
გეომეტრიულ  ფიგურებად დაიშალნენ.
ისინი ფიქრობდნენ რომ დაგვამარცხეს
და დამშვიდებულებმა ჩვენი გვამები
მდინარეს გაატანეს,
მაგრამ მდინარის ღმერთმა მკვდრეთით  
აღგვადგინა ას ოცი დღის შემდეგ  
და დავსახლდით ტყის პირას,
ხის სახლში, რომლის სამზარეულოშიც
შადრევნები ჩქეფდნენ,
იატაკზე პეტუნიები იზრდებოდნენ,
უკანა ეზოში კი გვქონდა ბაღი სადაც
ყოველ მზიან დღეს რადიოაქტიურ
ყვავილებს ვრგავდით,
ღამით კი ვსვამდით
ნიუ-იორკისა და ტოკიოს  ხმაურს,
და დეჟა-ვიუებს და მთვარეს ვღეჭავდით.
ასე მშვიდი იყო ჩვენი ცხოვრება მანამ,
სანამ მათ ჩვენი მოხიბვლა არ სცადეს
სასახლეში გამართული ნადიმით,
მაგრამ  მაგიდაზე ციტრუსი არ იდო
ამიტომ ჩვენ თვალი არ დაგვრჩა
მათ მდიდრულ სუფრაზე.
ესეც რომ არა, მთელი დედამიწა
ჯიბით დაგვქონდა და ლუციფერი
გვყავდა მსახურად
ჰოდა რა ჯანდაბად გვინდოდა
მათი ჯართი სასახლე.
ერთადერთი რაც გვსურდა
იყო ძილი და ის, რომ
გვეყურებინა ჩვენი სულები
როგორ იძირებოდნენ სიჩუმეში .
შემდეგ მათ ჩვენთან მოახლოება
მოინდომეს, და ამან ცოტა შეგვაშინა
მაგრამ  როგორც კი ერთი ნაბიჯი
გადმოდგეს, კბილები ვაჩვენეთ
შედეგად კი კიდურები დაკარგეს
და უმწეო თევზებად იქცნენ.

მას შემდეგ ათი მზე მოკვდა,
ჩვენ ისევ ტყეში,მდინარის
პირას, ხის სახლში ვცხოვრობთ
ჩვენი სახლის იატაკზე პეტუნიების,
ეზოში კი რადიოაქტიური ყვავილების
რიცხვმა მოიმატა, სამზარეულოში ისევ
შადრევნები ჩქეფს, მხოლოდ ახლა უკვე აღარ
გვეშინია მათი მოახლოების რადგან
ვიცით რომ კბილები არასდროს გვიღალატებენ,
და უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ ვართ
რადიოაქტიური ყვავილები და
ნებისმიერი არმია უძლურია ჩვენს წინააღმდეგ.

⬛⬛⬛⬛

   


ვუძღვნი ჩემს მეგობარ მოეს. გოგოს, რომელსაც არავინ ჰყავს ვინც ბროწეულს გაურჩევს.



ბროწეულები

მე არ ვიცი გულის მხარეს წვები თუ არა
როცა დასაძინებლად წვები.
ან ისევ გჭირდება თუ არა საძილე აბები.
არც ის ვიცი, რომელია შენი საყვარელი ბარი
ან ლუდის ბრენდი.
მაგრამ ვიცი, რომ შენ ხშირად გარბიხარ
ქალაქიდან, რომელსაც არ აქვს ცა.
გარბიხარ, რათა ინადირო,როგორც ჰეკატემ,
(მაგრამ თუკი ვერაფერს მოინადირებ, სახლში მისულს,
საკუთარი კანის ჭამა გიწევს)
და შემდეგ, როცა გამთენიისას ნადირობისგან დაღლილი
სახლში ბრუნდები, იხდი სხეულს და იწყებ
ნადირობისას მიყენებული ჭრილობების თვლას და მათ
რაოდენობას საკუთარ ღვიძლზე კუნაით კაწრავ.
შემდეგ კი, ისევ იცვამ სხეულს, იწყებ ჭრილობების ლოკვას,
ხოლო როცა  მორჩები,გადიხარ სამზარეულოში,
ჭიქას ბოლომდე ავსებ წყლით, კედლიდან ბროწეულს წყვეტ,
იატაკზე წვები და ფიქრობ რომ სადღაც, შეიძლება სულ
რამდენიმე გულისცემის მანძილზეც კი, არსებობს ვიღაც,
ვინც მას გაგირჩევდა.
ვინც სათითაოდ დაალაგებდა ბროწეულის მარცვლებს
შენს ხელისგულზე და გეტყოდა,რომ შენ ამას იმსახურებ.
იმსახურებ,რადგან მონადირესთან ერთად,
შენ მეომარიც ხარ, რომელიც თანამედროვე ეპოქაშიც კი,
კატანით იბრძვის.
იმსახურებ, რადგან უამრავი ბრძოლა გამოიარე 
ბროწეულის ბაღების ძიებაში და ვინ იცის
რამდენჯერ მოგიწია მკვდარი რადისტების
და არტილერისტების სხეულები ამოგეფურთხებინა,
რომ გულისრევა ცოტათი მაინც აღარ გეგრძნო.
იმსახურებ, რადგან შენ ვერავინ შეგჭამს,
იმიტომ რომ შენ არ ხარ ხორცის
ნაჭერი მათ მაცივარში, ვინც შტორმის
საშიშროებისას, საკვები მოიმარაგა.
იმსახურებ, რადგან შეიძლება ყველა
ომში ვერ გაიმარჯვე, მაგრამ სხვებისგან
განსხვავებით, საკუთარი დაცემა
არასდროს გიზეიმია, რადგან შენ
მეომარი ხარ, რომელსაც საშიში
ზღაპრები უყვარს და რომლის კბილებიც,
კატანის მსგავსად მუდამ ალესილია,
ხოლო ფეხსაცმლის ძირზე, ზაფხულშიც კი,
ზამთრის ნარჩენებია მიკრული.
მეომარი, რომელიც არასდროს უერთდება
ლაშქარს, და ყოველთვის მარტო იბრძვის,
რადგან ის რონინია და ვერავინ ვერასდროს
იბატონებს მასზე.


მე არვიცი, გულის მხარეს წვები თუ არა,
როცა დასაძინებლად მიდიხარ.
არ ვიცი ისევ გჭირდება თუ არა საძილე აბები.
არც ის ვიცი, რომელია შენი საყვარელი
ლუდის ბრენდი.
ვიცი მხოლოდ ერთი რამ: შენ მეომარი ხარ,
და ბროწეულებს, შენი კედელი კი არ ისხამს,
არამედ შენს ხელისგულებზე ამოდის და
თუნდაც წელიწადის ყველა დრო გაგიზამთრდეს,
ერთ დღეს, როცა ბრძოლისგან დაღლილი დაბრუნდები
სახლში, იქ აუცილებლად დაგხვდება ის,ვინც ბროწეულს
გაგირჩევს და მარცვლებს სათითაოდ დაგილაგებს
ბრძოლებ გამოვლილ ხელისგულებზე.

⬛⬛⬛⬛

დანაწევრება

რა დააშავე შენ თუკი ის გადაგცდა დღეს,
რაც ვერ დაღეჭე გუშინ?
ყველაფერი ხომ ყოველთვის
ტყუილით იწყებოდა.
და მერე შენ გიწევდა მკვდარ ფანჯრებთან შეგუება,
კედლიდან გამოსულ მოჩვენებებთან საუბარი,
საკუთარი კანის ჭამა
და ჭუჭყიანი წვიმის წყლის სმა.
შენმა გონებამ უკვე დიდი
ხანია შეწყვიტა ოცნებების წარმოება.
ამიტომ ცხრასა და ათს შორის
ზღვარზე გავლა გარისკე რადგან
დასაკარგი არაფერი გქონდა.
მაგრამ ამის გამო წაგიყენეს ბრალი
და აღმოჩნდი განსასჯელის სკამზე.
ოცდახუთი დღის შემდეგ
გაგამართლეს და შენც
დაბრუნდი შენს ოთახში
სადაც ყვავილებთან ერთად
ლარნაკებიც გარდაცვლილიყვნენ.
მხოლოდ ტელევიზორი აგრძელებდა ყვავილობას.
ახალი მეზობელიც გაიცანი მაგრამ
იმედი გაგიცრუვდა რადგან
ძველის მსგავსად,ისიც ვერ დაფრინავს.
და მკვდარ თევზებზე წერს.
ფოსტალიონს ისევ ცუდი ამბებით
სავსე წერილები მოაქვს.
მტრედები ბომბებით მოფრინავენ.
ლექსები კი ფრჩხილებს გაძრობენ.
ამიტომ შენ არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა
რომ ჰკითხო ხმებს, შენს თავში თუ
სად არის ახლა  შენი მეგობარი?
ის ხომ სასამართლო დარბაზშიც არ ყოფილა.
ალბათ არ იცის რომ მართალია
უდანაშაულოდ გცნეს მაგრამ
მაინც საკუთარ თავს ადანაშაულებ
ჭიამაიების სიკვდილში.
მან ალბათ ისიც არ იცის
რომ  ლიმონის გარდა
რომელსაც შენი კედლები ისხამს,
საჭმელი სხვა არაფერი გაქვს.

შენ პირობით გაგათავისუფლეს.
ორშაბათობით არ უნდა აირეკლოს სარკემ
შენი უფორმო სხეული.
უნდა იკვებო მხოლოდ ლიმონით
უნდა იცხოვრო ჩონჩხებს შორის
და ეთაყვანო აყვავილებულ ტელევიზორს.
გაინტერესებს სად არის შენი მეგობარი?
ჰკითხე პეპლებს.
ისინი გეტყვიან რომ ის
აუცილებლად მოვა შენთან
თავისი ყვითელი სვიტერით
და მის თვალებში არეკვლით
შენ ყველა ბრალი მოგეხსნება.