ჯერი ძუარი 🔘ერთ ლექსსაც დავწერ
🔲🔲🔲🔲
თითქოსდა მართლაც სრულყოფილი პოეტი ვარ,
სამსახური არასდროს მქონია,
ამ ბოლო დროს დალევასაც ზედმეტად ვეჩვევი,
სახლიც მუდმივად არეულია,
ჩემი ცხოვრებაც არეულია,
ჩემი თმებიც არეულია.
სახლსაც დავშორდი,
უფრო სწორად გამომაგდეს,
რადგან უკვე ათი წელია ვამბობმ,
“ერთ ლექსსაც დავწერ და გადაგიხდით”
ღვინოც მიმთავრდება და აღარ იქნება საშველი,
მხოლოდ ერთი რამ მაფერხებს,
მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს,
მხოლოდ ერთირამ არ არის,
ლექსი.
არც ეს არ არის ლექსი,
არც არასდროს დამიწერია ლექსი,
არც არასდროს მიცდია მისი წერა,
მაგრამ უთუოდ პოეტი ვარ ლექსის გარეშე,
მაგრამ უთუოდ ლოთი ვარ ღვინის გარეშე,
მაგრამ უთუოდ ვგრძნობ სითბოს
სახლის გარეშე,
მაგრამ უთუოდ ნაგავი ვარ ყველაფრის გარეშე,
მაგრამ უთუოდ
აქ ვარ
და ეს ფაქტია.
აქ ვდევარ
და ეს ფაქტია.
ვწერ
და ეს ფაქტია.
მიყვარხარ
და ეს ფაქტია.
მაგრამ შენ არასდროს არ გჯერა ფაქტების.
მაგრამ შენ არასდროს არ გჯერა ჩემი,
მაგრამ შენ არასდროს წაგიკითხავს ჩემი ლექსი,
რომელიც ჯერ არ დაწერილა.
და ეს ინფაქტია…
და როცა ამდენი ვიარე,
როცა ვერლიბრებს გამოვედევი,
როცა პროზასაც გამოვედევი,
როცა ათასჯერ ამოვბრუნდი,
შენ მხოლოდ ახლა მიზიხარ,
ახლა მკითხულობ,
ახლა მფიქრობ,
ახლა მისმენ და
უკან მიდიხარ.
ჩავარდნილია ეს პერფორმანსი.
მხოლოდ ერთი რამ მაფერხებს,
მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს,
მხოლოდ ერთირამ არ არის,
ლექსი…
🔲 🔲 🔲 🔲 🔲
რა ვქნა? რა გიყო? როგორ გიშველო,
როგორ გადავყვე შენს ლამაზ თვალებს
ჩემო ფირუზო, ჩემო გიშერო,
როგორმე უნდა გაყვე ამ ქარებს.
ამ ფიქრებსა და გალეშილ ვენებს,
გადაღლილსა და უძველეს ფრაზებს,
ჩემს გარდა დღესაც რამდენი გეძებს,
და ჩემს მაგვარად რჩებიან გზაზე.
ვინ იტყვს დღეს რომ საშველი არის ,
რევოლვერი და ცამეტი ტყვია,
იტყვიან : ღიას დავტოვებთ კარებს,
მაგრამ სულ ყველა დახურულია.
გულის თუ სახლის, შენი თუ ჩემი,
ვკეტავთ კარებს და ვუსმენთ მუსიკას,
სულ სხვა ნაპირზე ჩერდება გემი,
და წინა გემებს მხოლოდ ღუზით გავს.
სულ ცოტა დარჩა შენით მოწამვლის,
საათები და დღეები გრძელი,
გადაგიტანე გუშინ მოცარტით,
და უფრო მძიმე დარტყმებსაც ველი.
მაგრამ ხვალინდელ დღეს ველოდები,
დღევანდელი დღე ამ ლექსით გამაქვს,
ზეგ ვოცნებობ და მაზეგ ვლოთდები,
რადგან შენს გარდა არავინ არ მყავს.
რამდენ აბსურდს და საზიზღარს ვიტყვი,
მაშინ როდესაც მე ვრჩები მარტო,
არვიცი საით გამირბის ფიქრი,
და ეს ფიქრები რა რიგად მათრობს .
ამ ვარსკვლავებით დაგიწნი დალალს,
მაგ შენს თვალებში მზეს ამოვიყვან,
შენს წამწამებზე გავიშლი კარავს,
და ყველა ეჭვებს ჩემით მოვიკლავ.