ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

სალომე კირკე ჩიმჩიური 🔘 გახლეჩილი ნაწილები

🔲🔲🔲🔲

გაფანტული ნაწილებისგან შემდგარი ადამიანი, რომელიც მათ გაცნობას, მიღებას და საუბარს ასწავლის. ერთმანეთს ვაჩვენებ, მაგრამ მანამდე  ჯერ ვამზადებ ამისთვის. გაბნეულ და დაკარგულ ნაწილებში მიჭირს გავარჩიო. სად ვარ მე? ვინ ვარ? ამ ნაწილებისგან შევდგები, რომლებიც გარს მახვევია, თუ ისინი მხოლოდ დასწავლილი პატერნებია, რომელიც ფსიქიკამ დაისწავლა. იმდენად ვარ ჩაკარგული, რომ მთლიანად ჩამყლაპეს – მე.

ჩემს თავს კირკეს ვეძახი. მითიურ პერსონაჟს, რომელსაც არ მოსწონდა ის ცხოვრება, რომელიც მიუსაჯეს და ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენა მის შესაცვლელად.

1996 წლის 12 სექტემბერს დავიბადე, არც კი ვიცი ეს ციფრები რას იძლევა. ღრმა ბავშვობიდან კარგ ქალობას და დამჯერ გოგოობას მთხოვდნენ. ძალადობდნენ და მაფორმირებდნენ. ეს იყო ჩემი ტრავმების და ბრაზის საწყისი, რომელიც გროვდებოდა, მძიმდებოდა და ზრდასრულობისას ამოხეთქა, კიდეც, საკუთარი თავის დაზიანებითა და ღრმა დეპრესიით. გროვდებოდა თვალით უხილავი, მძიმე, მრგვალი ბურთები. სხვადასხვა ფერის. ზოგი მხრებზე მელაგა, ზოგიც ყელში მეჩხირებოდა, ზოგიც კიდევ გულ-მკერდში ბუდობნენ, – წრეზე ქაოსში დადიოდნენ, ან თავად იყვნენ ქაოსის მომტანები. მთლიანად ამ ფორიაქით ვიყავი შეპყრობილი და დამძიმებული. 

დანაწევრებული ფსიქიკა გამთლიანებას ითხოვდა. გაუთავებელი სიჩუმე კი ,ნელ-ნელა მყლაპავდა. დიდი სურვილისაგან და მძლავრი ენერგიისაგან დავიწყე, სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდების გადება. ხატვით რომელსაც ჰარმონია მოჰქონდა, დაკავშირება საკუთარ თავთან და ჩაკეტილობის გასაღების ძიება, – ქაოსიდან გამოსვლა

პერიოდულად ვიღებ ფოტოებს. სოფელს, ბუნებას, სადაც ძალადობისგან შორს, გახსნილი,  ჰარმონიული და თავისუფალი ვიყავი

მთლიანად გავლენებისგან შემდგარი ადამიანი ვიყავი. ვისწავლე მათზე დაკვირვება – რეფლექსია. ძილი ღრმა რელაქსში ჩასვლის საშუალებას გვაძლევს, რაც საშუალებას იძლევა კოლექტიური არაცნიბიერის წერტილში გადავიკვეთოთ, სიზმრის დახმარებით ფსიქიკის შრეებს ვესაუბროთ. რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. 

ყველაზე მეტად ის მიყვარს, როცა სიურეალიზმით საკუთარ თავთან კავშირს ვპოულობ. ნამდვილ ნაწილთან, ყველა პატერნისგან დაცლილთან, რომელიც ჯერ არაა თავისუფალი, მაგრამ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ზუსტად რომელი ნაწილი ხატავს არ ვიცი, ალბათ ის, რომელიც ძალიან ღრმად არის მიჩქმალული ან ჩაფლული. 

მხატვრობა გათავისუფლების გზაა, იდენტობებისგან, განპირობებული გონებისაგან, იმისგან რაც გვასწავლეს: კულტურამ, რელიგია, ოჯახმა რომელიც ხშირად დამახინჯებული ტრადიციების მარწუხებში არიან და საზოგადოებამ. 

პერსონაჟები რომლებსაც ვხატავ, ჩემი გაუცხოებული ნაწილები არიან, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად, მთლიანად ამსხვრევენ ჩარჩოებს და გენდერულ როლებს, ცრურწმენებს, თავისუფლდებიან სტერეოტიპებისგან, მოშლილია გენდერი, უთანასწორობის და დანაწევრების საფუძველი, განპირობებული გონება, რომელსაც დამონებული ჰყავს პიროვნება. ინდივიდები კი უმაღლეს ცნობიერს აღწევენ, გამთლიანებული ფსიქიკით და ნაწილებით.